x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
შავი პოლკოვნიკები: ევროპის უკანასკნელი სამხედრო დიქტატურა
image


გასული საუკუნის 60-იანი წლების მეორე ნახევრისთვის მსოფლიო პოლიტიკაში მტკიცე აზრი დამკვიდრდა იმის შესახებ, რომ ევროპაში ახალი სამხედრო რეჟიმების გამოჩენა შეუძლებელი იყო. პორტუგალიასა და ესპანეთში სალაზარისა და ფრანკოს რეჟიმების მზე ჩადიოდა, თანაც, მათ ყველა წარსულის გადმონაშთებად აღიქვამდა. სწორედ ამ დროს საბერძნეთში რთული პოლიტიკური მდგომარეობა სუფევდა.


1965 წლის ზაფხულში პოლიტიკური არასტაბილურობისა და შეუწყვეტი გაფიცვების ფონზე გეორგიოს პაპანდრეუს კაბინეტი გადადგა. დაიწყო კრიზისი, ვერც ერთი მთავრობა ვერ ახერხებდა ხელისუფლების შენარჩუნებას, ხოლო კარს მომდგარი არჩევნები ქვეყანას რევოლუციას უქადდა. ასეთი მდგომარეობით ჯარმა ისარგებლა, 1967 წლის 21 აპრილს გადატრიალება მოახდინა და დიქტატურა დაამყარა. რეჟიმის მეთაური პოლკოვნიკი გეორგიოს პაპადოპულოსი გახდა. ყველა პარტია აიკრძალა, დემოკრატიული უფლებები და კონსტიტუცია გაუქმდა, პარლამენტი დაიშალა. დაახლოებით 5 ათასი მემარცხენე გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. 1967 წლის 13 დეკემბერს მეფე კონსტანტინემ კონტრგადატრიალება სცადა, მაგრამ დამარცხდა და იტალიაში გაიქცა. საბერძნეთსა და მსოფლიოში სამხედრო მთავრობას "შავი პოლკოვნიკების რეჟიმი" (უფროსი ოფიცრების სააღლუმო ფორმის ფერის მიხედვით) შეარქვეს.


საკუთარი პოლიტიკური პროგრამისა და იდეოლოგიის წყალობით, "შავმა პოლკოვნიკებმა" ხელისუფლება 7 წლით შეინარჩუნეს, რაც წინა დიქტატურული წყობილებებისგან დადებითად განასხვავებდათ. ამ დროის განმავლობაში მათ მთელი რიგი გარდაქმნები განახორციელეს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკასა და ფინანსებზე, დემოგრაფიულ ვითარებაზე, განათლების სისტემასა და სახელმწიფო-ეკლესიის ურთიერთობაზე დადებითად აისახა.



რეჟიმის იდეოლოგია რევოლუციურ რიტოტიკასა და ტრადიციულ ღირებულებებს აერთიანებდა. რეჟიმის მთავარი ლოზუნგი იყო - "საბერძნეთი - მართლმადიდებელი ბერძნებისთვის". არსობრივად "შავი პოლკოვნიკების" რეჟიმი ბიზანტიის იმპერიის - დიადი მართლმადიდებლური ბერძნული სახელმწიფოს აღდგენის თავისებურ მცდელობას წარმოადგენდა.


"პოლკოვნიკები" საკუთარ თავს ეროვნულ-რევოლუციურ მთავრობას უწოდებდნენ, ხოლო საკუთარ რევოლუციას 1821 წლის ეროვნულ-განმანთავისუფლებელ რევოლუციასთან აიგივებდნენ. მაშინ ბერძნებმა თურქთა ბატონობისგან დამოუკიდებლობა მოიპოვეს. რეჟიმის იდეოლოგთა აზრით ეროვნულ აღორძინებას დიდი საბერძნეთის მშენებლობით მიაღწევდნენ - ეკონომიკურად დამოუკიდებელი და პოლიტიკურად მდგრადი სახელმწიფოსი, რომელიც მსოფლიოში მიმოფანტული ბერძნული დიასპორისთვის გეოპოლიტიკურ ცენტრად იქცეოდა.


