x
მეტი
  • 09.07.2020
  • სტატია:101330
  • ვიდეო:346632
  • სურათი:465247
გოგონა აფხაზეთიდან 11

image
გიორგისთან გატარებული ყოველი დღე, ერთმანეთზე უკეთესი და ბედნიერებით სავსე იყო. გიორგი ცდილობდა, დაკარგული გოგონას კვალს გაჰყოლოდა, გაერკვია, სად წავიდა ბავშვთა სახლში დატოვებული თამარი, მაგრამ როგორც კი სწორ გზას დაადგებოდა, მაშინვე ქრებოდა ბავშვის კვალი... ადიცას პატარა ვერა რომ შეეძინა, ახსენდებოდა თუ როგორი უმწეო იყო თამარი, როგორ ეფერებოდა, როცა ბავშვთა სახლში მიაკითხავდა და როგორ ტიროდა დაშორებისას. ქეთოს მზრუნველობას არ აკლებდნენ, მაგრამ ასაკმა მაინც თავისი გაიტანა, ვერ გაუძლო დარდს და ტკივილს მოხუცმა, დილით მეზობლის ქალმა საწოლში გარდაცვლილი იპოვა. მაშინვე აცნობეს ადიცას, პატივისცემით და სიყვარულით დაკრძალეს, სახლს დიდი ბოქლომი დაადეს - დარჩა სახლი მიტოვებული, ესმა ვერ ახერხებდა სოფელში ჩამოსვლას, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება სახლის გაეყიდათ. მყიდველიც მალე გამოჩნდა. ესმამ იმ ფულით თბილისში ბინა იყიდა. გაჭირდა პატარა რაიონში ოჯახის რჩენა, გიორგი თბილისში გადავიდა სამუშაოდ, ტაქსაობა დაიწყო, თვეში ერთხელ ჩამოდიოდა ოჯახში, ადიცას ძალიან უჭირდა ქმრის გარეშე ყოფნა, მაგრამ რა გაეწყობოდა. გიორგი დაპირდა, ცოტა მოითმინე და შენც წაგიყვან თბილისში ბავშვებთან ერთადო! დედამთილი ზოგჯერ გაჰკრავდა მწარე სიტყვას ადიცას, ბოლომდე ვერ ეგუებოდა, რომ მისმა შვილმა ბავშვიანი ქალი მოიყვანა სახლში. ზამთარი იყო, გარეთ თოვლი იდო, ბუხარში შეშა გიზგიზებდა. თამარი, ადიცა, მისი დედამთილი და გიჟუა ბუხართან ისხდნენ და საუბრობდნენ, პატარა ვერა იქვე სავარძელზე იწვა. ლამარამ ისევ შეახსენა ადიცას, რომ შვილიანი შემოიყვანა ოჯახში. გიჟუამ მაშინვე წამოიძახა: - ქალბატონო ლამარა, რას გადაეკიდე ადიცას, შენ ბიჭსაც ხო ჰყავს რუსეთში შვილი, ასე რომ, ბარი ბარში ხართ და ნუ დატანჯე ეს გოგო! ადიცა გაოცებული შესცქეროდა გიჟუას, ვერ გაიგო რას ამბობდა. - რა თქვი ახლა შენ, გიჟუა? - რა ვთქვი? - ხო რა თქვი გაიმეორე? გიჟუა მაშინვე მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა და აწრიალდა. სკამიდან წამოდგა, გარეთ გასვლა დააპირა, მაგრამ ადიცამ ხელი მოჰკიდა, ისევ სკამზე დასვა და კითხვა გაუმეორა. გიჟუას ცოტა აკლდა და ტირილს დაიწყებდა. - კარგი, რახან გიჟუამ უნებურად თქვა, მე გეტყვი იმას, რაც შენს ქმარს უნდა ეთქვა - უთხრა ლამარამ ადიცას. - გიორგი რუსეთში ცხოვრობდა, ეს ხომ იცი შენ? - კი ვიცი... - ჰოდა, იქ რუსის ქალი ჰყავდა, იმ ქალს კი შვილი ეყოლა, ეს არის და ეს. იმ ქალთან ჩხუბი მოუვიდა, საყვარელი გაუჩენია, ადგა და ბავშვთან ერთად