x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
გარემოსა და გენეტიკის გავლენა ინტელექტზე

რა არის ინტელექტი? ის მეთოდი, რომლითაც მკვლევრებმა განსაზღვრეს ინტელექტის ცნება, ფსიქოლოგიის დაბადებიდან არაერთხელ შეიცვალა. ბრიტანელი ფსიქოლოგი ჩარლზ სპირმენი თვლიდა, რომ ინტელექტი შედგებოდა ერთი ზოგადი „g” ფაქტორისგან, რომლის გაზომვა და შედარება შესაძლებელია ინდივიდებს შორის. ზოგადი ინტელექტი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „g“ ფაქტორი, გულისხმობს ფართო გონებრივი შესაძლებლობების არსებობას, რომელიც გავლენას ახდენს კოგნიტურ უნარებზე. სპირმენის თანახმად, ეს „g“ ფაქტორი პასუხისმგებელია გონებრივი უნარების ტესტის (mental ability tests) შესრულებაზე . სპირმენის აზრით, ადამიანი, რომელიც ვერბალურ ტესტს კარგად ასრულებს, სავარაუდოდ სხვა ტესტებსაც იგივე წარმატებით შეასრულებს. ვინც ამ შეხედულებას იზიარებს, თვლის, რომ ინტელექტის გაზომვა და გამოსახვა შესაძლებელია კონკრეტული რიცხვით, მაგალითად, IQ-ის კოეფიციენტით. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ზოგადი ინტელექტი გავლენას ახდენს კოგნიტური დავალებების შესრულების ხარისხზე.
გარემო თუ გენეტიკა?

რა როლს ასრულებს გენეტიკა და გარემოს ზეგავლენა ინტელექტის განსაზღვრაში? ეს შეკითხვა ერთ-ერთი ყველაზე საკამათო თემაა ფსიქოლოგიის ისტორიაში და დღემდე კამათის აქტუალურ თემად რჩება. ინტელექტის ძირითადი მახასიათებლების შესახებ უთანხმოების გარდა, ფსიქოლოგებმა დიდი დრო და ენერგია დახარჯეს ინდივიდუალურ ინტელექტზე გავლენების განხილვაში. დებატები ფოკუსირებულია ფსიქოლოგიის ერთ – ერთ მთავარ კითხვაზე: რომელია უფრო მნიშვნელოვანი - გარემო თუ გენეტიკა?
დღეს ფსიქოლოგები აღიარებენ, რომ როგორც გენეტიკა, ისე გარემო დიდ როლს თამაშობს ინტელექტის განსაზღვრაში. ახლა იმის განსაზღვრაა საჭირო, თუ ზუსტად რა სახის გავლენა აქვს თითოეულ ფაქტორს (Levitt M., 2013).

ინტელექტის გენეტიკაზე უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ის არ კონტროლდება ერთიანი ”ინტელექტის გენის” მიერ. არამედ, ეს არის მრავალი გენის შორის რთული ურთიერთქმედების შედეგი. შემდეგ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გენეტიკა და გარემო ურთიერთქმედებს იმისთვის, რომ ზუსტად განისაზღვროს მემკვიდრეობითი გენები. მაგალითად, თუ ადამიანს ჰყავს მაღალი მშობლები, სავარაუდოა, რომ ინდივიდიც მაღალი გაიზრდება. თუმცა, ზუსტი სიმაღლე, რომელსაც ადამიანი მიაღწევს, შეიძლება განისაზღვროს ისეთი გარემო ფაქტორებით, როგორიცაა კვება და ჯანმრთელობა.
ბავშვი შეიძლება დაიბადოს იმ გენებით, რომლებიც „გონებამახვილობას“ განსაზღვრავს, მაგრამ თუ ეს ბავშვი იზრდება ისეთ დეპრივირებულ გარემოში, სადაც ის საკმარისად ვერ იკვებება და არ აქვს განათლების მიღების შესაძლებლობა, მან შეიძლება დაბალი შედეგი აჩვენოს IQ– ის ტესტზე. გენეტიკის და გარემოს გავლენის შეფასების ერთ-ერთი რაოდენობრივი მეთოდი, ტყუპების მეთოდია. ტყუპების შესწავლა ქვაზი ექსპერიმენტია. ინდივიდუალური განსხვავებების როგორც გენეტიკური, ისე გარემო პარამეტრების შესაფასებლად, ტყუპების მეთოდი მოითხოვს როგორც იდენტურ (მონოზიგოტიურ) ისე არაიდენტური ტყუპების (დიზგიგოტური) შედარებას. იდენტური ტყუპები 100%-ით გენეტიკურად მსგავსია, ხოლო არაიდენტური ტყუპები საშუალოდ მხოლოდ 50% -ით არის ანალოგიური. ნედლ დონეზე ეს ნიშნავს, რომ თუ მახასიათებელი გავლენას ახდენს გენეტიკაზე, მაშინ ამ მახასიათებლისათვის ამ წყვილის მსგავსება უფრო მაღალი უნდა იყოს იდენტურ ტყუპებში, ვიდრე არაიდენურებში. ტყუპების კვლევების შედეგად დადასტურდა რომ, იდენტური ტყუპების ინტელექტის კოეფიციენტი ერთმანეთის უფრო მსგავსია, ვიდრე არაიდენტურების (Plomin & Spinath, 2004). ეს შედეგი, ინტელექტზე გენეტიკის გავლენის მტკიცებულებაა.