მართლმადიდებლობა და ეკლესია არამხოლოდ რეჟიმის იდეოლოგიაში იკავებდნენ ძალიან დიდ ადგილს, არამედ პოლიტიკურ პროგრამაშიც. ეკლესია მოიაზრებოდა სულიერი კრიზისიდან გამოყვანის მთავარ ინსტრუმენტად და სახელმწიფო ინვესტიციების მნიშვნელოვან ობიექტად. სახელმწიფო ეკლესიების მშენებლობაზე ფულს არ ზოგავდა, განსაკუთრებით საზღვრისპირად რაიონებში სადაც შერეული მოსახლეობა იყო. 1971 წელს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი რევოლუციის 150 წლისთავის აღსანიშნად სამხედრო რეჟიმმა მაცხოვრის ტაძრის მშენებლობა დაიწყო, რომლის აგებაც ჯერ კიდევ 1829 წელს უნდოდათ რევოლუციის მონაწილეებს მადლობის ნიშნად.


მართალია "შავი პოლკოვნიკები" თვლიდნენ, რომ საბერძნეთი - ორი სამყაროს (ევროპა და აზია) შვილია, მაგრამ ისინი სხვა სამხრეთევროპული და ლათინოამერიკული დიქტატურების მსგავსად იქცეოდნენ. სალაზარის პორტუგალიისა და ფრანკოს ესპანეთის მსგავსად მათ დასაყრდენს ეკლესია წარმოადგენდა. ისინი მოქალაქეთა ყოველდღიურ ცხოვრების წესს უაზროდ კარნახობდნენ: აკრძალეს როკ-მუსიკა, მოკლე კაბების და ჯინსების ტარება ქალებისთვის, გრძელი თმის ტარება მამაკაცებისთვის, ასევე მარხვის დღეებში ხორცის გაყიდვა. უნივერსიტეტებში სწავლება ძველ ბერძნულ ენაზე მიმდინარეობდა, რომელიც თანამედროვე ბერძნებს ცუდად ესმოდათ. როგორც სულითხორცამდის სამხედროები ისინი ვერ იტანდნენ დემოკრატიასა და საზოგადო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას, ხოლო ქვეყანას ყაზარმასავით აღიქვამდნენ.


ამასთანავე, ესპანეთისა და პორტუგალიისგან განსხვავებით «შავი პოლკოვნიკები» ოლიგარქიასა და არისტოკრატიას ემტერებოდნენ, რადგან სახელმწიფოს მეთაური გეორგიოს პაპადოპულოსი და მისი თანამებრძოლები ჩვეულებრივი ოჯახებიდან იყვნენ გამოსულები. "შავმა პოლკოვნიკებმა" მართლაც წარმატებებს მიაღწიეს ეკონომიკის სფეროში, მათი მმართველობის ხანაში მისი ზრდა ყოველწლიურად 8 %-ს შეადგენდა. უმუშევრობამ მკვეთრად იკლო, მშრომელთა ცხოვრების დონე საგრძნობლად უმჯობესდებოდა. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა. გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებისა და დრაქმის სტაბილიზაციის წყალობით ქვეყანაში ეკონომიკის ახალი, აქამდე არ არსებული ან მივიწყებული სფეროები გაჩნდა. მთავრობამ პერიფერიების ინდუსტრიალიზაციას მიაღწია - აქამდე მრეწველობის 80% ათენსა და სალონიკზე მოდიოდა. განვითარდა სოფლის მეურნეობა. მანამდე კი მთავრობამ 7, 5 მილიარდი დრაქმის ოდენობის ვალი ჩამოაწერა გლეხებს. ქვეყანა სწრაფი ტემპებით ვითარდებოდა.


