x
image
მანანა თურმანიძე
ნამდვილია თუ არა კოვიდ 19
image

კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან ერთად მთელს მსოფლიოში, ვიხილეთ, თუ როგორ სოკოებივით გამრავლდა მრავალი ყალბი ამბავი და შეთქმულების თეორია ამ დაავადების ირგვლივ.

შეთქმულების თეორია, იგივე „კონსპირაციული თეორია“ (conspiracy theory) არის ჰიპოთეზათა ერთობლიობა, რომელიც მიმდინარე, ან მნიშვნელოვან, ისტორიულ მოვლენებს წარმოაჩენს, როგორც ადამიანთა გარკვეული ჯგუფის შეთქმულების შედეგს, რომელიც მთელს მსოფლიოში პროცესებს „კულისებიდან“ მართავს. თეორიის წარმოშობა, რომელიც სინამდვილეში არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი მითების, გამოცანებისა და ჭორებისაგან, უშუალოდ უკავშირდება სტერეოტიპიზაციის ფენომენს. მისი დამკვიდრების ერთ-ერთ ძირითად მიზეზს წარმოადგენს სოციალური უთანასწორობა და მასზე ადამიანთა მწვავე რეაგირება.


შეთქმულების თეორიის მომხრე, როგორც წესი, შეთქმულების მონაწილეებს მიაწერს ნეგატიურ პიროვნულ თვისებებს, რითაც შეთქმულთა პიროვნული ხასიათი უკიდურესად უარყოფითად არის წარმოჩენილი, ფაქტობრივად, ხდება მათი დემონიზაცია. შეთქმულებს მიეწერებათ ბოროტი განზრახვები, ამორალური პიროვნული თვისებები, რაც თეორიის მომხრეს ხელ-ფეხს უხსნის, მოიხსნას ნებისმიერი მორალური შეზღუდვა, სინდისის ქენჯნა, თავიდან აცილებს პასუხისმგებლობას, ვინაიდან სჯერათ, რომ ასეთი მონსტრების განადგურების გამო, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაცვლად, ის გმირად უნდა შეირაცხოს ასეთის გამოვლენის ან/და დასჯისთვის.



როგორ წესი, გლობალური შეთქმულების თეორიები პოპულარობის პიკს აღწევენ ეკონომიკური ან/და პოლიტიკური არასტაბილურობის, კრიზისების პერიოდებში. შესაბამისად, საზოგადოების ფართო მასებს არ ძალუძთ და არც სურვილი აქვთ შეეცადონ გაეცნონ პრობლემის ობიექტურ მიზეზებს, ამიტომ პოულობენ „მარტივ გამოსავალს“ - ეძებენ მტრებს, რომლებიც კრიზისს ხელოვნურად ქმნიან. აქედან გამომდინარე, გლობალური შეთქმულების თეორია გზას უხნის მასობრივ ქაოსს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მმართველი ელიტის სასარგებლოდ, ასევე მის წინააღმდეგ. ამის გამო გლობალური შეთქმულების თეორია კრიზისულ სიტუაციაში ფართო მასებით მანიპულირების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ იარაღად იქცევა, ამასთან მისმა „ბოროტად“ გამოყენებამ შესაძლოა გაუთვალისწინებელი შედეგები გამოიწვიოს.


არსებობს საყოველთაოდ ცნობილი გლობალური კონსპირაციული თეორიები, როგორიცაა, მაგალითად მასონური ორგანიზაციის ებრაული წარმოშობის შესახებ - მსოფლიოზე გაბატონების მიზნით, მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისების ხელოვნურად შექმნის თეორია - რათა აკონტროლონ მსოფლიოს ეკონომიკური სისტემა, ინფექციების ხელოვნურად შექმნის მითი - მსოფლიოს მოსახლეობის 1 მილიარდამდე შემცირების მიზნით და სხვა.

