x
მეტი
  • 08.08.2020
  • სტატია:102353
  • ვიდეო:347170
  • სურათი:466200
„ზურა რომ გაეშვათ, მე ჩემით წავიდოდი და მას დავტოვებდი“ - როგორ აფასებს რამილია ალიევა „მასტერშეფში“ მონაწილეობას და აპირებს თუ არა კულინარიაში დარჩენას
image


გასულ კვირას „მასტერშეფის“ სამზარეულო ორმა მონაწილემ დატოვა - პაატა ჭონიაშვილმა და რამილია ალიევამ. რამილიას აუტსაიდერებში დგომა ზურა ხოკერაშვილთან ერთად მოუწია, ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილებით კი გამარჯვებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.


რამილია ალიევა ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მონაწილედ ითვლებოდა, ბევრჯერ საუკეთესო კერძებშიც დასახელდა და იმუნიტეტიც მოიპოვა, თუმცა, როგორც ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, კვირას „მისი დღე არ იყო“. როგორ აფასებს პროექტში გატარებულ პერიოდს და რა გეგმები აქვს მომავალში, წაიკითხეთ ინტერვიუში.


- როგორ ფიქრობთ, რა გახდა შოუს დატოვების მიზეზი?



- „მასტერშეფის“ სამზარეულო არ არის შენი სამზარეულო. იქ სულ სხვა წესები მოქმედებს. შეიძლება, შენს სამზარეულოში ძალიან კარგი კერძი გამოგივიდეს, მაგრამ „მასტერშეფში“ შენი დღე არ იყოს, ყველაფერი ხდება.


image


- როგორ შეაფასებდით „მასტერშეფში“ განვლილ პერიოდს, მიაღწიეთ დასახულ მიზანს?


- კარგი ადამიანები გავიცანი, რაც შემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ბევრი ახალი რამ ვისწავლე, ჩემი თავი გამოვცადე. კერძების დიდი ნაწილი პირველად მოვამზადე, რაც ჩემთვის უდიდესი გამოწვევა იყო.


ასევე, მინდოდა, რომ ერთმანეთი უკეთ გაგვეცნო, აზერბაიჯანული კულინარიის დეტალები ქართველი მაყურებლისთვის მეჩვენებინა. ყველაზე მთავარი კი, რაც მასტერშეფმა მომცა, ხალხის მხარდაჭერა და სიყვარულია.


image


- ჟიურის გადაწყვეტილებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი აღნიშნავდა, რომ პროექტი თქვენ არ უნდა დაგეტოვებინათ. თავად როგორ შეაფასებდით ჟიურის გადაწყვეტილებას?


- ისეთი მხარდაჭერა ვიგრძენი, რომ ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემს ყველა გულშემატკივარს მადლობას ვუხდი, ყველა ძალიან მიყვარს. მხოლოდ თქვენი სიყვარულის, მხარდაჭერის გამო ღირდა „მასტერშეფში“ მონაწილეობა.


რაც შეეხება შეფების გადაწყვეტილებას, ვფიქრობ, ამ ეტაპზე ზურას უფრო სჭირდებოდა პროექტში დარჩენა და მიხარია, რომ შეფებმა სწორედ მას მისცეს შანსი. სიმართლე გითხრათ, პირიქით რომ მომხდარიყო და ზურა გაეშვათ, მე ჩემით წავიდოდი და მას დავტოვებდი, რადგან ზურას ძალიან სჭირდება ეს პროექტი. მინდა, აღარ მოუწიოს აუტსაიდერებში დადგომა, გამოფხიზლდეს, ძლიერი იყოს და შეძლოს თავისი შესაძლებლობების ჩვენება.


რაღაც მთავრდება და რაღაც ახალი იწყება. მინდა, „მასტერშეფის“ დასასრული კარგი სიახლეების დასაწყისი იყოს.


image


- სიახლეები კულინარიასაც ხომ არ შეეხება?


- ვნახოთ. ვეცდები, ჩემი პროფესია და კულინარია დავუკავშირო ერთმანეთს. ახლო მომავალში ვლოგის გაკეთების ვაპირებ, სადაც ჩემი აღმოსავლური გემოების გაზიარებას შევძლებ მაყურებლისთვის. ეს რა თქმა უნდა, ძალიან დიდ დროს, ენერგიას, ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე ჩემს გულშემატკივარს გავუზიარებ ამ იდეას და ვნახოთ, რამდენად დაინტერესდებიან. პირველი ვიდეო აუცილებლად აზერბაიჯანული ფლავის შესახებ იქნება, რომელმაც ფურორი მოახდინა და უამრავმა ადამიანმა მთხოვა რეცეპტი.


image


- დარჩენილი კონკურსანტებიდან ვის გულშემატკივრობთ?


- იანასა და სერგოს, რადგან ორივე არაჩვეულებრივი მზარეულია. იანა პროფესიონალია, რომლისგანაც ძალიან ბევრი რამის სწავლაა შესაძლებელი. ის ჩემთვის უკვე ცხოვრების მეგობარია. სერგო არა მხოლოდ კარგი მზარეული, არამედ არაჩვეულებრივი ადამიანია, ძალიან სამართლიანი და პატიოსანი. აუცილებლად წავალ იმ რესტორანში, სადაც სერგო იქება შეფი, რადგან დარწმუნებული ვარ, ყველაფერი უგემრიელესი იქნება. სხვათა შორის, სერგოს მიერ მესხურ ტურში მომზადებული ქადა ბატის ხორცით და იანას მომზადებული ვარენიკები არის ყველაზე გემრიელი კერძები, რაც კი ოდესმე გამისინჯავს. ასე რომ, ორივეს ვგულშემატკივრობ და ძალიან გამიხარდება რომელიმეს გამარჯვება.



0
108
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0