x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508249
პლატონი და არისტოტელე: ბაძვის თეორია; გენიალური ბრალდება და ასეთივე გენიალური დაცვა
პლატონი

image

პლატონის მოღვაწეობის ხანად ძვ. წ. IV-III საუკუნეები ითვლება. იგი წარჩინებულ ოჯახში დაიბადა. მისთვის მშობლებს არისტოკლესი დაურქმევიათ, მაგრამ მოგვიანებით, ფართო შუბლის, მხარბეჭისა და ვრცელი მსჯელობის გამო, მისთვის პლატონი შეურქმევიათ, რაც ბერძნულად "ფართოს" ნიშნავს.

პლატონის ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა სოკრატემ. სწორედ მან იქონია გავლენა პლატონის ფილოსოფოსად და მოაზროვნედ ჩამოყალიბებაზე. მოგვიანებით პლატონმა გადაუხვია სოკრატეს გზიდან. მან უარი თქვა ქორწინებაზე დ საკუთარი აკადემია დააარსა. პლატონმა თვითგამოხატვის ფორმად დიალოგი აირჩია. ითვლება, რომ დიალოგის შემოტანით მან ფილოსოფიის ისტორიაში გადატრიალება მოახდინა.


პლატონი მართლაც რომ შეუცვლელ ავტორიტეტად მოჩანს არამარტო ფილოსოფიური აზროვნების, არამედ ლიტერატურული და პოეტური კვლევების მსოფლიო სივრცეში.

გენიალურ ბერძენს აწუხებდა თავისი ქვეყნის მდგომარეობა. საზოგადოების ხსნისა და იდეალური სახელმწიფოს შენების იდეით შთაგონებული პლატონი მტკიცედ დაუპირისპირდა მორალურ და ზნეობრივ ანტინორმებს და მათ კანონმდებლებს, რომელთა შორისაც უპირველესად პოეტები მიიჩნია. თავის უმნიშვნელოვანეს ნაშრომ " სახელმწიფოში" პლატონმა სტრატეგიული ომი გამოუცხადა პოეტებს და წამოაყენა გენიალური ბრალდება პოეზიის წინააღმდეგ, რომელიც რამდენიმე არსებით მიზეზზე დააფუძვნა.

პლატონის ბრალდების ამოსავალ წერტილად ბაძვის ცნება იქცა. მისი აზრით პოეზია არის ბაძვა, პოეტები კი მიმბაძველები არიან.

არსებით მნიშვნელობას აქ თავად ბაძვის ცნების ინტერპრეტაცია იძენს. პლატონის ფილოსოფიური ხედვის თანახმად, რეალური სამყარო არსებობს იდეების და არა მატერიალური საგნების სფეროში. ღმერთი ქმნის იდეებს, რომლებსაც შემდგომ მატერიალურ სახეს აძლევს ოსტატი: ქმნის ნივთს იდეის ყალბზე. ამ გზით მიმდინარეობს რეალური სამყაროს მატერიალური დოვლათის დაგროვების პროცესი. მხატვარი კი ბაძავს ოსტატის მიერ შექმნილ ნივთს და შესაბამისად, ბაძავს ნივთის შემქმნელებს: ღმერთს და ოსტატს. მაშასადამე, მხატვარი უხეში მიმბაძველია: ის სამი საფეხურითაა დაშორებული ნამდვილი არსისგან. ასევე ტრაგედიის შემქმნელიც და პოეტიც. ამასთან, მხატვარიც და პოეტიც ცდილობენ მიბაძონ საგანს არა ისეთს, როგორიც არის სინამდვილეში, არამედ – ისეთს, როგორიც მათ ეჩვენება. ანუ ბაძავენ არა რეალურს, არამედ - ლანდს.

პლატონის პრინციპული ბრალდება პოეზიის წინააღმდეგ ეფუძვნება დიქოტომიას სიმართლე/ტყუილი, სადაც სიმართლე წარმოადგენს ორიგინალს, ავთეტურს, პირველწყაროს, ხოლო ტყუილი - ასლს, გამონაგონს, შეთხზულს. შესაბამისად, პოეზიის უმთავრესი ცოდვა ტყუილზე აგებული ამბავია.

გენიალური ბრალდება, რომელიც პოეზიას პლატონმა წაუყენა, ასეთივე გენიალური დაცვას ესაჭიროებდა.

არისტოტელე

image

ბერძნული ფილოსოფიური სკოლის კიდევ ერთი დიადი წარმომადგენელი, არისტოტელე დაიბადა ქალაქ სტაგირაში, რის გამოც მას ხშირად ანტიკურ და შუასაუკუნეების ლიტერატურაში "სტრაგიელად" მოიხსენიებენ. ჩვიდმეტი წლისას ათენში გაემგზავრა და გახდა პლატონის აკადემიის მოწაფე. ის ოცი წელი სწავლობდა ამ აკადემიაში და პლატონის გარდაცვალების შემდეგ დატოვა. არისტოტელე წავიდა ქალაქ ასოსში, სადაც დააფუძვნა აკადემიის ფილიალი. აქ მან ცოლი შეირთო. ასოსში მუშაობისას იგი ავითარებს საკუთარ დამოუკიდებელ ფილოსოფიურ იდეებს. სწორედ ამ პერიოდს უნდა ასახავდეს ცნობილი გამოთქმა: " პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ უფრო დიდი მეგობარია ჭეშმარიტება".

