x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
თვითგახსნის განმსაზღვრელი კულტურული და გენდერული ფაქტორები
image

„ადამიანი სოციალური ცხოველია“, შესაბამისად ინტიმური ინფორმაციისა და გრძნობების სხვისთვის გაზიარება სოციალური მოწონების, ურთიერთობის განვითარების, თვითგამოხატვის, საკუთარი თავის უკეთ გაგებისა თუ სოციალური კონტროლის მოსაპოვებლად მეტად მნიშვნელოვანია. ტექნოლოგიურმა პროგრესმა თვითგახსნისთვის მაქსიმალურად ხელისშემწყობი გარემო შექმნა, სადაც ტრადიციულად პირისპირ საუბრის გარდა შესაძლებელია მობილურით, ელფოსტით, სკაიპით, მესენჯერით, ზუმით და ა.შ კონტაქტების დამყარება, თუმცა ამის მიუხედავად, იმაზე თუ რამდენად იხსნება საუბრისას ერთი ადამიანი მეორესთან მნიშვნელოვნად დამოკიდებულია გენდერისა და კულტურის გავლენაზე.

ევოლუციური პერსპექტივიდან მარტოობა საშიშია. ადამიანთა მხრიდან მზაობასა და თანხმობას კოლექტიური ქმედებების განცორციელებაში გადამწყევტი მნიშვნელობა აქვს გადარჩენისთვის. ადამიანებს აქვთ ტენდენცია ჩამოაყალიბონ გაზიარებული რწმენების, ქცევების და ნორმატიული სტრუქტურების ერთიანობა, რომელიც სოციალურ კოლექტივს გააერთიანებს. კულტურა სწორედ ჯგუფის მრწამსების, ღირებულებების, ენისა და ხელოვნების ნიმუშთა ერთიანობას წარმოადგენს. ისტორიულმა წარსულმა და გეოგრაფიულმა ადგილმდებარეობამ კულტურის მრავალფეროვნება გამოიწვია, რომლებიც 2 დიდ ჯგუფში ერთიანდება_ დასავლური ქვეყნები, როგორიც არის თითქმის მთელი ევროპა, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და ავსტრალია ინდივიდუალისტური კულტურის მატარებელია, ხოლო აღმოსავლეთის ქვეყნები_ ჩინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, თურქეთი და სხვა კოლექტივისტურ კულტურას იზიარებენ. კულტურა ადამიანთა მრავალი განსხვავებული ურთიერთობის როგორც სახეს, მაგალითად მშობელი-შვილის, მყიდველი-გამყიდველის, თანატოლების, ასევე ურთიერთობათა სიღრმესაც განსაზღვრავს_ ზედაპირული, მაგალითად დამთვალიერებელი-გიდის და ღრმა პიროვნული, როგორიცაა ცოლისა და ქმრის ურთიერთობა. ურთიერთობის სახე და სიღრმე თვითგახსნის ხარისხთან ძლიერ დადებით კორელაციაშია. ბარლუნდის კროს-კულტურული კვლევებიდან დასტურდება, რომ ზოგადად ადამიანები ახლო მეგობრებთან უფრო მეტად იხსნებიან, ვიდრე შორეულ ან ახალ ნაცნობებთან, თუმცა კულტურის ფაქტორი განსხვავებულად მოქმედებს ახლო ურთიერთობებშიც კი თვითგახსნაზე. კვლევები ადასტურებს, რომ ძლიერი კოლექტივისტური კულტურის წარმომადგენლები, მაგალითად როგორიცაა იაპონია, ძლიერ ინდივიდუალისტურ კულტურებთან შედარებით, როგორიცაა ამერიკის შეეერთებული შტატები, ახლო ურთიერთობებშიც კი ნაკლები თვითგახსნილობით ხასიათდებიან.

რიგი რისკ ფაქტორები, რომლებიც თვითგახსნას ერთგვარად აფერხებს გარკვეულ შემთხვევებში კულტურული ფაქტორებით არის განპირობებული. სოციალური უარყოფის შიში ადამიანზე და მის მიერ საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციის სხვისთვის გაზიარებაზე ძლიერ მოქმედებს. კოლექტივიზმში ჰარმონიის შექმნა უმთავრესი ამოცანაა, რაც ჯგუფის ერთსულოვნებაზე არის დამყარებული. ასეთ კულტურაში ადამიანს, რომელსაც რიგ საკითხებში უმრავლესობისგან განსხვავებული შეხედულებები აქვს და ინდივიდუალისტური ტენდენციებისკენ არის მიდრეკილი, ან ისეთ პრობლემას აწყდება, რაც მის ირგვლივ არსებულ გარემოში ტაბუდადებული თემაა, თვითგახსნა უჭირს. მაგალითად აზიელი მოზარდები, რომელთაც სუიციდური ფიქრები ერთხელ მაინც ქონდათ აღნიშნავენ, რომ უახლოესი მეგობრებისთვისაც კი ეშინოდათ გაემხილათ მათი პრობლემები, რადგან თვლიდნენ ასეთ შემთხვევასი მათგან უარყოფილები იქნებოდნენ. მეორე პრობლემას კონტროლის დაკარგვა წარმოადგენს. შიში იმისა, რომ საკუთარი თავის შესახებ სხვებისთვის გაზიარებულ ინფორმაციას ჩვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ, ზიანის მოყენებისა თუ ქცევის გაკონტროლების კუთხით, ასევე კულტურით შეიძლება იყოს დასწავლილი. მაგალითად ისეთ ქვეყნებში, სადაც ძლიერი კონკურენცია და ინდივიდუალური წარმატებისკენ სწრაფვა მისაღები და დაჯილდოვებულია საზოგადოების მხრიდან ერთი ადამიანის მიერ საკუთარ თავზე ინფორმაციის მეორესთვის გამხელაზე კონტროლის დაკარგვის შიშის ფაქტორი შესაძლოა მოქმედებს.


