x
მეტი
  • 15.08.2020
  • სტატია:102555
  • ვიდეო:347336
  • სურათი:466510
სოციალური პერცეპცია და ადამიანთა მიერ დაშვებული ძირითადი შეცდომები
ფსიქოლოგიის სამეცნიერო ხარისხი სრულებით არაა საჭირო იმის მისახვედრად, რომ ერთი და იგივე მოვლენა სხვადასხვა ადამიანის გონებაში განსხვავებულად ინტერპრეტირდება, რადგან ადამიანები ობიექტთა აღქმისას უკვე არსებულ ცოდნას იყენებენ. განვიხილოთ სოციალური პერცეპციის პროცესი, რომელშიც პერცეპტულ ობიექტებად ადამიანები და სიტუაციები გვევლინება და ადამიანთა მიერ სხვათა ქცევების კატეგორიზაციასა და გაგებას გულისხმობს. ადამიანები ხშირად ვდგავართ ისეთი ცხოვრებისეული სიტუაციების წინაშე, როდესაც დაზუსტებით არვიცით რატომ გაწყვიტა ჩვენთან ურთიერთობა ჩვენთვის მნიშვნელოვანმა პიროვნებამ ან რატომ მიიღო სასურველი სამუშაო ადგილი სხვამ და არა ჩვენ და ა.შ. ამის გამო ყოველდღიურად გვიწევს შედეგების დეტერმინანტების ძებნა და ანალიზი, სწორედ ამიტომ უწოდებდა ფრიც ჰაიდერი ყოველ ადამიანს ინტუიტურ ფსიქოლოგს. ერთ-ერთი პრინციპი, რომელსაც ატრიბუციული დასკვნების გასაკეთებლად ვიყენებთ, კოვარიაციის პრინციპია, რომლის მიხედვითაც ადამიანებს გვახასიათებს ტენდენცია მოსაზრებისა, რომ ქცევა გარკვეულ ფაქტორს უკავშირდება თუ ეს ფაქტორი ყოველთვის მოცემულია ამ ქცევასთან ერთად და არასდროს მის გარეშე. იმისთვის რომ დავასკვნათ ქცევა დისპოზიციურია თუ სიტუაციური, ვიყენებთ სამ განზომილებას, ესენია: განსხვავავებულობა, კონსისტენტურობა და კონსესუსი. განსხვავებულობა და კონსისტენტურობა ქცევის სიხშირესა და დამახასიათებლობაზე ამახვილებს ყურადღებას, ხოლო კონსესუსი გულისხმობს ადამიანების ერთნაირ ქცევას მსგავსს სიტუაციაში. დასკვნების გამოტანა იმდენად სწრაფი პროცესია, რომ ხშირად ვერც ვხვდებით, რომ ცალკეულ განზომილებას სათითაოდ ვაანალიზებთ, მაგალითად, თუ ჩვენს მეგობარს კინოთეატრში ეძინება, მაშინ როდესაც კინოთეატრში არსებული ყველა ადამიანი დაძაბული შესცქერის ეკრანს, ჩვენ მაშინვე, თითქოს დაუფიქრებლად, ვხვდებით, რომ ძილი მეგობრის დაღლილობითაა გამოწვეული და არა ფილმის მოსაწყენი სიუჟეტით.

როგორც დავინახეთ, ატრიბუცია ადამიანს ეხმარება რომ ყოველდღიური ბუნდოვანი მოვლენების უკან მიზეზები ეძიოს და ეს უნარი პიროვნების ნორმალურ ფუნქციონირებას უწყობს ხელს. თუმცა, ატრიბუცია ხშირად შეიძლება მიკერძოებული და ტენდენციური იყოს. ატრიბუციის ფუნდამენტური შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანებისთვის დამახასიათებელია სხვების შეფასებისას სიტუაციური ფაქტორების როლის დაკნინება და დისპოზიციური ფაქტორების როლის გადაფასება. გავიხსენოთ შემთხვევები, როდესაც ძვირფას ადამიანებთან გვიჩხუბია რაიმე თხოვნის შეუსრულებლობის გამო და ისინი უპასუხისმგებლო და უყურადღებო პიროვნებებად მოგვიხსენებია, თუმცა სიტუაციის ახსნის შემდეგ მივხვედრილვართ, რომ მათი ბრალეულობა მცირეა, რადგან გარემო პირობებმა შეუშალეს ხელი. ეს ატრიბუციის ძირითადი შეცდომაა, რომელსაც კონფლიქტებისგან თავის დასაცავად აუცილებლად უნდა ავარიდოთ თავი და დასკვნების გამოტანამდე და გაბრაზებამდე ჯერ საჭირო ინფორმაცია მივიღოთ.

ატრიბუციული შეცდომის კიდევ ერთი სახეა საკუთარი თავისადმი მიკერძოება, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ადამიანები ცდილობენ წარმატება საკუთარ დამსახურებად ჩათვალონ, ხოლო წარუმატებლობისთვის პასუხისმგებლობა სხვას დააკისრონ. მაგალითად, მოსწავლეებსა და სტუდენტებს ხშირად გვახასიათებს საგანში წარუმატებლობის ლექტორებისთვის, არაორგანიზებულობისთვის ან თუნდაც ინფრასტრუქტურისთვის დაბრალება. რა თქმა უნდა, ისინი რეალური მიზეზები შეიძლება იყოს, მაგრამ პასუხისმგებლობის საკუთარი თავისგან მთლიანად არიდება განაპირობებს იმას, რომ სტუდენტი ნაკლებ ძალისხმევას ხარჯავს საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე და განუწყვეტლივ ერთნაირ შედეგებს ღებულობს. მაშასადამე, საკუთარი თავისადმი მიკერძოება დამღუპველად მოქმედებს ჩვენსავე განვითარებაზე.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მინდა ვისაუბრო თვითქმნადი წინასწარმეტყველებაა ანუ წინასწარმეტყველება ქცევებისა და მოვლენების შესახებ, რომლებიც იმგვარად ცვლიან ქცევით ურთიერთობებს, რომ ისინი ისეთ სახეს იღებენ, როგორსაც მოველოდით. როზენტალის ექსპერიმენტი, რომელშიც გამოვლინდა რამდენად დიდ გავლენას ახდენს მასწავლებლის მოლოდინები ბავშვების აკადემიურ მოსწრებაზე, ჩემი აზრით ყველა ადამიანის საბაზისო განათლების ნაწილი უნდა იყოს, რადგან ვისწავლოთ, რომ ხშირად სიტუაციებს ჩვენივე ცუდი მოლოდინების გამო ვაფუჭებთ. სხვა ადამიანებზე უდიდეს გავლენას ვახდენთ იმით თუ რას ვუწინასწარმეტყველებთ მათ, მითუმეტეს იმ შემთხვევებში თუ ადამიანთა თვითშეფასება არამყარია.


ამ და სხვა თეორიების მიხედვით, შესანიშნავად ვხედავთ, რომ ადამიანები სამყაროს საკუთარი რწმენების, დამოკიდებულებებისა და სტერეოტიპების მიხედვით ასტრუქტუირებენ.image

0
10
შეფასება არ არის
ავტორი:გუგეშაშვილი მარიამი
გუგეშაშვილი მარიამი
10