x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
„სუიციდის ნაცია“: მოზარდთა სუიციდის გამომწვევი ფაქტორები სამხრეთ კორეაში

image

თანამედროვე სამყაროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოწვევებიდან მზარდი სუიციდი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს მოზარდების სუიციდთან. ამ მხრივ ყურადღების ობიექტივში სამხრეთ კორეა ექცევა- „ეკონომიკური სასწაულის ქვეყანა“, რომელიც მრავალ რთულ და ზოგჯერ შეუძლებელ გამოწვევასაც ეფექტურად უმკვლავდება, თუმცა მეტ-ნაკლებად უძლური აღმოჩნდა მოზარდთა სუიციდის ფართო მაშტაბების პრევენციის გზაზე. საინტერესო და ამავდროულად მიზანშეწონილიცაა ცოდნა იმისა, თუ რა არის ფართო მასშტაბებით მოზარდთა სუიციდის მაპროვოცირებელი, ხელშემწყობი ფაქტორები სამხრეთ კორეაში.

პრობლემის ეფექტურად გადაჭრის პირველი ნაბიჯი მისი იდენტიფიკაცია-გამოყოფაა. სუიციდი ეს არის აქტი, რომელიც ემყარება ინდივიდის ინდივიდუალურ განზრახვას დაასრულოს საკუთარი სიცოცხლე. ტერმინი სუიციდი გამოიყენება, როგორც ქცევასთან, ასევე ფიქრებთან მიმართებაში, რომელიც დაკავშირებულია თავის მოკვლის ინტენსიურ სურვილთან. ფიქრები მოიცავს სუიციდის იდეას, სუიციდის გეგმას, ხოლო სუიციდური ქცევა აერთიანებს როგორც სუიციდის წარუმატებელ ქმედებას, ასევე წარმატებულ სუიციდს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მსოფლიომასშტაბით მოზარდობაში სიკვდილიანობის გამომწვევი ფაქტორებიდან სუიციდი მესამეა ავტოკატასტროფებისა და აივ ინფექციის შემდეგ, ხოლო სამხრეთ კორეაში მოზარდთა სიკვდილიანობის მთავარ წამყვან ფაქტორს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მოზარდთა წარმატებული სუიციდის მაჩვენებელმა 2011 წლის შემდეგ (2011 წელს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი_ სუიციდით 31.7 სიკვდილიანობა დაფიქსირდა 100 000 მოზარდზე) ქვეყანაში იკლო, მაინც უფრო მაღალი რჩება, ვიდრე გლობალური საშუალო მაჩვენებელი.

მოზარდობა ადამიანის განვითარების მეტად მნიშვნელოვანი პერიოდია. სრულწლოვანება დგება ფიზიკური, სოციალური და მორალური განვითარების შედეგად. მოზარდების უმრავლესობას აქვს ტენდენცია „შეეწინააღმდეგოს“ თვითგანვითარებას, მათ არ სურთ „ითამაშონ“ იმ სოციალური წესებით, რომელსაც პირველ რიგში მშობლები და მასწავლებლები უწესებენ. განვითარების თეორიები, მათ შორის ფროიდისა და ერიქსონის, მიგვითითებენ, რომ გარემო სტრესისადმი დაუცველობის განცდის პირობებში მოზარდებში ძლიერი ინპულსურობა და ქცევასთან დაკავშირებული პრობლემები იჩენს თავს. სუიციდის გამომწვევი ერთი ფაქტორი არ არსებობს და შესაბამისად, არც მხოლოდ ერთი პასუხის გაცემაა შესაძლებელი.

დეპრესიის სიმპტომები არის გამოკვეთილი რისკ ფაქტორები სუიციდური ატიტუდებისა და ქმედებების, თუმცა ეს მხოლოდ ერთი მარკერია. არადეპრესიული ახალგაზრდებიც დაუცველები არიან სუიციდისგან. კორეაში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ უიმედობა, ისევე, როგორც დეპრესია კორელაციაშია სუიციდურ აზრებთან. თავად ქვეყნის მოსახლოების დიდ ნაწილს კი მიაჩნია, რომ მოზარდები სუიციდს იმპულსურად ახორციელებენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმპულსურობა ვერ გამოდგება სუიციდური მიდრეკილებების პროგნოზირებისთვის.


