x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
გაიცანით ექიმ აიბოლიტის პროტოტიპი - დიდი ჰუმანისტი ცემახ შაბადი
ვილნიუსის ერთ-ერთ ქუჩაზე დგას სკულპტურა: მოხუცი ებრაელი და პატარა გოგონა კატის კნუტით ხელში. მოხუცს პალტო აცვია, თავზე შლიაპა ახურავს, მარჯვენა ხელით ხელჯოხს ეყრდნობა, მარცხენა კი მზრუნველად უდევს გოგონას მხარზე. მისი
სიყვარულით, სითბოთი და ღიმილით აღსავსე მზერა ბავშვისკენააა მიმართული და საერთოდ, სკულპტურიდან
უსაზღვრო პოზიტივი, სიკეთე და სითბო მოედინება.




image



დამეთანხმებით, რომ მართლაც ძალიან თბილი და საოცარი სკულპტურაა, თუმცა აუცილებლად დაგებადებათ კითხვა: ვინ არიან ეს მამაკაცი და გოგონა, რომელიც მას მუდარით შესცქერის? გაიცანით-სკულპტურაზე გამოქანდაკებული მოხუცი ექიმი ცემახ შაბადია. ეს სახელი და გვარი არაფერს გეუბნებათ? - მაშინ ქანდაკებაზე ამოტვიფრული წარწერა წაიკითხეთ და ნათელი გახდება ყველაფერი. აი ეს წარწერაც: "ქალაქ ვილნიუსის მოქალაქე, ექიმ ცემახ შაბადი, რომელიც ექიმ აიბოლოტის პროტოტიპი გახლდათ". დიახ, თქვენს წინაშეა ექიმი აიბოლიტი! სწორედ ის, მთელი თავისი დიდებულებით!


ძნელად მოიპოვება ადამიანი, ვისაც ბავშვობაში ერთხელაც მაინც არ სმენია ექიმ აიბოლიტის სახელი. იმ განთქმული აიბოლიტისა, რომელიც : " ავად გამხდარს ყველას შველის, მგელია თუ შველი!", მაგრამ ალბათ ცოტამ თუ იცის მისი პროტოტიპის ნამდვილი სახელი და გვარი, ან ის, რომ ის თურმე ვილნიუსში ცხოვრობდა. არც ის გეცოდინებათ, რომ ცემახ შაბადი იყო ძალიან განათლებული პიროვნება, განსწავლული მედიკოსი და განმანათლებელი, რომლის წყალობითაც შეიქმნა საქველმოქმედო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები და რომელმაც სიკვდილს გადაარჩინა უამრავი ადამიანი, რომელთა შორის იყვნენ როგორც ბავშვები, ასევე მოზრდილებიც და ასე განსაჯეთ, შინაური ცხოველები.


ცემახ შაბადი 1864 წელს დაიბადა ვილნიუსში და აქვე გაატარა სიცოცხლის უმეტესი ნაწილი. 1881 წელს ის სასწავლებლად მოსკოვს გაეშურა, სადაც დაამთავრა უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი და მიიღო მკურნალი ექიმის და ფარმაცევტის დიპლომი. ცემახის სწავლის დამთავრებას დაემთხვა რუსეთში ქოლერის ეპიდემიის აფეთქება, ამიტომ ის სხვა კურსდამთავრებულებთან ერთად ეპიდემიის ერთ-ერთ კერაში-ტამბოვის გუბერნიის ქალაქ ასტრახანში გაგზავნეს. ეპიდემიის ჩაქრობის შემდეგ შაბადი ვილნიუსში დაბრუნდა.1905 წელს ის დააპატიმრეს რევოლუციური იდეების გაზიარებისათვის და ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს, თუმცა მალევე შეცვალეს განაჩენი და ციმბირის მაგივრად შაბადი საზღვარგარეთ გადაასახლეს. ეს გადასახლება ექიმისათვის მეტად სასარგებლო აღმოჩნდა: მან გააგრძელა მედიცინის შესწავლა ბერლინში, ვენასა და ჰეიდელბერგში. გადასახლების წლების გასვლის შემდეგ ექიმი მშობლიურ ლიტვაში დაბრუნდა და სამედიცინო საქმიანობას მიჰყო ხელი.



