x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ფრუნზიკ მკრტჩიანი- საინტერესო ფაქტები
image


დღეს 4 ივლისს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა გამოჩენილ სომეხ მსახიობს, ფრუნზიკ მკრტჩიანს, რომელმაც პირველ რიგში სახელი გაითქვა ისეთი ფილმებით, როგორიცაა „აიბოლიტ-66“ (1966), ლეონიდ გაიდაის „კავკასიელი ტყვე ქალი“ (1966), გიორგი დანელიას „მიმინო“ (1977), ლეგენდარული კომიკოსი გარდაიცვალა 1993 წელს 63 წლის ასაკში.მკრტჩიანს მინიჭებული აქვს საბჭოთა კავშირის და სომხეთის სახალხო არტისტის წოდება, არის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს მის ცხოვრებიდან.


***


თბილისელ „გაიშნიკებს“ ფრუნზიკ მკრტიჩიანი „წითელ ხიდზე გაუჩერებიათ“, რომელიც თბილისში გამართული სპექტაკლიდან ერევანში ბრუნდებოდა,


მსახიობი მანქანიდან გადმოსულა, რომ ავტოინსპექციის თანამშრომლებს დანახვებოდა, იმათ კი ისეთი სახეები მიუღიათ, ვითომ ვერ იცნეს და მართვის მოწმობა მოუთხოვიათ. საბუთში ჩაუხედავთ და გამოგვყევითო, უთქვამთ. სხვა რა გზა ჰქონდა, ფრუნზიკაც გულის კანკალით გაჰყოლია.

ავტოინსპექტორებს „დაკავებული“ ხიდის ქვეშ შეუყვანიათ და… პირდაპირ ქართულად გაშლილი სუფრისთვის წაუყენებიათ თავზე, რომელსაც გარშემო ფრუნზიკას მეგობარი ქართველი მსახიობები შემოსხდომოდნენ რუსთაველის თეატრიდან. მსახიობები წამომხტარან, ოქროსფრად მოელვარე კახური ღვინით სავსე სასმისები აუწევიათ და სომხური „ოვ, სირუნ, სირუნ, ინჩუ მოტეცარ“ დაუმღერებიათ…

image

***

ერთხელ ფრუნზიკ მკრტჩიანი ინდოეთში იყო გადაღებებზე რაჯ კაპურთან. საღამოს სასეირნოდ გავიდა ქალაქში. მოულოდნელად, გზა ეტლმა გადაუღობა, რომელშიც პატარა რიქშა იყო შებმული. უცებ მოუნდა, ეგზოტიკური ტრანსპორტით ემგზავრა და წამოსკუპდა კიდეც ზედ. ქანცგაწყვეტილი ბავშვი კი ძლივსღა მილასლასებდა. ხუთი მეტრიც არ გაევლოთ, რომ ფრუნზიკა უცებ აღშფოთდა – ეს რა არის, ბიჭოო?! მერე წამოხტა, დასვა ბიჭი მგზავრის ადგილზე, თვითონ სახელურებს დაავლო ხელი და... განცვიფრებული ინდუსები თვალებს არ უჯერებდნენ: კარგად ჩაცმული ბატონი „ოჰო, ოჰოს“ ძახილით დარბოდა ქალაქის ცენტრში, საზიდარში კი ღარიბთა კვარტლელი პატარა მაწანწალა იჯდა და – აჩუ, ცხენოო, – გაჰკიოდა. ბოლოს კი, გაწვდილ პეშვში მონეტაც რომ ჩაუგდეს „მომსახურებისთვის”, პატარა რიქშამ ისღა მოახერხა, ცხვირი აესრუტუნებინა.
***
ერთხელ ამერიკიდან მომავალი, ახალნაყიდ მაისურში გამოწყობილი თავს იწონებდა. საბაჟოზე კი, რატომღაც ყველამ ალმაცერად დაუწო ყურება. მერე მებაჟემ გვერდზე გაიყვანა და გააფრთხილა, მაისური გამოეცვალა, რადგან გულზე ეწერა: „გაუმარჯოს ამერიკის არმიას"
***
კომიკოსი „ეროვნული სიმდიდრის“ წარმოშობას ასე ხსნიდა:
— როცა ღმერთი ხალხებს ცხვირებს ურიგებდა, თან ეკითხებოდა, რა ფორმისა გინდათო? რუსმა აპრეხილი ცხვირი მოინდომა, რომ სასმისის გადაკვრაში არ შეშლოდა ხელი, ქართველმა — კავკასიონის მსგავსი, სომეხმა ჯერ იკითხა, რა ღირსო და როცა ღმერთმა უთხრა, არაფერი, უფასოაო, მაშინ, რაც შეიძლება დიდი ცხვირი მომეციო, უთხრა.