დატოვა, რადგან ბავშვის წამოყვანის უფლება არ მიუცია ქალს, ისინი ცოლ-ქმარი არ იყვნენ, ისე ცხოვრობდნენ ერთად! ადიცამ ტირილი დაიწყო, თამარი შესცქეროდა დედას და სთხოვდა დამშვიდებულიყო: - ნუ ტირი დედიკო, მამა ცუდი კაცი არ არის. ხომ იცი შენ, დაელაპარაკე. - აი ხომ ხედავ? პატარა ბავშვებმა გაჯობა ტვინით, რას ტირიხარ, რა არის აქ სატირალი, რომელ კაცს არ გაუვლია ქალთან, იქნებ და ის ბავშვი სულაც არ არის გიორგისი - უთხრა ლამარამ. - რატომ დამიმალა? რატომ არ მითხრა სიამრთლე?! კიდევ რას მალავს?! ის საღამო ტირილში გაათენა ადიცამ, დილით საწოლზე გიორგი იჯდა ყვავილებით ხელში. - შენ აქ რა გინდა? - დედამ დამირეკა წუხელ, მომიყვა, რაც მოხდა და ამიტომ ჩამოვედი, მე მინდოდა შენთვის მომეყოლა ადიცა ყველაფერი, მაგრამ ამისთვის საჭირო მომენტი ვერ გამოვნახე, მეშინოდა შენი რეაქციის - მეშინოდა არ გაბრაზებულიყავი და არ წასულიყავი სახლიდან, ამიტომ გაჩუმება ვამჯობინე, მაგრამ აუცილებლად გეტყოდი, მე შენ ამას, ოღონდ დრო მჭირდებოდა ამისთვის. - არაფრის მოსმენა და გაგონება არ მინდა, მე შენ მომატყუე, კიდევ რას მიმალავ ისეთს, მე რომ არ ვიცი? კიდევ რა სიურპრიზს მიმზადებ, მე თავს უხერხულად ვგრძნობდი ყოველთვის, რომ შვილი მყავდა, შენ თურმე გყოლია და თან მიგიტოვებია!!! რა უნდა ამიხსნა?! - თუ დამაცდი, ყველაფერს მოგიყვები. ადექი, მიდი ჩაიცვი. გარეთ ისევ თოვს, ამიტომ თბილად ჩაიცვი და სახლიდან გავიდეთ, მოდი ბათუმში წავიდეთ, ზღვა ვნახოთ. - ამ შუა ზამთარში რა მინდა ზღვაზე, გაგიჟდი? - რა ხანია არ გვინახავს ზამთარში ზღვა, ხოდა დღეს ვნახოთ, ადექი ჩაიცვი. ადიცას გაუხარდა ქმრის შეთავაზება, მაგრამ არ შეიმჩნია, თითქოს, სურვილი სულაც არ ჰქინდა წასვლის და გიორგის სურვილს დაჰყვა, ჩაიცვა, ბავშვები სახლში დატოვა და წავიდნენ. გზაში ამინდი იცვლებოდა, ხან თოვას დაიწყებდა, ხან კიდევ მზე გამოანათებდა, მანქანაში დაბალ ხმაზე სასიამოვნო მელოდია ჟღერდა. ადიცა ფანჯრიდან სამყაროს შესცქეროდა და გიორგისკენ არ იხედებოდა, ასე უჩუმრად მიდიოდნენ. ქობულეთში შესვლისას მანქანა გააჩერა გიორგიმ და რესტორანში შევიდნენ - ჩაისთან ერთად ცხელი ხაჭაპური მიირთვეს. გიორგის სურდა დაეწყო საუბარი იმ თემაზე, რაც მიზეზი იყო მისი თბილისიდან ჩამოსვლის, მაგრამ ადიცამ არ ისურვა, უთხრა, რომ, როცა ბათუმში ჩავიდოდნენ იქ ესაუბრათ, ისიც დათანხმდა. ბათუმში ავტოსადგომზე დატოვეს მანქანა, თოვლის ფიფქები ზანტად დაფარფატებდა და უკვალოდ ქრებოდა, გიორგი და ადიცა ქოლგის გარეშე გაუყვნენ ბათუმის ბულვარს. თითქოს დაცლილი იყო ქალაქი ადამიანებისგან, მხოლოდ თოლიების ხმა ისმოდა შორიდან, პალმები ოდნავ დაეფარა თოვლს. გიორგიმ ხელი მოჰკიდა