არსებობს ასევე შეთქმულებათა მაგალითები, როგორიცაა:

  • აპოლო 11-ის მისიის დაშვება მთვარეზე, სინამდვილეში წარმოადგენდა უბრალო ინსცენირებას, რომელიც ცნობილია
    "მთვარის შეთქმულების" სახელწოდებით. არსებობს საპირისპირო ვერსიაც - მისიის ინსცენირებაზე საუბარი განგებ წარმოიშვა იმისათვის, რათა არ გახმაურებულიყო უცხოპლანეტელთა მთვარეზე ბინადრობის შესახებ ინფორმაცია.
  • 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტები სინამდვილეში განახორციელა არა ალ-ქაიდამ, არამედ აშშ-ს სპეცსამსახურმა.
  • გასაიდუმლებული ზონა 51 გამოიყენება უცხოპლანეტელებთან კავშირის დასამყარებლად.
  • პრეზიდენტ კენედის მკვლელობა დაგეგმა აშშ-ს ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ.
  • პოლ მაკ-კარტნი გარდაიცვალა 1966 წელს და ჩანაცვლებულ იქნა ორეულით, რომელიც დღემდე ცოცხალია.
  • ვლადიმერ პუტინი დიდი ხნის წინ გარდაიცვალა და ჩაანაცვლეს ორეულებით.
  • ოსამა ბინლადენი გადარჩა, ცოცხალია და იმალება აშშ-ში.
  • დიდი გრიმუარი, ანუ „სატანის წიგნი“ საიდუმლოდ ინახება კათოლიკურ ეკლესიაში, მასში მოცემული ზებუნებრივი ინფორმაციის წაკითხვის შემდეგ რომის პაპები შეპყრობილებად იქცევიან.
  • გამოიგონეს წამალი, რომელიც ყველაფერს კურნავს, გამოსცადეს, არც უკუჩვენებები აქვს, მაგრამ მას საიდუმლოდ ინახავენ, რადგან გამოჩენის შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემა და ეკონომიკა იზარალებს.
  • ნიკოლას ტესლას გამოგონება უფასო ენერგიის სისტემის შესახებ ფართო საზოგადოებას დაუმალეს, მისი ნაშრომები მოწყობილობები და დოკუმენტები დალუქეს, და ა.შ.

ყოველივე ამან საბოლოო ჯამში გამოიწვია ისეთი სამეცნიერო მიმართულების ჩამოყალიბება, როგორიცაა კონსპიროლოგია. საინტერესოა, რას ფიქრობენ მეცნიერები ამ თეორიის შესახებ.

„პენსილვანიის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის, ჯორჯ ენტინის აზრით, „შეთქმულების თეორია“, რომელსაც კონსპიროლოგები სამეცნიერო თეორიად მიიჩნევენ, სინამდვილეში არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი მითების, გამოცანებისა და ჭორებისაგან. შეთქმულების თეორია, ჩვეულებრივ, გამოიყენება, როგორც რთული საზოგადოებრივი მოვლენების „მარტივი“ ახსნა-განმარტება. პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა საზოგადოებრივ სფეროებში მიმდინარე პროცესები წარმოადგენს ორი ან რამდენიმე პირის კოორდინირებული მოქმედების შედეგს. ეს მოქმედებები ყოველთვის შესაძლოა შევრაცხოთ „შეთქმულებად“. თუმცა ჯერ კიდევ ადამ სმითი თვლიდა, რომ ეკონომიკურ პროცესებში პირთა მოქმედების ძირითად მოტივს წარმოადგენს პირადი სარგებლის მიღება. კარლ მარქსი კი მიიჩნევდა, რომ საერთო ჯამში პოლიტიკა ეკონომიკაზეა დამოკიდებული და ექვემდებარება მის ინტერესებს. შეთქმულების თეორიის რეალურ ამოცანას წარმოადგენს არა შეთქმულთა გამოაშკარავება, არამედ თითქოს შეთქმულთა გამოაშკარავების მიზნით გარკვეულ მოვლენათა მისტიფიკაცია.


შეთქმულების თეორიის ძირითად სპეციფიკას წარმოადგენს ობიექტის (პირი, ფირმა, კორპორაცია, ერი, სახელმწიფო) არაოფიციალური, საკმაოდ დაუკონკრეტებელი და გაურკვეველი „მხილება“ (ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა საქმე მისულიყო სასამართლომდე და სავარაუდოდ, ბრალმდებელი მხარე პროცესში დამარცხდებოდა). ამას გარდა, კონსპიროლოგიაში დიდ როლს თამაშობს ფარული, არაინსტიტუციონალური ძალაუფლება.