ჩვენი გენეტიკა ნამდვილად ახდენს გავლენას ინტელექტსა და IQ-ის კოეფიციენტზე. სხვადასხვა კვლევები, გენეტიკურ კომპონენტს სხვადასხვა მნიშვნელობას, 30-80% -მდე, ანიჭებს. მაგრამ შეთანხმებულია, რომ გენეტიკის გავლენის დონე ასაკთან ერთად იზრდება, ყოველ შემთხვევაში, პროცესი ბავშვობიდან იწყება და ადრეულ, ზრდასრულ ასაკამდე გრძელდება (Plomin R, Spinath FM, 2004). ჩვენი ტვინის სტრუქტურა და ფუნქციონირება - ხელს უწყობს ჩვენს ინტელექტს. სპეციფიკური თვისებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ IQ– ზე, მოიცავს შუბლის წილის ზომასა და ფორმას, შუბლის წილში სისხლისა და ქიმიური აქტივობის რაოდენობას, ტვინში რუხ ნივთიერებათა საერთო რაოდენობას, ქერქის საერთო სისქეს და გლუკოზის მეტაბოლურ მაჩვენებელს. კარგად ფუნქციონირების გზები უკავშირდება ტვინის უკეთეს მოქმედებას, ტვინის ეფექტურობას და ინფორმაციის დამუშავებას, რაც ყველა IQ მაჩვენებლის უკეთეს მაჩვენებლებზე მიუთითებს (Luders E, Narr KL, Thompson PM, Toga AW, 2009) (Witelson SF, Beresh H, Kigar DL, 2006) უნდა აღინიშნოს, რომ კორელაცია ტვინის ზომასთან არ არის მარტივი. აუტიზმი ასევე კორელაციაშია თავის ტვინის ზომასთან იმ გზებით, რომლებიც სავარაუდოდ გენებითაა გაკონროლებული (Crespi BJ, 2016), თუმცა აუტიზმში რა თქმა უნდა შეფერხებული ნეირონული გზებია.

შეიძლება გენეტიკურად ვიყოთ მიდრეკილი გარკვეული ტვინის მოცულობის, სტრუქტურისა და მექნიზმებისკენ ჩვენი ორგანიზმის მიერ დადგენილი ინტელექტის გარკვეული დონით, მაგრამ რამდენსაც მივაღწევთ, მხოლოდ ბიოლოგიაზე არ არის დამოკიდებული. ცხოვრების ტიპი, რომელსაც ჩვენ მივსდევთ, ასევე მოქმედებს ინტელექტზე. მკვლევარები ხშირად სწავლობენ ტყუპებს, რომლებიც დაბადებისთანავე განცალკევებულნი არიან, რომ უფრო მეტი გაიგონ რა გავლენა აქვს გარემოს და გენეტიკას ადამიანის ინტელექტზე. ისინი ფიქრობენ, რომ თუ ინტელექტი წმინდად გენეტიკურია, დაბადების დროს განცალკევებულ იდენტურ ტყუპებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი IQ-ის კოეფიციენტი. თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ არის. გენეტიკური ფაქტორები უბიძგებს, გონებამახვილ ბავშვებს, ეძიონ უფრო მეტად მასტიმულირებელი გარემო, რაც კიდევ უფრო გაზრდის მათ IQ კოეფიციენტს. ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ მუშა მეხსიერების გავარჯიშებმა შეიძლება გაიზარდოს IQ. მაგრამ უცნობია, რამდენ ხანს გრძელდება გაუმჯობესების პროცესი ვარჯიშის შეწყვეტის შემდეგ (Jaeggi SM, Buschkuehl M, Jonides J, Perrig WJ, 2008).
ძუძუთი კვებასა და ბავშვის კოგნიტურ განვითარებას შორის კავშირის შესახებ, კვლევების შედეგები კონფლიქტურია, ვინაიდან არსებობს პოზიტიური და ნულოვანი ეფექტები. ურთიერთობა შეიძლება დააბრკოლდეს ძუძუთი კვების საკითხთან დაკავშირებულ ფაქტორებთან, კერძოდ დედის სოციალურ-ეკონომიკურ კლასთან და IQ- სთან (Walfisch A, Sermer C, Cressman A, Koren G, 2013). რამდენიმე ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს კოგნიტური უნარების მნიშვნელოვანი შეფერხება, განსაკუთრებით თუ ისინი ორსულობისა და ბავშვობის პერიოდში ვლინდება, მაგალითად ალკოჰოლის და სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებების მიღება (Olness K, 2003).

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ინდივიდის ინტელექტის კოეფიციენტი მრავალფუნქციურია და განისაზღვრება მრავალი ფაქტორით. გარემო და გენეტიკა ერთად მუშაობს ადამიანის ინტელექტის განსაზღვრაში. მიუხედავად იმისა, რომ გენეტიკური მგრძნობელობა გადამწყვეტ როლს ასრულებს ინდივიდის IQ- ზე, სხვადასხვა სახის მოდიფიცირებადმა გარემო ფაქტორებმა, როგორიცაა განათლება, დღენაკლულობა, კვება, დაბინძურება, ნარკოტიკების და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება, ფსიქიკური დაავადებები და ავადობა შეიძლება გავლენა იქონიოს ინდივიდის IQ- ზე. ამ მოდიფიცირებადმა ფაქტორებმა შეიძლება გააძლიეროს ან შეასუსტოს გენეტიკური მგრძნობელობა.

0
102
1-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა კიკნაძე
თამუნა კიკნაძე
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0