x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134466
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508529
მუხლუხო, რომელსაც საკუთარ წაცლილ თავებთან განშორება არ სურს
წარმოიდგინეთ, რა რთულია საყვარელ ადამიანთან განშორება და რამხელა დრამატიზმით და სევდით არის სავსე ეს პროცესი. ჰოდა, ახლა ისიც წარმოიდგინეთ, ერთის ნაცვლად რამდენიმე თავი რომ გებათ, უფრო სწორად კი, სხვადასხვა გარემოებების მიხედვით თავები რომ გცვიოდეთ და მერე მათ ნაცვლად ახალი თავები რომ გეზრდებოდეთ მხრებზე, აი დაახლოებით ისე, როგორც საზამთრო იზრდება მინდორში, რა რთული იქნებოდა მათთან განშორება. ჰოდა, როგორმე გაუგეთ ამ მუხლუხოს, რომელიც საკუთარ გამოცვლილ თავებს ვერაფრით ვერ ელევა და ისინი ისე დააქვს შუბლზე წამოკოსებული, როგორც კარგ ყოჩაღ მოდის მიმდევარ გოგოს თუ ბიჭს საკუთარი ტრენდული შლაპები. გაიცანით, ეს პეპელა Uraba lugens-ის მუხლუხოა. მისი სხეული დროთა განმავლობაში იცვლის თავის ზედა ნაწილს, თუმცა მწერი ძველი თავის ნაწილებისგან არ თავისუფლდება და ისინი სწორედ ისე დააქვს, როგორც ეს სურათზეა გამოსახული, ერთმანეთზე დალაგებული, როგორც ზოგიერთ ქორწილში ალაგებენ ხოლმე შამპანურის ჭიქებს ერთმანეთზე.


სწორედ ასეთი ჩვეულების გამო უწოდეს მეცნიერებმა ამ მუხლუხოს შეშლილი მუხლუხო, ზღაპრის “ალისა საოცრებათა ქვეყანაში” წაბაძვით, სადაც, თუ გახსოვთ, ასევე არის სხვა შეშლილი მუხლუხო.


სიცოცხლის მანძილზე ეს ჩვენი შეშლილი მუხლუხო 13-ჯერ ასწრებს თავის ზედა ნაწილის გამოცვლას, თუმცა “შლაპების” კოლექციის შეგროვებას მხოლოდ მე-4 თავიდან იწყებს, რა დროსაც ყოველი მომდევნო “შლაპა” წინაზე უფრო დიდია.


ალბათ იკითხავთ, თუ რისთვის სჭირდება მუხლუხოს “შლაპების” ასეთი ექსტრაორდინარული კოლექცია. რისთვის და მტაცებლებისგან თავის დასახსნელად. მტაცებელი როცა მუხლუხოს ესხმის თავს, პირველ რიგში სწორედ თავის დაზიანებას ცდილობს. აქ კი... დააზიანებს თავს და ვერც კი ხვდება, სად გაქრა მსხვერპლი, რომელიც წესით ცოცხალი აღარ უნდა ყოფილიყო. ამიტომ თავების ზედა დაგროვილი ნაწილების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, თუ რამდენი თავდასხმა გადაიტანა მუხლუხომ.



ასე რომ, გამოთქმა “ვის აქვს ორი თავი, ძმაო?” ამ მუხლუხოს არ უთხრათ. უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდებით.


მუხლუხო

0
31
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0