რეალური პოლიტიკური მოქმედებები მოითხოვენ საიდუმლოებას არა მარტო გეგმის შემუშავების, არამედ ამ გეგმის რეალიზაციის დროსაც. ამიტომაც, არც ისე ადვილია, ერთმანეთისაგან გავმიჯნოთ ჩვეულებრივი პოლიტიკა და შეთქმულება. კონსპიროლოგია მოკლებულია ჯანსაღ აზროვნებას, არ ემყარება რაიმე დამაჯერებელ არგუმენტებს, არ ამოწმებს მათ სანდოობას და ცოტა რამ თუ იცის რეალური შეთქმულებების შესახებ. კონსპიროლოგია მაგონებს პარანოიდის აზროვნებას, რომელსაც ყველგან ეჩვენება შეთქმულებები, მათ შორის თავად მის წინააღმდეგაც კი. თეორიის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ შეთქმულთა მიერ განხორციელებული მოქმედებები მიმართულია მათ წინააღმდეგ.



ჯორჯ ენტინის აზრით შეთქმულების თეორიის ყველაზე სუსტ წერტილს წარმოადგენს ისტორიული მოვლენისადმი გარკვეული დამატებების შექმნა: მართალია, რეალურად, ამა თუ იმ მოვლენის მიზეზი შეიძლება საკმაოდ რუტინული იყოს (უბედური შემთხვევა, კატასტროფა, ეპიდემია და ა.შ), მაგრამ კონსპიროლოგები მოვლენათა ოფიციალურ ვერსიების ანაცვლებენ თავიანთი ვერსიით - ყველაფრის უკან დგას ყოვლისშემძლე ფარული ორგანიზაცია, რომელიც იდეალური სიზუსტით თვლის ყველაფერს, არასოდეს უშვებს შეცდომას, მისი წევრები კი ერთიანი მიზნისაკენ ისწრაფვიან. ამგვარი დათქმა საკმაოდ საეჭვოა და ნაკლებსავარაუდოა, რომ მოვლენები, რომლებშიც მოქმედებდა ამგვარი ტიპის გაერთიანება, დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს გაუხმაურებელი: ისტორია გვიჩვენებს, რომ ადრე თუ გვიან, რეალურად არსებული შეთქმულებები საჯაროდ განიხილებიან (მაგალითად, უოტერგეიტის სკანდალი).“ - ვიკიპედია

არსებობს ასევე მითი აშშ-ს პრეზიდენტის საიდუმლო წიგნის შეახებ, რომელიც გამოყენებულია ფილმში „ეროვნული საგანძური, საიდუმლოებათა წიგნი“ („National Treasure: Book of Secrets“), რომლის მიხედვითაც აშშ-ს ყველა პრეზიდენტს გადაეცემა წიგნი, რონელშიც ინახება საზოგადოებისთვის უცნობი მრავალი ფაქტი თუ ისტორია. წიგნის ადგილმდებარეობა ცნობილია მხოლოდ პრეზიდენტისა და კონგრესის ბიბლიოთეკარისათვის. თუკი პრეზიდენტს მოკლავენ, ბიბლიოთეკარი წიგნს გადასცემს მის შემცვლელს. ყოველთვის, როდესაც პრეზიდენტი იცვლება, მომენტალურად იცვლება ამ საიდუმლო წიგნის ადგილმდებარეობაც. გავრცელებული კონსპირაციული თეორიების მიხედვით ამ წიგნში მოცემულია ინფორმაცია უცხოპლანეტელებზე და მათ ბაზაზე, 2001 წლის 22 სექტემბრის ტერაქტზე, ანტიქრისტეს ვინაობაზე და მის კავშირებზე, სახელმწიფო გადატრიალებაზე რუსეთში და მესამე მსოფლიო ომზე და ა.შ.


დღეისათვის ყველაზე აქტუალური და გავრცელებული კონსპირაციული თეორია ახალი კორონავირუსის გარშემო ტრიალებს.

