x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ვენახთან დაკავშირებული კუთხური რიტუალები, რომელიც დღეს დავიწყებულია

image



ყველას კარგად მოგვეხსენება, ვენახს ქართველებისათვის რამხელა მნიშვნელობა ქონდა, მას ბავშვივით უვლივდნენ, ზრდიდნენ, ესიყვარულებოდნენ. ბევრი რიტუალია ვენახთან დაკავშირებული, რომელიც, სამწუხაროდ, მივიწყებულია.



მაგალითად - ვენახის ლოცვა, ეს არის ვაზის კულტთან დაკავშირებული რაჭული წეს-ჩვეულება, რომელიც სრულდებოდა ბოსლობას, ყველიერის წინა კვირის შაბათს. დიასახლისი აცხობდა „ლერწის განატეხს“ – ქადიან ან ყველიან მრგვალ პურს, რომელსაც ზედაპირზე რელიეფურად მტევნები ჰქონდა გამოსახული. ჯერ კიდევ ცხელი განატეხი, ზედაშე და ზანდურის კონა ოჯახის უფროსს ვენახში მიჰქონდა, კონას ხარდანზე ჩამოაცვამდა და იტყოდა:



„ადენითა მტევნები მეიბას ჩვენმა ლერწებმა“; შემდეგ ღვინოს რომელიმე ვაზის ძირს მიასხურებდა და დაილოცებოდა: „ღმერთო, მამულის ანგელოზო, კაი ძირ-ფესვი, ძალა და ღონე მიეცი ჩვენს ვენახს“.





რაჭის ზოგიერთ სოფელში „ვენახის ლოცვა“ დიდმარხვის პირველ კვირას, თედორობაზე იცოდნენ. საღამოს, ვახშმამდე, გამოაცხობდნენ ნიგვზიან სამ სართვიანს: ერთს – ყურძნის მტევნის მსგავსს, შუაში ჯვარდასმულს, რომელსაც „მამულის განატეხი“ ერქვა, მეორეს – უღელგამოსახულ კალოკევრისას, მესამეს – „ხელკავიანი“ საცეხვლისა. სამივე განატეხს, ზედაშეს და ზანდურის კონას ოჯახის უფროსი მამაკაცი ვენახში წაიღებდა და იქვე ვაზის ძირში ილოცებდა:



„ღმერთო, მიეცი ჩვენს ლერწებს კაი მტევანი, ნოღავი, კაი მოსვლა, ააშორე კოხი და ყოლიფერი ცუდი“. კოროლს (ზანდურის კონას) ხარდანს ჩამოაცვამდა და ღვინოს ვაზის ძირს მიასხამდა, შემდეგ დარჩენილ ზედაშეს, სათანადო ლოცვით, კალოსა და საცეხველზე დაასხურებდა.



ვაზის კულტთან დაკავშირებული რიტუალია ასევე ვენახის დარკინვა (რაჭულ-ლეჩხუმური წეს-ჩვეულება) ნაგვირგვინევი კაცი ვაზის ძირში ძველ წალდის ან სასხლავის ნატეხს ჩაფლვადა. რაჭაში იგი ყველიერის შაბათს, ხოლო ლეჩხუმში დიდმარხვის პირველ დღეს – შავ ორშაბათს – სრულდებოდა. ლეჩხუმში კვირა საღამოს, გარდა ვენახისა, რკინავდნენ ხეებსაც – ტანზე რკინის იარაღს შემოუკაკუნებდნენ. შემდეგ ყველა იარაღს (რკინისას) დამალავდნენ და მეორე საღამომდე ხელს არ ახლებდნენ. შავი ორშაბათის საღამოს ილოცებდნენ, ჟივჟინასა და ვაჟინას შესანდობარს შესვამდნენ და რკინას „გახსნიდნენ“: იარაღის ხმარება იმ ღამესვე შეიძლებოდა. ამ დღეს არც უქმობდნენ და არც განატეხს აცხობდნენ.



აუცილებლად უნდა აღინიშნოს კახური საახალწლო რიტულური პურები, ვაზის ბედისკვერი – ჭიგო-სარის, სარზე შემოხვეული ვაზის, ქვევრის მოყვანილობის პურები. მას აცხობდნენ ყურძნის მოსავლის სიუხვის დაბედების მიზნით. საახალწლო საკვლევარზე მოთავსებული კვერებით დილით მეკვლე ეზოს შემოივლიდა, სახლში შემოვიდოდა, დაილოცებოდა, შემდეგ ვენახის კვერებს ვენახში შეიტანდა, სანთელს აანთებდა და დაილოცებოდა, კვერს ვაზთან გადატეხავდა, ღვინოს დალევდა და კვერსაც იქვე შეჭამდა.

1
181
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
181
  
2020, 25 მაისი, 14:34
ღვინო ცოცხალი ორგანიზმია, როგორც მოექცევი ისეთი გამოვა ;
თუ რთველი ოჯახში დავიდარაბასა და დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს ღვინოც შესაბამისად ან გაცუჭრდება, ან ცუდი სიმთვრალე და საშინელი ნაბახუსევი ექნება.
0 1 1