x
image
მანანა თურმანიძე
ვაქცინაცია - ჩიპიზაციის პანიკა და ვირუსის განახლებადი სტატისტიკა
image



ვიდრე მსოფლიო, კოვიდ-19-ით დაპაუზებული ეკონომიკის გადარჩენის გზებზე მსჯელობს და ვირუსის არაპროგნოზირებადობის მიუხედავად, არსებული შეზღუდვების შემსუბუქების აუცილებლობის წინაშე დგას, შემთხვევების რიცხვი იზრდება. მთლიანად, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 5 მილიონს უახლოვდება, გარდაცვლილთა რიცხვმა კი 300, 000-ს გადააჭარბა, გამოჯანმრთელებულია 2 მილიონზე მეტი პაციენტი.


ამ წუთისათვის, დაავადების შემთხვევათა რაოდენობის მიხედვით, ქვეყნების პირველი ათეული ასე გამოიყურება - პირველ ადგილზეა აშშ, მეორეზე - ესპანეთი, მესამე ადგილი დაიკავა რუსეთის ფედერაციამ, მეოთხე - გაერთიანებულმა სამეფომ, მეხუთეზეა ბრაზილია, მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა იტალიამ, მეშვიდეზე - საფრანგეთმა, მერვეზე - გერმანია, მეცხრეზე - თურქეთი, მეათეზე - ირანი.


საბედნიეროდ საქართველოში უკეთესი სურათია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ჭარბობს ინფიცირებულთა რაოდენობას, რაც ჩვენი მედიკოსების და საზოგადოების ერთობლივი დამსახურებაა.


მსოფლიო კვლავაც სამკურნალო საშუალების და ვაქცინის მოლოდინშია, სტატისტიკა კი ყოველწამს იცვლება და ჯერჯერობით მზარდია.



სამწუხაროდ, ჭორები ვირუსზე სწრაფად ვრცელდება, მითუმეტეს ინტერნეტში და მითუმეტეს "ჟამიანობისას". როგორც ყოველთვის, ახლაც გავრცელდა ბევრი ჭორი, გამოგონილი და ყალბი ამბები. მიზანი ზოგჯერ უბრალოდ მოცლილი ადამიანების ონავრობაა, ხშირად კი - კარგად გამიზნული კონსპირაციული თეორია, რომლისგანაც რაიმე გამორჩენას მოელიან. სამწუხაროდ, ისინი არც თუ იშვიათად აღწევენ მიზანს, რადგან ადამიანი მიდრეკილია სენსაციური ამბებისკენ, ამიტომ ბევრი წამოეგება ანკესს და იჯერებს ამ შეთხზულ ისტორიებს, რასაც მოჰყვება ხოლმე ისტერია.


კონსპირაცია ადამიანების ჩიპიზაციის შესახებ ძირითადად სხვადასხვა ტაბლოიდური მედიასაშუალებების და რუსულენოვანი ვებ-გვერდების მიერ ვრცელდება, რომლებიც შეთქმულების თეორიების მოყვარულ მკითხველზეა გათვლილი და მცდარ ინფორმაციას შეგნებულად "ასაღებს". მაგალითად, Конец света ერთ-ერთი რუსულენოვანი ვებ-გვერდია, რომელიც სხვადასხვა ცრურწმენებსა და კონსპირაციულ ისტორიებს ავრცელებს. ასეთი ვებ-გვერდები უხვად არის ინტერნეტში და მათ მიერ გავრცელებული კონსპირაციების დაჯერება არ არის გონივრული. ამ კონსპირაციებს თუ ავყვებით, მაშინ უარი უნდა ვთქვათ, მაგალითად, სენსორულ ეკრანებზე, რომლებიც გვაქვს მობილურ ტელეფონზე, მათ ესეც ეშმაკისეულ გამოგონებად მიაჩნიათ. მსგავსი ინფორმაციები, რომლებსაც ადამიანები ხშირად იჯერებენ და ავრცელებენ, თურმე ნუ იტყვით, ზოგჯერ საპირველაპრილო ხუმრობებია.