რა არის ეს ვირუსი? ფარული ბიოლოგიური იარაღი, პენტაგონის ბოროტი მაქინაციები, შეაჩეროს ჩინეთის ეკონომიკის ზრდა, ან იქნებ ეს მხოლოდ სახეშეცვლილი ვირუსია, ან საერთოდ არსებობს კი ის? შეთქმულების თეორიები სწრაფად ვრცელდება, ახალი ვირუსის მსგავსად, მაგრამ გადავხედოთ ყველაზე თვალსაჩინოებს.

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებული მრავალი ისტორიები ასევე არაჯანსაღი და ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავიც არის.


  • ჩინეთის ბიოლოგიური იარაღი
ერთ-ერთ სერიოზულ სამეცნიერო საიტზე, სადაც მეცნიერები აქვეყნებენ თავიანთ ნაშრომებს, საინტერესო სტატია გამოჩნდა იანვრის ბოლოს. მისი ავტორი, ინდოელი ექიმების ჯგუფის მტკიცებით, COVID-19– ის გენეტიკურ კოდში არსებობს ცილების ნაწილები, რომლებიც საეჭვოდ წააგავს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) კოდექსში არსებულ ნაწილებს. მეცნიერებმა ახალი კოროვირუსის სტრუქტურაში ოთხი ფრაგმენტი აღმოაჩინეს, რომელთაც ანალოგი არ აქვთ ცნობილ კორონავირუსებს შორის. ამ ინდოელი მეცნიერების აზრით, სავარაუდოა, რომ ვიღაცამ შეაერთა ორი ვირუსი, რამაც დაუყოვნებლივ გამოიწვია შეთქმულების თეორიის გაჩენა, რომ კორონავირუსი შეიქმნა ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში, როგორც ბიოლოგიური იარაღი, რომელიც გაეპარათ, ან განზრახ გაუშვეს.


სტატიის გამოქვეყნებიდან მალევე, ჩინელმა მეცნიერებმა მისი სრული უარყოფა გამოაქვეყნეს. რამდენიმე დღის შემდეგ, ინდოელმა მეცნიერებმა თავიანთი ნამუშევარი საიტიდან წაშალეს, მაგრამ ძალიან გვიანი იყო, ვაშინგტონ თაიმსმა ახალი ამბები უმალვე აიტაცა და გაავრცელა. მათი სტატიის თანახმად, COVID-19 შეიქმნა ვუჰანის ინსტიტუტში, როგორც ბიოლოგიური იარაღი და შემთხვევით გაეპარათ.


  • კანადაში ჩინური აგენტურის კვალი
ასევე პანდემიის საწყის ეტაპზე, აშშ-ს რამდენიმე პუბლიკაციამ, რომელიც სპეციალიზირებულია ექს ფაილებისმაგვარ (X-Files) შეთქმულებებში, მოიპოვა ინფორმაცია, რომ, 2018 წელს, კანადელმა მკვლევართა ჯგუფმა ვირუსის შტამი მიჰყიდა ვუჰანის სამეცნიერო ინსტიტუტს და რომ COVID-19 სავარაუდოდ შეიქმნა კანადის ლაბორატორიაში, იქ, სადაც ისინი მუშაობენ მოწინავე ვაქცინებზე და ინფექციური დაავადებების მკურნალობის მეთოდებზე. ჩინელი მკვლევარი მუშაობდა იქ გარკვეული პერიოდის განმავლობაში და გასულ წელს დეპორტირებული იქნა კანადადან. საიდუმლოდ რჩება მიზანი, თუ რატომ შეიქმნა ვირუსი ვაქცინების ლაბორატორიაში და რატომ მიყიდეს კანადელებმა ჩინელებს. ასევე უცნობია, თუ რატომ იყიდდა ჩინეთი ამ შტამს და იყო თუ არა ეს ბიოლოგიური იარაღის შექმნის მცდელობა.


ასე რომ, სახეზეა კონსპირაციული თეორია: კანადელმა ექიმებმა შეიმუშავეს კორონავირუსის საწინააღმდეგო საშუალება კვლევითი მიზნებისათვის, რათა ვაქცინები შეემუშავებინათ და ჩინელმა ჯაშუშმა, რომელიც ლაბორატორიაში მუშაობდა მეცნიერის ნიღბის ქვეშ, მოიპარა ვირუსი და გაიტანა ჩინეთში. ნამდვილად ჰოლივუდის კინოსცენარივით ჟღერს, რაც ნიშნავს რომ, სავარაუდოდ სიუჟეტი რეალური არ უნდა იყოს.


