x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ვინ არის დამნაშავე?( ნახევრად ნამდვილი ამბავი)

image
როცა მზე უკვე მთის წვერზე კრეფდა სხივებს და იმალებოდა, ზაფხულის ცხელი დღეებისგან დაღლილი პატარები, კაკლის ხის ძირში შეკრებილიყვნენ და ერთობოდნენ. ადგილობრივებთან ერთად იყვნენ ბებია-ბაბუასთან ქალაქიდან სტუმრად ჩამოსულებიც, რომელებსაც სიცხისგან ლოყები აწითლებოდათ. გოგო-ბიჭები ისეთი სიყვარულით უმზერდნენ ერთმანეთს, გეგონებოდათ ერთი დედმამისშვილები იყვნენ - ერთი შეხედვით შეატყობდი, თუ როგორ ძლიერ უყვარდათ ერთმანეთი, ბევრს იცინოდნენ, მთელი დღის განვლილ ამბებს იხსენებდნენ, თუ როგორ კარგად გაერთნენ მდინარეზე, რომელიც ამ სოფლიდან იღებდა სათავეს.... იქვე წისქვილი იდგა, რომელსაც მოხუცი ნოდარი ემსახურებოდა. წისქვილი მისი სახლიც იყო და სამუშაოც. სოფელს ეს ერთი წისქვილი ჰქონდა, ამიტომ, ყველას იქ მიჰქონდა სიმინდი დასაფქვავად. ბავშვები ისე გართულიყვნენ, თავზე დაათენდებოდათ ნოდარი ბაბუას რომ არ დაეძახა: - წაით ბაბუა სახლში, საქონელი აგნებს ბოსელის კარს და თქვენ რაი გეტაკათ, რომ სახლის გზა დაგავიწყდათ - ან არ მოგშივდათ, ან არ მოგწყურდათო?! ბავშვები გულიანად იცინოდნენ მოხუცის სიტყვებზე. შედარებით მოზრდილი ბიჭები ეტყოდნენ: - ხომ არ შეგაწუხეთ ნოდარი ბაბუ? - დაძინება მინდა ბაბუა, საფქვავს მოვრჩი და თქვენი ყაყანი არ მაძინებს - ერთ ხმაზე რომ ყიყინებთ აგერ ღელეს ბაყაყებივით.... - ეეეე... იტყოდნენ, ხელს ჩაიქნევდნენ და ერთმანეთს გადახედავდნენ, რომ დაშლილიყვნენ. გზას მხიარულად მიუყვებოდნენ, თან მომდევნო დღის გეგმებს აწყობდნენ, თუ რა უნდა გაეკეთებინათ. ყველაზე მეტად ნიას არ უნდოდა სახლში მისვლა, მეტიც, სურდა სადღაც შორს გადაკარგულიყო, ოღონდ სახლში არ შესულიყო! სახლში გამუდმებით ჩხუბის ხმა ისმოდა, ყოველ დღე ერთი და იგივე სურათი მეორდებოდა - ატირებული დედა, მთვრალი, გონდაკარგული მამა და შეშინებული პატარა და, რომელიც ყოველთვის ყურებზე ხელს იფარებდა, როცა მშობლები ჩხუბობდნენ... ნიას რამდენჯერ დასიზმრებია დედასთან და დასთან ერთად, სადღაც შორს წასულან, სადაც ყველაზე ბედნიერად გრძნობდნენ თავს, ყველაფერი ჰქონდათ, რაც კი უნატრიათ. როგორც კი გამოიღვიძებდა და სხვა რეალობაში აღმოჩნდებოდა, მწარედ ტიროდა. ამჯერადაც ეზოს ჭიშკარს არ იყო მიახლოებული, მამის ყვირილის ხმა შემოესმა. ძალიან შერცხვა მეგობრების. აჟრიამულებული ბავშვები უცებ გაჩუმდნენ და დაბალი ხმით დაემშვიდობნენ ნიას. კარი როგორც კი შეაღო, დედისთვის დამიზნული თეფში, თავი გვერდით რომ არ გაეწია, ნიას მოხვდებოდა. როგორც კი ნია დაინახა, ცოლს თავი დაანება და შვილზე გადავიდა - თავის დროზე არ მოვიდა სახლშიო, თმაში სწვდა და ცემა დაუწყო. აცახცახებულმა ნია, როგორც კი მამამ ხელი გაუშვა, მაშინვე საძინებელში შევარდა, საწოლზე გულაღმა დაეცა და მწარედ აქვითინდა. ისე ჩაეძინა, დილამდე თვალიც არ გაუხელია. უკვე თექვსმეტი წლის იყო ნია - ლამაზი, ქერა თმებით და ზღვასავით უძირო ლურჯი თვალებით. მის თანატოლ გოგოებს ბევრჯერ უნატრიათ, „ნეტავ ნიასთანა ლამაზი ვიყოო“, ნიას კი სულ იმის განცდა ჰქონდა, რომ საერთოდ არ იყო ლამაზი და არც არავის მოსწონდა. მიუხედავად ამისა, ხშირად მისულა მათთან სახლში „მაჭანკალი“... დედამისი ზოგჯერ დაფიქრებულა კიდეც - გავათხოვებ და ამ ჯოჯოხეთს მოსცილდებაო! თუმცა, ნია ყოველთვის წინააღმდეგი იყო... მას სამომავლოდ დიდი გეგმები ჰქონდა - უნდოდა, უმაღლესში სწავლა გაეგრძელებინა, სახელი მოეხვეჭა და მისნაირ ბავშვებს დახმარებოდა, სწორ გზაზე დაეყენებინა. ოცნებად ჰქონდა: ერთ დიდ სახლს ავაშენებ და ყველა ბავშვს, რომელსაც ჩემნაირი მშობლები ჰყავს, ჩემთან წავიყვან და იქ მშვიდად ვაცხოვრებო. ...აგვისტოს ბოლო დღე იყო. ქალაქიდან ჩამოსული ბავშვები უკვე გაკრეფილიყვნენ, ხოლო ვინც სოფელში ცხოვრობდა, სასკოლოდ ემზადებოდნენ. ნიასთან მისი ერთ-ერთი მეზობელი, მეგი მივიდა - სთხოვა სოფლის ცენტრში გაჰყოლოდა. ისიც გაჰყვა მეგობარს. ნახევარი გზა ჰქონდათ გავილილი, როცა მანქანამ გაუჩერათ და წაყვანა შესთავაზა. ნია არც მძღოლს და არც გვედით მჯდომს იცნობდა... მეგი კი დიდი ხნის მეგობარივით მიესალმა მათ და ნიას უთხრა - გავყვეთ, ორ წუთში ცენტრში ვიქნებითო! ნიაც დაყვა მეგობრის ნებას და პირველი ჩაჯდა მანქანაში. უცებ მძღოლმა მთელი სიჩქარით გააქროლა მანქანა - ნია მანქანაში, მეგი კი რაღაცნაირად გარეთ დარჩა და კივილი დაიწყო: - ნია მოიტაცეს! ნია მოიტაცეს! ნოეს ვერაფერს დაუწუნებდით - ვერც ოჯახისშვილობას და ვერც გარეგნობას. დიდი სიხარულით შეხვდნენ მშობლები ნიას გათხოვებას - ძალიან მოსწონდათ სიძე და ქორწილიც სანაქებო გადაიხადეს. თუმცა, ნიას არავინ ეკითხებოდა, იყო თუ არა ბედნიერი, უხაროდა თუ არა ოჯახის შექმნა ასეთ პატარა ასაკში! სამწუხაროდ, ვერავინ ამჩნევდა მის სევდიან თვალებს. ნიაც შეეგუა საკუთარ ბედს და ჩვეულებრივად განაგრძო ცხოვრება. ნელ-ნელა სიყვარულიც გაუჩნდა ნოეს მიმართ - უფრო მხიარული და ბედნიერი ჩანდა, შვილიც შეეძინათ... თუმცა, წინასწარ არავინ იცის, რა ელის წინ, რას უმზადებდა ცხოვრება. რაც დრო გადიოდა, ნოე სასმელს ეძალებოდა, როცა სახლში ბრუნდებოდა, უმიზეზოდ იწყებდა ჩხუბს. თითქოს დედის ცხოვრება ნიამაც გაიზიარა, ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც მის ბავშობაში - გაუთავებელი ჩხუბი. ბევრჯერ უთქვამს მშობლებთან, თუ როგორ სცემა ნოემ და მშობლებსაც წაუყვანიათ სახლში, მაგრამ, რაღაც ძალა მაინც ნოესკენ იზიდავდა და ისევ მასთან ბრუნდებოდა - შეეგუა ნოეს ასეთ ქცევებს და უკვე არაფრად თვლიდა ამდენ შეურაცხყოფას. მერე და მერე ცხოვრება გართულდა, ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ეკონომიურადაც ძალიან გაუჭირდათ. ყველაფერი სცადა, რომ შვილებისთვის ეს არ ეგრძნობინებინა, მაგრამ... ბაზარში მთელი დღის ფეხზე დგომით ხანდახან პურის ფულიც არ რჩებიდა, სახლში მისულს კი მთვრალი ნოე დახვდებოდა. ფიქრის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ სხვა ქალებივით ემიგრაციაში წასულიყო და ნოეს გაანდო ამის შესახებ. ნოე ჯერ წინააღმდეგი წავიდა. შემდეგ იმდენი ქნა, რომ მაინც დაიყოლია - აუხსნა, რომ შვილები დაიზარდნენ, მეტი სჭირდებათ, სახლიც ლამისაა ჩამოიშალოს. სამი წელი ვიმუშავებ და უკან დავბრუნდებიო! შვილებს უძნელდებოდათ დედასთან დაშორება, მაგრამ რა გაეწყობოდა - მშვიდობიანი მგზავრობა უსურვეს და გააცილეს... ..ნიასთვის არც თუ ისე სახარბიელო გამოდგა უცხეთში წასვლა. ყველაფერი ისე არ აეწყო, როგორც ფიქრობდა. თავდაპირველად ისეთ ოჯახში მოხვდა, დღე და ღამე არ აძინებდა მოხუცი - არც იქაური ენა იცოდა, ამ ყველაფერს კი შვილების და მეუღლის მონატრება ემატებოდა! რამდენიმე სამსახურის გამოცვლა დასჭირდა, რომ ადამიანად ეგრძნო თავი, საბოლოოდ კი სრულიად მარტო, ყველასგან შორს აღმოჩნდა უცხო ქალაქში, სადაც ერთი ქართველიც კი არ იყო. ძალიან გაუჭირდა, მაგრამ თავს იმით იმშვიდებდა, რომ სამი წელი მალე გავიდოდა, რაც მთავარია, კარგ ოჯახში მუშაობდა და შინაურულად ექცეოდნენ. ღამით, როცა უკვე ყველა საქმეს მორჩა, თავის ოთახში შევიდა, ინტერნეტის საშუალებით შვილებს და მეუღლეს ესაუბრა და დაღლილ-დაქაცული დასაწოლად გაემზადა. უცებ ფეისბუქ-გვედზე შეტყობინება მიუვიდა... მაშინვე დაინტერესდა ვინ იყო, გადაათვალიერა დაუპატიჟებელი სტუმარი. იცნო, მისი ბავშობის მეგობარი, რომელიც ნოეს მეზობელი იყო და ხშირად შესწრებია ნოეს და ნიას ჩხუბს, ბევრჯერ უსაყვედურია ნოესთვის, რომ სწორად არ იქცეოდა! ნიას გაუხარდა მისი გამოჩენა, მოიკითხეს ერთმანეთი. იმ დღის შემდეგ თითქმის ყოველ დღე ჰქონდათ მიმოწერა... ნიას სიამოვნებდა ანდროს ასეთი ყურადღება, მას ჯერ არცერთი მამაკაცისგან არ უგრძვნია ასეთი პატივისცემა და მზრუნველობა. ანდრო ყოველთვის ეკითხებოდა, როგორ გრძნობდა თავს, როგორ გადიოდა დრო, ხომ არ იღლებოდა... ნია უკვე გრძნობდა, რომ ანდროს გარეშე არ შეეძლო, მეტიც, როცა მუშაობდა, მალულად ტელეფონზე ყურსასმენით ესაუბრებოდა... თითქოს ახალ სამყაროში მოხვდა, ცხოვრება უხაროდა - თავს უფრო მსუბუქად გრძნობდა, უწინდებურად არ იღლებოდა, შვილებთანაც უფრო ლაღი და ბედნიერი ჩანდა. ნია იმ ზომამდე მივიდა, რომ თვითონ გამოუტყდა ანდროს სიყვარულში და პირდაპირ უთხრა: - მე შენს გარეშე სიცოცხლე არ შემიძლიაო! მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ცოლი ჰყავდა, მაინც არ ეთმობოდა. ვერც ანდრო თმობდა ნიას! ერთ დღესაც, ანდროს მეუღლემ, ელისაბედმა, სრულიად შემთხვევით, ნიას და ანდროს მიმოწერა იპოვა. მაშინვე დაუკავშირდა ნიას და გააფრთხილა. უთხრა, რომ ყველაფერს ხვდებოდა და თავი შეეკავებინა, თანაც