x
მეტი
  • 15.07.2020
  • სტატია:101527
  • ვიდეო:346707
  • სურათი:465400
მაჩუ-პიქჩუდან ვარძიამდე - მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებული უნიკალური რელიგიური ნაგებობები
მსოფლიოში ადამიანის ხელით შექმნილი უამრავი უნიკალური ძეგლია. თითოეული მათგანის უკან ისტორიის ასეულობით, ზოგჯერ კი ათასეულობით წელი დგას. ხავსით დაფარული უძველესი ქვის კედლები, აზრობრივი მოზაიკით მორთული ულამაზესი იატაკი, გენიალური მხატვრების ხელით მოხატული ჭერები - ადამიანები ყოველთვის ზრუნავდნენ თავიანთი სიწმინდეების დასაცავად და გასალამაზებლად.



image


მაშ ასე, თქვენს წინაშეა ადამიანის ხელით შექმნილი უნიკალური რელიგიური ნაგებობები.


მაჩუ-პიქჩუ, პერუ



image


ინკების ცნობილი ქალაქი მე-15 საუკუნეში აშენდა. მაჩუ-პიქჩუ (ინკების ენაზე "ძველი მწვერვალი") განლაგებულია კუსკოს მაღალი მთების ხეობებში, რომელიც გადაჰყურებს პერუს წმინდა ველს. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ქალაქი აშენდა, როგორც ინკების ერთ-ერთი იმპერატორის პაჩაკუტუს მამული. მისი მშენებლობა ინკებმა დაახლოებით 1400 წელს დაიწყეს, ერთი საუკუნის შემდეგ კი, როგორც უკვე ინკების იმპერატორის ოფიციალური რეზიდენცია, ესპანელი კონკისტადორების გამოჩენის დროს მიატოვეს. მიუხედავად იმისა, რომ მის შესახებ ადგილობრივთათვის ცნობილი იყო, დანარჩენმა სამყარომ მასზე 1911 წლამდე არაფერი იცოდა, სანამ ინკების ქალაქი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში ამერიკელმა ისტორიკოსმა, იელის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰირამ ბინგემმა არ მოაქცია. ამის შემდეგ მაჩუ-პიქჩუ მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდა. შენობათა უდიდეს ნაწილს რესტავრაცია ჩაუტარდა, რათა უფრო თვალნათელი გამხდარიყო, თუ როგორ გამოიყურებოდა მაჩუ-პიქჩუ თავდაპირველად. 1976 წლისთვის ძეგლის 30% უკვე აღდგენილი იყო. აღდგენითი სამუშაოები დღემდე გრძელდება. საგულისხმოა, რომ ინკების დაპყრობის დროს, მაჩუ-პიქჩუს შესახებ ესპანელთათვის არაფერი იყო ცნობილი, შესაბამისად იგი შედარებით ხელუხლებლადაა შემონახული, რაც მის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. 1981 წელს იგი პერუს ისტორიულ ნაკრძალად გამოცხადდა, 1983 წელს კი იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. 2007 წელს საერთაშორისო ინტერნეტ-გამოკითხვაში მაჩუ-პიქჩუ მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებას შორის დაასახელეს.



შეიხ ზაიდას მეჩეთი, არაბთა გაერთიანებული ემირატები


image



ეს ყველაზე დიდ მეჩეთია არაბთა გაერთიანებულ ემირატებში და სიდიდით მეშვიდეა მსოფლიოში არსებულ მეჩეთებს შორის. შენობა შენდებოდა 1996-2007 წლებში და დღემდე ითვლება მსოფლიოს მუსულმანთა ერთ-ერთ მთავარ სამლოცველო ცენტრად.



წმინდა ოჯახის ტაძარი, ესპანეთი


image



წმინდა ოჯახის ტაძრის" არქიტექტორული განსაკუთრებულობა ცნობილი არქიტექტორის ანტონიო გაუდის დამსახურებაა. ტაძრის მშენებლობა დაიწყო 1882 წელს და მისი დასრულება იგეგმება 2026 წელს, ამის გამო ის გაუდის შემოქმედებაში ყველაზე გრძელვადიანი მშენებარე პროექტია. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ტაძარის მშენებლობა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, არის ის, რომ "წმინდა ოჯახის ტაძრის" ასაშენებლად შემოსავლებს მხოლოდ შემოწირულობით აგროვებდნენ.