  • პანდემიით ხელის მოთბობა
არსებობს კიდევ ერთი ჰიპოთეზა, რომელიც ერთი შეხედვით აბსოლუტურად არაგონივრულია, მაგრამ ხალხი მაინც ტყუვდება. ერთი კვირის შემდეგ, რაც ახალი კორონავირუსის შესახებ პირველი ამბები გამოჩნდა YouTube - ზე, დაიწყო ვიდეოების გამოქვეყნება, რომლებშიც ითხოვდნენ ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთი ძალიან საკამათო ხსნარის გამოყენებას. მოკლედ ვსაუბრობთ ნივთიერებაზე, სახელწოდებით - სასწაული მინერალური ხსნარი, MMS. ორიოდე წლის წინ მას ინტერნეტში ავრცელებდნენ იმ კონტექსტით, რომ მძაფრად უწყობს ხელს აუტიზმის მკურნალობას. რა არის ამ ჯადოსნურ წყალში - იკითხავთ თქვენ. ეს არის სიტყვასიტყვით - ორი წილი წყალი, ერთ წილ ქლორზე. MMS ხსნარი რეკლამირდებოდა, როგორც უნივერსალური სამკურნალო საშუალება, რადგან ის შეიცავს კომპონენტებს, რომლებიც ანადგურებენ ნებისმიერ პათოგენებს, მაგრამ ჯანმრთელი ქსოვილისთვის აბსოლუტურად უვნებელია. ყოველ შემთხვევაში, ამას ამბობდა რეკლამა.


რამდენიმე წლის წინ, როდესაც ხალხმა MMS ხსნარზე უფრო აქტიურად დაიწყო მსჯელობა, ამერიკელმა ექიმებმა ის უარყვეს. მათი თქმით, იგი არ შეიძლება გახდეს წამალი, რადგან არსებითად, ის სხვა არაფერია, თუ არა ძვირადღირებული, სამრეწველო მათეთრებელი. კორონავირუსის პანდემია შესანიშნავი მიზეზია ასეთი "უნივერსალური დაცვის მეთოდების" გასავრცელებლად.


4. ბოროტი გვებრძვის, ანუ ვაქცინაცია-ჩიპიზაცია

შედარებით მოგვიანებით გავრცელდა ჭორი, რომელიც ალბათ ყველაზე არალოგიკური და რეალობასთან შეუსაბამოა, თუმცა ხალხმა მაინც დაიჯერა ეს თეორია, რომელიც მართლაც წააგავს პარანოიას. ამ თეორიის მიხედვით არავითარი ვირუსი არ არსებობს, ეს პანდემია გამოგონილია და მთელი მსოფლიოს ავტორიტეტული ინსტიტუტები, ექიმები, პაციენტები, ფარმაკოლოგები, პოლიტიკოსები, მოკლედ მრავალმილიონიანი არმია, ყველა ერთად გვატყუებენ!

ცხადია არსებობს მიზანიც - იწყება საყოველთაო, სავალდებულო ვაქცინაციის პროცესი, რომლის შედეგი დაავადების პრევენცია კი არა, ხალხის ჩიპიზაციაა, რაც მასების სამართავად არის გამიზნული. ვაქცინასთან ერთად ადამიანის სხეულში შეიყვანენ მიკროჩიპს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება მისი მართვა.


ჩიპიზაციით დაშინებული ხალხი უკვე ვიხილეთ ელექტრონული პირადობის მოწმობების გამო. საზოგადოებაში მხოლოდ ამაზე საუბრობდნენ, თემა ერთი იყო ყველგან, რომ ანტიქრისტე გვიახლოვდება, ეს დაჩიპული პირადობის მოწმობა კი მას სჭირდება, რათა უკეთ გვაკონტროლოს! როგორც ჩანს, ადამიანებს წარმოდგენა არ აქვთ, რომ ჩიპი არის მობილურ ტელეფონებში, კომპიუტერში, ძვირადღირებულ ავტომობილებში და ა.შ. თუკი ასეთი საშიშია და მასების მართვისთვის სჭირდება ანტიქრისტეს, გამოდის რომ უკვე მართულია ერიც და ბერიც.


