x
image
გემი დალანდი
იდა ვუდი-მილიონერი,რომელიც 30 წელი სასტუმროს ნომერში იმალებოდა
წარმოშობით ირლანდიელმა იდამ შეუძლებელი შეძლო. რამდენიმე წელიწადში ღარიბი ოჯახიდან გამოსულმა ქალმა მილიონების მოხვეჭა შეძლო, თუმცა სიმდიდრეს მისთვის ბედნიერება არ მოუტანია.

imageიდა ვუდის სახელი პირველ რიგში ნაღვლიან ისტორიას უკავშირდება. ქალი, რომელიც სიმდიდრეზე ოცნებობდა, თავისი სანუკვარი სურვილების მძევლად იქცა და გამდიდრების შემდეგ საღად განსჯის უნარი სრულიად დაკარგა.

მან 30 წელზე მეტი გაატარა ნიუ-იორკის ერთ-ერთი სასტუმროს ოთახში და ადამიანებთან კონტაქტს ერიდებოდა. თუმცა, ეს მისი ერთადერთი უცნაურობა როდია.

imageიდას ნამდვილი სახელი და გვარი ელენ უელში იყო.ის 1938 წელს დაიბადა ღარიბი ირლანდიელების ოჯახში. მისი თანამედროვეების გადმოცემით, გოგონა ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა ჭკუით და სილამაზით. ოცნებობდა მოგზაურობაზე, დიდ ქალაქში ცხოვრებაზე და პატარაობიდანვე იყო დარწმუნებული, რომ სიმდიდრეს მოიხვეჭდა.


ასეც მოხდა.19 წლის იყო, როცა ამერიკაში გაემგზავრა. ნიუ-იორკში ჩასვლისთანავე აქტიურად დაიწყო მაღალ საზოგადოებაში გამოჩენა და ყველას ეცნობოდა როგორც შაქრის მწარმოებელ მილიონერ ჰენრი მეიფილდის ქალიშვილი.

შაქრის პლანტაციების მფლობელის “მემკვიდრეს" მალე გამოუჩნდნენ თაყვანისმცემლები, მაგრამ იდას მაღალ მოთხოვნებს არავინ შეეფერებოდა.

ერთხელაც იდამ სანაოსნო კომპანიის და გაზეთ New York Daily News-ის მფლობელის ბენჯამინ ვუდის შესახებ შეიტყო. მამაკაცი ამ დროს უკვე დაქორწინებული იყო, მაგრამ სიმდიდრეზე მონადირე იდასთვის ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია. 1857 წელს მისტერ ვუდმა იდასგან წერილი მიიღო, რამაც მისი ბედი შეცვალა.

imageბენჯამინ ვუდი

“ძვირფასო მისტერ ვუდ! მე ცოტა ხნის წინ ჩამოვედი ნიუ-იორკში, მაგრამ ვიცი, რომ ახალ ნაცნობებს ეძებთ. ვიცი, რომ დაქორწინებული ხართ, და შესაძლოა არც ისეთი ლამაზი ვარ, მაგრამ ახალგაზრდა ვარ, მიმზიდველი და არა ბებერი. ამასთან, ძალიან ჭკვიანიც. გთავაზობთ ახლო ურთიერთობას იქამდე, სანამ ეს თქვენთვის საინტერესო იქნება. მომწერეთ, თუ ჩემმა წერილმა დაგაინტერესათ და შეხვედრაზე მოვილაპარაკოთ"


ასეთმა სითამამემ ბატონი ვუდი გააკვირვა, მაგრამ შეხვდრაზე მაინც დათანხმდა და იდათი აღფრთოვანებულიც დარჩა. მათ საიდუმლოდ შეხვედრა დაიწყეს, რაც 10 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. საყვარელს იდამ ქალიშვილიც კი გაუჩინა. გოგონას ემა დაარქვეს.

თუმცა, ბავშვის თემა დღემდე ბურუსითაა მოცული, რადგან ფეხმძიმე იდა არავის უნახავს, არც მის მშობიარობას დასწრებია ვინმე. მალე ხალხში მითქმა-მოთქმა დაიწყო. თავად იდას ნაკლებად აინტერესებდა საზოგადოების აზრი. მისი მთავარი მიზანი გათხოვება იყო, რაც მალე რეალობად აქცია. ბენჯამენის ცოლის გარდაცვალების შემდეგ იდა მისი კანონიერი მეუღლე გახდა. მათი ქორწილი ნიუ-იორკის ყველაზე მდიდრულ სასტუმროში გაიმართა, სტუმრად კი მხოლოდ მაღალი საზოგადოება იყო მოწვეული. წყვილი საცხოვრებლად პრესტიჟულ უბანში, ბენჯამენის აპარტამენტებში დასახლა. 10 წლის შემდეგ როგორც იქნა იდას ოცნება ასრულდა და მილიონერის მეუღლის სტატუსი მიიღო.