ადიცას და გადავიდნენ ზღვის სანაპიროზე, ზღვა უდარდელად არწევდა ტალღებს, ზღვისა და თოვლის სურნელი ერთმანეთს ერწყმოდა, ნაპირზე მიტოვებული ნავი ირწეოდა ტალღებთან ერთად. - გახსოვს ადიცა, ზღვაზე რომ ვიპარებოდით? კენჭების სროლაში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს. როგორ გწყინდა, როცა მე უფრო შორს მოვისროდი კენჭს. ადიცამ გვერდულად გახედა, თითქოს გაახსენდა ის ბავშური წლები და ისევ გაბრაზდა, ქვის სროლაში რომ სჯობდა. - ჰო, აბა შენ როგორ გაჯობებდი! სხვა საქმე არ გქონდა და მაგით ერთობოდი სულ. - ღამით ზღვის ნაპირზე რომ დავჯდებოდით და ვუსმენდით ტალღების ხმას, სახლში არ გვინდოდა წასვლა, რამდენჯერ გითქვამს, რომ შეიძლებოდეს აქ დავიძინებდიო და მოვუსმენდი ამ საოცარ ხმასო, როგორ გიყვარდა ადიცა ზღვა. ადიცას ხელი მოჰკიდა გიორგიმ და ჩაიხუტა, შუბლზე თმა გადაუწია და აკოცა. ადიცა შვლის ნუკრივით გაინაბა, თითქოს დაავიწყდა ის წყენა რაც ჰქონდა. - ხომ იცი, მე შენ როგორ ძლიერ მიყვარხარ? მიყვარხარ ჩემებურად, და ამიტომაც გჩემობ, შენ ჩემო სულის სითბო, შენ ჩემო ერთადერთო. მიყვარხარ უსასრულოდ, გულის სიღრმეში გჩემობ, შენი ცუდით და კარგით, შენ ჩემო ერთადერთო. ბედნიერება შენ ხარ ჩემი გულის და სულის, ჩემი იმედის წყარო, შენ ჩემო ერთადერთო. მინდა ვსუნთქავდე შენით, ჰაერი იყო ჩემი, მინდა სამყაროს მხოლოდ ვხედავდე შენით. უკიდეგანოდ გჩემობ, თუნდაც შორს იყო ჩემგან, მე მაინც გულში გჩემობ, შენ ჩემო ერთადერთო... - აი, ასე ლექსებით იცი ხოლმე, ჩემი გაჩუმება, მაგრამ აღარ ვიცი, უკვე გიყვარვარ თუ არა! - როგორ თუ არ იცი? მთელი ბავშვობა შენს სიყვარულში გავატარე, მთელი ახალგაზრდობა შენს მონატრებაში, ხომ გახსოვს როგორ გვიყვარდა სანაპიროზე სეირნობა? ხომ გახსოვს, როგორ ვუცქერდით ერთმანეთს თვალებში? როგორ გვესმოდა ერთმანეთის?! - რატომ დამიმალე და არ მითხარი სიმართლე? რატომ არ მითხარი, რომ შვილი გყავდა. - ბევრჯერ ვეცადე მეთქვა შენთვის, მაგრამ ვერ მოვახერხე, მეშინოდა ცუდად არ გაგეგო. - რატომ უნდა გამეგო ცუდად? მეც ხომ მყავს შვილი, ჩვენი გზები სხვადასხვა მიმართულებით წავიდა. - აი ხომ ხედავ, ისევ ერთად ვართ ჩემო სიცოცხლე, ხომ ხედავ, რომ უფალს არ სურდა ჩვენი დაშორება და ისევ შეგვახვედრა წლების შემდეგ ერთმანეთს, მოდი დავივიწყოთ ის, რაც წარსულში იყო და ვიცხოვროთ მომავლით, ვიცხოვროთ სიყვარულით, ისედაც ხომ ბევრი ტკივილი და დარდი გადავიტანეთ მე და შენ ადიცა. დიახ, მყავს მოსკოვში შვილი, მაგრამ ამით რა შეიცვლება? მინდოდა წამომეყვანა, მაგრამ, რომ დავფიქრდი დედასთან უფრო კარგია იყოს შვილი, ვიდრე მამასთან, ისევ მისთვის, მოვიქეცი ასე, აქ ყველაფერი უცხოა მისთვის, ასე უცებ ვერ მოვგლეჯდი დედას და ვერ წამოვიყვანდი სრულიად უცხო ქვეყანაში, ძალიან პატარა იყო, დედაც შემეცოდა, იტირა რომ ვუთხარი, შვილი მე უნდა წავიყვანო-მეთქი. - შენ რა მამა ხარ, ამდენი ხანი შვილი არ გინახავს და ჩემ შვილს - სხვის შვილს უწევ მამობას. - მაგის გამო ნუ განმსჯი ადიცა, ყველაფერი არ არის ისე, როგორც ჩვენ გვინდა, მოდი წამოდით თბილისში შენ და ბავშვები, დავიღალე მარტო, დავიღალე ცივი კედლების ცქერით, ყოველი დღე უფერულია უთქვენოდ, რად მინდა ფული, თუ თქვენ არ მეყოლეთ გვერდით? რას იტყვი, წამოხვალ? - ჰმ, რას აპირებ გიორგი, რას უპირებ იმ ბავშვს რუსეთში რომ გყავს? - რა უნდა დავუპირო, დაველაპარაკები და თუ ექნება სურვილი, ჩამოვიყვან. ჯერ პატარაა, დიდი რომ გაიზრდება, ახლა იქ იყოს თავის დედასთან, ვიცი რომ არ მოაკლებს ყურადღებას და მზრუნველობას, როგორც დედა ძალიან კარგია საშა. მოდი არ გვინდა ამაზე საუბარი, კარგი? შენ იმაზე მიპასუხე, წამოხვალ თუ არა თბილისში? - კარგი, მე წამოვედი და დედაშენს რას უპირებ, მარტო ტოვებ? ის ხომ უკვე მოხუცია, ავადმყოფობს. - ჯერ ჩვენ წავიდეთ და შემდეგ ისიც წავიყვანოთ. სახლს ხომ ვერ დავტოვებთ უყურადღებოდ?! - კარგი და როდის უნდა წავიდეთ გიორგი თბილისში. - ხვალვე შეგვიძლია წავიდეთ. - ასე უცებ? - რატომაც არა, რა გვიშლის ხელს? არც არაფერი. ჰოდა, ხვალ წავალთ თბილისში. ადიცა ქალური სიამაყით იცქირებოდა ზღვისკენ და თავი გიორგის გულზე ჰქონდა მიდებული. გიორგის ხელი შემოეხვია წელზე, თითქოს ორივე სადღაც შორს წავიდა, ორივე ერთი და იგივე ამბავს იხსნებდა წარსულიდან, ერთდროულად ამოისუნთქეს ღრმად, როგორც სოხუმში, ბავშობისას სეირნობდნენ სანაპიროზე, ისე ხელი-ხელ ჩაკიდებულებმა ისეირნეს... ბათუმში დატოვეს ყველა სევდა, ზღვას გაატანეს და ბედნიერები დაბრუნდნენ სახლში! გიორგის და ადიცას გადაწყვეტილება არ მოეწონა ლამარას, მაგრამ ვერ წავიდა შვილის წინააღმდეგ, თვალცრემლიანი გააცილა შვილები და შვილიშვილები დედაქალაქში. მასთან დარჩა გიჟუა, რომელიც ამხნევებდა. გიორგიმ წასვლის წინ, სთხოვა გიჟუას, დედისთვს ყურადღება მიექცია. გიჟუაც, თითქოს მთელი ოჯახის ტვირთი მას დააკისრესო, წარბებშეკრული დათანხმდა დახმარებას. - რა გაეწყობა გიორგი ბატონო, რახან არ იშლი და მიგყავს ესენი აქედან, ჩვენ დავრჩებით ვანში და მივხედავთ ყველაფერს, შენ არაფერზე არ ინერვიულო. დაცარიელდა სახლი, უფერული გახდა ყველაფერი, უხმოდ იჯდნენ ლამარა და გიჟუა ბუხართან, ტელევიზორი ჩართეს, მაგრამ არავინ უგდებდა ყურს რას ლაპარაკობდა ეკრანს მიღმა ჟურნალისტი. გიორგი და ადიცა, როგორც კი ჩავიდნენ თბილისში, მშვენივრად მოეწყვნენ. გიორგი დილით სამუშაოდ მიდიოდა, მეუღლე სიყვარულით