x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
„მიხარია, რომ ბაბუას საქმეს ვაგრძელებ“ – გაიცანით „მასტერშეფის“ მესამე სეზონის აღმოჩენა, რომელსაც კონსტანტინე თედელურმა ოქროს წინსაფარი გადასცა
image


„მინდა, რომ ის აიღო“ - კონსტანტინე თედელურის ამ სიტყვებმა 23 წლის ქეთო ბექაურის ცხოვრება უკვე შეცვალა. მან ოქროს წინსაფარი მოიპოვა და ერთადერთი საერთაშორისო კულინარიული პროექტის „მასტერშეფის“ მესამე სეზონის დიდ თორმეტეულში გარანტირებული ადგილი დაიკავა.


მომავალ კვირას ვნახავთ, როგორ გაართმევენ თავს მონაწილეები პირველ დავალებას. მანამდე კი პირველი ტურის ტრიუმფატორსა და ოქროს წინსაფრის პირველ მფლობელს, ქეთო ბექაურს გაგაცნობთ.


როდის გაგიჩნდა კულინარიისადმი ინტერესი?



ინტერესი სულ მქონდა, მაგრამ, როგორც პროფესიას, ისე არ ვუყურებდი. უნივერსიტეტიც სულ სხვა მიმართულებით დავამთავრე - საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია. რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ არასწორ ადგილას ვიყავი, სულ კულინარიულ ვიდეობს ვუყურებდი, ექსპერიმენტებს ვატარებდი, ამიტომ კულინარიის აკადემიაში ჩაბარება გადავწყვიტე. სწავლის პერიოდში კულინარიისადმი უფრო დიდი ინტერესი და სიყვარული გამიჩნდა.


ჩემი კულინარიით გატაცება, ალბათ, გენეტიკის დამსახურებაცაა. ბაბუაჩემი ძალიან წარმატებული მზარეული შალვა გაგნიძე იყო, ძალიან ბევრ ადგილას მუშაობდა: საქართველოში, მოსკოვში, უკრაინაში... სხვათა შორის, ბაბუაჩემი იცნობდა და გარკვეულ ხანს მუშაობდა კიდეც გრიგოლ გაგნიძესთან - ცნობილ მზარეულთან, რომელმაც შქმერულის რეცეპტი შექმნა. სულ ვფიქრობ, ბაბუაჩემი ცოცხალი რომ იყოს, როგორ შეაფასებდა ჩემს კერძებს და რა რჩევებს მომცემდა. ძალიან ვამაყობ მისით და მიხარია, რომ ბაბუას საქმიანობას ვაგრძელებ.


image


„მასტერშეფში“ მონაწილეობის მიღება რატომ გადაწყვიტე?


ვფიქრობ, რომ პროფესიული კუთხით ბევრი ადამიანი გამიცნობს და უფრო გამიადვილდება ამ სფეროში თავის დამკვიდრება. რა თქმა უნდა, არ იქნება მარტივი და ვაანალიზებ, რომ ბევრი შრომა მომიწევს.


პირველმა მოიპოვე ოქროს წინსაფარი. როგორი შეგრძნებაა და თუ ელოდი?


წინსაფრის აღებაში ეჭვი არ მეპარებოდა, მაგრამ ოქროსფერ წინსაფარს ნამდვილად არ ველოდი. ვფიქრობ, შეფმა კონსტანტინემ ჩემს კერძში ხასიათი დაინახა - ის, რომ მიყვარს ხელოვნება, მუსიკა და ვცდილობ კულინარიაში ამ ყველაფრის გამოვლენას.


რამდენადაც სასიამოვნოა ოქროსფერი წინსაფრის მოპოვება, იმდენად ძალიან საპასუხისმგებლოა (განსაკუთრებით, სწორედ კონსტანტინეს მიმართ), რადგან ახლა უფრო მეტს ელიან ჩემგან და არ მაქვს უფლება, რომ შეფებს იმედი გავუცრუო.


image


რა არის შენი უპირატესობა სხვა მონაწილეებთან შედარებით?


ალბათ, დროის მენეჯმენტი, ცოდნა და საქმისადმი დიდი სიყვარული.


რას მისცემს ქეთო ბექაური „მასტერშეფის“ მესამე სეზონს?


ქეთო ბექაური ეცდება, რომ კერძების საშუალებით საკუთარი თავი გამოხატოს და საკუთარი სიტყვა თქვას კულინარიაში; ყველას დავანახო, რამხელა ენთუზიაზმი მაქვს და ვუბიძგო ადამიანებს კეთებისკენ, რადგან მზადება მართლა არ არის ისეთი რთული, როგორიც ჰგონიათ ხოლმე.



0
216
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
216
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0