x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ემპათიური ნაპრალი

image

ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანები ხშირად ვიზიარებთ სხვების გრძნობებს. მაგალითად, როცა მეგობარს რაიმე სტკივა, ჩვენც ვწუხვართ; როცა ვხედავთ, რომ ქუჩაში მცხოვრები ადამიანი შიმშილობს, ჩვენ ის გვეცოდება; როცა ჩვენი ოჯახის წევრს რაიმე უხარია, ჩვენც გვიხარია. სწორედ ამ შესაძლებლობას, გაიზიარო სხვისი გრნობები, ემპათია ეწოდება. თუმცა არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როცა ვერ ვახერხებთ სხვისი გრძნობების გაზიარებას. სწორედ მოცემული შემთხვევების შესწავლის შედეგად გამოვლინდა ფენომენი, რომელსაც ემპათიური ნაპრალი უწოდეს. საინტერესოა, თუ რაში მდგომარეობს იგი და რითია გამოწვეული.
როცა რაიმე მოთხოვნილება ან გრძნობა არაა გააქტიურებული და შეიძლება ვთქვათ მძინარე მდგომაროებაშია, ადამიანი ვეღარ იხსენებს იმდენად ცხადად იმ გრძნობას ან მოთხოვნილებით გამოწვუელ დაძაბულობას. მაგალითად, როცა გვეტკინება თითი და შემდგომ მოგვიშუშდება, ჩვენ შეიძლება იმ დონეზე ტკივილის გრძნობა ვერ გავიხსენოთ, როგორადაც ვიგრძენით და შედეგად მოგვეჩვენოს რომ დაზიანების მომენტში სულ ტყუილად ვინერვიულეთ იმდენი, რამდენიც ვინერვიულეთ. ან როცა გაბრაზებულნი ვართ, ვერ წარმოგვიდგენია როგორაა სხვა ადამიანი მშვიდად, ან როცა ძლიერ აღფრთოვანებულნი ვართ, არ გვახსოვს როგორია მშვიდად ყოფნა და გვიკვირს სხვების სიმშვიდის. თვალნათლივ ჩანს, რომ მოცემულ ფენომენზე დიდ გავლენას ახდენს ინდივიდის მეხსიერება- რაც უფრო მეტად დაივიწყებს იგი კონკრეტულ გრძნობებს, მით მეტად გაუჭირდება მათი გახსენება და სწორი შეფასება.
ემპათიური ნაპრალის არსებობას ექსპერიმენტების შედეგებიც ადასტურებენ. მაგალითად, ერთ-ერთ ექსპერიმენტში მონაწილეებს სთხოვეს შეეფასებინათ ათბალიან შკალაზე, თუ რამდენად უხერხულად იგრძნობდნენ თავს დიდი აუდიტორიის წინაშე ცეკვისას. შემდეგ სთხოვეს შეეფასებინათ, თუ რამდენად უხერხულად იგრძნობდა თავს სხვა ადამიანი იმავე ზომის აუდიტორიის წინაშე ცეკვისას. აღმოჩნდა, რომ მონაწილეები თვლიდნენ, რომ სხვა ნაკლებ უხერხულად იგრძნობდა თავს. ისინი ასე იმიტომ მიიჩნევდნენ, რომ ვერ მოახერხეს ამ ადამიანთან იდენტიფიცირება. ამ ექსპერიმენტში გამოვლენილ ეფექტს კი სიმამაცის ილუზია უწოდეს. შესაბამისად გამოდის, რომ ემპათიურ ნაპრალს ძალუძს ისეთი ეფექტის გამოწვევაც კი, როგორიცაა მაგალითად სიმამაცის ილუზია.
რა არის ის უარყოფითი შედეგი, რომელიც ემპათიურ ნაპრალს მოაქვს?
აღმოჩნდა, რომ ემპათიური ნაპრალის ეფექტს ადამიანისთვის ისეთი უარყოფითი შედეგების მოტანაც კი შეუძლია, რომელიც დააზარალებს მის ჯანმრთელობას. მაგალითად, როცა ადამიანი თავს დაანებებს მოწევას, მას დაავიწყდება იმ გრძნობათა სიმძაფრე, რომელიც დანებების პროცესს ახლდა თან. შესაბამისად ის ჩათვლის, რომ შეძლო სიგარეტის მონობიდან თავის მარტივად დაღწევა. იქნება-რა დარწმუნებული, რომ მარტივად შეუძლია თავის შეკავება და მყარად აკონტროლებს თავის ქმედებას, ის აღარ მოერიდება იმ ადგილების სტუმრობას, სადაც ხალხი ინტენსიურად ეწევა და შესაძლოა არც რამდენიმე ღერის მოწევაზე თქვას უარი. ამან კი შეიძლება მისი სიგარეტზე დამოკიდებულება განაახლოს.
მეორე უარყოფითი შედეგი, რომელსაც ემპათიური ნაპრალი იწვევს ბულინგია. ჩატარდა ექსპერიმენტი, სადაც მონაწილეთა ერთი ნაწილი ექსპერიმენტის მონაწილეთა უმრავლესობის მიერ მიღებული იყო, მეორე ნაწილი კი არა. აღმოჩნდა, რომ ის ნაწილი, რომელიც მიღებული იყო უმრავლესობის მიერ, სათანადოდ ვერ აფასებდა გარიყულთა განცდებსა და მდგომარეობას და შესაბამისად, ვერ იზიარებდა მათ მდგომარეობას; ეს კი მათ ჩაგვრისკენ უბიძგებდა.
საერთო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ემპათიური ნაპრალი ერთ-ერთი საინტერესო ფენომენია, რომელიც დამოკიდებულია ინდივიდის გამოცდილებასა და მეხსიერებაზე, მის ემპათიის მაჩვენებელზე და რომელსაც ადამიანისთვის უარყოფითი შედეგების მოტანაც კი შეუძლია






0
29
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო შანგუა
ნინო შანგუა
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0