x
მეტი
  • 07.07.2020
  • სტატია:101296
  • ვიდეო:346606
  • სურათი:465200
წიგნის ფესტივალი, რომელსაც 22-წლიანი ტრადიცია აქვს, წელს ვირტუალურად გაიმართება
image


წელს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი უკვე ოცდამეორედ გაიმართება. თუმცა, შექმნილი პირობებიდან გამომდინარე, ფესტივალი სახეცვლილი ფორმითა და სახელით ჩატარდება. წიგნის ვირტუალური ფესტივალი – სწორედ ამ სახელითა და ფორმატით გაიმართება 30–31 მაისს ღონისძიება, რომელმაც წლების განმავლობაში საზოგადოების უდიდესი სიყვარული დაიმსახურა. ათასობით ადამიანი ყოველწლიურად ელოდება ფესტივალს წინასწარ შერჩეული წიგნების ჩამონათვალით და ეს უკვე ისეთივე ტრადიციაა, როგორც საახალწლოდ, ნაძვის ხის მორთვა.


თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 1997 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და მიეკუთვნება იმ მცირერიცხოვან კულტურულ ღონისძიებებს, რომელთა მიმართ საზოგადოების ინტერესი და ჩართულობა ყოველწლიურად მატულობს.


ღონისძიება იმითაც არის გამორჩეული, რომ ის არ არის მხოლოდ წიგნების ბაზრობა. ყოველწლიურად, ერთ დიდ სივრცეში წარმოდგენილი არიან, როგორც ქართული, ასევე უცხოური გამომცემლობები, საელჩოები, მუზეუმები, ინსტიტუტები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ფონდები. ფესტივალს წლების განმავლობაში საპატიო სტუმრის სტატუსით სტუმრობდნენ მწერლები სხვადასხვა ქვეყნებიდან, იმართება არაერთი საინტერესო შეხვედრა, დისკუსია, წიგნის პრეზენტაცია და წარდგენა, ეწყობა სპეციალური საბავშვო სივრცეები. საბოლოოდ კი, მისი მიზანი საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობაა.



ფესტივალზე, რომელიც მაისის ბოლოს იმართება ხოლმე, 50 000–ზე მეტი სტუმარია დაფიქსირებული. წელს კი სტუმრებს ვირტუალურად მოუწევთ ფესტივალზე სტუმრობა. ღონისძიება ორდღიანი იქნება. თუმცა ის ინარჩუნებს ტრადიციულ შინაარსს და ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება: ლიტერატურულ-საგამომცემლო პროგრამა და წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვა.


image


წელს წიგნის ვირტუალური ფესტივალის წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვაში 20-ზე მეტი გამომცემლობა თუ წიგნის მაღაზია იღებს მონაწილეობას. გამომცემლობა „პალიტრა L” ერთ–ერთია, რომელმაც წელს მონაწილეობა განსაკუთრებული შეთავაზებებით გადაწყვიტა.


„ბიბლუსისა“ და „რიდერსლენდის“ კატალოგების ნახვა და სასურველი გამოცემების შერჩევა წინასწარ შეგიძლიათ. წიგნების ფასდაკლებით შეძენა კი www.biblusi.ge-სა და www.readersland.ge-ის საიტებიდანაა შესაძლებელი 30–31 მაისს.


ზოგადად, წიგნის ფესტივალები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდება და ის ქვეყნების კულტურული ისტორიის ნაწილია. მაგალითად, ფრანკფურტის წიგნის ფესტივალი სათავეს იღებს 1454 წელს და ის უკვე 500 წელზე მეტია სტუმრებს მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან მასპინძლობს. ყოველწლიურად, მასშტაბური ღონისძიება ტარდება ლონდონშიც.



0
42
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0