x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის სიმპტომები, დიაგნოსტირება, გართულებები და მკურნალობა


image


დიაბეტი არის დაავადება, რომელიც ჩნდება სისხლში გლუკოზის დონის მატებისას.გლუკოზა არის ენერგიის მთავარი წყარო.პანკრეასის მიერ პროდუცირებული ჰორმონი-ინსულინი უზრუნველყოფს საკვების სახით მიღებული ნახშირწყლებიდან გლუკოზის ათვისებასა და მის გამოყენებას ენერგიის წარმოსაქმნელად.ზოგჯერ, ორგანიზმი საკმარისი რაოდენობით ან საერთოდ ვერ წარმოქმნის ინსულინს, ან ვერ ხდება მისი ადეკვატური გამოყენება, შედეგად გლუკოზა რჩება სისხლში და ვეღარ აღწევს უჯრედებში.დროთა განმავლობაში, სისხლში დაგროვებული გლუკოზის მაღალი დონე იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს.
არსებობს დიაბეტის რამდენიმე ტიპი : ტიპი 1, ტიპი2, გესტაციური დიაბეტი და დიაბეტის სხვა სპეციფიური ტიპები.
დიაბეტი ტიპი 1 - გამომწვევ მიზეზად მოიაზრება აუტოიმუნური რეაქცია, რომელიც ხელს უშლის ორგანიზმს წარმოქმნას ინსულინი.დიაბეტით დაავადებულთა დაახლოებით 5-10%-ს აქვს ტიპი 1 და მისი სიმპტომები ვითარდება სწრაფად. ჩვეულებრივ, ვლინდება ბავშვებში, თინეიჯერებსა და მოზრდილებში.დაავადებულებმა ყოველდღიურად უნდა მიიღონ ინსულინი, დღესდღეობით ამ ტიპის დიაბეტის პრევენციის მეთოდი არ არსებობს.
დიაბეტი ტიპი 2 - ამ შემთხვევაში, ორგანიზმი ვერ იყენებს ინსულინს და ვერ ხდება სისხლში შაქრის ნორმალური დონის შენარჩუნება.დიაბეტით დაავადებულთა 90-95%-ს აქვს ტიპი 2. ვითარდება მრავალი წლის განმავლობაში, სიმპტომები შესაძლოა არ გამოვლინდეს, ამიტომ თუ პირი არის რისკ-ქვეშ, მნიშვნელოვანია გაკონტროლდეს მისი შაქრის დონე სისხლში.განსხვავებით ტიპი 1-სგან, ტიპი 2-ის პრევენცია/გადავადება შესაძლებელია ჯანსაღი ცხოვრების წესით, რაშიც მოიაზრება წონაში დაკლება, ჯანსაღად კვება და ფიზიკური აქტივობა.
გესტაციური დიაბეტი- ვითარდება ორსულ ქალბატონებში, რომელთაც მანამდე არ ჰქონდათ დიაბეტი. ის საშიშია არა მხოლოდ დედისთვის, არამედ ნაყოფისთვისაც - ჯანმრთელობის პრობლემების რისკი ბავშვისთვის მატულობს.ჩვეულებრივ, გესტაციური დიაბეტი მშობიარობის შემდეგ ქრება, თუმცაღა იზრდება იმის შანსი, რომ მომავალში განვითარდეს ტიპი 2. ბავშვები კი მიდრეკილნი არიან სიმსუქნისაკენ და ისევე როგორც დედა, ტიპი 2-ის განვითარებისკენ.

პრედიაბეტი- პრედიაბეტის მქონე პირებში, შაქრის დონე მერყეობს 100 დან 125მილიგრამამდე დეცილიტრში (ნორმაში 70-90 მგ/დლ), რაც ნიშნავს, რომ გლუკოზის დონე სისხლში არის მაღალი, თუმცა არა იმდენად, რომ დიაბეტის დიაგნოზი დაისვას.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის სიმპტომები ქრება ინსულინის მიღებისას.
დიაბეტის მთავარი სიმპტომები არის:

წყურვილის შეგრძნება
გახშირებული შარდვა, განსაკუთრებით ღამით
დაღლილობის შეგრძნება
წონაში დაკლება და კუნთის მასის შემცირება
ქავილი გენიტალიების მიდამოში
კანდიდოზური სტომატიტი
დაბინდული მხედველობა
ღებინება და მძიმე, ღრმა სუნთქვა-ვლინდება მოგვიანებით სტადიებზე, რაც საკმაოდ საშიში ნიშნებია და აუცილებლად მოითხოვს დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაციას.