კულტურითაა განპირობებული აგრეთვე ის, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას მიანიჭებს ინდივიდი ვერბალურ თვითგახსნას ღრმა პიროვნულ ურთიერთობებში, მაგალითად როგორიცა ცოლქმრული ურთიერთობა. იელსის ერთ-ერთი კვლევა აჩვენებს, რომ კულტურული მრწამსი განსაზღვრავს ქორწინებით კმაყოფილებასა და თვითგახსნის კავშირს. საზოგადოებებში, სადაც ქორწინება „გარიგებას“ შეიძლება ემყარებოდეს ვერბალურ კომუნიკაციას ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება ვიდრე „სიყვარულის“ საფუძველზე შექმნილ ქორწინებაში. კვლევა ჩატარდა ამერიკელ და ინდოელ წყვილებზე. ამერიკელი და ის ინდოელი წყვილები, რომლებიც გარიგების ნაცვლად სიყვარულით დაქორწინდნენ მეტად გახსნილები იყვნენ და ქორწინების ხარისხსაც კომუნიკაციის დონეებით აფასებდნენ, ვიდრე გარიგებით დაქორწინებული ინდოელი წყვილები.

მეტყველების ფორმა და დისტანციის დონე საუბრისას მნიშვნელოვნად მოქმედებს თვითგახსნაზე. თავად ამ ფორმასა და დისტანციას კი კულტურა არეგულირებს. მაგალითად არაბები მცირე დისტანციაზე საუბრობენ, ხოლო ინგლისელები და ამერიკელები შედარებით დიდ დისტანციას ამჯობინებენ. დასავლეთის ინდივიდუალისტურ კულტურებში საუბრის პირდაპირი სტილი არის გავრცელებული, რაც გრძნობების, აზრებისა თუ სურვილების მოსაუბრისათვის პირდაპირ გაზიარებას გულისხმობს. ხოლო მრავალი აღმოსავლური კოლექტივისტური კულტურისთვის საუბრის პირდაპირი სტილი მიღებული არ არის და ადამიანები ხშირად მინიშნებებით გამოხატავენ აზრებსა და სურვილებს დანარჩენს კი ინფორმაციის მიმღების იმედზე ტოვებენ.

სქესთან დაკავშირებულ კულტურის მიერ ჩამოყალიბებული წარმოდგენებისა და მოლოდინების ერთობლიობას გენდერი წარმოადგენს. სქესი უნივერსალურია და ცვლილებებს არ ექვემდებარება, ხოლო გენდერი განსხვავებულ კულტურებში სხვადასხვაგვარად ვლინდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში და ბევრ დასავლურ ქვეყანაში კულტურით დასწავლილია რა დონეზე უნდა გამოხატავდეს ემოციებს მდედრობითი სქესისა და მამრობითი სწესის წარმომადგენლები. კაცებს გრძნობებისა და პრობლემების დაფარვას ბავშვობიდან უნერგავენ და ინტენსიურად ასწავლიან, განსაკუთრებით იმავე სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობაში, ქალებს კი პირიქით. აღმოსავლურ ცივილიზაციაში გენდერთან მიმართებაში თვითგახსნის სხვა ნორმებს ვაწყდებით. რეისისა და ვიილერმანის კროსკულტურულმა კვლევამ, რომელიც იორდანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჰონ კონგში ჩატარდა გენდერთან დაკავშირებული თვითგახსნის ტენდენციები გამოავლინა. მკვეთრად განსხვავებულ ინდივიდუალისტურ და კოლექტივისტურ კულტურებში დადგინდა, რომ კაცებს შორის სიახლოვესა და მაღალ თვითგახსნას დასავლური კულტურები მეტად ზღუდავს, ვიდრე აღმოსავლური ორიენტაციის ქვეყნები.

