x
მეტი
  • 15.07.2020
  • სტატია:101527
  • ვიდეო:346707
  • სურათი:465400
თსუ-ს ლექ­ტო­რი, მწე­რა­ლი და მხატ­ვა­რი ინგა მი­ლო­რა­ვა ხან­გრძლი­ვი ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა
რემარკი რომ წერს - "საკვირველია... რომ ადამიანს შეუძლია სიკვდილი... როდესაც უყვარსო...", მე ვფიქრობ, რომ ისიც საკვირველია, როცა ადამიანი კვდება, იმის მიუხედავად, რომ თავად ის უამრავ ადამიანს უყვარს და ეძვირფასება.



2013 წელს დავიწყე უნივერსიტეტში სწავლა და დაახლოებით ერთი წლის შემდეგ გავიცანი ქალბატონი ინგა. ხშირად ჩემს საკონფერენციო ნაშრომებს ხელმძღვანელობდა და ამან უფრო დაგვაახლოვა.


უსაყვარლესი ლექტორი იყო, მიყვარდა მისი ნაწერების კითხვა. განსაკუთრებით ლექსებისა და ზღაპრების. შემდეგ გავიგე, რომ ხატავდა, თანაც საოცრად გამორჩეული სტილი ჰქონდა.


image


მისი ცისფერი თვალები, მისი ნათელი და სიკეთითსავსე მზერა ახლაც თვალწინ მიდგას.

ის იყო სიყვარულის, სიკეთისა და სილამაზის განსახიერება. ჰქონდა უკიდეგანო, ღრმა სულიერი სამყარო, დარდითა და სიხარულით სავსე.


image


სამყარო, რომელიც თავად შექმნა და გამოიგონა. მის ნაწერებშიც იგრძნობა სევდა, მარტოობა, ადამიანური ტკივილი, ხანდახან გაბრაზებაც ამ "ფაშიტურ სამყაროზე ", რადგან თავად იყო უდიდესი სიყვარულის მატარებელი ადამიანი, თუმა ცხოვრებასთან მაინც იუმორნარევი დამოკიდებულება ჰქონდა.

მახსოვს მეცხრამეტე საუკუნის სატირა და იუმორის სემინირზე ხშირად ვიწერდი ხოლმე არა სასწავლო მასალას, არამედ იმას, რასაც ზოგადად ლაპარაკობდა.


image


მოულოდნელი არ იყო, მაგრამ მაინც სწრაფად დაგვტოვა, თვითონ კი აპრილში დაუწერია სტატუსად - დროზე ხდება ადამიანის ცხოვრებაში ზუსტად ყველაფერიო...

მარტო დარჩნენ მისი კატა კატო და ძაღლი კაროჟნა. სახლის კედლებიდან კი მის მიერ დახატული დიდთვალება ანგელოზი იმზირება.


image



image



image

წერითაც გამორჩეული, მისთვისდამახასიათებელი სტილით წერდა.

აი, ისეთი, წაკითხვისას რომ მოგინდებოდათ, ამდგარიყავით და ძალიან მაგრად ჩახუტებოდით. რამდენჯერ, უკვე საქართველოდან წამოსული, შორიდან მოვფერებივარ, ხან მოკითხვის გარეშეც მიმიწერია, რომ ძალიან მიყვარდა და მისგანაც იმავეს ვგრძნობდი.

აქვე წარმოდგენთ მის ერთ-ერთ ნაწერს, რომელსაც დღეს ინტერნეტში ბევრი აზიარებს.