დაემუქრა. მიუხედავად ამისა, ნიას მაინც არ შეუწყვეტია ანდროსთან ურთიერთობა, მეტიც ელისაბედს პირდაპირ მიახალა: - მე ვუყვარვარ შენს ქმარისო! ამ სიტყვებზე ელისაბედი განრისხდა: - მე თავიდანვე ვიცოდი თქვენი ურთიერთობა, ისიც ვიცი, ფული რომ გამოუგზავნე ჩემს ქმარს და იმ ფულით მე და ბავშვებს ტანსაცმელი გვიყიდა, შენ კიდევ მისი გჯერა. შენს გარდა, იგივეს სხვა ქალებსაც წერდა, ისინიც ასე უგზავნიან ფულს. სჯობს გონზე მოხვიდე, უკვე ზედმეტი მოგდის და ჩემი ოჯახი თუ დაინგრევა, არც შენ გამოხვალ მშრალზეო - მუქარა ეტყობოდა ელისაბედს ხმაში. ამ ამბის შემდეგ ანდრო ისე ხშირად აღარ წერდა. ყველაფერი უარყო, რაც ელისაბედმა უთხრა ნიას - მან ჩვენი მიმოწერა ნახა და იქიდან მიხვდა, რომ ფული გამომიგზავნეო. ნია იმ გადაწყვეტილებამდე მივიდა, რომ რაც შეიძლება მალე უნდა წასულიყო სახლში და თვითონვე გაერკვია ანდროსთან ურთიერთობა. გადაწყვეტილება მის მეგობარს გაანდო. მან ურჩია, რომ თავი დაენებებინა ანდროსთვის და ოჯახი არ დაენგრია, თუმცა მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ამის გაკეთება და ხელს ვერავინ შეუშლიდა. მალევე ნიას და ანდროს შორის შავმა კატამ გაიარა, ხშირად ჩხუბობდნენ. ნია ყველაფერში ბრალს ანდროს სდებდა, დაემუქრა კიდეც - როგორც კი ჩამოვალ, ჩემს ქმარს ყველაფერს ვეტყვი და პასუხს მოგთხოვს, ასე რომ მომექეციო. დრომ მალე გაირბინა. უკვე თითქმის აღარ კონტაქტობდნენ ნია და ანდრო, სიყვარულს კი მაინც ვერ ფარავდა ნია მის მიმართ და ახლა მის მეუღლეს წერდა, ცდილობდა, რომ რაღაც ბზარი გაეჩინა მათ ურთიერთობაში. ელისაბედი კი არაფრად აგდებდა ნიას სიტყვებს, არც ანდროს აყენებდა საქმის კურსში, არაფერს ეუბნებოდა. ნიამ მოულოდნენლად მიიღო გადაწყვეტილება სამშობლოში დაბრუნების. ნოეს მისი გაუფრთხილებელი ჩამოსვლა გაუკვირდა, ჯერ არ ელოდებოდა. მიუხედავად ამისა, მაინც სიხარულით შეხვდა. არადა, გული ცუდს უგრძნობდა. თან დანაზოგიც არაფერი ჩაუტანია. შვილები სიხარულით შეხვდნენ დედის დაბრუნებას. რამდენიმე დღე დაჭირდა ნიას, რომ ყველა, ვინც ენატრებოდა მოენახულებინა, ნოე ისე აღარ სვამდა, როგორც ადრე და ეტყობოდა, რომ ხასიათიც გამოსწორებული ჰქონდა - უფრო მშვიდი და წყნარი სჩანდა. ერთ საღამოს, როცა ბავშვები დაწვნენ და ნოე და ნიაც საძინებელში შევიდნენ, ნიამ მეუღლეს უთხრა, რომ მასთან საუბარი სურდა. - აბა გისმენ, რა გინდა რომ მითხრა. გასაოცარი სიმშვიდით უსმენდა ნოე. ნიამ იმ დღიდან დაიწყო, როდესაც ანდრომ მისწერა და ყველაფერი სრული სიზუსტით მოუყვა მეუღლეს, ნოე კი ისევ მშვიდად უსმენდა, ნია გააკვირვა მისმა ასეთმა რეაქციამ, არც კითხვა დაუსვა, არც შეაწყვეტინა მოყოლა, რომ დაასრულა მხოლოდ ეს უთხრა: - დაასრულე? - კი, ეს იყო სულ. - კარგი ახლა დავიძინოთ და დანაrჩენზე ხვალ ვისაუბროთ! ნიამ ნოეს გულზე დაადო თავი, ერთხელ ახედა მეუღლეს, თვალებში