x
მეტი
  • 11.08.2020
  • სტატია:102429
  • ვიდეო:347175
  • სურათი:466321
პაატა ჭონიაშვილი: „მე ვიცი, როგორ იქმნება რეიტინგი, მაგრამ...“ არის თუ არა საკმარისი შოუს დადგმა „მასტერშეფში“ წარმატების მისაღწევად
image


საქართველოს ყველაზე რეიტინგული კულინარიული პროექტის „მასტერშეფის“ მესამე სეზონი ბევრი მიზეზის გამოა გამორჩეული. ერთ-ერთი მიზეზი პაატა ჭონიაშვილია, რომელსაც უკვე ბევრი მოიხსენიებს „შოუს ვარსკვლავად“.


რეალურია, თუ თამაშობს, რა რეაქცია აქვს უარყოფით კომენტარებზე, როგორია მასტერშეფის შიდა სამზარეულო და და მიიჩნევს თუ არა თავს ღირსეულ კონკურსანტად - ამის შესახებ პაატა ჭონიაშვილი თავად მოგვიყვება.


- ვინ არის პაატა ჭონიაშვილი?



- პაატა ჭონიაშვილი არის ადამიანი, რომელიც დღემდე ვერ ჩამოყალიბდა, თუ რომელ სფეროში უნდა ყოფნა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის მიმართულებით ვსწავლობ, მიმუშავია პიარსპეციალისტად და მგონია, რომ ეს საუკეთესოდ გამომდის. ამჟამად „მასტერშეფის“ მონაწილე ვარ.


- კულინარიამ როდის გაგიტაცათ?


- კულინარია ჩემს ცხოვრებაში სულ იყო, ძალიან მიყვარს მზადება, მეგობრების გამასპინძლება. როგორც ამბობენ, კარგი ხელი მაქვს. სიმართლე გითხრათ, ხშირად არ ვამზადებ, ეს ჩემთვის განტვირთვის საშუალებაა, ჩემი გაკეთებულის ჭამაც არ მიყვარს. ალბათ, იმდენად ვიხარჯები კეთების დროს, რომ ამითაც ვკმაყოფილდები და ჭამის სურვილი მიქრება.


image


- „მასტერშეფში“ მონაწილეობის მიღება რატომ გადაწყვიტეთ?


- ცოტა რთული პერიოდი მქონდა, სამსახურიდან ახალი წამოსული ვიყავი, არაფერს არ ვაკეთებდი. ჩემს მეგობარს მოსწონდა ეს პროექტი და მისი იდეა იყო მონაცემების გაგზავნა.


- თქვენი აზრით, რა დაინახა ჟიურიმ თქვენში, რომ 12-ეულში მიგიჩინათ ადგილი?


- ალბათ, პირველ რიგში, რეიტინგი. არ მინდა ქედმაღლურად გამომივიდეს, მაგრამ მე ვიცი, როგორ იქმნება რეიტინგი, რა სჭირდება ეკრანს. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ამის გამო მოვხვდი 12 საუკეთესოს შორის. შესარჩევ ტურში ძალიან საინტერესო, უცხო კერძი მივიტანე, გემოც ძალიან კარგი ჰქონდა. არავინ არ იფიქროს, რომ აქ ვინმე მხოლოდ შოუს გამო შეიძლება აღიარონ და შემდეგ ტურში გადაიყვანონ. თავიდან მეც მასე მეგონა, მაგრამ შიდა სამზარეულოში რომ ჩავიხედე, დავრწმუნდი, რომ თუ გინდა წარმატებას მიაღწიო და თუნდაც ერთი ნაბიჯით წინ წაიწო, კარგი ტექნიკა უნდა გქონდეს და გემოც კარგად „დასვა“.


image


- და მაინც, როგორია მასტერშეფის შიდა სამზარეულო?


- ძალიან რთული და დაძაბული, ეკრანიდან ყველაფერი სხვანაირად ჩანს. წარმოიდგინეთ, თან კერძი უნდა მოამზადო (და ეს კერძი ისეთი უნდა იყოს, რომ ჟიურიმ ურნაში არ მოისროლოს), თან უნდა ილაპარაკო, ამ დროს ათი კამერა გიღებს... იმის მიუხედავად, რომ კამარების წინ არ ვკოლმპლექსდები და პირიქით, რა კომპლექსიც მაქვს, ისიც მეხსნება კამერასთან, ჩემთვისაც კი ძალიან რთული იყო. როცა მსგავს პროექტში იღებ მონაწილეობას, მაყურებელს შენს დანახვაზე არ უნდა ჩამოეძინოს; საჭიროა შოუს ელემენტები შეიტანო, თუნდაც ითამაშო, მაგრამ ყალბი არ უნდა იყო, ბუნებრივად უნდა გამოდიოდეს.


- რამდენი პროცენტია რეალური პაატა იმ პაატასი, რომელსაც შოუში ვხედავთ?


- ალბათ, 70-85%. ხალხი ფიქრობს, რომ სულ ვთამაშობ, მაგრამ რეალურადაც ასეთი ვარ. რასაც უნდა ვაკეთებდე, სულ ვლაპარაკობ. მიყვარს იმის თქმა, რასაც ვფიქრობ. ვერძი ვარ, ცეცხლის ნიშანი, და ზეაქტიურობა ჩემი ცხოვრების წესია.


- ენამახვილური ფრაზები წინასწარ გაქვთ მოფიქრებული, თუ იმპროვიზაციის შედეგია?


- არასოდეს არ ვრეპეტიციობ და ვფიქრობ წინასწარ, რა უნდა ვთქვა. ის ყველაფერი, რაც თქვენ ნახეთ, რეალურია. ჩემს მეგობრებს რომ ჰკითხოთ, მასეთი ვარ, მასეთი მიმართვები მაქვს და ა.შ. ალბათ, სწორედ ეს ბუნებრიობა და გულწრფელობა მოსწონს მაყურებელს.


image


- „მიმებზე“, კომენტარებზე როგორი რეაქცია გაქვთ?


- „მიმების“ უმეტესობაზე მეც ძალიან მეცინება. კომენტარებს რაც შეეხება, არ ვკითხულობ, მაგრამ მეგობრები მიგზავნიან ხოლმე. რა თქმა უნდა, უარყოფითი კომენტარებიც არის, მაგინებენ, რას აღარ მეძახიან, მაგრამ ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება, შესაბამისად, მათთან პრობლემაც არ მაქვს.


- წინა გადაცემაში გავარდნის ზღვარზე აღმოჩნდით. ბევრს დაობდნენ, რამდენად სამართლიანი იყო თქვენი შოუში დატოვება.


- ის კერძი პირველად მოვამზადე, არც ბებიების კერძები მახსოვდა და არც ღანძილი მქონდა გასინჯული, თავიდან ბოლომდე ექსპერიმენტი იყო. შესაბამისად, ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა, სწორედ მე დამეტოვებინა პროექტი, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ჩემზე უარესი სხვას ჰქონდა. ყველაფერი წინაა და გპირდებით, კვირას ისეთი ბომბა გადაცემა იქნება, რომ გაოგნდებით.



0
292
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
292
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0