x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
განწყობის ფსიქოლოგია ყოველდღიურობაში
დიმიტრი უზნაძე: ღატაკნი მიტომ ვართ ...

ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანების მიერ განხორციელებული ესა თუ ის ქცევა ბევრ რამეს ჰფენს ნათელს. ხშირშემთხვევაში ადამიანები უნიბლიეთ, ცნობიერი დაკვირვების გარეშე, ასრულებენ მოქმედებებს, რომლებიც მათ მოცემულ გარემოში ადაპტაციისთვის ეხმარება. ადამიანების მიერ განხორციელებულ ყოველდღიურ ქცევებს თავისი მოტივი და საფუძველი გააჩნია. ქცევის მოტივის დაკმაყოფილების გამო ინდივიდი იწყებს ქცევის განხორციელებას და სწორედ აქ ისმევა კითხვა, ინდივიდის მიერ დაწყებულ ყველა ქცევას აქვს თუ არა დასრულების პოტენციალი? ამაზე ერთმნიშვნელოვნად ვერ ვისაუბრებთ. ძალიან ხშირად ქცევა ფერხდება თავად ადამიანების მიერ, ანუ თავად ინდივიდი აჩერებს მის მიერ დაწყებულ ქცევას სხვადახვა მიზეზის გამო. ჩვენ ვსაუბრობთ სოციალური ზემოქმედებისა და მე-ს ობიექტივაციაზე, გამომდინარე აქედან ინდივიდის მიერ დაწყებული ქცევა თავად ინდივიდმა შეიძლება შეაჩეროს მხოლოდ იმიტომ რომ ეს ქცევა მის პიროვნულ საზომებს ეწინააღმდეგება, ინდივიდმა ასევე შეიძლება შეწყვიტოს დაწყებული მოქმედება, რადგანაც სუბიექტის აქტივობა მხოლოდ თავის მოთხოვნილებებზე დამოკიდებული აღარაა, მას სხვა ადამიანები და გააზრებული სინადვილეც განსაზღვრავს, რასაც ინდივიდი შეგნებულად უწევს ანგარიშს (ნადირაშვილი, 1985). გვქონია თუ არა ასეთი შემთხვევა ყოველდღიურ ცხოვრებაში? რა თქმა უნდა დიახ, ჩვენ პირადსა და სხვის გამოცდილებაში ასეთ შემთხვევებს მრავლად შევხვდებით, მაგრამ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი ყოველდღიურად?

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ადამიანი ყველა მის დაწყებულ ქცევას წარმატებით არ ან ვერ ასრულებს. ინდივიდს ხშირად უჩნდება დანაშაულის განცდები, როცა ისეთ საქმიანობას ახორციელებს, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის მის შინაგან ბუნებასთან (ნადირაშვილი, 1985). სოციალური ზემოქმედების ობიექტივაციის შემთხვევაში პროცესი მსგავსად მიმდინარეობს, მხოლოდ ქცევის შეფერხების მიზეზი არა პიროვნული საზომი, არამედ სოციალური გარემო და სხვა ადამიანებია. „მე“-ს ობიექტივაციის ყოველდღიურ კონტექსტში უკეთ გასაგებად, კარგი მაგალითია ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების „სტუმარ-მასპინძლის“ პერსონაჟის, ჯოყოლა ალხასტაიძის, ქცევა. მის სურვილს, მოეკლა ძმის მკვლელი, სძლია მისმა პიროვნულმა მე-მ, მან შეაჩერა მისი ქცევა - მოეკლა ადამიანი, რადგან ეს მის შინაგან ნორმებს არ შეესატყვისებოდა. ასევე სოციალური ობიექტივაციის ფენომენი ყოველდღიურ ცხოვრებაში უკეთ რომ დავინახოთ, გავიხსენებ ფილმ „მანდარინებში“ მიმდინარე სიუჟეტს; ჩეჩენი პერსონაჟი, მიუხედავად ქართველზე შურისძიების ძლიერი სურვილისა, ითვალისწინებს ივოს თხოვნას - არ მოკლას მის სახლში შეფარებული ქართველი, აქ ჩეჩენი შეგნებულად უწევს ანგარიშს სოციალურ გარემოს, რომელიც ამ შემთხვევაში ივოს სახით გვევლინება.

გამომდინარე აქედან, ჩვენს ყოველდღიურობაში ხშირია ასეთი სახის ქცევითი შეფერხებები, თუმცა მათ ნაკლებ ყურადღებას ვუთმობთ.


