x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
"შულამელი გოგონები" 25 ივნისიდან, ჟურნალ "გზასთან" ერთად, სპეციალურ ფასად იქნება ხელმისაწვდომი
image


თუ გიყვართ ისტორიული ამბები, ლიტერატურა, რომელიც საზოგადოების წინაშე მდგარ გამოწვევებს ეხება, ან თუ გსურთ დროისა თუ ეპოქის ლაბირინთებში ხეტიალი, ეს წიგნი უნდა წაიკითხოთ" - "შულამელი გოგონები" სწორედ რეალურ პერსონაჟებზე დაყრდნობით დაიწერა და წიგნის შეძენა სპეციალურ ფასად ახლა უკვე ჟურნალ "გზასთან" ერთად, 25 ივნისიდან შეგიძლიათ.


წიგნის სპეციალური ფასია 8.50 ლარი, ჟურნალთან ერთად - 10.50.


"გახდი ბესტსელერის ავტორი 2018"-ის" დებიუტანტი, ხალხის რჩეული
ავტორი გვანცა გუბალაძე თავისი ნაწარმოების შესახებ მოგვითხრობს.



- "შულამელი გოგონები" ჩვეულებრივი გოგონები არიან, მათთანაც ჩვეულებრივ თენდება და ღამდება, ზოგჯერ უხარიათ, ზოგჯერ სტკივათ, ზოგჯერ იღიმებიან, ზოგჯერ ტირიან და ცხოვრების ორომტრიალში საკუთარ ისტორიას ქმნიან. ისინი ცხოვრობდნენ, ცხოვრობენ და იცხოვრებენ - საკუთარი შეცდომებით, დანაკარგებით, განაჩენებით, შესაძლებლობებით, სისუსტეებითა თუ
სიძლიერით. ეს წიგნი არის ჩვეულებრივ და, იმავდროულად, გამორჩეულ ქალებზე. მათ სამყაროში კონკრეტული ეპოქა და გარემო სინამდვილე დიდ როლს თამაშობს, ხან კი იმდენს და ისე, რომ საკუთარ თავს აკარგვინებს და მერე იმ დაკარგულს ეძებენ და ეძებენ. ერთი კი ვიცი, ეშინიათ, როდესაც ვინმე ეუბნება, მშვენიერი ხარო. ეს პროტესტია მათში, ამიტომ ჩემი გოგონების გარეგნობა უმეტესად მკითხველს მივანდე. ყდაზე სამი ქალია - ასე დაინახა მხატვარმა მაკა ზედელაშვილმა, მშვენივრად ჩააცვა და დაახურა ჩემს პერსონაჟებს და ამის გამო მისი მადლიერი ვარ.


- რა არის მათთვის სიყვარული?


- ერთგვარი გაურკვევლობა, რომელიც სხვადასხვა პერსონაჟთან სხვადასხვა ფორმით იჩენს თავს, გაუცემელი პასუხია კითხვაზე, აკრძალული გრძნობაა, რომელიც მაინც ვერ თავისუფლდება მარწუხებისგან. ხან ლაჩარია სიყვარული, ხან ძლიერი.


- პროტოტიპები თუ ჰყავთ თქვენს გმირებს?


- "შულამელი გოგონების" ერთი ნაწილი ისტორიულ სინამდვილეს ეყრდნობა, კერძოდ, XVI საუკუნის ამბავია გადმოცემული, შესაბამისად, პერსონაჟი, რომელმაც ჩემი წარმოდგენებისა თუ ფანტაზიების ვრცელ დერეფანში გაიარა, რეალური ადამიანია - თინათინ დედოფალი. კონკრეტული ამბები სინამდვილიდანაა აღებული. დიახ, ეს ის ამბებია, რომლებიც მართლა ხდება ჩვენ გარშემო, მე კი მიყვარს ასეთი ამბების გაშიშვლება.


- რა არის ნაწარმოების მთავარი იდეა, არსი?


- ტექსტები, იგივე ამბები, რომლებსაც ადამიანები ვქმნით, ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. XVI საუკუნეში დაწერილ ტექსტს ვეღარ შევცვლით, თუმცა დღევანდელ სინამდვილეს ჩვენ ვადგენთ, მცირე ნაბიჯსაც კი შეუძლია გამოიწვიოს როგორც კარგი, ასევე ცუდი ძვრები და ამ სინამდვილეში ძალიან რთულია საკუთარი თავის შენარჩუნება, სტერეოტიპებთან დაპირისპირება, ქაოსურ სამყაროში კოსმოსის ხელახალი აღმოჩენა. ადამიანი თავისი ბუნებით, ემოციებითა და გრძნობებით იგივეა, როგორიც 500, თუნდაც 1000 და 2000 წლის წინ იყო, მაგრამ იცვლება რეალობები და თითოეულში არაფერი ხდება უმიზეზოდ.