"ხელოსანი მოვიდა, რა ვიცოდი ვინ მოვიდოდა, გამოვიძახე და მოვიდა. პატარა ყვითელი მოხუცი კაცი, ძალიან პატარა და სველი. ვერ ვიტან ხელოსნებს, ცალკე მოჯალათო კასტაა, მაგრამ ეს ხელოსანია? ჩიტი თუ გნომი...
მივიდა, დაათვალიერა ონკანი, არაფერია ისეთი, ამას შენც კი გააკეთებდი, სულ იოლიაო, მოდი, უყურე და სხვა დროს თვითონ გააკეთებო.
ვდგავარ
ვუყურებ
ონკანს არა
პატარა, დამჭკნარ გამჭვირვალე ხელებს
ძველი მწვანე ჯემპრის გაქექილი სახელოებიდან იყურებიან ხელები, როგორც ჩამქრალი თვალები
მაქვს ჯემპრი, მოერგება კი არა დიდიც ექნება, ახალი, მაგრამ ისეთია ეს ხელები, ისე იყურებიან, ვერ აკადრებ, რომ აჩუქო.
გააკეთა .
“ხო უყურე რა იოლია, სხვა დროს თავითონ გააკეთებ და ფული არ დაგეხარჯება''
მინდა რომ ჩაიზე დარჩეს, გათბეს, კატომაც გაიღვიძა, მოვიდა და ფეხებზე მიეფერა, გაედო.
უი, ფისოო და გაიღიმა, როგორ გაიღიმა, ბავშვივით
მიეფერა
ვერ დავრჩები, მირჩევნია წავიდე, ჩემი ქალი მელოდება, ლოგინადაა ჩავარდნილი, მთელი დღეა ვმუშაობ, ცოდვაა მარტოო
მინდა ვკითხო, რამდენი წლისაა და მერიდება
გაიგო, ფიქრი გაიგონა?
გაისად 90 წლისები ვხდებით ორივენიო
– ის ჩავარდა, ჩვენი ბიჭის მერე... – და აღარ აგრძელებს, ან რა საჭიროა.
პატარა ჩანთა აქვს, იარაღები უწყვია, ყავისფერი, გაქექილი
და... მთელი დღეა მუშაობს !!!
და ახლა სახლში მიდის
და ვინ იცის, იქ რა ხდება
რა აქვთ
როგორ არიან
და ეს, პატარა ყვითელი ჩიტი, გნომი უნდა წავიდეს ბნელ სველ ღამეში......
კიდევ გაიღიმა, როცა ფული მივეცი და კიდევ ბავშვს გავს. კარგად იყავი, ფისოო და კატომ უპასუხა:“მიაუ''
ისე მომინდა ჩავხუტებოდი და მეკოცნა, ასეთი პატარასთვის, დალეულისთვის, ერთ წელიწადში 90 წლისასთვის, მთელი დღე რომ მუშაობს ამ დაწყევლილ, დაუნდობელ და დაქცეულ სამყაროში და მერე თავის თითქმის 90 წლის ქალთან მიდის.
ვერ იცოცხლა იმ მათმა ბიჭმა და რა ექნა
შეატოვა ესენი ღამეს, წვიმას, სიცოცხლეს, ქარს....
მაგრამ აბა რას იფიქრებს... გიჟიაო იფიქრებს... ან ეწყინება, შემიცოდაო. ან რა აქვს შესაცოდი, ისე კოხტად უკავია თავისი ჩანთა, ისე კოხტად მიდის პატარა, ერთი ბეწო და ძლიერი კარისკენ.
ვუღებ კარს და ჯიბეში ჩაიყო ხელი, რაღაცას ეძებს. ამოიღო წითელ ქაღალდში კანფეტი, ეს ჩაის მიატანე, ერთი დამრჩა, მიყვარს ტკბილიო.....
და წავიდა.
და მე რა ვქნა ახლა?
და ან ამ სიცოცხლემ რა ქნას?
რამ მოაწყო ასე, თვითონაც რომ არ იცის?"


ინგა მილორავა


image







“საბოლოოდ სიყვარულის ტრიალია ყველაფერი... წავიღებ თან და დაბრუნდება ერთ ბალახად მაინც" - ასე უთქვამს 2017 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში.



image

image


წაიღო და წავიდა, მაგრამ მჯერა, რომ დაბრუნდება.

პირადად ჩემთვის - იად, იასამნად ანდა ბეღურა ჩიტად მოვა, ყოველთვის მეყვარება და არასოდეს დავივიწყებ!


image



სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც მისმა გარდაცვალებამ გული ატკინა!


სტატიის ავტორი: ანი სპარსიაშვილი










2
2177
6-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
Mediator image
2177
  
5 ივნისი, 9:45
ძნელია აღიქვა როდესაც მიდიან იმ ქვეყნად ასეთი სულით ანგელოზები,ნათელშია მისი სული უფლის ლოცვა კურთხევით!!!
4 ივნისი, 14:12
ღმერთმა ნათელში გამყოფოს კეთილო ადამიანო.
0 1 2