x
image
დავითი ჩუთლაშვილი
აღმოჩენილია კოსმოსური მონსტრი, რომელიც ყოველ სადილზე თითო მზეს მიირთმევს
ალბათ ყველა იმ ადამიანმა, ვინც სულ მცირედით მაინც ერკვევა ასტრონომიაში, იცის, თუ რა არის შავი ხვრელი და როგორ ინტენსიურად შთანთქავს ის მატერიას, მაგრამ თვით მრავლისმნახველი ასტრონომებიც კი გაოგნებულები დატოვა იმ აღმოჩენამ, რაც ცოტა ხნის წინ გაკეთდა: გაირკვა, რომ 2018 წელს ნაპოვნი შავი ხვრელი სამყაროსთვის რეკორდული სიჩქარით იზრდება. ეს შავი ხვრელი ყოველდღიურად შთანთქავს მზის ეკვივალენტ მატერიას და დაუჯერებელია, მაგრამ უკვე მიაღწია ჩვენი მნათობის 34 მილიარდი მასის ტოლ მასას. ამიტომ ამ შავ ხვრელს მკვლევარები არა ზემასიურ, არამედ ულტრამასიურ შავ ხვრელს უწოდებენ.


“აღნიშნული შავი ხვრელის მასა 8000-ჯერ აჭარბებს ჩვენი გალაქტიკის შუაგულში მოთავსებული შავი ხვრელის მასას. ჩვენი შავი ხვრელი რომ ასეთივე გაუმაძღარი ყოფილიყო, ის უკვე შთანთქავდა ირმის ნახტომში არსებული ვარსკვლავების 2/3-ს”, - განმარტა ასტრონომმა კრისტოფერ ონკენმა, რომელიც ავსტრალიის ეროვნულ უნივერსიტეტში მოღვაწეობს.


ჩვენდა საბედნიეროდ, კოსმოსური მონსტრი მდებარეობს ჩვენგან მილიარდობით სინათლის წლით დაშორებული გალაქტიკის გულში, რომელსაც სახელიც კი არ აქვს და რომელიც მხოლოდ რიცხვების და ასოების კრებულს წარმოადგენს. SMSS J215728.21-360215.1 - ასე ეწოდება ამ გალაქტიკას, თუმცა კოსმოსის მკვლევარები მას ერთმანეთთან კომუნიკაციისას უბრალოდ J2157-ს უწოდებენ.


მეცნიერები გაოცებულები არიან იმით, თუ რა მალე წარმოიშვა აღნიშნული შავი ხვრელი სამყაროს გაჩენის კვალდაკვალ. სწორედ ამით წარმოადგენს ეს კოსმოსური ობიექტი გამოცანას ასტრონომებისთვის, რადგან წინათ მიჩნეული იყო, რომ ზემასიური შავი ხვრელის წარმოშობას სჭირდება ძალიან დიდი დრო და ბევრი მატერია. აღნიშნული კოსმოსური სხეული კი მსგავს მოდელში არანაირად არ ჯდება.



კოსმოსური მონსტრი

0
897
2-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
897
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0