ადამიანი გონიერი არსებაა, ამიტომ უპრიანია, რომ არ ავყვეთ პანიკას და ჭორებს, თავი შევიკავოთ კონსპირაციული ისტორიების ისტერიისგან, გავაანალიზოთ და თვალი გავუსწოროთ რეალობას. რაც შეეხება ჩიპების ისტერიას, ჩვენ ასეთივე პანიკა ერთხელ უკვე ვიხილეთ ელექტრონული პირადობის მოწმობების გამო. კითხვა ჩნდება, მოწმობა ელექტრონული მატარებლით თუ ეშმაკისეულია, მაშინ რატომ მიიღეს ეკლესიის მსახურებმა, ასე რომ არ იყოს, მათ ხომ არ ექნებოდათ საზღვრის გადაკვეთის და საზღვარგარეთ მოგზაურობის საშუალება, რომელსაც ხშირად მიმართავენ, ვერც მობილურებით ისარგებლებდნენ და ვერც სკაიპით, ვაიბერით თუ სოციალური ქსელებით, ისინიც ხომ ოდესღაც ეშმაკის გამოგონებად მიიჩნეოდა.


აღმოჩნდა, რომ ბევრმა არ იცის, რა არის ჩიპი, რომელიც მათ უკვე ისედაც აქვთ მობილურში, იქნება ეს SAMSUNG-ის თუ Apple –ის სისტემური ჩიპები. ასე რომ არანაირი ჩიპიზაციის საჭიროება აღარ არსებობს, თქვენ, თქვენი "ჩიპი", მუდამ თან დაგაქვთ. თუკი ვინმეს თქვენი გაკონტროლების სურვილი გაუჩნდა, ეს შესაძლებელია თქვენი მობილურის საშუალებითაც მოხდეს. და კიდევ, არ არის გონივრული იმის დაჯერება, რომ მთელი მსოფლიო ამ პანდემიის ინსცენირებას თამაშობს, რომ ყველა ექიმი, პაციენტი, მეცნიერი თუ პოლიტიკოსი, მთელს მსოფლიოში, თქვენს მოსატყუებლად ხარჯავენ ამდენ დროს, ფულსა და ენერგიას, რომ იქნებ, როგორმე მოტყუვდეთ. კითხვა ჩნდება - რისთვის, რა მოგება აქვთ, ვის რაში სჭირდებით? დღეს მსოფლიო ძალიან პრაგმატულია, ასე, რომ ეს არაგონივრული თეორია მგონია, რომელიც საშინელებათა ფილმის სცენარს უფრო წააგავს, ვიდრე რეალობას.


ვირუსი კი, ჩვენგან განსხვავებით, ჭორებზე არ რეაგირებს, ის განაგრძობს მის მზაკვრულ საქმეს და ჯერ კიდევ გავრცელების სტადიაშია. თუმცა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მეცნიერები მუშაობენ გამოსავალზე - სამკურნალო საშუალებაზე და ვაქცინაზე, რომელთა სხვადასხვა ვარიაციები კვლევის და ტესტირების სტადიაშია. არც ერთი მათგანი არ არის მზად საბოლოო რეალიზაციისთვის, მაგრამ, სავარაუდოდ მალე იქნება და ეს პანდემიაც, როგორც მრავალი სხვა დაძლეული საფრთხე, ისტორიას ჩაბარდება.


ჩვენ კი, მანამდე მოგვეთხოვება ვიყოთ სწორად ინფორმირებულები, მხოლოდ სანდო წყაროებიდან, არ ავყვეთ პანიკას, ვიზრუნოთ ჩვენს იმუნიტეტზე, დავიცვათ ჰიგიენის, ჯანსაღი ცხოვრების და სოციალური დისტანცირების წესები და ვიყოთ მზად ბოლომდე, წარმატებით გავუმკლავდეთ პანდემიის გამოწვევებს.


ჯანმრთელობას გისურვებთ!



0
165
1-ს მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0