x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
იანა კუცი: „პოლიგლოტი ვარ, მაგრამ ქართულის სწავლა ძალიან გამიჭირდა“ - გაიცანით „მასტერშეფის“ უკრაინელი მონაწილე
image


საქართველოს ყველაზე მაღალრეიტინგული კულინარიული პროექტის „მასტერშეფის“ მესამე სეზონი იმითაც არის გამორჩეული, რომ რჩეულ კონკურსანტებს შორის პირველად მოხვდა უცხოეული. იანა კუცი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მონაწილეა და ჟიურიმ მისი კერძი უკვე რამდენჯერმე დააყენა რჩეულ კერძებს შორის. მაყურებელმა კი უკვე შეიყვარა მისი ქართული ფრაზები, განსაკუთრებით „ნახვამდული“.


როგორ მოხვდა იანა კუცი საქართველოში, როგორ მოსწონს ქართული სამზარეულო და ვის მიიჩნევს მთავარ კონკურენტად „მასტერშეფში“, წაიკითხეთ ინტერვიუში.


- როგორც ვიცით, კულინარების ოჯახიდან ხართ. მოგვიყევით მათ შესახებ.



- მამაჩემი სპორტსმენია, თავის დროზე ველოსიპედისტთა ევროპის ჩემპიონი გახდა, ახლა ოლიმპიური გუნდის მწვრთნელია.


დედაჩემი უკვე 35 წელია შეფია, ის ჩემი მთავარი მასწავლებელია. მასთან ერთად სამზარეულოში გავიზარდე, თუმცა არასოდეს მიფიქრია, რომ მის გზას გავყვებოდი. ოჯახის წევრებიდან ჩემი მეორე მასწავლებელი ბებიაა, რომელიც ნახევარი ცხოვრების განმავლობაში საკონდიტროში მუშაობდა. როდესაც მასთან მივდიოდი, სულ ვეხმარებოდი სამზარეულოში. ბებიაჩემის კერძებზე გემრიელი არასოდეს არაფერი გამისინჯავს. ის ყოველთვის ამბობდა: სამზარეულოში ოქროს საიდუმლო გამოცდილი ხელებია. მართლაც, იმისთვის, რომ კარგი შეფმზარეული გახდე, წლები და დიდი გამოცდილებაა საჭირო. იმედი მაქვს, ერთ დღესაც ასეთი კარგი კულინარი გავხდები.


image


- დამოუკიდებლად მზადება როდის დაიწყეთ?


- 14 წლის ასაკში. იმ დროს ჩემი მშობლები ძალიან დაკავეულები იყვნენ, განსაკუთრებით დედა, ხშირად უწევდათ მოგზაურობა. ამიტომ, გადავწყვიტე, თავად მიმეხედა თავისთვის და იმ ცოდნით მომემზადებინა კერძები, რაც იმ დროისთვის გამაჩნდა. მაშინ კულინარია ჩემთვის ჰობივით იყო. უნივერსიტეტი კრიმინოლოგიისა და კრიმინალური ჟურნალისტიკის მიმართულებით დავამთავრე. ეს ჩემი მეორე „უცნაური“ ჰობია.


- კულინარიას როდის დაუბრუნდით?


- წლების წინ უკრაინული „მასტერშეფის“ ჟიურის წევრს ჰექტორ ხიმენეს-ბრავოსა და ოლგა მარტინოვსკაიას შევხვდი (7 წლის წინ უკრაინულ „მასტერშეფში“ გაიმარჯვა, ახლა კი ჟიურის წევრია). მათ გამახსენეს ჩემი კულინარიით გატაცების შესახებ და 2014 წელს, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, იტალიაში, ფლორენციაში დარჩენა და იქ კულინარიის ხელოვნების სკოლის დასრულება გადავწყვიტე.


- საქართველოში როგორ მოხვდით?


- საქართველო ჯერ კიდევ 2008 წელს შემიყვარდა, როცა აქ პირველად ჩამოვედი, მაგრამ ის, რომ უკრაინიდან აქ გადმოვედი საცხოვრებად, ჩემი მეუღლის დამსახურებაა. გიორგის 2015 წელს შევხვდი, ის ბათუმიდანაა. გაცნობიდან 6 თვის შემდეგ ხელი მთხოვა და მეც დავთანხმდი. ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. მე არა მხოლოდ იდეალური მეგობარი, მეუღლე და ჩემი ქალიშვილის მამა შევიძინე, არამედ მისი ქვეყანა და კულტურაც.


image


- ქართული სამზარეულო როგორ მოგწონთ, საყვარელი კერძები თუ გაქვთ?


ჩემი საყვარელი ქართული კერძებია ხინკალი (რა თქმა უნდა), აჭარული ხაჭაპური, ნიგვზიანი ბადრიჯანი, ლობიო, ქართული სალათა ნიგვზით (ძალიან მარტივად ჟღერს, მაგრამ ნიგოზი სალათას გასაოცარ გემოს აძლევს), მაგრამ განსაკუთრებულად მაინც შქმერული მიყვარს. ასევე ვაღმერთებ ქართულ ყველს! სანამ აქ გადმოვიდოდი საცხოვრებლად, მხოლოდ სულგუნი ვიცოდი, მაგრამ მერე ფართოდ რომ გავახილე თვალები, ყველის იმდენი სახეობა აღმოვაჩინე, რომ გავოგნდი.


