x
მეტი
  • 15.08.2020
  • სტატია:102556
  • ვიდეო:347336
  • სურათი:466510
სტრესის დაძლევა

image

სტრესი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რის გამოც აუცილებელია ვიცოდეთ მისი მართვა და თავის გამკლავება. სტრესს მრავალი გამომწვევი მიზეზი გააჩნია და ყველა მათგანი ინდივიდუალურია. რადგან მას შეუძლია ჯანმრთელობაზე დიდი გავლენის მოხდენა, სასურველია სტრესორების დროულად მოშორება და მათგან განთავისუფლება. ზოგადად სტრესი ჩვენი რეაქციაა სტიმულზე, რომელიც წონასწორობას გვირღვევს და აღემატება ჩვენს შესაძლებლობებს, რომლებიც მის გადასაჭრელად გაგვაჩნია.

სტრესის მრავალი სახე არსებობს, ესენია ქრონიკული, მწვავე. მისი გამოწვევა უმნიშვნელოვანეს ცხოვრებისეულ მოვლენებს (როგორც დადებითს, ისე უარყოფითს), კატასტროფულ და ტრავმულ მოვლენებს და ყოველდღიურ უსიამოვნებებს შეუძლიათ. ამ ჩამონათვლიდანაც ჩანს, თუ რამდენ რაიმეს შეუძლია ჩვენში წონასწორობის დარღვევა და დაძაბულობის გამოწვევა.

ყურადღებას გავამახვილებ ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ფორმაზე, რომელიც შეიძლება უმნიშვნელოდ მივიჩნიოთ. ყოველდღიურ ცხოვრებაში მრავალი უსიამოვნება გვხდება თავს, დავალების დედლაინი, რაიმე ნივთის დაკარგვა ან გატეხვა. მართალია ეს სტრესორები დროში წყვეტილია, მაგრამ მაინც მოქმედებს ჩვენს კარგად ყოფნაზე, ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. შესწავლილია ასევე, რომ ის სკოლამდელი ასაკის ბავშვებზეც მოქმედებს, რაც იწვევს მათში მეტ აგრესიას. თუმცა არ უნდა შეგვაშინოს ამ უსიამოვნებებმა, რომელთაც ყოველდღიური სასიამოვნო მოვლენები აბალანსებენ ან ამცირებენ.

სტრესორის არსებობის შემთხვევაში ჩვენს ორგანიზმს გააჩნია რეაქციები, რომლებიც მწვავე, ანუ ხანმოკლე სტრესის დაძლევაში დაგვეხმარება. მაგრამ როდესაც სტრესი გრძელდება და მის შეწყვეტას ვერ ვახერხებთ, ანუ ქრონიკული სტრესის სახეს იღებს, ჩვენი ორგანიზმი ნელ-ნელა იფიტება. გამოფიტვის პრევენციისთვის კი აუცილებელია მტკიცე გადაწყვეტილებების მიღება.

კოგნიტური შეფასების წყალობით სტრესს ყველა განსხვავებულად განვიცდით. ამ განსხავავებას იწვევს ის თუ როგორ ვაფასებთ მოთხოვნის მიმართებას ჩვენს მიზნებთან და გამკლავებისთვის საჭირო შესაძლებლობებს გარემოში ან საკუთარ თავში.

სტრესის კოგნიტური შეფასება რამდენიმე საფეხურს მოიცავს: გამოწვევის შეფასებას, ანტერნატივების მიმოხილვას და მათ აწონ-დაწონას, ვალდებულების აღებაზე ფიქრს, არჩეულ პოზიციაზე მყარად დგომას უარყოფითი უკუკავშირის მიუხედავად. დავამატებ იმასაც, რომ შეფასებაზე გავლენას ახდენს შემამსუბუქებელი ცვლადები, რომლებიც რეაქციას ცვლიან სტრესორსა და სტრესულ რეაქციას შორის.

სტრესთან ადაპტაციაში დაგვეხმარება სწორედ ჩვენეული შეფასებები და მოგვიწევს ან სტრესორის ბუნების გადაფასება ან მის შესახებ ჩვენი ცოდნის რესტრუქტურირება. სტრესორის გადაფასების მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ის შემთხვევა როდესაც დიდი აუდიტორიის წინაშე გვიწევს პრეზენტაციის წარმოდგენა. ამ პრობლემის გადასაჭრელად დაგვჭირდება სტრესორის გადაფასება, მაგალითად აუდიტორიას შევხედვოთ სხვანაირი თვალით. პროფესორების ნაცვლად წარმოვიდგინოთ ბავშვები, რომლებიც მათ მსგავს ტანსაცმელში არიან გამოწყობილნი. იქნება ეს დაგვეხმაროს თავდაჯერების მომატებაში და სტრესის შემცირებაში?

სტრესისთვის თავის გამკლავებაში ასევე დაგვეხმარება საკუთარი ცოდნის, ქცევის და მოპყრობის შეცვლა. ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს სამფაზიანი პროცესი – სტრესის ინოკულაციის (აცრის) საფეხურები.

პირველ საფეხურზე რეალური ქცევის უკეთ გაცნობიერება უნდა მოვახდინოთ, დავფიქრდეთ თუ რა იწვევს მას და რა შედეგები მოაქვს. ამ საფეხურის გავლაში შეიძლება დღიურის წერა დაგვეხმაროს. წერით ჩვენ შეიძლება აღმოვაჩინოთ სტრესორი, რომელსაც უკეთ გავიაზრებთ და გავაკონტროლებთ.

მეორე საფეხურზე ახალი ქცევის იდენტიფიცირება უნდა მოვახდინოთ, ისეთი ქცევიც, რომელიც არასასურველ ქცევას ჩაანაცვლებს. მაგალითად, თუ ცუდი ნიშნებია ჩვენი სტრესორი, შეგვიძლია სამეცადინო დრო გამოვყოთ.

მესამე საფეხურზე ახალი ადაპტური ქცევა განვახორციელოთ, ოღონდ აუცილებლად თვითდამაკნინებელი შინაგანი დიალოგის გარეშე. განხორციელების შემდეგ შევაფასოთ შედეგი და დავფიქრდეთ როგორ შეგვიმცირდა სტრესი.

ამ საფეხურების გავლის შემდეგ ჩვენ შევძლებთ შევამჩნიოთ თუ როგორ შევიცვალეთ უკეთესობისკენ, ეს შეცვლა კი ჩვენი დამსახურებით მოხდა, რაც თავდაჯერებას მოგიმატებს და შემდეგი სტრესისთვის გასამკლავებლად უფრო მეტ ძალისხმევას მოგვანიჭებს.

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი ლორთქიფანიძე
ქეთი ლორთქიფანიძე
23