ადამიანი გონიერი და მოაზროვნე არსებაა, სხვა ცოცხალ არსებებთან შედარებით. ხალხო, ჩვენ ხომ ტვინი გვაქვს, მოდით გამოვიყენოთ ის დროდადრო.



6
392
3-ს მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
392
  
მადლობა კომენტარისთვის! გადაჭრით ამას ვერავინ გეტყვით, სწორედ მაგაშია კონსპირაციული თეორიების მთელი ხიბლი და მისტიკა, რომ არასოდეს არაფერი არ არის გამორიცხული. უფრო მეტიც, უმეტეს შემთხვევაში არავინ იცის სად არის მართალი და სად ტყუილი. თუმცა, არსებობს ემპირიული ცოდნა და ლოგიკა, რომელიც გვკარნახობს, სად აბსურდია და სად რეალობასთან მიახლოებული მითი, რომელსაც ალბათ ფაქტებით გამაგრება სჭირდება, რომ სარწმუნო ვერსიად იქცეს. ყოველ მედალს აქვს თავისი მეორე მხარე, ფულის და ძალაუფლებისთვის რომ ყველაფერს იკადრებს ადამიანი, ამაში სრულად გეთანხმებით. გამოიყენეს პოლიტიკისთვის ან რაიმე გამორჩენისთვის ეს ვირუსი თუ არა, ამას ისტორია იტყვის, გადაჭრით ჩვენ ვერაფერს ვიტყვით დღეს. თუმცა, ლოგიკა მკარნახობს, რომ ისპანკას დროს ასე არ იყო მეცნიერება და ტექნოლოგიები განვითარებული, მეეჭვება ვირუსი ხელოვნური ყოფილიყო. თუკი ერთი საუკუნის წინ არსებობდა მსოფლიოში ვირუსით გამოწვეული პანდემია, რატომ არ შეიძლება, რომ განმეორდეს რაიმე სახეცვლილებით? სამკურნალო საშუალება ვერც მაშინ გამოიგონეს, თვითონ გაიარა ეპიდემიამ, არც ახლა უჩანს პირი რაიმე კონკრეტულ საშუალებას. ვნახოთ, იმედია ჩვენი განვითარებული მედიცინა და ტექნოლოგიები საშუალებას მოგვცემს დავამარცხოთ ვირუსი ნაკლებ დროში და ნაკლები მსხვერპლით, ვიდრე 1 საუკუნის წინ. მე ბუნების კანონზომიერების უფრო მჯერა, სწორედ ამას მივაწერ ამ პანდემიის საუკუნის შემდეგ განმეორებას. მოგეხსენებათ ისპანკას მსგავსად მისი გამომწვევია H1N1.
პანდემიის რა ვთქვა,მაგრამ არ არის გამორიცხული კენედის მკვლელობა მართლაც ყოფილიყო ამერიკული სადაზვერვო სამსახურის დაგეგმილი. პოლიტიკა ისეთი რამეა ვერც ვერაფერს იტყვი 100% რომ სიმართლეა და ვერც იმას რო ტყუილია. ბატონო იპოლიტე,მეც ეგრე სასაცილოდ მეჩვენება,მაგრამ იმათაც აქვთ რაღაც ლოგიკური მოსაზრება რო ასეა. სტატიაში არ არის ნახსენები,რადგან მაინცადამაინც არ არის მთლად შეთქმულების თეორია,მაგრამ მსგავსი მოსაზრებები იყო. რამოდენიმე წლის წინ იყო ასეთი თამაში ბარსა პსჟ,რომელის პირველი თამაში 4-0 დამთავრდა პსჟ გამარჯვებით. განმეორებით თამაშში კი ბარსამ სასწაული ჩაიდინა და 6-1 მოიგო. 88 წუთამდე ანგარიში 3-1 იყო. დაიწყეს შეთქმულების თეორიების არსებობაზე საუბარი,რომ თითქოს გაყიდული იყო თამაში და ა.