აცილებდა. ადიცა სახლში შვილების მოვლით იყო დაკავებული, საღამოობით სასეირნოდ გაჰყავდა ბავშვები. ესმამ გაიგო ადიცას თბილისში ჩამოსვლა და ესტუმრა. დიდი ხნის უნახავი მეგობრები სიხარულით შეხვდნენ ერთმანეთს, გაიხსენეს წარსულში ერთად გატარებული რთული და ბედნიერი დღეები, ორივე ერიდებოდა ზურას ხსენებას, მაგრამ გვერდი მაინც ვერ აუარეს, ადიცამ მოიკითხა ზურა, ესმამ არაფერი იცოდა მასზე. ესმა ხშირად სტუმრობდა ადიცას, გაჰყავდათ ბავშვები სასეირნოდ, გიორგი შეძლებისდაგვარად არჩენდა ოჯახს, დედას ხშირად ურეკავდა ტელეფონზე. გავიდა დრო, ბავშვები გაიზარდნენ, ზაფხულობით ბებოსთან დადიოდნენ. ადიცამ და გიორგიმ უკვე ბინა იყიდეს თბილისში - სიყვარული და ბედნიერება სუფევდა მათ ოჯახში. თუმცა, ადიცას არასოდეს შეუწყვეტია ფიქრი დაკარგულ გოგონაზე, ახლა უფრო მეტი საშუალება ჰქონდა, რომ ბავშვი მოეძებნა, მაგრამ იმდენად დიდი დრო იყო გასული ვერსად კვალს ვერ მიაგნო. 2008 წლის აგვისტო ერთ-ერთი ტკივილიანი ფურცელია საქართველოს ისტორიაში - ომი, რომელიც მხოლოდ ხუთ დღეს გაგრძელდა და ახალი ტკივილი მოიტანა: ჩახოცილი ახალგაზრდები, ასობით უსახლკარო ადამიანი, გამოძევებული საკუთარი ოდაბადიდან. “26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო. რუსეთმა დაასრულა გასვლა საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებიდან 8 ოქტომბერს, თუმცა 2009 წლის მდგომარეობით რუსული ჯარების გაძლიერებული გარნიზონები რჩებოდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში (მათ შორის იმ ტერიტორიებზეც, რომლებსაც ომამდე საქართველო აკონტროლებდა, რამდენიმე ინციდენტი ორივე კონფლიქტურ ზონაში კვლავაც ხდებოდა ომის დასრულებიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ. 2009 წლის მდგომარეობით ომში მონაწილე მხარეებს შორის ურთიერთობა კვლავაც უკიდურესად დაძაბული იყო“. 2011წლის გაზაფხულზე გიორგიმ ღამით აეროპორტში წაიყვანა მეგობარი, რომელიც იტალიაში მიდიოდა. უკან მობრუნებულს, შუა ხნის ქალმა და ახალგაზრდა ბიჭმა სთხოვეს წაეყვანა მითითებულ მისამართზე. გზაში ერთმანეთს გაეცვნენ. ბიჭს უჭირდა ქართულად საუბარი, დედა თავისუფლად საუბრობდა, ეტყობოდათ, რომ საქართველოში წლებია არ ყოფილან. გიორგის ცნობისმოყვარეობამ სძლია და ბიჭს ჰკითხა. - უკაცრავად, საიდან ჩამოხვედით? - რუსეთში ვცხოვრობდით წლებია, მაგრამ გადავწყვიტეთ მე და დედა დავბრუნებულიყავით ჩვენს სამშობლოში. - სწორი გადაწყვეტილება მიგიღიათ, გაგახაროთ ღმერთმა. - თბილისში აპირებთ ცხოვრებას? - სხვა რა გზაა, სოხუმი ჯერ ვერ დავიბრუნეთ და ამიტომ აქ ვიცხოვრებთ თბილისში. - რას ამბობ, სოხუმიდან ხარ?! ხმამაღლა წამოიძახა გიორგიმ. - დიახ, სოხუმიდან