უნდოდა ჩაეხედა, მაგრამ ნოეს თვალები დახუჭული ჰქონდა. ოთახში ღამის ნათურა ენთო, ძლივსღა ანათებდა ოთახს. მშვიდად ეძინა ცოლ-ქმარს, თითქოს სადარდებელი არაფერი hქონდათ. გარეთ ისეთი წითელი იყო ცა, გეგონებოდათ, რომ ცეცხლი ეკიდა და დედამიწასაც სადაცაა შთანთქავსო, ტყიდან ჯერ კიდევ ისმოდა ტურების კივილის ხმა, მეზობლის ძაღილი ყმიულით იკლებდა სოფელს. ნოემ ყოველგვარი აღელვების გარეშე ჭიქით წყალი დაალევინა ნახევრად მძინარე ნიას, მაშინვე უგონოდ დააგდო თავი ნიამ ბალიშზე, შუბლზე ჩამოყრილი თმა გადაუწია და ნაზად აკოცა ცოლს, თითქოს ფრთხილობდა, რომ არ გაეღვიძა! შემდეგ ბავშვებს დახედა, მშვიდად, უშფოთველად ეძინათ. კარი დახურა და სამზარეულოში გავიდა, უჯრიდან თოკი ამოიღო, რომელიც წინა დღეს იყიდა საქონლის დასაბმელად და ეზოში გავიდა. დილის ექვსი საათი იქნებოდა, ოდნავ გრილოდა. სახლის უკან კაკლის ხე ჰქონდა, რომელიც მის დიდ ბაბუას დაერგო. დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ ზედ ასულიყო, თოკი ტოტზე მოაბა, მაყუჩი გაუკეთა, აუღელვებლად გაყო თავი და მაშინვე გადმოხტა ძირს, სულ რაღაც რამდენიმე სანტიმეტრი აკლდა მიწაზე ფეხის დადებას, მთელი სხეული აუცახცადხა, თოკს ხელი მოკიდა, სურდა რომ მოეხსნა, მაგრამ ვერაფერს გახდა. ნახევარ საათში მეზობელმა ჩამოიარა, ნოე ხეზე ჩამოკიდებული რომ დაინახა, მაშინვე ყვირილი დაიწყო - „მიშველეთ!“ - ყვიროდა აცახცახებული ხმით. თან ფეხებში წვდა ნოეს და როგორც შეეძლო, მაღლა აწია. მისი ხმა მთელმა სოფელმა გაიგონა, რამდენიმე წუთში ნოეს ეზო მეზობლებით გაივსო, ჩამოხსნეს გონდაკარგული ნოე ხიდან, რომელსაც სიცოცხლის ნიშან-წყალი არც კი ეტყობოდა. თუმცა, როგორც იქნა გონზე მოიყვანეს. მეზობლის ქალი ნიას საძინებელში შევიდა - ნია ფედაკარგული ესვენა საწოლზე. ქალმა კივილი მორთო. უცებ სასწრაფო გამოიძახეს, რომელსაც დააგვიანდა, ამიტომ ორივე საჩქაროდ მანქანებში ჩააწვინეს და საავადმყოფოში წაიყვანეს. სამწუხაროდ, ნიამ სავადმყოფომდე ვერ მიაღწია, ნოე კი ექიმებმა სიკვდილს გამოსტაცეს ხელიდან. არადა, ის სიკვდილს ნატრობდა! როცა გააცნობიერა, რა გააკეთა. საკუთარ თავში ჩაიკეტა... არავისთან არ ისურვა მოეყოლა, რა მოხდა იმ საღამოს, თითქოს მის გულში დაასამარა ნიასთან ერთად ის მძიმე ღამეც! სოფელში ჭორაობა დაიწყეს, რომ ნიას თურმე საყავარელი გაუჩენია საზღვარგარეთ და ეს ნოეს გაუგია, ამიტომ ნიას საწამლავი დაალევინა, თვითონ კი თავს იკლავდა! როცა უკვე სრულად გამოჯანმრთელდა, ნოემ გადაწყვიტა პასუხი მოეთხოვა სანდროსთვის... მასთან სახლში მივიდა კიდეც, მაგრამ... სანდრო სახლში არ დახვდა - ცოლ-შვილისთვის მოეკიდა ხელი და უცხოეთში გაქცეულიყო. ავტორი:სოფო #იმერელი

0
251
2-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იმერელი
სოფო იმერელი
251
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0