მესკიტაორდობა, ესპანეთი


image


ტაძარი მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტაძრად და არქიტექტურულ კომპლექსად ითვლება. განსაკუთრებულს ამ ტაძარს კი ის ხდის, რომ აქ განთავსებულია ქრისტიანული ტაძარი და მეჩეთი ერთად. 784 წელს აშენებული მეჩეთი კათოლიკეებმა დაიპყრეს 1236 წელს და ის რომაულ-კათოლიკურ ეკლესიად გადააკეთეს. მესკიტა მავრიტანული არქიტექტურის ყველაზე მნიშვნელოვან ძეგლად ითვლება. მან სამჯერ შეიცვალა სტატუსი: თავდაპირველად რომაული ტაძარი არაბების დაპყრობის შემდეგ მეჩეთად გადაკეთდა, ხოლო შემდგომ კორდობის ეპარქიის კათოლიკურ ქრისტიანულ ტაძრად, რომელიც ღვთისმშობლის მიძინებას ეძღვნება. ტაძრის თავდაპირველი სახე, სამწუხაროდ, დღევანდელობას არ შემორჩა, მაგრამ დღეს აქ შეგიძლიათ ნახოთ გოთიკის, რენესანსის და ბაროკოს ზეიმი. კორდობის ტაძარი დღემდე მოქმედია. მისი სტუმრობისას თქვენს თვალწინ გადაიშლება ისლამური და დასავლური კულტურის ჰარმონიული შეთავსება.



წმინდა პეტრეს ტაძარი, რომი


image



წმინდა პეტრეს ტაძარი (იტ. Basilica di San Pietro in Vaticano) — რომის (ვატიკანის ჩათვლით) ოთხ მთავარ ბაზილიკათა შორის რანგით მეორე ტაძარი და მსოფლიოში უდიდესი ქრისტიანული ტაძარია. მას 23000 მ² ფართობი უჭირავს და 60000 ადამიანს იტევს. ტაძარი ქრისტიანობის ერთ-ერთ უწმინდეს ადგილად ითვლება და აქ არის დაკრძალული პეტრე მოციქული (რომლის სახელსაც თავად ტაძარი ატარებს), იესოს თორმეტ მოციქულთაგანი, ანტიოქიის პირველი ეპისკოპოსი და მოგვიანებით რომის პირველი ეპისკოპოსი. მიუხედავად იმისა, რომ ახალი აღთქმა პეტრეს რომში ყოფნას ან იქ წამებას არ ასახელებს, ძველი ტრადიციით მიიჩნევა, რომ მისი სამარხი ტაძრის საკურთხევლის ქვეშ იმყოფება. ამ მიზეზით მრავალი პაპი, პირველის ჩათვლით, ამ ადგილას იმარხება. თანამედროვე ბაზილიკის მშენებლობა დაიწყო 1506 წლის 18 აპრილს, ხოლო დასრულდა 1626 წელს. მის ადგილას უწინ კონსტანტინიანეს ბაზილიკა მდებარეობდა.



ანგკორ-ვატი, კამბოჯა


image


ანგკორ-ვატი ყველაზე დიდი ბუდისტური სამონასტრო კომპლექსია მთელ მსოფლიოში. კჰმერის (ძველი კამბოჯა) მეფემ სურიავარმან II-მ ტაძარი მე-12 საუკუნეში ააგო. ინდუისტური ტაძარი კამბოჯაში, ანგკორ-თომის მახლობლად მდებარეობს და ის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საკულტო ნაგებობაა. კომპლექსი აგებულია ღმერთ ვიშნუს სახელზე 1112-1152 წლებში, სურიავარმან II-ის დროს, რომელიც, სავარაუდოდ, აქვე უნდა იყოს დაკრძალული. XV საუკუნიდან ტაძარი აღარ მოქმედებს. ანგკორ-ვატის კოშკების სილუეტი გამოსახულია კამბოჯის ეროვნულ გერბზე. კომპლექსის ფართობია 2 კვადრატული კილომეტრი.

ანგკორ-ვატის მშენებლობას მეფე სურიავარმან II მას შემდეგ შეუდგა, რაც მან პოზიციები გაიმყარა სამხედრო კამპანიის, დიპლომატიისა და მტკიცე შინაგანი ადმინისტრაციის დახმარებით. სურიავარმანმა კჰმერის მეფეთა ტრადიცია დაარღვია და (სავარაუდოდ ინდოეთის გავლენით, სადაც ამ დროს ვიშნაიზმი წამოვიდა წინ) ტაძარი ვიშნუს მიუძღვნა (და არა შივას). XIII ს-დან კი ტაძარი ბუდისტურია.