ძვ. წ. 343-342 წლებში არისტოტელე მიიწვია ფილიპე მაკედონელმა თავისი ცამეტი წლის ვაჟის აღსაზრდელად. მას დიდი გავლენა ჰქონდა ალექსანდრეზე. მაკედონური წლების შემდეგ იგი დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში, რომელიც ალექსანდრემ თავისი მასწავლებლის საპატივსაცემოდ ხელახლა გააშენა.

არისტოტელემ ათენში დააარსა საკუთარი სკოლა. მან თავისი სკოლა მიუძღვნა მუზებს. სკოლას სხვანაირად უწოდებდნენ პერიპათოსს, ხოლო მის წევრებს პერიპათეტიკოსებს, რაც ასახავს იმას, რომ მოსწავლეები და მასწავლებლები სეირნობდნენ ბაღში და ისე მსჯელობდნენ ფილოსოფიურ იდეებზე.

არისტოტელეს მოძღვრება ასევე მნიშვნელობს თანამედროვე სამეცნიერო შრეებში, თუმცა ჩვენი ამჟამინდელი ინტერესის საგანს წამოადგენს მისი ტრაქტატი "პოეტური ხელოვნების შესახებ" ანუ "პოეტიკა", სადაც თავმოყრილია ფილოსოფოსის შეხედულებები ლიტერატურასა და პოეზიაზე, ძირეულად განსხვავებული პლატონის პოზიციისგან.

ძირეული სხვაობა არისტოტელესა და პლატონის პოზიციას შორის ქმნიდა არა მათი ტემპერამენტი, ან პოეზიის სიყვარული/არსიყვარული, არამედ კონცეპტუალური საყრდენების სხვაობა: არისტოტელე პრინციპულად ვერ ეთანხმებოდა მათ, ვინც წინასწარ ადგენდა აბსოლუტურ სტანდარტს და ცდილობდა მოერგო მისთვის ხელოვნების ნიმუში.

არისტოტელე ერთი მხრივ, ეთანხმებოდა პლატონის მსჯელობას პოეზიის, როგორც ბაძვის გააზრების შესახებ, მაგრამ მეორე მხრივ, პრინციპულად ვერ იზიარებდა ბაძვის ცნების პლატონისეულ ინტერპრეტაციას. თუ პლატონისთვის რეალური სამყარო აბსტრაჰირებული იდეების მიბაძვაა, არისტოტელესთვის იგი მატერიალურ მოცემულობას წარმოადგენს. არისტოტელეს მტკიცებით, ხელოვანი, პოეტი ბაძავს რეალობას, რათა შექმნას ახალი, პოტენციური რეალობა. არისტოტელესეული ბაძვა ერთმანეთისგან მიჯნავს ისეთ ცნებებს, როგორიცაა რეალობა და რეალისტობა: პოეტი ბაძავს რეალობას, მაგრამ მისი მიზანი სულაც არ არის რეალისტური სურათის შექმნა. არისტოტელეს პრინციპული დაცვა პოეზიის სასარგებლოდ ეფუძვნება დიქოტომიას რეალური/შემოქმედებითად გარდასახული, სადაც რეალური წარმოადგენს მატერიალური სამყაროს სინონიმს, ხოლო შემოქმედებითად გარდასახული პოეტური ქმნილებისა. პოეტის ღირსებად არისტოტელეს მიაჩნია არა ძირფესვიანი ცოდნა იმ ყველაფრისა, რის შესახებაც იგი წერს, არამედ ბაძვის ნიჭი და მასშტაბი. ბაძვის პროცესი არისტოტელეს "პოეტიკაში" მჭიდროდ არის დაკავშირებული სიამოვნების განცდასთან. არისტოტელეს აზრით, სწორედ მიბაძვითაა, რომ ადამიანები იღებენ პირველ შემეცნებას და ამისგან სიამოვნებას განიცდიან. ადამიანები ბაძისას მსგავსებას აღმოაჩენენ ხოლმე და ამდენად ეს არისტოტელესთვის ლოგიკური, შემეცნებითი აქტია. არისტოტელესთვის პოეზია როგორც პოეტის, ისე მისი აუდიტორიის მხრიდან არის ინტელექტუალურ-შემეცნებითი აქტი და ეფუძნება ადამიანის თანდაყოლილ თვისებას - მიბაძოს რეალობას.

"პოეტიკის " ჩვენამდე მოღწეულ ნაწილში ძირითადი ყურადღება ეთმობა ტრაგედიას. ტრაგედიის შემთხვევაში პოეტისთვის აუცილებელია, რომ მიბაძვის საგანი იყოს სერიოზული დასრულებული მოქმედება; მიბაძვის საშუალება - მხატვრულად მიმზიდველი, დამატკბობელი სიტყვა. მიბაძვა უნდა მოხდეს დრამის ანუ მოქმედების სახით. ტრაგედიის მიზანია ადამიანში შიშის და თანაგრძნობის ემოციები გამოიწვიოს და ამ გზით შემქნას მასში განწმენდის, "კათარსისის" შეგრძნება. სერიოზული მოქმედების ნიმუშად არისტოტელე მითოლოგიურ სიუჟეტებს ასახელებდა. არისტოტელე განასხვავებს მხატვრულ რეალობას ისტორიულ რეალობისგან და პირველს გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს მეორესთან შედარებით. იგი ამბობს, რომ "პოეზია უფრო ფილოსფიური და უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ისტორია რადგან იგი შეეხება ზოგადობებს, ხოლო ისტორია ერთეულ ხდომილებებს". პოეტი ასახავს არა იმას, რაც მოხდა, არამედ იმას, რაც შესაძლებელია ან აუცილებელია, რომ მოხდეს.



0
587
შეფასება არ არის
ავტორი:სირანუშ გასპარიანი
სირანუშ გასპარიანი
587
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0