შ. სასაცილოდ არ მეყო,რადგან ლივერპულის ფანი ვარ,ხოლო ამ უკანასკნელმა 6 წუთში 3-0დან 3-3 გახადა. ამ პანდემიის პერიოდში ჩავუჯექი თამაშების ყურებას და აღნიშნული თამაშიც ვნახე. გაგიკვირდებათ და ისეთი რაღაცეები ვნახე,რასაც მაშინ ყურადღება არ მივაქციე. გოლი თამაშგარედან,არადა ორ მეტრში ედგა მსაჯი,ორი დადებული პენალტი,რომლიდანაც 1 საჯარიმოს კუთხეში ფეხით დაცდომით დაჯახების გამო წაქცევა და არა განზრახ. ნეიმარი ვერაფერს იზავდა,რადგან დაზღვევაზე სხვა მცველი გადმოდიოდა და კინაღამ კუთხურის ხაზზე იყო ეს ამბავი. მეორე პენალტი კი სიმულაცია იყო და საერთოდ არ შეხებია სუარესს მცველი. ამ შემთხვევაში დამატებით მსაჯი 2 მეტრში იდგა. აშკარად დამაფიქრა იმ ხალხის სიტყვებმა. პანდემიებში ნაღდად ვერ ვერკვევი და წარმოდგენა არ მაქვს საიდან მოვიდა ეს ვირუსი,ღამურიდან თუ ძაღლიდან. ერთი ვიცი მხოლოდ,საშიშია და უნდა ვებრძოლოთ. ერთს გეტყვით,რომ ფულის და ძალაუფლების გამო ადამიანები ომებს იწყებენ,ორი რელიგიური მიმდინარეობა საუკუნების გამო წაეკიდა ერთმანეთს,რათა სავაჭრო არხები გაეჭრათ და ამის მოთავე იყო რომის პაპი. ეს ყველაფერი ფაქტია,რომელიც დადასტურებულია და ეხლა თუ ვინმემ ვირუსი შექმნა ფულის და ძალაუფლებისთვის არ გამიკვირდება. თუ 100% მეტყვით რო ბუნებამ შექმნა ეს უბედურება,მაშინ დაგიჯერებთ,რადგან წარმოდგენა არ მაქვს და არ ვარ ვირუსოლოგი ან ინფექციონისტი. ეკონომისტი გახლავართ და მაგრად მიყვარს ფეხბურთი,ამ ორ რამეში ვარ ა
მადლობა, ვიფიქრე ცოტა უხეშად ხპ, არ გამომივიდა, მაგრამ თქვენ მანებივრებთ პოზიტიური შეფასებებით :)
დიდი მადლობა, თქვენი აზრი ყოველთვის მნიშვნელოვანია და ამდენად შეფასება ძალიან მახარებს, გმადლობთ :)
1 ივნისი, 7:22
განსაკუთრებით მომეწონა სტატიის ეს ბოლო აბზაცი. ბრავო ავტორს.

ადამიანი გონიერი და მოაზროვნე არსებაა, სხვა ცოცხალ არსებებთან შედარებით. ხალხო, ჩვენ ხომ ტვინი გვაქვს, მოდით გამოვიყენოთ ის დროდადრო.
1 ივნისი, 7:17
შესანიშნავი სტატიაა, საწყენია რომ მხოლოდ 73-ი ნახვა აქვს. შეთქმულების და გლობალურ კონსპირაციული თეორიები პირადად მე სასაცილოდაც არ მყოფნის, მაგრამ მასებს მაინც სისულელეები აინტერესებთ. ავტორს მადლობა. ამ საიტზე ასეთი ინტელექტუალური სტატია იშვიათობაა. ჰოოო შეთქმულების თეორიის მოყვარულებისთვის ვაცხადებ კოვიდ 19 მონათესავე ვირუსი კიდევ 39 ერთეულია და არც ერთი არაა ადამიანის შექმნილი ყველა ბუნებამ შექმნა. 2003 წელში ატიპიური პნევმონიის ეპიდემია დღევანდელი კოვიდ19 მონათესავეა. ამ ვირუსებს სამი ჯიშის ღამურები დაათრევენ. ასე რომ ყველაფერი წინ გვაქვს.
0 1 6