რაც შეეხება მომზადებას, ქართულ სამზარეულოს ჯერ კიდევ ვსწავლობ, მაგრამ, ამავდროულად, რაღაც ჩემებურს ყოველთვის ვუმატებ კერძებს.


- ქართული ენის სწავლას თუ ცდილობთ? მაყურებელი თქვენებურმა სიტყვებმა ძალიან გაახალისა, მაგალითად „ნახვამდულმა“.


- დიახ, ვიცი, რომ ჯერ კიდევ ვერ ვისწავლე ქართული, მაგრამ ეს ძაალიან რთულია. საერთოდ, პოლიგლოტი ვარ და ენებს ყოველთვის მარტივად ვსწავლობდი, მაგრამ ქართული ძალიან გამიჭირდა. ბევრი სიტყვა ვიცი და საუბარიც მესმის, მაგრამ დამოუკიდებლად ლაპარაკი მაინც ვერ დავიწყე. გპირდებით, ამას გამოვასწორებ!


image


- რატომ გადაწყვიტეთ ქართულ „მასტერშეფში“ მონაწილეობის მიღება?


- რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, ეს მშვენიერი შესაძლებლობაა, რომ ქართულ სამზარეულოს უკეთ გავეცნო და ისეთი პროფესიონალებისგან მივიღო რჩევები, როგორი ჩვენი ჟიურის წევრები არიან. ასევე, „მასტერშეფი“ დამეხმარება იმ ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქედ ვიგრძნო თავი, რომელსაც ახლა სახლს ვუწოდებ. მესამე და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი - ეს პროექტი ჩემთვის ახალი გამოწვევაა, რომ კულინარიაში უფრო განვვითარდე, ეს კი ნამდვილად ის სფეროა, რომელიც ახლა და მომავალში ჩემს პროფესიად დარჩება.


- პროექტსა და ჟიურის წევრებზე რას ფიქრობთ?


- პროექტში მონაწილეობა ნამდვილად რთულია, შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს, თორემ შოუს დატოვება მოგიწევს. რაც შეეხება ჟიურის წევრებს. ძალიან დიდ პატივს ვცემ შეფ ლევანს, ის ნამდვილი პროფესიონალია და მისი რჩევები ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ასევე ვგიჟდები შეფ კონსტანტინეზე, განსაკუთრებით იმაზე, თუ როგორ აქცევს ყოველ პატარა დეტალს ყურადღებას, არაჩვეულებრივი რეცეპტორები აქვს. ცოტათი მეშინია შეფ ლუკასი, საკმაოდ არაპროგნოზირებადი ადამიანია. თუ გინდა, გააბედნიერო, უნაკლო კერძი უნდა მოამზადო, თორემ ნამდვილად გაგანადგურებს.


image


- თქვენი გამოცდილება როგორ გეხმარებათ შოუში?


- გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემი გამოცდილება და უნარები ყოველთვის ვერ მეხმარევა. სულ სხვაა, იყო შეფი შენს სამზარეულოში და სულ სხვაა - იყო „მასტერშეფის“ კონკურსანტი. როცა ჩემს სამზარეულოში ვმუშაობ, ფიქრისთვის, შეცდომების პოვნისა და გამოსწორებისთვის საკმარისი დრო მაქვს, მასტერშეფში კი დრო შეზღუდულია. რაც უფრო დიდი ცოდნა გაქვს, მით უფრო გიჭირს გადაწყვეტილების მიღება. ხანდახან ექსპერიმენტების ჩატარებას ვცდილობ, მაგრამ ყოველთვის არ გამოდის.


- გასულ გადაცემაში ზურას კერძში ჩარევის გამო ჟიურიმ შენიშვნა მოგცათ. ხომ არ ინანეთ ეს გადაწყვეტილება?


- მესმის, რომ ეს შოუა და პირველ რიგში საკუთარ თავზე უნდა იფიქრო, მაგრამ მე ის ადამიანი ვარ, ვინც სხვებს ყოველთვის ეხმარება. არ ვნანობ, რომ ზურას დავეხმარე, მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო ჩემი კერძიც დაუმთავრებელი დამრჩა. ზოგი ფიქრობს, რომ ამაყი ვარ, მაგრამ ისინი ხომ არ მიცნობენ?! სინამდვილეში ძალიან მორცხვი და ემოციური ვარ. როცა რაღაც ვიცი, სხვას რატომ არ უნდა გავუზიარო?


- პროექტის მონაწილეებზე რას ფიქრობთ და მთავარ კონკურენტად ვის მიიჩნევთ?


- ძალიან ძლიერი კონკურსანტები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მათს ნახევარს პროფესიული გამოცდილება არ აქვს, ძალიან ნიჭიერები არიან და ამტკიცებენ, რომ მომზადების ცოდნას არ სჭირდება მაინც და მაინც პროფესიონალი კულინარი იყო.


ჩემი მთავარი კონკურენტი სერგოა, რომელიც მთელ პროექტში ყველაზე გაწონსწორებული ადამიანია და მშვიდად მიიწევს გამარჯვებისკენ.

0
309
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
309
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0