ვართ. - მეც სოხუმიდან ვარ, როგორ გამახარეთ, რუსეთში რატომ წახვედით და აქ რატომ არ დარჩით? - იქ ახლობლები გვყავს და მათ შეგვიფარეს, შემდეგ ვფიქრობდით დაბრუნებას, მაგრამ ვერ დავბრუნდით. მე ვსწავლობდი, დედამ მუშაობა დაიწყო და ასე შევრჩით. - რა დაამთავრე? - სამედიცინო დავამთავრე. ერთი წელი ვიმუშავე ექიმად ერთ-ერთ წამყვან კერძო კლინიკაში. ახლა მინდა ჩემი ცოდნა და გამოცდილება ჩემს ხალხს გავუზიარო. - ჩემი სახელია გიორგი, ხელი გაუწოდა ბიჭს. - მე აკაკი მქვია, დედაჩემს ნინო. - ეხ, როგორ დავკარგეთ სოხუმი, როგორ დავკარგეთ აფხაზეთი... - დადგება დრო ბატონო გიორგი დავიბრუნებთ აფხაზეთს. - ღმერთმა გისმინოს შვილო. ჩაერთო საუბარში აკაკის დედა. - ღმერთმა გისმინოს. ბოლო წუთამდე სოხუმში ვიყავი, არ დამიტოვებია, მაგრამ ჩემი სახლის წინ მამა მომიკლეს, რომ არა ჩვენი მებრძოლები, ახლა მეც მკვდარი ვიქნებოდი. - რას ვიზამთ ბატონო გიორგი, მე მამა და დაიკო დავკარგე ჭუბერის გზაზე, ვერც ცოცხალი და ვერც მკვდარი ვიპოვეთ, გაქრა მათი კვალი. მოგეხსენებათ, როგორი რთული და სატანჯველი გზა იყო ჭუბერის უღელტეხილი, რომ არა მამაჩემის ვაჟკაცობა, მე და დედა ახლა ალბათ მათსავით აღარ ვიქნებოდით ამ ქვეყნად. დედამ ვერ მოითმინა და ტირილი დაიწყო. - ვაი შენს დედას შვილო, როგორი უსუსური და უმწეო იყავი, როგორ ვერ დაგიცავი ჩემო პატარა. - დამშვიდდი დედა უხერხულია. - მაპატიეთ ბატონო გიორგი, თავი ვერ შევიკავე, თვალებიდან არ ამომდის ჩემი პატარა გოგოს სახე, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ცოცხალია და სადღაც აქვე ახლოს ჩვენთანაა, მაგრამ სად? ვერსად ვიპოვეთ. იქნებ მამა-შვილი სადმე უცხოეთში წავიდა? ოღონდ ცოცხლები იყვნენ და არ დავეძებ. ამ საუბარში აკაკი და ნინო მიიყვანა გიორგიმ მითითებულ მისამართზე. - აკაკი რა მინდა გთხოვო. - გისმენ, ბატონო გიორგი. - ტელეფონის ნომერს დაგიტოვებ და იქნებ ერთ დღეს მოხვიდეთ ჩემთან, ერთი მიწა-წყლის შვილები ვართ, რა იცი რაშიდავჭირდებით ერთმანეთს, მოიყვანე დედა და გაგაცნობ ჩემს ოჯახს. - დიდი მადლობა ბატონო გიორგი, სიამოვნებით, მე არ მაქვს ჯერ ქართული ნომერი და როგორც კი ავიღებ, მაშინვე დაგიკავშირდებით. დაეშვიდობნენ ერთმანეთს. გიორგი სახლში წავიდა, რაღაც ამოუხსნელ სიმსუბუქეს გრძნობდა, თითქოს წლების წინ დაკარგული ძმა იპოვა, თითქოს, ახალი ოჯახი შეიძინა და ბედნიერი იყო, თვალებიდან უნებურად ცრემლები გადმოსცვდა... - ეხ რა დღეში ჩაგვაგდო მაშინდელმა მთვრობამ, როგორ უმოწყალოდ გაიმეტეს ხალხი სასიკვდილოდ, ქვეყანა დანაკუწდა, ახალგაზრდობა დაიღუპა, რამდენი უპატრონოდ და მიუსაფარი დარჩა, რამდენს შვილი, მამა, დედა მოუკვდა, რამდენი იმსხვერპლა