x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
კონფლიქტი, როგორც იარაღი ურთერთობების გასაუმჯობესებლად

image

კონფლიქტი საზოგადოების უმრავლესობის მიერ აღქმულია, როგორც ნეგატიური დატვირთვის მქონე ტერმინი, თუმცა კონფლიქტი ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს იარაღს ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. საინტერესოა, თუ რამდენად პოზიტიური შედეგები შეიძლება ახლდეს თან კონფლიქტს მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების რაღაც კატეგორია მაქსიმალურად გაურბის მას. კონფლიქტის თავიდან არიდების მიზეზი საზოგადოებაში გავრცელებული მცდარი წარმოდგენებია: "კონფლიქტი ურთიერთობას საფრთხეს უქმნის", "კონფლიქტის არსებობა წარმოაჩენს ურთიერთობას, როგორც უარყოფითს".იმის გათვალისწინებით, რომ კონფლიქტი ნეგატიურად და არასასურველად აღიქმება, საჭიროა მსჯელობა იმაზე, ხომ არ უნდა გადავაფასოთ შეხედულებები კონფლიქტის და მისი მოსალოდნელი შედეგების, ეფეტების შესახებ?


პიროვნებათშორისი კონფლიქტი განიმარტება, როგორც შეუთანხმებლობა დაკავშირებულ ინდივიდებს შორის, რომლებიც საკუთარ მიზნებს ერთმანეთთან შეუთავსებლად აღიქვამენ.(სუმბაძე ნ.& მახარაძე თ. (2010). ჩვენი სოციალური ურთიერთობები წარმოუდგენელია კონფლიქტის გარეშე, და თუ აქამდე ორ პიროვნებას შორის კონფლიქტი არ წარმოქმნილა, ეს მიუთითებს, რომ კონფლიქტი უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი, ან ურთიერთობაში რაღაც რიგზე ვერ არის. ეს იმიტომ, რომ როცა ადამიანთან ურთიერთობაში ხარ, ფაქტობრივად შეუძლებელია რაღაც საკითხში შეხედულებები არ გადაიკვეთოს.

მართალია, კონფლიქტის დეფინიციათა უმრავლესობა თითქმის ერთი შინაარსის მატარებელია, თუმცა გასათვალისწინებელია კულტურული განსხვავებები ამ ტერმინის აღქმაში. ის, რაც კონფლიქტს წარმოშობს ერთ კულტურაში, შეიძლება კონფლიქტის მიზეზი არ იყოს მეორე, განსხვავებულ კულტურაში, მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ისეთი ინდივიდუალისტური ქვეყანა, როგორიც ამერიკააა და საქართველო, როგორც კოლექტივისტური ქვეყანა. ამერიკაში ნორმადაა ქცეული, რომ მოზარდის სწრულწლოვანად გახდომის შემდეგ ის ცალკე საცხოვრებლად უნდა გადავიდეს და ფინანსურად დამოუკიდებელი გახდეს, საქართველოში იგივე საკითხი მწვავე კონფლიქტის მიზეზი ხდება. ასეთი განსხვავება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ითვლება მოცემულ კულტურაში ჩამოყალიბებულ ნორმებად და ეთიკურ ქცევებად. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ის, თუ როგორ აღიქვამს ინდივიდი კონფლიქტს და როგორ ცდილობს კონფლიქტის გადაჭრას განსხვავებულია კულტურის მიხედვით.


ჩვენთვის მნიშვნელოვან ადამიანთან კონფლიქტი დისკომფორტს გვიქმნის და ორიენტირებულს გვხდის, კონფლიქტი მოვაგვაროთ, რათა დავუბრუნდეთ კომფოტის მდგომარეობას. როგორც ფროიდი ამბობს, ჩვენ გვექმნება გარკვეული დისკომფორტის მდგომარეობები, რომლებიც ჩვენს წონასწორობას არღვევს და დაძაბულობას ქმნის ორგანიზმში, საპასუხოდ კი ვცდილობთ დაძაბულობის რედუქციას და წონასწორობის გათანაბრებას.

image

კონფლიქტის თან სდევს კონკრეტული პრობლემის განსაზღვრა, კონფლიქტის გადაწყვეტის სხვადასხვა გზით მოგვარების მცდელობა, გადაჭრის გზების შესწავლა, საბოლოო ალტერნატივებიდან საუკეთესო სტრატეგიის ამორჩევა და კონფლიქტის გადაწყვეტა. ეს პროცესი არც თუ ისე მცირე ძალისმხევას მოითხოვს, თუმცა ურთიერთობის აუცილებელი ასპექტია.

მართალია, ინტერპერსონალური ურთიერთობები ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, თუმცა აღსანიშნავია რომ სოციალური გარემო მხოლოდ ურთიერთობების რაოდენობით არ განისაზღვრება. ურთიერთობების რაოდენობასთან ერთად, მნიშვნელოვანია მათი ხარისხი. კონფლიქტი აუმჯობებებს ურთიერთობის ხარისხს, კონკრეტულად კი ქმნის ახალ, აქამდე განსხვავებულ ურთიერთგაგებას ადამიანებს შორის. როგორ შეიძლება ეს მოხდეს? კონფლიქტი ერთგვარი სიგნალია ადამიანებისთვის, სიგნალი იმისა, რომ რაღაც საკითხში ცვლილება საჭიროა.