კორეელ მოზარდთა ინტერნეტდამოკიდებულება, რაც ახალგაზრდათა კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა, როგორც საგანმანათლებლო, სოციალური და გასართობი დანიშნულებით, მნიშვნელოვან სოციალურ პრoბლემას წარმოადგენს. 2005 წელს კორეაში ჩატარებულმა მასობრივმა კვლევამ აჩვენა, რომ იტერნეტის გამოყენება დღეში 3 საათზე მეტი შეიძლება იყოს ერთგვარი პრედიქტორი მე6-მე8 კლასელთა სუიციდური იდეებისადმი მიდრეკილების.

საინტერესო ფაქტია, რომ განსხვავებით დანარჩენი ქვეყნების კვლევებისგან, სამხრეთ კორეაში ჩატარებულმა კვლევებმა სქესისმიერი განსხვავებები არ გამოავლინა (როგორც წესი მდედრობითი სქესის წარმომადგენლები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი სუიციდისკენ) და უფრო მეტიც, გასული დეკადის კვლევებმა ცხადყო, რომ საშუალო კლასებში კორეელი ბიჭები უფრო მეტად არიან სუიციდური ფიქრებით შეპყრობილნი, ვიდრე გოგონები. ამასთან ერთად, სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებში სუიციდისკენ მიდრეკილება მოზარდობის სხვა პერიოდებთან შედარებით ყველაზე მაღალია, რაც 17-18 წელს სუიციდური ქმედებების პიკად აქცევს კორეაში.

ბრონფენბრენერის მიერ შემოთავაზებული ადამიანის განვითარების ბიოეკოლოგიური მოდელის გამოყენებით, რომელშიც ყოველი ინდივიდი ვითარდება მიკრო, მაკრო და მეზოსისტემაში კორეელ ახალგაზრდათა სუიციდის ხელშემწყობი ექსტერნალური რისკ ფაქტორების ეფექტურად გამოყოფა და დაჯგუფებაა შესაძლებელი.

მიკროსისტემა პირდაპირ გავლენას ახდენს ახალგაზრდათა სუიციდურ ქცევაზე. ეს საფეხური მოიცავს ინდევიდებსა და მათ ჯგუფებს, რომელთანაც მოზარდი ურთიერთობს. რელევანტური მიკროსისტემა მოიცავს მშობელი-შვილის ურთიერთობა-კომუნიკაციას, თანატოლების გავლენას და სკოლით კმაყოფილებას. სამხრეთ კორეული აღზრდა მკაცრ დისციპლინასა და ფიზიკურ დასჯას აღზრდის სწორ საშუალებად მოიაზრებს. თანატოლებიდან მხარდაჭერის ნაკლებობა, ჯგუფიდან გარიყვა ბიჭებში უფრო მეტად ზრდის სუიციდის რისკ ფაქტორებს, ვიდრე გოგონებში. ლონგიტუდურმა კვლევებმა აჩვენა, რომ მოსწავლეებს, რომლებიც იყვნენ სისტემატიური ბულინგის მსხვერპლნი იმყოფებოდნენ უფრო მაღალი რისკის ქვეშ დეპრესიის, სუიციდური აზრებისა და ქმედებების განვითარების, ვიდრე სხვა მოსწავლეები.

სამხრეთ კორეა საყოველთაოდ ცნობილია მისი კონკურენციაზე დამყარებული განათლების სისტემით და სტრესული აკადემიური გარემოთი. კორეაში სკოლის მოსწავლეთა ტესტირებები და უნივერსიტეტის მისაღები გამოცდები ყველაზე ძლიერ სტრეს ფაქტორად განიხილება მაღალი კლასის მოსწავლისთვის. კორეის ეროვნული სტატისტიკური უწყების მიხედვით 2000 წელს სუიციდი მოზარდებში მხოლოდ 8% იყო, 2007 წელს 13%ს მიაღწია. მაღალი დადებითი კორელაცია გამოვლინდა აკადემიურ სტრესსა და დაპრესიას, სუიციდს შორის. სამხრეთ კორეის დედაქალაქში აკადემიური სტრესი 46%ში დეპრესიის სახეს იღებს დამამთავრებელ კლასებში. სტუდენტთა უმრავლესობა საშუალოდ 10 საათზე მეტს ატარებს სკოლებში. საგაკვეთილო პროცესების დასრლების შემდეგ მოზარდთა უმრავლესობა დამატებით სკოლებში აგრძელებენ მეცადიენობას.

