x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
რა გელის მომავალში
image

პირველი ადამიანის გაჩენისთანავე გაჩნდა ინტერესი მომავლის შესახებ. უხსოვარი დროიდან აკვირდებოდნენ პლანეტებს, სწავლობდნენ მათ განლაგებას და ახალშობილს სიბერის წლებს უნსაზღვრავდნენ; დედამიწის მეორე პოლუსზე კი ამ დროს წელიწადის დროებს ცხოველებს უსადაგებდნენ; გაჩნდა ნუმეროლოგია, ტაროლოგია, ქირომანტია; წინასწარმეტყველნი და ნათლმხილველნი...

პატარა რომ ვიყავი, ყოველთვის მიკვირდა, რატომ უნდა სურდეს ადამიანს იცოდეს თავისი მომავლის შესახებ, თითქოს შენივე ნებით თმობ მოსალოდნელი ცვლილებების მოულოდნელობას და ეშაფოტზე მხოლოდ შენ და შენთვის ნაცნობი "მომავალი მოვლენები" რჩებით.

შემდეგ გავიზარდე.


მეც, როგორც შენ, გამიჩნდა ახალი გრძნობები და ინტერესი წინასწარ მცოდნოდა, თუ რა მოხდებოდა ხვალ (მითუმეტეს, ჩემნაირი ხასიათის მქონე პიროვნებისთვის ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომელსაც უნდა ყველაფერი წინასწარ განსაზღვრული ჰქონდეს და იცოდეს რისგან რას მიიღებს მაქსიმალური გარანტიით).

ვაღიარებ, არაერთგზის გამომიცდია საკუთარ თავზე სხვადასხვა ტექნიკა, იქნებოდა ეს დაწყებული ყავაზე მკითხაობით, გაგრძელებული მარილიანი კვერის ჭამით და დამთავრებული ნემსიანი ძაფისთვის დასმული კითხვებით.

გაამართლა თუ არა?

კი.

გაფუჭებული საათი დღეში ორჯერ რომ სწორ დროს აჩვენებს, ზუსტად ასე გაამართლა. ხან "მიზანში არტყავდა" ხან ვერა. თუმცა, აქაც მინდა აღვნიშნო, რომ ადამიანის გონება მატყუარაა, მას შეუძლია დაგაჯეროს ის, რაც რეალურად შეიძლება არ არსებობდეს, ან პირიქით, ეძებდე საგანს, რომელიც ცხვირწინ გიდევს და ვერ ხედავდე.

მეც, მხოლოდ იმას ვხედავდი რაც სრულდებოდა, რაც, საბოლოოდ, ნათქვამის ათ პროცენტს ძლივს თუ ააღწევდა ხოლმე, ისიც დროგამოშვებით...

გავიდა წლები.

შემეცვალა აზროვნების მანერა, განვვითარდი, დავიხვეწე და ჩემ თავს უფლება მივეცი, თავად გადამეწყვიტა, რა იქნებოდა შემდეგ.

ალბათ, გსმენიათ "ფიქრის ძალის" შესახებ.

ეს თეორია დაფუძნებულია მოსეზრებაზე, რომლის მიხედვითაც, ადამიანს ფიქრის მეშვეობით შეუძლია გამოიწვიოს მისთვის სასურველი მოვლენები.

მაგალითად, თუ გინდა გქონდეს დიდი სახლი, შეგიძლია იფიქრო, წარმოიდგინო, შეიგრძნო, დაიჯერო, რომ უკვე გაქვს და გექნება.

ვერ დავადასტურებ, ვერც უარვყოფ...

ამასაც განსაკუთრებული ცოდნა სჭირდება, ალბათ...

არ მახსოვს, პირველად როდის გამიჩნდა "დეჟა ვუ"-ს შეგრძნება. საკმაოდ პატარა ვიყავი, ყურადღება არც მიმიქცევია. შემდეგ უფრო გახშირდა ისეთი სიტუაციებიც, როდესაც ჩემი წინასწარ ნათქვამი სიტყვები ხდებოდა.

ინტუიცია?

მე ამას ინტუიციას ვერ დავარქმევდი. კონკრეტულ სახელს არც ვეძებ. ეს ხდება.

მე ვიცი, რა იქნება ჩემს ცხოვრებაში ხუთი წლის შემდეგ, ვიცი ვინ იქნება ჩემი ქმარი, რამდენი შვილი მეყოლება, ვიცი ისიც, როგორ და რა მიზეზით მოვკვდები.

რომელიმე თქვენგანი ფიქრობს, რომ ეს კარგია?

რა თქმა უნდა, შენც გაინტერესებს რაღაც დეტალები შენი მომავლიდან, მაგრამ როცა ზუსტი პასუხი გეცოდინება, ერთადერთი სურვილი რაც შენთვის იარსებებს, მეხსიერების დაქვეითება იქნება, რადგან თუ გგონიათ, რომ მთლიანად ან უმეტესი ნაწილი შენი მომავლისა პოზიტიური შეიძლება იყოს, ცდები.

ცხოვრება ია-ვარდით მოფენილი არ გახლავთ, "მომავალი" კი საკმაოდ დიდი დროა, იმისთვის, რომ მხოლოდ "კარგი ამბები" გადაგხდეთ თავს. როცა მომავლის ცოდნით გადაწყვეტილებას აწმყოში იღებთ, შეცდომას უშვებთ.

ბედი არსებობს.

ოღონდ, თუ არ იცი მის შესახებ, ნიშნავს, რომ იტოვებ შანსს, ის შეცვალო, თუ იცი, მოქმედებას უკვე გაკვალული გზით არჩევ, თუნდაც არ მოგწონდეს, მაინც ისეთ ნაბიჯებს დგამ, შენ თვითონ უწყობ ხელს ყველაფერი ისე წარიმართოს, როგორც იცი. ესეც გონების "წყალობაა". ქვეცნობიერი ყოველთვის ნაცნობი ბილიკით სიარულს არჩევს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ "სხვაგან შეიძლება უარესი ელოდებოდეს".

- თუ ტყეში ოქროთი სავსე სკივრია და შენ მის საძებნელად მიდიხარ, ყოველთვის დატკეპნილ ბალახზე გაივლი.

შენი აზრით, უკვე გავლილ და შესწავლილ გზას, რომ შეეძლოს საგანძურამდე მისვლა, ის შენ ისევ დაგხვდება?


0
150
1-ს მოსწონს
ავტორი:blogger
blogger
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0