x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
კეისარი უნდა მოკვდეს?
image

რას გააკეთებდით, ქვეყანას ტირანიის საფრთხე რომ ემუქრებოდეს?


რომ დაგენახათ ერთი ადამიანი, რომელიც ზედმეტად დიდ ძალაუფლებას იხვეჭს, შეაჩერებდით?


მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი არის თქვენი უახლოესი მეგობარი...



ეს შეკითხვები აწუხებდა რომაელ სენატორს - მარკუს იუნიუს ბრუტუსს ქრ.შ-მდე 44 წელს, ანუ იმ წელს, როცა იულიუს კეისარი მოკლეს. ბრუტუსისთვის ეს ბრძოლა არ ყოფილა უბრალოდ პოლიტიკურ მოტივებზე დამყარებული, ეს პირადული ომიც იყო.


ბრუტუსი ერთ-ერთი იყო იმ რჩეულთაგან ვინც რომის რესპუბლიკის იდეას ემხრობოდა და ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რათა ძალაუფლება ერთის ხელში არ გადასულიყო.


იულიუსის ძალა და პოზიციები კი დღითიდღე იზრდებოდა და მყარდებოდა. წლების განმავლობაში ის წარმატებით ლაშქრობდა და ტრიუმფით შედიოდა რომში, რამაც ყველაზე მდიდარ ადამიანად აქცია. როცა მისი მოწინააღმდეგე - პომპეუსი საბოლოოდ დაამარცხა სამოქალაქო ომში, სწორედ მაშინ ავიდა პიკში თავისი ძალაუფლება. კეისრის გამარჯვებებმა და ინიციატივებმა, მაგალითად ისეთმა, როგორიცაა ღარიბთათვის მიწის გადაცემის რეფორმა, დიდი პოპულარობა მოუტანა ხალხში, შედეგად მიიღო სენატორების დიდი მხარდაჭერა და პატივისცემა. აუგეს ძეგლები, ტაძრები, თვესაც კი მისი სახელი უწოდეს, ბევრი რომ არ გაგვიგრძელდეს, იულიუს კეისარმა მიიღო დიქტატორის წოდება. სწორედ ამის ეშინოდა სენატორთა იმ ნაწილს, რომელთა წინაპრები აქტიურად იბრძოდნენ მონარქიის წინააღმდეგ რომში.


შეთქმულთა ჯგუფი, რომლებიც ლიბერატორებად იწოდებოდნენ, მსჯელობდნენ მკვლელობის გეგმებზე. მათი ლიდერი იყო სენატორი გაიუს კასიუს ლონგინუსი და მისი სიძე - ბრუტუსი. შეთქმულებაში მონაწილეობა არ ყოფილა მარტივი გადაწყვეტილება, მითუმეტეს მაშინ, როცა კეისარი გულმოწყალედ მოექცა ბრუტუსს, რომელიც სამოქალაქო ომის დროს პომპეუსის მხარეს იბრძოდა. თან ეს არ ყოფილა უბრალო შეწყალება, ომის შემდეგ უახლოეს მრჩევლად და მეგობრად მიიღო იულიუსმა ბრუტუსი.


ბრუტუსი ყოყმანობდა, ვინაიდან კეისარი შვილივით ექცეოდა მას. კასიუსმა ბევრი არწმუნა და უჩიჩხინა, საბოლოოდ შიშმა გაიმარჯვა. 15 მარტს, შეთქმულებმა წრე შემოარტყეს იულიუს კეისარს და დაჩეხეს დანებით, მათ შორის იყო ბრუტუსიც. არავინ იცის შეამჩნია თუ არა კეისარმა ის, ისიც არ ვიცით, შექსპირის ფრაზა "შენც ბრუტუს?" მართლა თქვა თუ არა, გადმოცემის მიხედვით მას არაფერი უთქვამს, ზოგიერთი ვერსიის თანახმად კეისრის უკანასკნელი სიტყვებია - "შენც ბავშვო?". მაგრამ ყველა გადმოცემა ერთ ფაქტს მაინც ადასტურებს - როცა იულიუსმა შეთქმულთა შორის ბრუტუსი იხილა, სახეზე ხელები აიფარა და ბრძოლას თავი დაანება, უბრალოდ დანებდა...


ბრუტუსისდა სამწუხაროდ, შეთქმულების შემდეგ ყველაფერი ისე არ დასრულდა როგორც იგეგმებოდა. იულიუსის სიკვდილს დიდი შფოთი მოჰყვა ხალხში, შეთქმულები კაპიტოლიუმში გამაგრდნენ, მარკუს ანტონიუსმა კი მგზნებარე სიტყვა წარმოსთქვა კეისრის გასვენების დღეს. რამაც უფრო აანთო და შეაგულიანა ხალხი, შედეგად შეთქმულნი განიდევნენ რომიდან. ძალების დისბალანსმა და ერთგვარმა მმართველობითმა ვაკუუმმა სამოქალაქო ბრძოლების მთელი სერია გამოიწვია, რომელშიც ბრუტუსი დამარცხდა და მოკვდა.


ირონიული კი ისაა, რომ შეთქმულების საბოლოო მიზანი არ გამართლდა და შედეგი განსხვავდებოდა რადიკალურად. კეისრის მკვლელობასთან დაკავშირებული აზრები, თავიდანვე ორად იყო გაყოფილი, ბრუტუსი კი თავიდანვე შუაში იჭეჭყებოდა. ამ ისტორიული ფიგურის შესახებ აზრები დღესაც გაყოფილია, დანტეს ჯოჯოხეთში, ის ყველაზე ღრმად არის, თვით სატანის ხახაშია. თანამედროვე ავტორებმა კი სხვანაირად წარმოაჩინეს ბრუტუსი. თანამედროვე გააზრების მიხედვით ბრუტუსი არის დიქტატურის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანი.


კითხვები და პასუხები ეპოქასთან ერთად იცვლება, აგრეთვე იცვლება ნარატივი და რიტორიკა, მაგრამ უმთავრესი შეკითხვა მაინც საუკუნეებს გადასწვდა: რა არის თავისუფლების ფასი? - ეს არის კონფლიქტი პერსონალური ერთგულებისა და უნივერსალური იდეალების დაპირისპირება. ამ დაპირისპირების გაუაზრებელი შედეგები დღესაც გვაწუხებს თანამედროვე სამყაროში და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ სტატიის დაწერა ძვირფასო მკითხველო. დავფიქრდეთ, რა ღირს თავისუფლება...


























0
480
შეფასება არ არის
ავტორი:დემეტრე დგვეფაძე
დემეტრე დგვეფაძე
480
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0