ეგზოსისტემის დონეზე მასმედია სენსაციურად დრამატულ გავლენას ახდენს მოზარდების სუიციდის ხელშეწყობაში. პირველ რიგში ეს არის მიბაძვითი სუიციდის პროვოცირება. კორეულმა კულტურამ მუსიკალური ჯგუფებისა თუ ცალკეული მსახიობების თაყვანისცემა, ეგრედ წოდებული „ფანობა“ ახალ საფეხურზე აიყვანა. მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ ახალგაზრდების „კერპების“ სუიციდის შემთხვევათა მედიაში გაშუქებიდან მომდევნო 2 კვირის განმავლობაში მკვეთრად იზრდება მოზარდთა სუიციდის შემთხვევები, ეს ტენდენცია გამოვლინდა 2017 და 2019 წლებშიც. მეორე, რაზეც მასმედია უარყოფითად მოქმედებს, ეს არის საკუთარი სხეულის აღქმა. კორეული მასმედია იდეალური, უნაკლო სხეულის პროპაგანდას აქტუალურად ეწევა, რომელიც სიგამხდრეზეა აგებული. 2009 წლის კიმი&კიმის კვლევამ ძლიერი კორელაცია აჩვენა გარეგნობით უკმაყოფილებასა და სუიციდურ ქცევას შორის. ამ მხრივ სქესობრივი განსხვავებები გამოვლინდა_საკუთარი სხვეულით უკმაყოფილების ფონზე გოგონები მეტად არიან მიდრეკილნი სუიციდისკენ, ვიდრე ბიჭები.

ეგზოსისტემის დონეზე კიდევ ერთი მიშვნელოვანი ფაქტორია_ სუიციდის ინტერნეტსაიტები. მოზარდის სუიციდი ინტერნეტსაიტებზე პირველად 2000 წელს აფეთქდა. ამის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა ინტერნეტ საიტებზე სუიციდის განხორციელების შეტყობინებები. 2006 წელს სეულში ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ სუიციდის საიტების სტუმრობა წარმოადგენს მნიშვნელოვნ პრედიქტორს სუიციდური ფიქრების მამრობითი სქესის მოსწავლეებთან.

ეკოლოგიური მოდელის გარეთა შრე_მაკროსისტემა, ცნობილია როგორც „კულტურული მონახაზი“ _ განმსაზღვრელი სოციალური სტრუქტურისა და აქტივობების. კორეული მაკროსისტემის განხილვით შეიძლება აიხსნას რა არის კორეელ მოზარდებში დეპრესიისა და უიმედობის გამომწვევი, რომელსაც ფატალურ შედეგამდე მიყავს ახალგაზრდები.

კორეული აღზრდის პრაქტიკა მოსიყვარულე, მაგრამ ამავე დროს ზედმეტად დამცველი, მაქსიმალური კონტროლის და მკაცრი აღზრდის სახეა. კონფუციანური ტრადიციების ქვეშ ცნობიერებაჩამოყალიბებული კორეელებისთის საჯაროდ, საზოგადოდ დასჯა დისციპლინის სწავლების გზაა. 2000 წლის მონაცემებით 92% კორეელი მასწავლებლებისა და მშობლების საზოგადოების წინაშე დასჯას იყენებდა მოზარდში არასასურველი ქცევის აღმოფხვრის საშუალებად. მკაცრი აღზრდითი დისციპლინა არის სწორედ სუიციდის გამომწვევი რიგი რისკ ფაქტორების წინაპირობა.

