x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
„არათანაბარ პირობებში ვიყავით. შევცდი, რომ საკუთარ თავს არ დავუჯერე“ – „მასტერშეფის“ სამზარეულო სოფი მეშველიშვილმა დატოვა
image


„მასტერშეფის“ მაყურებელმა სოფი მეშველიშვილის კარგად გაცნობა ვერ მოასწრო, თუმცა რამდენიმე ტური საკმარისი აღმოჩნდა იმაში დასარწმუნებლად, რომ მისი ადგილი საუკეთესო თორმეტეულს შორის ნამდვილად იყო.


სოფი პროფესიით ორთოდონტია. როგორც ამბობს, კულინარია და ორთოდონტია იმით ჰგავს ერთმანეთს, რომ ვიზულს ორივე სფეროში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რომელი შეცდომა დაუჯდა პროექტის დატოვების ფასად, ვის გულშემატკივრობს და როგორ აფასებს „მასტერშეფის“ მესამე სეზონს, წაიკითხეთ ინტერვიუში.


- თქვენი აზრით, მზადების რომელ ნაწილში დაუშვით შეცდომა?



- ჩემი შეცდომა ის იყო, რომ საკუთარ თავს არ დავუჯერე და სერგოს გადაწყვეტილებას ვენდე, რადგან მან აიღო თავის თავზე ლიდერობის პასუხისმგებლობა, როგორც ყველაზე გამოცდილმა მზარეულმა. იმ შემთხვევაში სხვა ალტერნატივა არ მქონდა, ხორცის მხოლოდ ის ნაჭერი იყო საკუჭნაოში. სერგოს რომ ეთქვა, ცუდი ნაჭერია და ქათმის ხორცით შევცვალოთო, რა თქმა უნდა, დავუჯერებდი.


image


- როგორ შეაფასებდით „მასტერშეფის“ მესამე სეზონსა და ჟიურის წევრებს?


- ჩემი აზრით, განვლილ სეზონებთან შედარებით ჩვენი გუნდი ყველანაირად გამორჩეულია. პირველი სეზონი ძლიერი იყო, მეორე - არც ისე. ჩვენს გუნდს პირველი სეზონის გუნდს უფრო შევადარებდი.


რაც შეეხება ჟიურის წევრებს, სამივე მათგანს განსხვავებული გემოვნება აქვს, ამიტომ ყოველთვის ვცდილობდი, ჩემი გემოვნებით გამეკეთებინა, რადგან შეუძლებელია სამივეს ერთნაირად „მოვერგო“. ჩემი აზრით, ყველაზე მკაცრი მაინც ლუკაა. ჩემთან იმდენად ხშირად მოდიოდა, რაღაცებს მეკითხებოდა, შენიშვნას მაძლევდა, რომ ძალიან ვითრგუნებოდი.


- პაატას კომენტარები როგორ მოქმედებდა თქვენზე?


- პაატა ჩვენს გუნდში სუპერაქტიურია. შეიძლება თავიდან გაღიზიანდე, მაგრამ მერე ხვდები, რომ სერიოოზულად არ უნდა მიიღო და მაგის გამო ხელი არ უნდა შეგეშალოს.


image


- თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვინ არის?


- ჩემი 8 წლის შვილი. ერთად ვუყურებდით როგორც უცხოურს, ისე ქართულ „მასტერშეფს“. არც ერთი გადაცემა არ გვაქვს გამოტოვებული და მისი დიდი თხოვნა იყო, რომ მეც მიმეღო მონაწილეობა. მხოლოდ მან იცოდა, რომ კასტინგზე წავედი და უსაზღვროდ ბედნიერი იყო, რომ უკან წინსაფრით დავბრუნდი.


ძალიან უყვარს ჩემი მომზადებული კერძები და თვითონაც სურს, რომ ამზადებდეს. ხშირად მიზიარებს თავის მოსაზრებებს ამა თუ იმ კერძთან დაკავშირებით. რატომღაც, დარწმუნებული იყო, რომ ფინალში მნახავდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. რომ გაიგო, პროექტი დავტოვე, მითხრა: დედიკო, შენ მაინც მასტერშეფი ხარ ჩემთვისო.


- რა მიზნით მიხვედით „მასტერშეფში“ და თუ შეძელით მისი მიღწევა?


- ძალიან მიყვარს მრავალფეროვნება, ახალი ადამიანების გაცნობა და ახალი გამოცდილების მიღება. „მასტერშეფმა“ დამარწმუნა, რომ იმაზე მეტად მიყვარს ეს საქმე, ვიდრე მეგონა.


image


ჩემი მთავარი მიზანი არ ყოფილა სხვებზე უკეთესი ვყოფილიყავი. არანაირი განათლება და პროფესიული გამოცდილება არ მაქვს, შესაბამისად, ვერ შევეჯიბრებოდი ვერც ერთ კონკურსანტს, რომელმაც კულინარიის აკადემია დაამთავრა ან 5- და მეტწლიანი გამოცდილება აქვს. ვფიქრობ, ამის გამო საკმაოდ არათანაბარ პირობებში ვიყავით. გამოუცდელობის მიუხედავად, საკმაოდ ბევრს მივაღწიე.


- ვის გულშემატკივრობთ?


ძალიან მინდა, რომ თემომ ან ზურამ გაიმარჯვოს. მიუხედავად იმისა, რომ ზურას პროფესიული გამოცდილება არ აქვს, ძალიან ბევრს ჯობნის იმით, რომ ახლის შექმნა შეუძლია და დაწერილ რეცეპტებს არ მიჰყვება.

0
396
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
396
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0