x
მეტი
  • 27.09.2020
  • სტატია:103589
  • ვიდეო:347836
  • სურათი:467973
თუთის სასარგებლო თვისებები
image

ბოტანიკური აღწერილობა. თუთის ხე, ბჟოლა (ლათ. Morus alba L.) - თუთისებრთა ბოტანიკური ოჯახის წარმომადგენელი ორსახლიანი, იშვიათად ერთსახლიანი მცენარეა. თუთის ყვავილები შეკრებილია თავაკებად ან თავთავისებრ ყვავილედებად. ნაყოფი სხვადასხვა ფერის ცრუ რთული კურკიანაა.


თუთის გვარი შეიცავს 24-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ ამირიკის სამხრეთ ნაწილში, სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ნაწილობრივ აფრიკაში.


საქართველოში იზრდება თუთის 2 სახეობა თეთრი თუთა (Morus alba) და ხართუთა (Morus nigra).



თეთრი თუთა ჩვენში უძველესი დროიდანაა მოშენებული. მის სამშობლოდ ჩინეთს მიიჩნევენ.


თუთას აშენებენ საქართველოს დაბლობ რაიონებში, აგრეთვე იზრდება გაველერებულად მთელ ქვეყანაში, განსაკუთრებით ჭალის ტყეებში. სინათლის მოყვარული და საკმაოდ გვალვაგამძლეა ეტანება ღრმა, ნოყიერ ნიადაგს.


ბუნებრივ პირობებში თუთა ცოცხლობს 200-300, იშვიათად 500 წელს. ამრავლებენ თესლით, კალმით, მყნობითა და გადაწვენით.


თუთის ნაყოფს, რომელიც 10% და მეტ შაქარს შეიცავს, იყენებენ საკვებად (როგორც ნედლს, ასე გამხმარს), აგრეთვე სხვადასხვა საკვები პროდუქტისა და არყის დასამზადებლად. მერქანს იყენებენ სადურგლო საქმეში.


ქართველი სელექციონერებმა გამოიყვანეს და წარმოებაში დანერგეს თუთის მაღალპროდუქტიული ჯიშები: "თბილისური", "ქუთათური", "ივერია", "ჰიბრიდი-2" და სხვა, რომლებიც შედარებით უკეთ იტანენ თუთის სახიფათო დაავადებას, წვრილფოთოლა სიხუჭუჭეს.


ხართუთა მოშენებულია ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც აგრეთვე გაველურებულად გვხვდება ჭალის ტყეებში. ნაკლებ ყინვა და გვალვაგამძლეა, ფოთოლი აბრეშუმის ჭიის საკვებად უვარგისია. მისი სამშობლოა წინა აზია.


გამოსაყენებელი ნაწილი. ფოთოლი და მწიფე ნაყოფი.


ქიმიური შემადგენლობა. ნაყოფში - 9% ინერტული შაქარი, 2, 4 % ორგანული მჟავები, პექტინები, მღებავი ნივთიერებები, ვიტამინები: C, B1 და სხვა; ფოთოლში - ასპარაგინის მჟავა, ადენინი, გლუკოზა, ვიტამინი C და სხვა.


ფარმაკოლოგიური მოქმედება. ფოთოლს გააჩნია ოფლმდენი და დამარბილებელი მოქმედება; ნაყოფს - ჭიის საწინააღმდეგო, მატონიზირებული და საფაღარათო მოქმედება. ხოლო ფესვს კი აქვს ანტიჰელმინტოზური და საფაღარათო თვისებები.


გამოყენება მედიცინაში. ნაყოფი გამოიყენება ცხელების საწინააღმდეგო, დიზინტერიის, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულის დროს, ფოთოლი - სიცხისდამწევ საშუალებად გაციებისას, აგრეთვე ეპილეფსიის დროს.


წითელი თუთა სასარგებლოა სისხლის გასაწმენდად, თეთრი თუთა - ნერვული სისტემის მოსაწესრიგებლად.


თუთა არის ერთ-ერთი საუკეთესო ატიოქსიდანტი. ჩინურ მედიცინაში თუთა დღემდე გამოიყენება კიბოს საწინააღმდეგო ერთ-ერთ საშუალებად, გარდა ამისა ეფექტურია სისხლის შედედების წინააღმდეგაც.


წინააღმდეგ ჩვენება. თუთა ყველას ორგანიზმში გლუკოზის დონეს ამცირებს, რაც მის უარყოფით თვისებას ხაზს უსმევს.


ნაყენის დამზადების წესი. 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ახალ ან მშრალ ნაყოფს ასხავენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, აჩერებენ 4 საათს და წურავენ დოლბანდის 3 – 4 ფენაში.


მიღება: 1/3 – 1/4 ჩაის ჭიქა 3-4 ჯერ დღეში ჭამის წინ.


ნახარშის მომზადება. 1 სუფრის კოვზ ფოთლებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა ცხელ წყალს, ადუღებენ წყლის ორთქლის აბაზანაზე 10 -15 წუთი, აცივებენ, ფილტრავენ დოლბანდის 2 – 3 ფენაში და მიიყვანენ მოცულობას საწყისს დონემდე გამოხდილი წყლით.


მიღება. 1/4 - 1/3 ჩაის ჭიქა 3 – 4 ჯერ დღეში ჭამის წინ.


ავტორი: ლალი ამაზაშვილი


0
667
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ამაზაშვილი
ლალი ამაზაშვილი
667
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0