***
ფრუნზიკ მკრტჩიანი ხშირად თავად იგონებდა რეპლიკებს ფილმებში საკუთარი გმირებისთის, როგორც გადაღების დროსა, ასევე გახმოვანებისას, მაგალითად "მიმინოში" ქვემოთ ჩამთვლილი ფრაზები მთლიანად მსახიობის იმპროვიზაცია იყო:«Я так хохотался!», «Ты и она не две пары в сапоге», «Я вам один умный вещь скажу, но только вы не обижайтесь».
image
***
საბჭოთა კავშირში ის დიდი ხანია, დოკუმენტების გარეშე მოგზაურობდა და აღარც კი ახსოვდა, სად დაკარგა პასპორტი. მას ნებისმიერი მიმართულებით, უპრობლემოდ აძლევდნენ ბილეთებს თვითმფრინავსა თუ მატარებელზე. ერთხელ, კრემლშიც კი თავისუფლად შეუშვეს. ის, ვახტანგ კიკაბიძე და გიორგი დანელია ფილმ “მიმინოსთვის” პრემიით დააჯილდოვეს და მის გადასაცემად კრემლში მიიწვიეს. დაცვამ დოკუმენტები მოითხოვა, მიუხედავად იმისა, რომ სამივე ყველამ იცნო. პასუხად ფრუნზიკამ, რომელსაც არანაირი საბუთი არ გააჩნდა, წამოიძახა: რა, ამერიკელი ჯაშუშები კრემლში დოკუმენტებით შედიანო?!
***
"კავკასიელ ტყვე ქალში" თამაშის დროს მკრტჩიანი უკვე დაქორწინებული იყო დონარა პილოსიანზე და ორი შვილი ჰყავდათ: ქალიშვილი ნუნე და ვაჟი ვაზგენი. "კავკასიურ ტყვე ქალში" დონარამ შეასრულა ჯაბრაილის მეუღლის როლი. მაგრამ მალე პრობლემები გაჩნდა ოჯახში, დონარას აღმოაჩნდა მძიმე ფსიქიკური დაავადება, მან მრავალი წელი გაატარა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, რა დროსაც მთლიანად ფრუნზიკას დააწვა მხრებზე ბავშვების აღზრდა, სწორედ ამ მიზეზით, იგი ბევრ როლზე უარს ამბობდა, რადგან სახლს დიდი ხნით ვერ ტოვებდა.
image
***
ფრუნზიკ მკრტჩიანს ოჯახის შექმნის კიდევ ერთი მცდელობა ჰქონდა, დაქორწინდა სომეხ მწერალთა კავშირის თავმჯდომარის ქალიშვილ თამარა ოგონესიანზე. მისთვის ეს უკვე მესამე ქორწინება იყო, (ახალგაზრდობაში თანაკლასელ ნარაზე იყო დაქორწინებული), მაგრამ ეს ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა. მესამე მცდელობამ ბედნიერება ვერ მოუტანა მსახიობს.გამუდმებულ ჩხუბში ცოლ-ქმარმა ერთად ერთ წელიწადსაც ვერ გაძლო. მსახიობის სიკვდილამდე ერთი თვით ადრე, თამარა მისგან წავიდა.
***
1993 წლის დეკემბერი. ერევანში არ იყო არც გაზი, არც შუქი– ფრუნზიკა რამდენიმე დღე სვამდა, მეგობრისა და კოლეგის გარდაცვალებას გლოვობდა. „ოტელოს როლში რომ მნახავენ, ბოლოს და ბოლოს გაიგებენ, ვინ არის ფრუნზიკ მკრტჩიანი”, – ბუტბუტებდა უგონოდ მთვრალი. მერე ოთახში ჩაიკეტა და მარტომ გააგრძელა გლოვა და სმა. მასთან იყო ვაზგენიც, რომელიც უაზროდ დაბორიალებდა სიბნელეში და ვერ გაეგო, რა სჭირდა 63 წლის მამას. როცა კარი შეამტვრიეს და შევიდნენ, პირველი ვაზგენი დაინახეს: ბიჭი გაუნძრევლად იჯდა დივანზე და გამოცარიელებული თვალებით ჭერს მიშტერებოდა. იმავე ოთახში იატაკზე იწვა ფრუნზიკაც, მარმარილოს სადგამს ხელებშემოხვეული. სადგამზე საოჯახო საათი იდგა, რომელმაც დაუთვალა მსახიობს უკანასკნელი წამები, მსახიობი ახალი წლის დადგომამდე ორი დღით ადრე გარდაიცვალა 1993 წლის 29 დეკემბერს.
image
***
საგვარეულო წყევლა გაგრძელდა, რომელსაც საბედნიეროდ ფრუნზიკა ვერ მოესწრო, 1998 წელს ქალიშვილი ავტოკატასტროფაში დაიღუპა არგენტინაში. 2003 წელს ვაჟი იმავე საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც გვერდით პალატაში დედამისი დონარა იწვა. თუმცა, დედა-შვილი ერთმანეთს უკვე ვეღარ ცნობდა. 2011 წლის ივლისში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გარდაიცვალა დონარაც.
image
.
0
410
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
410
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0