უმისამართო ტყვიამ, ძმამ ძმა მოჰკლა, როგორი განუკითხაობა იყო, როგორი სატანჯველი მოგვივლინა განგებამ და დღეს რა ხდება, ისევ ვერ მოვედით გონს, ისევ გაყიდული მიწები, ისევ დანაწევრებული საქართველო, ისევ ქუჩაში მათხოვრები, გარბის ხალხი ქვეყნიდან, რომ ლუკმა პური იშოვოს და ოჯახი გამოკვებოს, სამაგიეროდ, უცხოელები შემოდიან და ისაკუთრებენ ჩვენს მიწებს, ყველა მხრიდან გვიტევენ, ყველა კუთხიდან იწევენ ჩვენსკენ მეზობელი ქვეყნები, დავპატარავდით, დავიცალეთ, როდემდე, ღმერთო, როდემდე უნდა მენატრებოდეს ჩემი ეზო, ჩემი სახლი, როგორი კარგი იყო ღამით სოხუმის ქუჩები, არსად ისეთი სურნელი არ ტრიალებს როგორც იქ, არსად ისე კარგად თავი არ მიგრძვნია, როგორც იქ ვგრძნობდი. ამ ფიქრებში გართული სახლსაც მიუახლოვდა, მანქანა ავტოსადგომზე დააყენა და ფეხით გაუყვა გზას. ტელეფონი ამოიღო, ადიცას დაურეკა, ჰკითხა, რაიმე ხომ არ სჭირდებოდა, რომ მიეტანა. შემდეგ იქვე მარკეტში შევიდა. სახლში მისულს ცოლ-შვილი კართან შეეგება, როგორც ყოველთვის, გოგონებმა მამას აკოცეს, ცელოფნები გამოართვეს და სამზარეულოში გაიტანეს, ადიცა ჩაეხუტა. - დღეს იცი რა მოხდა ჩემო ძვიფასო? - რა მოხდა, ხომ მშვიდობაა? - წამოდი საჭმელი გამიმზადე და ყველაფერს მოგიყვები. ადიცამ მეუღლეს გაუშალა სუფრა და თვითონაც გვერდით მიუჯდა. - დღეს დედა შვილი დამემგზავრა, აფხაზეთიდან ყოფილან, რუსეთში წასულან იმ დაწყევლილი ომის შემდეგ საცხოვრებლად და დღეს ჩამოვიდნენ, ბიჭს უჭირდა ქართულად საუბარი, გული მეტკინა, მაგრამ რას ვიზამთ, მთავარია ხომ დაბრუნდნენ თავის სამშობლოში. - რას ამბობ გიორგი, როგორ გამახარე, ვინ არიან? - ოჯახის ორი წევრი დაკარგვიათ, დღემდე ვერ იპოვეს. - გიორგი მოვიპატიჟოთ ჩვენთან ერთ დღეს. - კი ჩემო სიყვარულო, ნომერი დავუტოვე და აუცილებლად მოვიპატიჟებ, უფ რა ვაჟკაცი ბიჭია, რომ იცოდე, ნამდვილი ქართველი, რომ შეხედავ ეგრევე ეტყობა, კარგი აღზრდილი და განათლებული რომ არის. ექიმი ყოფილა. აქ მუშაობის დაწყება სურს. - ღმერთმა ხელი მოუმართოს. საღამოს, ადიცა და გიორგი სულ დედა-შვილზე საუბრობდნენ. თითქოს უკვე შეიყვარეს და მათი ოჯახის წევრები გახდნენ. (გაგრძელებას დავდებ ორშაბათს 8ივნის. ავტორი: სოფო იმერელი წიგინის " გოგონა აფხაზეთიდან" შეძენა შეგიძლიათ ათენი: ომონიაზე ინტელ ექსპრესის გვერდით ვილარა/3 ქ. ციალას გრაფიოში. ტ:6946050445 6993080999 (დარჩენილია რამდენიმე ცალი) საქართველოში: თბილისშიT 555587088 იტალია: ნებისლიერი ქალაქიდან დაუკავშირდით :327 02 36 077 ზაზა

0
326
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იმერელი
სოფო იმერელი
326
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0