დიაბეტით დაავადებულებმა უნდა მიმართონ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, თუ განვითარდა შემდეგი ნიშნები:
მადის დაკარგვა
გულისრევა და ღებინება
მაღალი ტემპერატურა
ტკივილი მუცლის არეში
სპეციფიკური სუნი სუნთქვისას

ზოგჯერ, გლუკოზის დონე სისხლში იკლებს, უმეტეს შემთხვევაში ეს განპირობებულია დიდი დოზით ინსულინის მიღებით, შესაძლებელია მიზეზი იყოს კვების გამოტოვება, ძალზედ ენერგიულად ვარჯიში ან უზმოზე ალკოჰოლის მიღება.აღნიშნულ მდგომარეობას ეწოდება ჰიპოგლიკემია, მისი სიმპტომებია:
ტრემორი
ოფლიანობა
სისუსტე
დაბნეულობა
ტუჩის თრთოლა
შიმშილის შეგრძნება
გულის რევა

ჰიპოგლიკემიის გაკონტროლება ხდება მარტივად, საკმარისია ტკბილი საკვების ან წვენის მიღება.იმ შემთხვევაში თუ ვერ მოხერდება ჰიპოგლიკემიის გაკონტროლება პიროვნება გადადის უგონო მდგომარეობაში, ამ დროს საჭიროა ჰორმონ-გლუკაგონის ინექცია, რომელიც ზრდის სისხლში გლუკოზის დონეს.

ჰიპოგლიკემიის სრულიად საწინააღმდეგოა ჰიპერგლიკემია, მისი სიმპტომებია:
ძლიერი წყურვილი
პირის სიმშრალე
დაბინდული მხედველობა
ძილიანობა
შარდზე ხშირად გასვლა

ჰიპერგლიკემიის უყურადღებოდ დატოვებამ შესაძლოა მიგვიყვანოს დიაბეტურ კეტოაციდოზამდე, რომელიც სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა, ორგანიზმი ენერგიის წყაროს ალტერნატივად იყენებს ცხიმსა და კუნთს, რაც განაპირობებს მჟავების ჩალაგებას სისხლში და შედეგად ვითარდება გულისრევა, დეჰიდრატაცია, გონების დაკარგვა და ხშირად სიკვდილიც.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 არის აუტოიმუნური მდგომარეობა.იმუნური სისტემა ანადგურებს, ან იმდენად აზიანებს პანკრეასის უჯრედებს, რომ ვეღარ გამომუშავდება ინსულინი, უცნობია რა არის იმუნური სისტემის ასეთი ქმედების მიზეზი, თუმცა ბოლო კვლევების მიხედვით, ეს შესაძლოა იყოს ვირუსული ინფექცია.
გადაეცემა გენეტიკურად.რისკი პირებისთვის, რომელთა ოჯახის წევრებს (მშობლებს, დას, ძმას) აღენიშნებათ ტიპი 1, არის 6%, განსხვავებით მათგან, ვისაც გენეტიკაში არ აქვთ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1, მათ შემთხვევაში განვითარების რისკი არის 0.5%-ზე ნაკლები.

დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება შარდისა და სისხლის ტესტი.
შარდის ტესტით ხდება შარდში გლუკოზის არსებობის შემოწმება.ჩვეულებრივ, შარდი არ შეიცავს გლუკოზას.ტესტის საშუალებით დგინდება შარდში კეტონების შემცველობაც, რომელიც ტიპი 1-ის ინდიკატორია.
რაც შეეხება სისხლის ტესტს, ისევე როგორც შარდის ტესტში, აქაც ხდება სისხლში გლუკოზის დონისა და კეტონების არსებობის შემოწმება.

HbA1c - არის კიდევ ერთი სისხლის ტესტი, რომელიც ხშირად გამოიყენება როგორც დიაგნოსტირებისთვის, ასევე მონიტორინგისთვის, ის ასახავს გლუკოზის საშუალო დონეს წინა 2-3თვის განმავლობაში, შედეგების მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ რამდენად ეფექტურად ხორციელდება კონტროლი.რეკომენდებულია ტესტის ჩატარება წელიწადში სულ მცირე ორჯერ, უფრო ხშირად კი მაშინ, თუ:
თუ პიროვნებას დიაგნოზი დაუსვეს ახლო წარსულში
სისხლში გლუკოზის დონე რჩება კვლავ მაღალი
მკურნალობის გეგმა შეიცვალა
იგეგმება ორსულობა

განსხვავებით სხვა ტესტებისგან, HbA1c შესაძლოა ჩატარებულ იქნეს დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ის არ მოითხოვს სპეციალურ მომზადებას, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ეს ტესტი ნაკლებად სანდოა, მაგალითად ორსულობის დროს.



მკურნალობა გულისხმობს ინსულინის მოხმარებას.არსებობს ინსულინის რამდენიმე ტიპი, ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება მოქმედების სისწრაფით, თუ როდის აღწევენ პიკს და რამდენ ხანს გრძელდება მათი ეფექტი.ამისთვის გამოიყენება ინსულინის მრავლობითი ინექციები ან უწყვეტი კანქვეშა ინფუზია-ტუმბო და არა აბები, რომელიც კუჭში მოხვედრის შემდეგ კუჭის მჟავას საშუალებით დაიშლება, ვერ აბსორბირდება და შედეგად ვერ გაკონტროლდება გლუკოზის დონე სისხლში.