ბაიონ სიემ რიპის ტაძარი, კამბოჯა


image


კჰმერული კულტურის კიდევ ერთი ძეგლი ბაიონ სიემ რიპის ტაძარი აგებული იქნა მე-12 საუკუნის დასასრულს. მისი მთავარი უნიკალურობა მდგომარეობს მასიური ქვის სკულპტურებში, რომლებიც შენობის მრავალრიცხოვან კოშკებზეა განთავსებული.



აღდგომის ტაძარი, სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი


image



ქრისტეს აღდგომის სახელობის ეს ცნობილი ტაძარი ანუ როგორც მას უწოდებენ, ტაძარი სისხლზე, აშენებულია ზუსტად იმ ადგილზე, სადაც სასიკვდილოდ დაჭრეს იმპერატორი ალექსანდრე II. მოქმედი მართლმადიდებლური ტაძარი მდებარეობს სანკტ-პეტერბურგში, შემოვლითი არხის სანაპიროზე, ვარშავის ვაგზალთან ახლოს. ტაძარი აგებულია 1904-1905 წლებში, ფსევდორუსულ სტილში.

ტაძარს აქვს სამი საკურთხეველი. მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ქრისტეს აღდგომის სახელზე, ჩრდილოეთისა -ალექსანდრე ნეველის, ხოლო სამხრეთისა -ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე.



ბორობუდურის ტაძარი, ინდონეზია


image



ეს უნიკალური სამონასტრო კომპლექსი საკმაოდ მაღალი მთის მთელ მწერვალს იკავებს. ბორობუდურის ტაძარი უნიკალურია თავისი საფეხურობრივი სტრუქტურით და ქვებზე გასაოცარი ხელოვნებით გაკეთებული წარწერებითა და ნაყშებით: მათ აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით.



ტაჯ-მაჰალი, ინდოეთი, აგრა


image



ტაჯ-მაჰალი თეთრი მარმარილოს მავზოლეუმია ინდოეთში, რომელიც 1632-1653 წლებში აშენდა მოგოლთა იმპერატორის, შაჰ-ჯაჰანის მიერ თავისი მეუღლის, მუმთაზ მაჰალის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად.
თაჯ-მაჰალი სამხრეთ აზიის რეგიონში, ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ აგრაში მდებარეობს. იგი აღმართულია მდინარე იამუნას დაბლობში. ისტორიული წყაროების მიხედვით, ტაჯ-მაჰალი შაჰ-ჯაჰანმა მიუძღვნა თავის მეუღლეს - მუმთაზ მაჰალს, რომელიც 1631 წელს მე-14 შვილის, გაუჰარა ბეგუმის მშობიარობას გადაყვა. მავზოლეუმის მშენებლობა 1632 წელს დაიწყო. აღნიშნული მავზოლეუმი უნდა ყოფილიყო შაჰ-ჯაჰანის უზარმაზი სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატულება ცოლისადმი. ტაჯ-მაჰალი მიჩნეულია მოგოლთა არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად. იგი ფართოდ არის აღიარებული, როგორც მუსლიმური ხელოვნების "მარგალიტი" ინდოეთში და ერთ-ერთი საყოველთაოდ აღმაფრთოვანებელი შედევრი მსოფლიო საგანძურისა. ამ სტილში გაერთიანებულია სპარსული, ოტომანურ- თურქული და ინდური არქიტექტურის ელემენტები. ტაჯ-მაჰალი 20 წელი შენდებოდა, მასზე მუშაობდა 20 000-ზე მეტი მუშა. ძვირფასი ქვები და ძვირადღირებული საშენი მასალა ჩამოჰქონდათ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ჩინეთიდან, ირანიდან, რუსეთიდან, სიამიდან... ამ არაჩვეულებრივი ქმნილების სიმაღლე 74 მეტრს აღწევს, სიგანე კი - 56-ს. დიდი გუმბათის დიამეტრი 17 მეტრია. კუთხეებში 4 მინარეთია აღმართული. კედლები თეთრი მარმარილოთია მოპირკეთებული. სრულყოფილი ფორმების ტაჯ-მაჰალი მნახველს აკვირვებს თავისი დეტალებით – ხის კოხტა ორნამენტებით, აჟურული ჩარჩოებით და ფერადი ქვებით. ტაჯ-მაჰალი ულამაზესი ინტერიერითაც გამოირჩევა, რითაც ასევე ათასობით მნახველს აოცებს.



პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი


image



პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი 2019 წლის 15 აპრილს კატასტროფულმა ხანძარმა მოიცვა. ცეცხლმა ტაძრის სახურავი გაანადგურა და საგრძნობლად დააზიანა შიდა ფასადი. უნიკალური არქიტექტურის მქონე ტაძარს 850 წელი ახლახანს შეუსრულდა. მის სანახავად პარიზში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩადიან და ის დღემდე გოთიკური სტილის უბადლო ნიმუშად ითვლება. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მრავალი ქრისტიანული რელიკვია ინახება, მათ შორის არის ქრისტეს ეკლის გვირგვინი, ჯვრის ფრაგმენტი და ლურსმანი. როგორც ცნობილია, გვირგვინი ხანძარს გადაურჩა, რადგან სპეციალურ საცავში ინახებოდა. გარდა ამისა, თითქმის ყველა რელიკვია, რომელიც ტაძარში ინახებოდა, რესტავრაციის დაწყების წინ გაიტანეს. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები, სავარაუდოდ, რამდენიმე წლის მანძილზე გაგრძელდება.



ვარძიის სამონასტრო კომპლექსი, საქართველო

image



ვარძიის გამოქვაბულთა ანსამბლი მდებარეობს ასპინძიდან 30 კმ - ზე, მტკვრის მარცხენა ნაპირზე. ვარძია - ესაა მონასტერი - სიმაგრე. ის მდებარეობს ზღვის დონიდან 1300 მ სიმაღლეზე. კომპლექსის სიგრძე 900 მ - მდეა, განლაგებულია იარუსებად 100 მ სიმაღლეზე. იარუსების რაოდენობა 3 - დან 13 - მდეა. მასში 600 - ზე მეტი სათავსოა. აქ არის სატრაპეზოები, სენაკები, საკუჭნაოები, დამხმარე სათავსოები, 25 მარანი 185 ქვევრით.

ვარძიის მშენებლობა დაიწყო მეფე გიორგი III -მ და დაამთავრა მისმა შვილმა - თამარ მეფემ, რომელმაც მას თავდაპირველი სამხედრო ციხე-სიმაგრის დანიშნულება შეუცვალა და უზარმაზარ გამაგრებულ მონასტრად წარმოგვიდგინა.

ანსამბლი ძირითადად 1156 - 1203 წლებში შეიქმნა, აკურთხეს 1185 წლის 15 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების სახელზე. მშენებლობითი სამუშაოები შემდეგშიც მიმდინარეობდა.

ვარძიის კომპლექსში 15 ეკლესიაა. მათგან მთავარია ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. აქ შემორჩენილია კედლის შესანიშნავი მხატვრობა, რომელიც ვინმე გიორგის შესრულებულია. კედელზე გამოსახულნი არიან გიორგი III, თამარ მეფე და სხვა დიდებულები. თამარის შემორჩენილი ოთხი პორტრეტიდან ესაა ყველაზე ადრეული, თამარის ახალგაზრდობის სურათი, რომელიც 1186 წელს უნდა იყოს შესრულებული. აქვეა ღვთისმშობელი ყრმით ხელში, თორმეტი მოციქული, სახარების ციკლის სცენები და სხვა.

XIII - XIV საუკუნეთა მიჯნაზე აშენებული სამრეკლო, შემკული ორნამენტებით. კარიბჭის ფართო თაღი ერთადერთი და მთავარი არქიტექტურული ელემენტია მონასტრის ფასადის გაფორმებაში. სათავსოს დასამშვენებლად გამოყენებული ყოფილა გამომწვარი თიხის მოჭიქული ფერადი ფილები.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ვარძიაში ჯერ ტურისტული ბაზა, 1983წ. კი მუზეუმი დაარსდა. 1989 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ვარძიაში აღდგა ღვთისმსახურება, ხოლო 1999 წლიდან კი განახლდა სამონასტრო ცხოვრება.სამწუხაროდ, ვარძიის კომპლექსი დღეს მეტად მძიმე მდგომარეობაშია და საჭიროებს სასწრაფო რესტავრაციას.

მიუხედავად იმისა, რომ დროთა სვლაში დაინგრა, დაიშალა და განადგურდა ვარძიის კომპლექსის დიდი ნაწილი, იგი დღესაც აოცებს მნახველებს თავისი გრანდიოზულობითა და სინატიფით.

2
424
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
424
  
13 მაისი, 12:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

11 მაისი, 15:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2