აღსანიშნავია, რომ 1973 წლის გაზაფხულამდე რეჟიმის ოპოზიციას, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის ქვეყნებისა და სოციალისტური ბანაკის მხარდაჭერა ჰქონდა, არ გააჩნდა ძლიერი ბირთვი. კომუნისტები მოსკოვიდან, პრაღიდან და აღმოსავლეთ ბერლინიდან იღებდნენ დახმარებას, სოციალისტები - გფრ-დან, შვედეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან, ლიბერალები კი - აშშ-დან და საფრანგეთიდან. თუმცა 6 წლის განმავლობაში საბერძნეთში სერიოზულ საპროტესტო ტალღები არ ყოფილა. მემარცხენეებმა ტერორისტული ქმედებების განხორციელებაც ვერ შეძლეს მსგავსად იმისა, რასაც იმ წლებში დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და ფრგ-ში ჰქონდა ადგილი. ყველაფერი ეს რეჟიმის სიმტკიცეზე მიუთითებს. მაგრამ ვითარება 1973 წლის ნოემბერში შეიცვალა. დედაქალაქელმა სტუდენტებმა დემოკრატიის მოთხოვნით პოლიტექნიკური უნივერსიტეტის შენობაში ბარიკადები აღმართეს და გამაგრდნენ. უნივერსიტეტის შტურმმა, რომელსაც თან მსხვერპლი მოჰყვა, მთელი მსოფლიო შეძრა.


სისხლისღვრის შემდეგ რეჟიმი აგონიაში ჩავარდა. 1974 წელს "პოლკოვნიკები" დანებდნენ: საბერძნეთში დაბრუნდნენ მიგრანტები, ციხეებიდან პოლიტ-პატიმრები გამოვიდნენ, ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც ცენტრისტულმა პარტიამ-ახალმა დემოკრატიამ" გაიმარჯვა.


ასეთ ვითარებაში რეჟიმმა პატარა ავანტიურაზე წასვლა გადაწყვიტა, რომელსაც "პოლკოვნიკების" იმიჯი უნდა გაეუმჯობესებინა და ხალხის მხარდაჭერა მოეტანა. რეჟიმის ლიდერებმა გადაწყვიტეს კვიპროსის შემოერთება, რომლის მოსახლეობის უმეტესობას ეთნიკური ბერძნები წარმოადგენდნენ. 1974 წლის 15 ივლისს სამხედროებმა ქვეყნის პრეზიდენტი არქიეპისკოპოსი მაკარიოს III გადააყენეს. ამ ავანტიურამ ცუდი შედეგები იქონია. კუნძულის თურქი მოსახლეობის დასაცავად კვიპროსზე თურქული არმიის დანაყოფები შეიჭრნენ. ნატოს ორი ქვეყანა ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე აღმოჩნდა. კონფლიქტის თავიდან აცილება მოხერხდა, თუმცა უწინ ერთიანი კვიპროსის გაერთიანება აგერ უკვე ნახევარი საუკუნეა ვეღარ ხერხდება. მიუხედავად მთელი რიგი ეკონომიკური წარმატებებისა, კვიპროსის ავანტიურის კრახმა "შავი პოლკოვნიკების" ავტორიტეტი საბოლოოდ დასცა. მათ წინააღმდეგ ფაქტობრივად ყველა პოლიტიკური ძალა გაერთიანდა.


1974 წლის აგვისტოში სამხედროები იძულებულნი იყვნენ ხელისუფლება სამოქალაქო მთავრობისთვის გადაეცათ. პაპადოპულოსი, იოანიდისი, მაკარეზოსი და პატაკოსი დააკავეს და სასამართლოს გადასცეს, რომელმაც მათ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. მოგვიანებით განაჩენი უვადო პატიმრობით შეიცვალა.


დღეს არც ერთი რეჟიმის ლიდერი ცოცხალი აღარაა. უკანასკნელი ვინც ამ ქვეყნიდან წავიდა სტილიანოს პატაკოსი იყო, რომელიც 2016 წლის ოქტომბერში 103 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან ოფიციალურად მოინანია ჩადენილი, რის გამოც 1990 წელს საპატიმრო დაატოვებინეს. დანარჩენმა ლიდერებმა დანაშაული არ მოინანიეს და ცხოვრების უკანასკნელი წუთები ციხეში გაატარეს.

0
187
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0