x
მეტი
  • 15.08.2020
  • სტატია:102555
  • ვიდეო:347336
  • სურათი:466510
„ინდოეთის კავკასიის“ საიდუმლო ამოხსნილია?!
image


ალექსანდრე მაკედონელის ეპოქაში ამ მთაგრეხილს „ინდოეთის კავკასიას“ (Caucasus Indicus: Καύκασος Ινδικός) ეძახდნენ, დღეს კი მისი სახელია ჰინდუქუში. იგი რვაას კილომეტრზე გადაჭიმულა ავღანეთის და პაკისტანის საზღვრის გასწვრივ და მისი უმაღლესი მწვერვალები სიმაღლეში შვიდ კილომეტრს აღემატება.


ეს მთიანი რეგიონი ცნობილია როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სეისმურად აქტიური ადგილი: აქ წელიწადში საშუალოდ ასზე მეტი ისეთი მიწისძვრა ხდება, რომლის სიმძლავრე 4 ბალს აღემატება. განსაკუთრებით ეს ეხება ე.წ. საშუალო სიღრმის მიწისძვრებს, რომლებიც 70-დან 300 კილომეტრამდე სიღრმეზე აღიძვრებიან.


image



საოცარი ისაა, რომ მეცნიერებმა დღემდე არ იციან თუ რატომაა ჰინდუქუში ასე აქტიური, ტრადიციული თეორიის თანახმად ის ასეთი არ უნდა იყოს! ეს მთები არ მდებარეობენ დიდი ტექტონური დაძაბულობის რომელიმე ხაზზე, სადაც მოსალოდნელი იქნებოდა ასეთი მაღალი სეისმური აქტივობა. კერძოდ, ჰინდუქუში დიდი მანძილითაა დაშორებული იმ რეგიონიდან, სადაც ევრაზიული და ინდური ტექტონური ფილები ნელა ერთმანეთს აწვებიან და იწვევენ მიწისძვრებს.


მაშინ რატომაა ჰინდუქუში ასე აქტიური?! დღემდე ეს გეოფიზიკის ერთ-ერთი დიდი ამოუხსნელი ამოცანაა. ერთი თვის წინ ჟურნალში Tectonics გამოქვეყნდა სტატია, რომელმაც შესაძლოა ფარდა ახადოს ამ ჩვენი დროის ერთ-ერთ უდიდეს გეოლოგიურ საიდუმლოს. ამ სტატიის ავტორების თანახმად ჰინდუქუშის პარადოქსალურად მაღალი სეისმური აქტიურობა უკავშირდება კლდოვანი მასალის უზარმაზარ „წვეთს“, რომელიც ამ მთაგრეხილის ქვევით, დედამიწის ქერქის იმ ნაწილს სცილდება, რომელიც გავარვარებულ მანტიას ესაზღვრება. ეს წვეთი ნელ-ნელა იძირება ცეცხლოვან მანტიაში. იგი დაახლოებით 150 კილომეტრის სიღრმეზეა და წელიწადში დაახლოებით ათი სანტიმეტრით იძირება მანტიაში. ეს პროცესი მნიშვნელოვან დაძაბულობას აჩენს დედამიწის ქერქის ჰინდუკუშის სეგმენტში რაც, თავის მხრივ, ხშირი მიწისძვრების მიზეზი ხდება.


ეს აღმოჩენა რამდენიმე წლის განმავლობაში რეგიონში მომხდარი მიწისძვრების დეტალური სტატისტიკურ-გეოლოგიური ანალიზის საფუძველზე გაკეთდა. გამოირკვა, რომ მიწისძვრათა ეპიცენტრების და სიძლიერის განაწილება გამოკვეთილად მიანიშნებს ღრმად მიწისქვეშ მომრგვალებული ფორმის მქონე ზონის არსებობას. ასევა გამოირკვა, რომ ეს მიწისძვრები ფორმირდებიან მკაფიოდ გამოხატული ვერტიკალური ღერძის გარშემო, რომელიც სადღაც 160-230 კილომეტრის სიღრმეზე იწყება და მანტიაში ჩადის. ეს სწორედ ის სივრცეა, სადაც ჩაძირვის პროცესში მყოფი კლდოვანი „წვეთი“ ყველაზე მეტადაა დაჭიმული. მეცნიერთა შეფასებით ამ წვეთის მოწყვეტის პროცესი დაახლოებით ათი მილიონი წლის წინ დაიწყო, ამჟამად ეს ვერტიკალური მოძრობა ქვევით ათჯერ უფრო სწრაფია ვიდრე ამ რეგიონის ტექტონური ფილის გლობალური მოძრაობით გამოწვეული ჰორიზონტალური მოძრაობა.


უნდა ითქვას, რომ ანალოგიური ჰიპოთეზა წინა წლებში ცენტრალურ ევროპაში, კარპატების მთების რეგიონში არსებული მაღალი სეისმური აქტივობის ასახსნელად გამოითქვა. დადასტურების შემთხვევაში ასეთი კოლოსალური ქერქული ნატეხების თუ წვეთების მოწყვეტა, რომელსაც ფიზიკის ენაზე ლითოსფერული გრავიტაციული არამდგრადობა დაარქვეს, შესაძლოა მიწისძვრების გენერაციის სარწმუნო, ალტერნატიულ თეორიად იქცეს გეოფიზიკაში.


წყარო: Mysterium Magnum

0
2184
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
2184
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0