ფსოქოლოგია: განწყობის ფსიქოლოგია

როგორც მაგალითებიდან ჩანს ადამიანები გააზრებულად აჩერებენ თავიანთ ქცევას, თუმცა საინტერესოა როგორ ხდება შეწყვეტილი ქცევის წარმატებით დასრულება. ქცევის დასრულებას ობიექტივაციის მექანიზმი უწყობს ხელს, რაც გულისხმობს იმის გამორკვევას თუ რატომ არის ეს ქცევა მიუღებელი, რა უშლის მის გაგრძელებას ხელს, რატომ აღძრავს იგი მისი შემდგომი გაგრძელების ხელისშემშლელ ინტენსიურ განცდებს (ნადირაშვილი, 1985). ინდივიდი აღმოაჩენს, რომ ქცევის ხელისშემშლელი მოვლენა, რომელიც საშუალებას არ აძლევს მას წარმატებით გააგრძელოს დაწყებული ქცევა, ერთ შემთხვევაში ეს არის მისი „მე“ და მეორე შემთხვევაში სოციალური გარემო და ნორმები. საბოლოოდ უნდა გადაწყდეს რა უნდა ჩაითვალოს ამ დროს ბუნებრივად, მისაღებად და მიზანშეწონილად (ნადირაშვილი, 1985). თუკი ადამიანი მეგობრის დახმარებისათვის გადაწყვეტს იქურდოს და მოქმედების დაწყების მომენტში შეაჩერებს მის ქცევას, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ეს ქცევა მის პიროვნულ მე-ს ეწინააღმდეგება, ობიექტივაციის შედეგად კი ინდივიდი რაციონალური გზებით შეეცდება მეგობრის დახმარებას. ამ მაგალითს სოციალური ზემოქმედების ობიექტივაციის ფარგლებშიც მარტივად გამოვიყენებთ, თუკი ვივარაუდებთ, რომ ინდივიდმა ქცევა მხოლოდ იმიტომ შეაჩერა, რომ სოციალურ გარემოში არსებობს ნორმები, რომლებიც ეწინააღმდეგება „ქურდობას“, როგორც დევიანტურ ქცევას.

აქედან გამომდინარე, ვხედავთ, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში მრავლადაა ასეთი შემთხვევები, ობიექტივაცია კი გვეხმარება ჩვენი ქცევის წარმატებულად დასრულებაში.

ჩვენს ყოველდღიურ ქცევებზე დაკვირვება და მათი ანალიზი უფრო ნათელს გახდის იმ ფენომენებს, როგორებიცაა „მე-ს ობიექტივაცია“ და „სოციალური ზემოქმედების ობიექტივაცია“. რომ შევაჯამოთ ზემოთთქმული შეგვიძლია დასკვნის სახით ვთქვათ, რომ ყოველდღიური ცხოვრება სავსეა ისეთი ქცევებით, როდესაც ადამიანები აჩერებენ თავიანთ ქმედებებს, ასეთი საქციელის მოტივი კი ბევრი რამ არის. სოციალურმა ფაქტორებმა, როგორიც შეიძლება იყოს სოციალური ნორმები და პირუვნულმა ფაქტორებმა, როგორიცაა პიროვნული ნორმები, ადამიანს შესაძლოა ქცევის შეჩერებისაკენ უბიძგოს, თუ რა თქმა უნდა განსახორციელებელი ქცევა ეწინააღმდეგება ინდივიდის პიროვნულ/სოციალურ ნორმებს. თეორიის ფარგლებს თუკი გავცდებით და ყოველდღიურ სიტუაციაში დავიწყებთ მსგავსი ქცევების მოძებნას, საკუთარ ქცევებსა და სხვების ქმედებებშიც მარტივად წავაწყდებით ასეთ შემთხვევებს. ზემოთხსენებული მაგალითებიდან ნათლად ჩანს, რომ მსგავსი ტიპის ქმედებები ჩვენი ყოველდღიური რუტინის მნიშვნელოვანი ნაწილია. ვიმედოვნებ მომავალში მხოლოდ თეორიის ფარგლებში არ დარჩება რიგი საზოგადოება და თეორიებს ყოველდღიურ ცხოვრებას მოარგებენ, დაკვირვებისა და ანალიზის საფუძველზე კი ყველა თეორიას მკაფიოდ დაინახავენ ყოველდღიურობაში.

0
36
შეფასება არ არის
ავტორი:დეა დიხამინჯია
დეა დიხამინჯია
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0