x
ვაშლის ძმრის დამზადების წესი
imageსასმელები, რომლებიც ხილის წვენების ანაერობული ფერმენტაციის საშუალებით მზადდება, ცნობილია სიდრის საერთო სახელწოდებით.

სიდრის დამზადება ღვინის დაყენების მსგავსია.

დაბალხარისხიანი ვაშლის, მსხლის, კომშის და ა. შ. სიდრის, ან ამ ხილის წვენიდან აერობული ფერმენტაციის გზით შეიძლება მივიღოთ მაღალხარისხოვანი სუფრის ძმარი.

მეურნეობაში ძმარი შეიძლება დავამზადოთ უშუალოდ ვაშლისაგან, შემდეგი რეცეპტის მიხედვით:


ვაშლს რეცხავენ და აცილებენ დამპალ ან ჭიან ნაწილს. შემდეგ წნეხენ, ან ხეხავენ მსხვილნახვრეტიან სახეხზე. იყენებენ ნაგულასაც. შეიძლება კანის და აგრეთვე მურაბის, კომპოტის და ა. შ. მოხარშვის დროს მიღებული ნარჩენების, ან სიდრის დამზადების დროს დარჩენილი გამონაწურის გამოყენებაც.

ამ უმი ვაშლის ფაფას შესაფერის ჭურჭელში (მომინანქრებულ ქვაბში) ათავსებენ (მოცულობით უნდა იყოს მასის შესაბამისი). უმატებენ თბილ წყალს, რომელსაც წინასწარ ადუღებენ (0, 5 ლიტრ წყალს 0, 4 კგ ვაშლის მასაზე). ყოველ ლიტრ წყალზე უმატებენ 100 გ. თაფლს, ან შაქარს და აგრეთვე (ძმარმჟავა დუღილის დასაჩქარებლად) 10 გ. პურის საფუარს და 20 გ. მშრალ შავ პურს.

ჭურჭელს ინახავენ თავღიად 20 – 30 გრდ. ტემპერატურაზე.

ძმარმჟავა დუღილს ხელს უწყობს სპირტის მცირე რაოდენობის შემცველი სითხე ( 20 გრდ. ნაკლები შაქროვანი ნივთიერებებით), რაც შეიძლება მუდმივი ტემპერატურა ( დაახლოებით 20 გრდ. ) და რაც შეიძლება მეტი ჰაერთან შეხების ზედაპირი ( აერობული ფერმენტაცია). ჭურჭელი შეიძლება იყოს მინისა (ქილა), ხისა (უსახურავო კასრი) ან მოჭიქული თიხისა.

ჭურჭელი უნდა იდგეს სიბნელეში, რადგან მზის ულტრაიისფერი სხივები ხელს უშლის დუღილს.

ფერმენტაციის პირველი სტადიის ჩასატარებლად, ჭურჭელს თბილად ინახავენ 10 დღის განმავლობაში ( 20 ტემპერატურაზე ). დღეში 2 – 3 - ჯერ ხის კოვზით ურევენ ვაშლის მასას. შემდეგ იგი გადააქვთ დოლბანდის ტომარაში და წურავენ.

მიღებულ წვენს ხელახლა წურავენ დოლბანდში. წონიან და ასხამენ ფართოყელიან ჭურჭელში.

ყოველ ლიტრ წყალზე შეიძლება დავუმატოთ 50 – 100 გ თაფლი ან შაქარი. მოვურიოთ სრული ჰომოგენიზაციის მიზნით.

ფერმენტაციის მეორე სტადიის ჩატარების მიზნით, ქილას დოლბანდს ახურავენ, თავს უკრავენ და თბილად ინახავენ დუღილის გაგასგრძელებლად.

დუღილი დამთავრებულია, როცა სითხე დაწყნარდება და დაიწმინდება.

წვენის შესაფერისად მომზადების, ტემპერატურის და ა. შ. მიხედვით ვაშლის ძმარი მდადდება 40 – 60 დღეში. შემდეგ მას ბოთლებში ასხამენ (ფილტრავენ ძაბრზე დაფარებული დოლბანდით).

ბოთლებს თავს მჭიდროდ უცობენ, უსანთლავენ და ინახავენ გრილ ადგილას.

ვაშლის ძმარი კარგია სალათებთან და სხვა კერძებთან ერთად და აკმაყოფილებს ადამიანის მოთხოვნილებას საჭმლის მჟავე დანამატზე.

დოქტორ დ. ჯარვისის მითითების თანახმად, ვაშლის ძმარი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც დიეტური საკვები პროდუქტი და როგორც თერაპევტული საშუალება სხვადასხვა მკურნალობის დროს.

0
139
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ამაზაშვილი
ლალი ამაზაშვილი
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0