იდას საზოგადოების ნაღებ ფენასთან უწევდა ურთიერთობა. მათ შორის იყვნენ უელსის პრინცი და და აბრაამ ლიკოლნი. საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა სხვადასხვა ღონისძიებებსა თუ წვეულებებს. თუმცა მისის ვუდს ერთი რამ აწუხებდა: მისტერ ვუდი აზარტული თამაშებით იყო გატაცებული და ადვილი შესაძლებელი იყო მთელი ქონება წაეგო, ამიტომ ასეთ ხერხს მიმართა ფულის დასაზოგად: ყოველ ჯერზე, როცა მისტერ ვუდი წააგებდა, მისის ვუდისთვის იმდენივე უნდა გადაეხადა ჯარიმა, რაც წააგო. მოგების შემთხვევაში კი მოგების ნახევარი უნდა მიეცა ცოლისთვის.

შედეგად იდამ დიდი ფულის დაგროვება შეძლო. ფულის გარდა მისტერ ვუდი ცოლს სამკაულებს, უძრავ ქონებას და ფასიან ქაღალდებსაც კი ჩუქნიდა. 1900 წელს, როცა ბენჯამენი გარდაიცვალა, მთელი მისი ქონება და ფული იდას ხელში იყო.

თავდაპირველად იდა ისევ აგრძელებდა მდიდრულად ცხოვრებას, ბევრს მოგზაურობდა, ესწრებოდა სხვადასხვა წვეულებებს, ხელმძღვანელობდა გაზეთს და ქველმოქმედებასაც ეწეოდა. თუმცა, მალე ქალს იმის შიში გაუჩნდა, რომ ფული დაეხარჯებოდა და უგროშოდ დარჩებოდა.

ამ ფობიის გამო გაზეთი და მთელი უძრავი ქონება გაყიდა, შემდეგ კი თავის დასთან და ქალიშვილთან ერთად მოკრძალებული სასტუმროს ნომერში გადავიდა საცხოვრებლად. ამავე ნომერში გადაიტანა სკივრებით ის ფული, რომელიც ქონების გაყიდვის შედეგად მიიღო, რადგან ბანკებს არ ენდობოდა.

მძარცველების შიშის გამო, მოუწია ადამიანებთან ურთიერთობაზე უარი ეთქვა და სასტუმროს ნომერში გამოკეტილიყო. თავის ოთახებში არც მოახლეებს უშვებდა დასალაგებლად და მოითხოვდა, რომ საჭმელიც კართან დაეტოვათ.

ასე იცხოვრა მან რამდენიმე ათეული წელი. 1931 წელს იდას და მძიმედ გახდა ავად და იდა იძულებული იყო ექიმი გამოეძახა. აპარტამენტებში შესული ექიმები და სასტუმროს პერსონალი შოკში იყვენენ: იქაურობა ჭუჭყით და ნაგვით იყო სავსე. თავად ქალები და შეშლილებს და მაწანწალებს ჰგავდნენ.

ოთახის კუთხეებში კი ისევ იდგა ფულით სავსე სკივრები. მაშინაც კი, როცა იდა სანიტრებს მისი გარდაცვლილი დის ცხედრის გატანაში ეხმარებოდა, ყურადღება სკივრებისკენ ჰქონდა, რომ ფული არავის მოეპარა.

ქალაქში მალე გავრცელდა ხმები შეშლილი მილიონერის შესახებ. რამდენიმე ადვოკატი შეეცადა იდა ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაეყვანათ, მაგრამ იდამ შეძლო დაემტკიცებინა თავისი უფლება-დარჩენილიყო სასტუმროში და კვლავ გააგრძელა განდეგილად ცხოვრება. ის 1932 წელს, 92 წლის ასაკში გადაიცვალა.

ექიმები, რომლებმა მისი ცხედარი ნახეს, შეძრწუნებულნი იყვნენ იდას სიგამხდრით-170 სმ. სიმაღლის იდა 30 კგ-ს თუ იწონიდა. როგორც მოახლეებმა თქვეს, ის მხოლოდ კვერცხს, რძეს და იშვიათად თევზს მიირთმევდა.

იდას გარდაცვალების შემდეგ მისი ცხოვრებიდან ბევრი რამ გახდა ცნობილი:ნომერში აღმოჩენილმა დოკუმენტებმა ფარდა ახადეს მის ნამდვილ წარმომავლობას. ასევე გაირკვა, რომ ემა, რომელიც იდას გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დაიღუპა, სინამდვილეში არა მისი ქალიშვილი, არამედ უმცროსი და იყო.

მალე ეს ისტორია ლეგენდად იქცა, ადამიანები მას სხვადასხვა დეტალებს ამატებდნენ. მილიონერის ფული კი მის შორეულ ნათესავებზე გადანაწილდა. თუმცა, ერთი ვერსიის თანახმად, ფული იდასთან ერთად დამარხეს.

ბევრისთვის დღემდე რჩება გამოცანად ის ფაქტი, თუ როგორ მოახერხა ღარიბ ოჯახში გაზრდილმა იდამ მაღალ საზოგადოებაში თავის ბრწყინვალედ წარმოჩენა და რატომ შეიშალა ჭკუიდან სასურველი მილიონების ხელში ჩაგდების შემდეგ.

0
231
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
231
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0