კორეა ჩამოყალიბდა კოლექტივისტურ ქვეყანად, სადაც ყოველი ადამიანი სრულ ჰარმონიაში უნდა მოდიოდეს საზოგადოებასთან, იზიარებდეს კოლექტივის შეხედულებას. თუმცა კოლექტივიზმს სუიციდის გამომწვევ ფაქტორად ვერ მოვიაზრებთ. ისეთ ძლიერ კოლექტივისტურ ქვეყნებში, როგორებიცაა ჩინეთი და განა მოზარდთა სუიციდის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. ამ კოლექტივისტურ სახელმწიფოებში სუიციდი მიღებულია წინაპრების, ოჯახის შეურაცხმყოფელ აქტად, ერთგვარ დაღად. უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში სამხრეთ კორეაში კოლექტივიზმიდან ინდივიდუალიზმისკენ თანდათანობითი გადასვლის ტენდენციას აქვს ადგილი. აქედან გამომდინარე, მოზარდმა, რომელსაც აქვს ძლიერი ინდივიდუალისტური ტენდენციები, მისთვის ღირებულია დამოუკიდებლობა, თავისუფლება სავსებით შესაძლებელია თავი ორი კულტურული პოლუსის მახეში იგრძნოს და კულტურული იდენტობის პრობლემით იტანჯებოდეს, რაც სუიციდის გამომწვევ ფაქტორად იქცეს.

აკადემიური წარმატების ხაზგასმა მოზარდებში აკადემიურ სტრესს იწვევს. აკადემიური წარმატება ქვეყნის მასშტაბით მიიჩნევა მაღალკონკუტენტულ საზოგადოებაში გადარჩენის ერთადერთ გზად. კორეელი მშობლები, განსაკუთრებით დედები დიდ ზეწოლას ახორციელებენ. მათთვის პირველი პრიორიტეტია ეროვული გამოცდები წარმატებით ჩააბარონ შვილებმა და მოხვდნენ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში. ყოველივე ეს მოზარდებისთვის „საგამოცდო ჯოჯოხეთად“ აქცევს კორეას. ექსტრემალურად კომპეტენტურ საგანმანათლებლო გარემოში აკადემიური წარუმატებლობა სტიგმაა, ერთგვარი ჯგუფიდან გარიყვის საწინდარი, რაც ზრდის დეპრესიის, შფოთვის, აგრესიის, დამნაშავეობისა და სუიციდის რისკებს. ბედნიერების ინდექსი კორეელი მოზარდების არის ყველაზე დაბალი ეკონომიკური კოოპერაციისა და განვითარების ქვეყნებში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ წლებში მრავალმა კორეულმა ოჯახმა გააგზავნა შვილები კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში იმ მიზნით, რომ ნაკლებად კონკურენტულ საგანმანათლებლო სისტემაში მიეღოთ განათლება, ასევე ამით შეემცირებინათ სრულყოფილი კორეული განათლების მიღების დიდი ფინანსური ბარიერები. საზღვარგარეთ გაგზავნილ მოზარდებშიც შეინიშნება დეპრესია და სუიციდური იდეებისადმი მიდრეკილება, რაც ამ შემთვევაში განპირობებულია მშობლის მონიტორინგისა და მხარდაჭერის ნაკლებობით.

როგორც ვხედავთ, სუიციდი კორეაში უმრავლეს შემთხვევაში არ არის გამოწვეული რომელიმე ერთი ფაქტორით, ის წარმოადგენს ისეთ გარემოებათა პროდუქტს, როგორიცაა კონფლიქტი თანატოლებთან, ოჯახთან, მასწავლებლებთან, იდენტობის პრობლემები, ინტერნეტდამოკიდებულება, საზოგადოების მაღალი მოლოდინები, აკადემიური სტრესი. ფილმ „სეულის ძიებაში“ (Seoul searching) ცნობილი მასწავლებლის შვილი კორეის ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში ვერ აბარებს და ამის გამო მამა სცემს. მომდევნო დღეს კი ბიჭი სუიციდს ახორციელებს. კორეის მაგალითზე უნდა გვახსოვდეს, რომ სუიციდი არ არის მხოლოდ ინტერნალური ფაქტორებით გამოწვეული, ექსტერნალური ფაქტორებიც ძლიერ მოქმედებს და, რაც მთავარია, ჩარევა მანამ უნდა მოხდეს სანამ ფატალურ შედეგებს მივიღებდეთ.

0
85
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამი კუბლაშვილი
მარიამი კუბლაშვილი
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0