მიუხედავად იმისა, რომ წიგნის სათაურში გოგონები არიან მოხსენიებული, აქ წამოჭრილი საკითხები, ვფიქრობ, საინტერესო იქნება მამაკაცებისთვისაც. რაც შეეხება ასაკს, ალბათ, უფრო 12 წლის ზემოთ მკითხველისთვის იქნება გასაგები.


- როგორ დაიწერა "შულამელი გოგონები? რა იყო შთაგონების წყარო?


- შთაგონების წყარო თინათინ გურიელის ისტორია გახდა. ვასილ ბარნოვის "მიმქრალ შარავანდედში" სხვანაირი თინათინი გავიცანი, მაშინ გამიჩნდა კითხვები და დავიწყე ინფორმაციის მოძიება. ერთხელაც, როდესაც უნივერსიტეტიდან სახლში ვბრუნდებოდი, გზაში ამეკვიატა ფრაზა:""მოზომილი ნაბიჯით გვიახლოვდებოდა მეფე, რომელსაც ექვსი შვილი გავუჩინე"... აქედან დაიწყო წიგნის წერა, ვწერდი თინათინის ენით, ფაქტობრივად, მის დღიურს. ძალიან მიყვარს ქართველი ავტორები, მიჭირს ვთქვა, რომელმა მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე, როგორც შემოქმედსა და მკითხველზე, თუმცა, თუ მაინც უნდა ჩამოვთვალო: ნიკო ლორთქიფანიძე, გრიგოლ რობაქიძე, ოთარ ჭილაძე, გრიგოლ აბაშიძე...


- გვანცა, ამჟამად რას საქმიანობთ?


- ამჟამად ახალგაზრდული განათლების მიმართულებით ვმუშაობ, ასევე ვარ პროექტების მენეჯერი და ტრენერი. ძალიან მსიამოვნებს ახალგაზრდებთან თანამშრომლობა და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ის საქმე, რასაც ვაკეთებ. ადამიანი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს, მოძრაობდეს და იზრდებოდეს იმდენად, რამდენადაც ამის შესაძლებლობა აქვს. მაქვს მაგისტრის ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში და ვაპირებ შემდეგი საფეხურიც ამ მიმართულებით გავაგრძელო.


- "გახდი ბესტსელერის ავტორი 2018"-ის გამარჯვებული ხართ, ხალხის რჩეული, თანაც დებიუტანტი, რას ნიშნავდა ეს პროექტი თქვენთვის?


- რომ არა ეს კონკურსი, გამიჭირდებოდა დაბეჭდვაზე ფიქრიც კი. ამ წიგნმა ლიტერატურული სამყაროს ნაწილად მაქცია, ეს კი უდიდესი პასუხისმგებლობაა.


- თქვენი წიგნი ახლა უკვე ჟურნალ "გზასთან" ერთად გამოვა. რას ეტყვით მკითხველს, რატომ უნდა წაიკითხონ "შულამელი გოგონები"?


- თუ გიყვართ ისტორიული ამბები, ლიტერატურა, რომელიც საზოგადოების წინაშე მდგარ გამოწვევებს ეხება, ან გსურთ დროისა თუ ეპოქის ლაბირინთებში ხეტიალი, ეს წიგნი უნდა წაიკითხოთ. თუმცა ამ კითხვაზე პასუხი მიჭირს, ყოველთვის მკითხველს მივანდობ ხოლმე.


- როგორია თქვენი ლიტერატურული გეგმა?


- რაც თავი მახსოვს, ვწერ, ლიტერატურულ გეგმადაც ეს მაქვს - უნდა ვწერო.
ყოველთვის ვინიშნავ ხოლმე გონებაში დაბადებულ აზრებს. ამ ეტაპზეც მაქვს რაღაც სათქმელი, თუმცა თავს როდის მოვხსნი ამბების გუდას, ჯერ ვერ გეტყვით. ლიტერატურას სიდინჯე უყვარს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მკითხველი შენგან ღირებულ ნაწარმოებს ელოდება.



0
172
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
172
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0