გენდერს განსაკუთრებით დიდი ეფექტი აქვს იმაზე, თუ რა მოთხოვნილება და რა ღირებულება ექნება პიროვნებას, ასევე თვითგახსნის „მარეგულირებელ“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. მრავალი კვლევის (დაახლოებით 200მდე კვლევა იქნა შესწავლილი) მეტაანალიზმა აჩვენა გენდერული ფაქტორის მნიშვნელობა, კერძოდ ის, რომ ქალებს უფრო მაღალი თვითგახსნა ახასიათებთ, ვიდრე მამაკაცებს. ქალებისა და მამაკაცების არა მხოლოდ ვერბალური, არამედ არავერბალური ქცევაც განსხვავებულია. მდედრობითი სქესის წარმომადგენლები მეტად საუბრობენ პირად საკითხებზე, აღწერენ მათ განცდებსა და გრძნობებს, არჩევენ უფრო ახლო მანძილზე ურთიერთობას, თვალებით ხშირ კონტაქტს, ღიმილს ვიდრე მამრობითი სქესის წარმომადგენლები.

კომუნიკაციის ნორმები და თვითგახსნაც შესაბამისად იცვლება იმის მიხედვით განსხვავებული სქესის წარმომადგენლებში მიმდინარეობს, თუ ერთი სქესის ინდივიდებში. როცა ერთი სქესის მეგობრებზე ვსაუბრობთ ქალები მეტად გახსნილები არიან ქალებთან, ვიდრე მამაკაცები მამაკაცებთან. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, ქალები უფრო მეტად აღნიშნავენ, რომ ახლო ქალ მეგობართან აქტიური საუბარი სიამოვნებას ანიჭებთ, ვიდრე მამაკაცები. კოლეჯის მამრობითი სქესის წარმომადგენელ სტუდენტებზე ჩატარებული კვლევის მიხედვით მამაკაცისთვის გარკვეული აქტივობებებში ერთობლივად მონაწილეობა უფრო სასიამოვნოა, ვიდრე უბრალოდ საუბრები.

სტერეოტიპები გარკვეულ ჯგუფებთან მიმართებაში გავრცელებული ფიქსირებული წარმოდგენებია. სტერეოტიპულია მიდგომა, რომ ყოველი მამაკაცი ჩაკეტილია და ემოციებს აქტიურად არ გამოხატავს. კონკრეტულ სიტუაციაზე დიდწილად არის დამოკიდებული ის თუ რამდენად გაიხსნება ერთი ადამიანი მეორესთან კულტურისა და გენდერული იდენტიფიკაციის მიუხედავად.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სასიყვარულო ურთიერთობებში, მათ შორის რა თქმა უნდა ქორწინებაში, გამომდინარე იქედან, რომ ურთიერთობის ეს ფორმა ყველაზე ახლო კავშირის სახეს წარმოადგენს, თვითგახსნა ქალისა და კაცის მხრიდან რეციპროკულობის ანუ მიგების პრინციპებზე დაყრდნობით ძირითად შემთხვევებში მაღალია და ნაკლებად არის დამოკიდებული გენდერის გავლენაზე. თუმცა ერთი და იმავე დონით გახსნა არ ნიშნავს მსგავსი სახის ინფორმაციის გაზიარებას. კოლეჯის სტუდენტებზე ჩატარებულ ერთ-ერთ გამოკვლევაში დაფიქსირდა, რომ ქალები და მამაკაცები სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციას ამჟღავნებენ - მდედრობითი სქესის წარმომადგენლები სისუსტეებზე, მათი ცხოვრების ყველაზე ემოციურ მომენტებზე, მამრობითი სქესის წარმომადგენლები კი ძლიერ მხარეებზე, მიღწეულ წარმატებებზე ამახვილებენ ყურადღებას.

კულტურა, რომელშიც ადამიანი იბადება, იზრდება, ყალიბდება, ცხოვრობს და იზიარებს, ასევე ის გენდერული ნორმები, რომელსაც გარკვეული კულტურის მატარებელი საზოგადოება ადგენს, როგორც ზემოთ განხილული კვლევების შედეგებიდან ჩანს მნიშვნელოვნად მოქმედებს ერთი ადამიანის მეორე ადამიანთან თვითგახსნაზე. თვითგახსნის პრობლემები, როგორიცაა უარყოფა, კონტროლის დაკარგვა, კოლექტივისტურ და ინდივიდუალისტურ კულტურებში გავრცელებული ზოგიერთი სტერეოტიპი, საზოგადოებაში მიღებული მეტყველების ფორმისა და საუბრისას მანძილის დაცვის რეგულაციები ინტიმური ინფორმაციისა და გრძნობების სხვისთვის გაზიარებაზე მეტად მოქმედებს. ბოლოს უნდა აღინიშნოს, რომ თვითგასნაზე კულტურისა და გენდერის გავლენა ყველაზე მეტად მაინც ერთი სქესის ადამიანთა ურთიერთობებში შეინიშნება.

0
40
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამი კუბლაშვილი
მარიამი კუბლაშვილი
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0