imageფოტოზე: ცემახ შაბადი მეუღლესთან ერთად



1926 წელს ის ლიტვის სამედიცინო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტად დანიშნეს, თუმცა შაბადის სახელი უმეტესად ქველმოქმედებითა და ფილანტროპობით გახდა ცნობილი. სწორედ მან დააარსა ლიტვაში სულ პირველად ობოლთა თავშესაფრები და გამაჯანსაღებელი ბანაკები მოზარდებისთვის.
ცემახ შაბადის წყალობით ქალაქში ორგანიზება გაეწია აქციას "რძის წვეთი", რისი დახმარებითაც გაჭირვებულ ოჯახებს, რომელთაც ჩვილები ჰყავდათ, უფასოდ ეძლეოდათ საკვები და ტანსაცმელი.



image


"დოქტორ აიბოლიტის" შემქმნელი, რუსი პოეტი და საზოგადო მოღვაწე - კორნეი ჩუკოვსკი პირადად იცნობდა ცემახ შაბადს და აი, რას წერდა იგი მასზე :
"- ეს ისეთი კეთილი ადამიანი იყო, რომლის მსგავსიც ქვეყანაზე არ არსებობს.
ღარიბი ხალხის შვილებს მუდამ უფასოდ მკურნალობდა...
აი მოდის მასთან პატარა, გამხდარი გოგონა, ის კი ღიმილით ეუბნება:
-გინდა რეცეპტი გამოგიწერო? - არა! შენ დაგეხმარება რძე! მოდი ჩემთან ყოველ დილით და მიირთვი ორი ჭიქა ქაფქაფა რძე!
თავად შემიმჩნევია, როგორი დიდი რიგი დგებოდა მის კარებთან დილაობით. ბავშვები მარტო კი არ მოდიოდნენ, თავიანთი ცხოველებიც მოჰყავდათ, რომელთაც ის უფასოდ მკურნალობდა."

პატარებს სიგიჟემდე უყვარდათ თავიანთი კეთილი მკურნალი. ავადაც რომ არ ყოფილიყვნენ, მაინც მიდიოდნენ მასთან, ემუსაიფებოდნენ, თავიანთ ბავშვურ საიდუმლოებებს უზიარებდნენ და რჩევებს ღებულობდნენ.
ექიმი მათ, როგორც დიდებს, ისე სერიოზულად ელაპარაკებოდა. არასდროს არ ამადლიდა არავის არც მათი და არც მათი საყვარელი ცხოველის მკურნალობას.
არჩენდა ძაღლებს, კატებს, მტრედებს, გოჭებს - თუმცა არასდროს არ ჰქონია ვეტერინარის დიპლომი და გამოცდილება.

ექიმი ცემახ შაბადი-იგივე ექიმი აიბოლიტი 1935 წელს გარდაიცვალა. მის ნეშტს 30 ათასამდე ვილნიუსელი მიაცილებდა, რომელთა უმეტეს ნაწილს მოზარდები და ბავშვები შეადგენდნენ.

ცემახ შაბადის შთამომავლების, ასევე ცნობილი პიროვნებების- ბალერინა მაია პლისეცკაიას და მოჭადრაკე მიხეილ ბოტვინიკის ძალისხმევით ვილნიუსში დაიდგა დიდი სულის ამ უკვდავი ადამიანის - სახალხო მკურნალის და ჰუმანისტის ცემახ შაბადის ან იგივე დოქტორ აიბოლიტის (როგორც გინდათ, ისე მოიხსენიეთ) ძეგლი.



image

0
107
5-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0