კონფლიქტის პროცესში ადამიანები გამოკვეთენ იმ პრობლემას, რომელიც წამოიჭრა და რამაც კონფლიქტი გამოწვია, პრობლემის განსაზღვრის პროცესი თავისმხრივ მოითხოვს ფიქრს, აზროვნებას, გონებრივი რესურსის დახარჯვას, ინფორმაციის ღრმააზროვნად გადამუშავებას, რაც ხელს უწყობს იმ სიტუაციის გაანალიზებას, რამაც პრობლემა წამოჭრა. შეიძლება ითქვას, რომ კონფლიქტის შემდეგ ორივე მხარე უფრო მეტად უფთხილდება ერთმანეთს, ითვალსწინებს ერთმანეთის ქცევის პატერნებს, დამოკიდებულებებს და ცდილობს რაღაც "ოქროს შუალედის", კომპრომისის პოვნას. ეს პროცესი რა თქმა უნდა უფრო ჯანსაღს ხდის ურთიერთობას. "კონფლიქტი წყვილს შესაძლებლობას აძლევს გაარკვიონ უთანხმოება და შეცვალონ მოლოდინები ურთიერთობის მიმართ"(ე.ტეილორი, ლ.პეპლოუ 2005).
შეიძლება ორ ადამიანს დიდი ინტიმურობა აკაშირდებდეს ერთმანეთთან, თუმცა მაინც ჰქონდეს კომუნიკაციის პრობლემა. ძირითადად, ურთიერთობაში სირთულეს წარმოადგენს არაპირდაპირი და არაეფექტური კომუნიკაცია. კონფლიქტის პროცესი, რომელსაც თანს სდევს კონფლიქტის გადაჭრა, ხელს უწყობს ურთიერთობაში მყოფი ადამიანების მიერ ერთმანეთის შეხედულების გაზიარებას. image

ეფექტური კომუნიკაციის გაუმჯობესებასთან ერთად, ის ყველაფერი, რასაც კონფლიქტის გადაჭრის პროცესი მოითხოვს, ზრდის პარტნიორების, მეგობრების მხრიდან ემპათიურობას. ამასთანავე, კონფლიქტი ახსენებს ადამიანებს იმას, რომ ისინი ურთიერთდამოკიდებული არიან და გავლენას ახდენენ ერთმანეთზე, შესაბამისად პარტნიორები გრძნობენ, რომ მნიშვნელოვანი არიან და ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ ღირებულება ერთმანეთისთვის.


იმის გათვალისწინებით, რომ კონფლიქტის გადაჭრისას კონკრეტულ სტრატეგიებს ვიყენებთ, შეიძლება ითქვას, რომ გამოცდილების დაგროვებასთან ერთად ვითარდება ის უნარები, რომელთა საშუალებით კონფლიქტურ სიტუაციებთან გამკლავებას ვცდილობთ. თუ კონკრეტული სტრატეგია ეფექტური აღმოჩნდება, ადამიანები იგივე უთანხმოების, სიტუაციის წინაშე დადგომისას უფრო მცირე დროში შეძლებენ მსგავსი სტრატეგიის გამოყენებას და კონფლიქტის გადაწყვეტას.
ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებთან ერთად, აღსანიშნავია, რომ კონფლიქტში მონაწილე ადამიანები ერთგვარ მოლოდინს იქმნიან ერთმანეთის ქცევების და რეაქციების შესახებ. შეიძლება ასეთი მოლოდინი ბევრს დაეხმაროს უშინაარსო კონფლიქტისგან თავის არიდებაში, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ მოლოდინმა პარტნიორის შესაძლო რეაქციაზე შესაძლებელია ადამიანს უბიძგოს საკუთარი პოზიციების და სურვილების არგამოხატვისკენ."ინდივიდის ურთიერთობა კონფლიქტის დროს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აფასებენ ისინი ერთმანეთს, ენდობიან თუ არა, აქვთ თუ არა გამარჯვების სურვილი და სხვ.".( აბზიანიძე, კონფლიქტის ფსიქოლოგია)


კონფლიქტის შესახებ გავრცელებული მცდარი წარმოდგენების გამო ადამიანები გაურბიან კონფლიქტს და ცდილობენ უსიამოვნებისგან თავის არიდებას ან არასასურველ სიტუაციასთან მორგებას, თუმცა როგორც ინტერპერსონალური კომუნიკაციის სახელმძღვანელოშია მითითებული, უარყოფითი ემოციების დამალვას ჩიხში შეჰყავს ურთიერთობა, პარტნიორებს უგროვდებათ ნეგატიური ემოციები, რაც ნეგატიურად მოქმედებს მათზე ცალ-ცალე და მთლიანად ურთიერთობაზე, შემდგომ კი მარტივი ხდება ასეთი ურთიერთობის დანგრევა. ცხადია, პრობლემები თავისით არ გვარდება და აუცილებელია ადამიანებმა განსაზღვრონ რაში აწყდებიან სირთულეს, რა არის გასაუმჯობესებელი და შესაცვლელი და კონკრეტული სტრატეგიებით შეძლონ კონფლიქტის მოგვარება. ამ პროცესში მიღებული გადაწყვეტყილებები მოსალოდნელია, რომ გაახანგრძლივებს, სტაბილურობას შეუნარჩუნებს ურთიერთობას.

0
86
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან სოფრომაძე
რუსუდან სოფრომაძე
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0