x
მეტი
  • 10.08.2020
  • სტატია:102425
  • ვიდეო:347175
  • სურათი:466312
ჯგუფური მუშაობა: მართვა, სირთულეები და დაგეგმვა
image
ზოგიერთი პრაქტიკოსი მასწავლებელი ჯგუფურ მუშაობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და ფიქრობს, რომ მთელი გაკვეთილის ამ პროცესის გარშემო აგება სწავლების ძალიან ეფექტური სტრატეგიაა. ჯგუფური მუშაობის მეთოდი, პირველ რიგში უნდა შეესაბამებოდეს გაკვეთილის მიზნებსა და ამოცანებს.

რამდენი მოსწავლე შეიძლება იყოს ერთ ჯგუფში? ეს ის საკითხია, რომელსაც ცალსახა პასუხი არ გააჩნია, რადგან ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა დამოკიდებულია კლასში მოსწავლეთა საერთო რაოდენობაზე, გაკვეთილის მიზანზე, მოსწავლეთა ასაკზე, სივრცეზე, მერხების განლაგების შესაძლებლობასა და სხვა ფაქტორებზე. თუმცა მკვლევრები რეკომენდაციის სახით ამბობენ, რომ ოპტიმალურია ჯგუფში ხუთიდან შვიდ მოსწავლემდე იყოს და არა შვიდზე მეტი, რადგან უფრო დიდ ჯგუფებში მოსალოდნელია, რომ ზოგიერთი მოსწავლე პასიურად იჯდეს და მასწავლებელმა ვერ შეამჩნიოს, ხოლო უფრო პატარა ჯგუფში აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება ნაკლები იყოს. მოსწავლეები შეიძლება დაჯგუფდნენ ტრიადებად, წყვილებად, მცირე 4-5 ან უფრო დიდ 6 და მეტ კაციან ჯგუფებად.

როდესაც ჯგუფები მუშაობას იწყებენ, მასწავლებლის როლი იცვლება. ჯგუფური მუშაობის პროცესში მასწავლებელი სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს: იგი ამოწმებს, როგორც სამუშაოს მსვლელობას, ასევე რეაგირებს კითხვებზე, არეგულირებს მუშაობის თანმიმდევრობასა და მოსწავლეებს შორის არსებულ კამათს. აუცილებლობის შემთხვევაში ეხმარება ცალკეულ მოსწავლეს, ან მთლიანად ჯგუფს. მასწავლებელი უნდა აკონტროლებდეს მთელი კლასის მუშაობას, მაგრამ არ უნდა იქმნებოდეს შთაბეჭდილება, რომ ის ეხმარება მხოლოდ ერთ კონკრეტულ ჯგუფს. მასწავლებელი არ უნდა ჩაერიოს ჯგუფის მუშაობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოსწავლეებს სურთ რაიმე სახის განმარტება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

იმისათვის, რომ მუშაობის ამგვარი ფორმა წარმატებული და ნაყოფიერი იყოს, აუცილებელია ჯგუფური მუშაობის დაწყებამდე გადავწყვიტოთ, თუ რა ნიშნით დავყოფთ ჯგუფებს. ექსპერტები გვირჩევენ, რომ ძლიერი მოსწავლეები დავაჯგუფოთ საშუალო დონის ბავშვებთან და საშუალო მოსწავლეები - სუსტებთან. ასე, პირველ რიგში, შევძლებთ თავიდან ავიცილოთ მოსწავლეთა შესაძლებლობების მკვეთრი სხვაობა, რაც შეიძლება ბავშვების გაღიზიანებისა და დაძაბულობის ერთ-ერთი მიზეზი გახდეს.


ჯგუფურ მუშაობას გარკვეულწილად უარყოფითი მხარეებიც აქვს. ჯგუფური მუშაობის ერთ-ერთი უარყოფითი მხარე სწორედ მისი თანამშრომლობითი ხასიათია. ამგვარი ტიპის მუშაობა ნაკლებად უწყობს ხელს დამოუკიდებლად სწავლას. აგრეთვე შესაძლოა, მოსწავლემ განზრახ არ მიიღოს მონაწილეობა სამუშაო პროცესში და სხვების მიერ შესრულებული საქმით დაიმსახუროს შეფასება და შეინარჩუნოს კარგი მოსწავლის სტატუსი.

თუმცა ინდივიდუალურ მუშაობასთან შედარებით, ჯგუფურ მუშაობას რამდენიმე მთავარი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, მოსწავლეებს ერთობლივად უფრო რთული დავალების გადაჭრა და მოგვარება შეუძლიათ, რადგან მთელ ჯგუფს ერთად გაცილებით უფრო მეტი რესურსი აქვს დავალების შესასრულებლად, ვიდრე ჯგუფის თითოეულ წევრს ცალ-ცალკე. მოსწავლე სწავლობს სხვისი აზრის გათვალისწინებას, თანამშრომლობის პროცესში კი მოსწავლეებს შეუძლიათ, ერთმანეთის განვითარებასაც შეუწყონ ხელი.

შესაბამისად ჯგუფური მუშაობა, პირველ რიგში, მიზნად ისახავს მოსწავლეებს განუვითაროს შემდეგი უნარ-ჩვევები : ლოგიკური შეკითხვების დასმა, სხვათა მოსაზრებების გაზიარება, მოსაზრებებისა და იდეების ახსნა, შეფასება, აზრის ლოგიკურად და გამართულად ჩამოაყალიბება. ყველა ეს უნარი მნიშვნელოვანია ჯგუფური მუშაობის წარმატებით წარმართვისათვის.

ჯგუფური მუშაობის დასრულების შემდეგ, კარგი იქნება, მასწავლებელმა მთელ კლასს გააცნოს მუშაობის შედეგები და მთელი პროცესი შეაფასოს. შეიძლება დასაწყისში მასწავლებელმა ჰკითხოს მოსწავლეებს, რა მოეწონათ, ან რა არ მოეწონათ ჯგუფური მუშაობის დროს. შემდეგ შეიძლება კლასში განვიხილოთ მათი პასუხები და შევადაროთ ისინი ერთმანეთს. ეს ინფორმაცია მასწავლებელს ძალიან დაეხმარება მომავალი მუშაობის დაგეგმვაში, დაანახებს მას, რამდენად საჭიროა ჯგუფური მუშაობის გამოყენება კლასში და რა ასპექტებზე უნდა გაამახვილოს მან ყურადღება. ამის შემდეგ, მასწავლებელს შეუძლია, განიხილოს, სამუშაო პროცესის რომელი ნაწილი წარიმართა წარმატებულად და რომელი _ შედარებით წარუმატებლად, და მოსწავლეებს სთხოვოს, მოძებნონ სამუშაო პროცესის გაუმჯობესების გზები. აღსანიშნავია, რომ ჯგუფური მუშაობა მოითხოვს დაფიქრებას და კარგად მომზადებას; მხოლოდ მოსწავლეების მაგიდის გარშემო დასმა არაა საკმარისი იმისათვის, რომ ჯგუფური მუშაობა ეფექტურად წარიმართოს.

0
9
შეფასება არ არის
ავტორი:გურაბანიძე სოფიო
გურაბანიძე სოფიო
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0