ინსულინის ტიპებია :
სწრაფად მოქმედი ინსულინი- მიიღება ჭამამდე, მოქმედებს ძალიან სწრაფად-15 წუთში და მისი მოქმედება გრძელდება 3-4საათის განმავლობაში.მნიშვნელოვანია, არ მოხდეს ზედოზირება, რათა თავიდან ავირიდოთ ჰიპოგლიკემიის განვითარება.
ნელა მოქმედი ინსულინი- მოქმედებას იწყებს ინექციიდან 30-60 წუთის შემდეგ, მოქმედება გრძელდება 5-8 საათი, მიიღება ჭამამდე.
საშუალო მოქმედების ინსულინი- მოქმედებას იწყებს ინექციიდან 1-2საათში, ეფექტი გრძელდება 14-16 საათი.
ხანგრძლივი მოქმედების ინსულინი-მოქმედებას იწყებს ინექციიდან 2საათში და ეფექტი გრძელდება 24 საათი ან მეტი.

არსებობს არაინსულინური მკურნალობა ტიპი1-სთვის : მეთფორმინი, GLP-1 რეცეპტორის აგონისტები და SGLT2 ინჰიბიტორები. შესაძლებელია ქირურგიული ჩარევა პანკრეასის და კუნძულების ტრანსპლანტაციის გზით.


დიაბეტის მკურნალობის გარეშე, პროცესმა შესაძლოა მიგვიყვანოს ჯანმრთელობის რიგ პრობლემებთან.შაქრის მაღალ დონეს შეუძლია დააზიანოს სისხლძარღვები, ნერვები და ორგანოები.
დაავადებულებს 5-ჯერ უფრო მეტად აქვთ მიდრეკილება გულის დაავადებების, ინფარქტისა და ინსულტისაკენ.
გახანგრძლივებული, არაკონტროლირებადი შაქრის დონე სისხლში იწვევს ათეროსკლეროზის განვითარებას.
ნერვების დაზიანების შემთხვევაში დამახასიათებელია მჩხვლეტავი ან მწველი ტკივილის გავრცელება თითებიდან ზევით კიდურებისკენ, თუ დაზიანდა საჭმლის მომნელებელი სისტემის ნერვები ვითარდება გულისრევა და ღებინება, დიარეა ან ყაბზობა.
რეტინოპათია-ბადურის დაზიანება, სისხლძარღვების დახშობით ან მათი დაზიანებით, რაც ხელს უშლის სინათლის გავლას ბადურაში. დიაბეტური რეტინოპათიის მკურნალობაში მოიაზრება-ლაზერი, მედიკამენტები და ოპერიაცია.
ზიანდება თირკმელების სისხლძარღვებიც.იშვიათად, მძიმე შემთხვევების დროს, ვითარდება თირკმლის უკმარისობა და საჭირო ხდება დიალიზის გაკეთება, ზოგ შემთხვევაში კი ტრანსპლანტაცია.
10 დან 1 პაციენტს აღენიშნება ტერფის წყლული, რომელიც ერთი შეხედვით უხილავი ნაკაწრებისგან ვითარდება, ის საკმაოდ სერიოზული ინფექციების გამომწვევია.
სექსუალური დისფუქცია- მამაკაცებში თავს იჩენს ერექციული პრობლემები
ქალებში :
ლიბიდოს დაქვეითება
ვაგინალური სიმშრალე
ორგაზმის მიღწევის უნარის დაქვეითება
ტკივილი სექსუალური აქტის დროს

ორსულებისთვის მაღალია მუცლის მოშლის და მკვდარშობადობის რისკი.


ამრიგად, არ არსებობს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის პრევენციის გზები, ვინაიდან, ის გამოწვეულია აუტოიმუნური რეაქციით, პანკრეასის ბეტა უჯრედების დესტრუქციით.არსებობს მხოლოდ მისი მართვის გზები, ინსულინის რეგულარული, ადეკვატური დოზის ინექცია, სისხლში გლუკოზის დონის მუდმივი შემოწმება, აუცილებელია ჯანსაღად კვება ( რაციონის გამდიდრება ხილით, ბოსტნეულით, უჯერედისით.სუფრის მარილის, ცხოველური და ნაჯერი ცხიმების შეზღუდვა, ტკბილი გაზიანი სასმელელების და შაქრის შემცველი პროდუქტების აკრძალვა, ალკოჰოლისგან თავის არიდება), რეგულარული ფიზიკური აქტივობა, საკმარისი დროით გამოძინება და სტრესის შემცირება.

0
314
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო მჭედლიძე
ნინო მჭედლიძე
314
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0