x
image
მანანა თურმანიძე
ევროპა გამარჯვების დღეს აღნიშნავს
image

ევროპაში II მსოფლიო ომში გამარჯვების 75 წლის იუბილე კორონავირუსის ჩაკეტვის ფონზე აღინიშნება


ევროპის ლიდერები ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლის იუბილეს შეზღუდული მასშტაბის ცერემონიებით აღნიშნავენ, რადგან კონტინენტის დიდი ნაწილი კორონავირუსის გამო ჩაკეტილ მდგომარეობაში იმყოფება.


დიდი ბრიტანეთი ორწუთიანი დუმილით მიაგებს პატივს ომში დაღუპულებს, მოგვიანებით კი დედოფლის მიმართვა გადაიცემა.


მცირე ცერემონიებს ასევე მართავენ საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები, ემანუელ მაკრონი და ანგელა მერკელი.



ნაცისტური გერმანიის დამარცხების აღსანიშნავად ასევე ტარდება სხვა ღონისძიებები, მაგრამ დიდი შეკრებები აკრძალულია.


ევროპაში გამარჯვების დღის საიუბილეო თარიღი უნდა ყოფილიყო ფერადი, სახალხო ზეიმი ომის ვეტერანებისთვის, რომლებმაც ევროპა გაათავისუფლეს ნაციზმისგან, მაგრამ ეს ვეტერანები ახლა კორონავირუსის შეზღუდვების გამო არიან ჩაკეტილები.


1945 წლის 8 მაისს ბრიტანეთმა და მისმა მოკავშირეებმა ოფიციალურად მიიღეს ნაცისტური გერმანიის უპირობოდ დანებების ცნობა, თითქმის ექვსი წლის ომის შემდეგ.


მაგრამ ამ თარიღით მეორე მსოფლიო ომი არ დასრულებულა, რადგან იმპერიული იაპონია არ დამარცხებულა მოკავშირეების მიერ 1945 წლის აგვისტომდე.


პრეზიდენტმა მაკრონმა პარიზში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო - ცერემონია დახურული იყო ყველასთვის, გარდა ოფიციალური პირების მცირე ჯგუფისა.


რამოდენიმე დამსწრე მკაცრად იცავდა საზოგადოებრივი დისტანცირების წესებს, ხოლო მცირე სამხედრო გუნდი მღეროდა მარსელიეზას.


პრეზიდენტმა მაკრონმა დაიწყო ცერემონია ომში თავისუფალი საფრანგეთის ძალების ლიდერის, გენერალ შარლ დე გოლის ძეგლის გვირგვინით შემკობით. მხოლოდ რამდენიმე ოფიცერი და თანაშემწე ესწრებოდნენ ცერემონიას, გარშემორტყმულნი ცარიელი ქუჩებით.


საფრანგეთი მარტის შუა რიცხვებიდან მკაცრი ჩაკეტვის რეჟიმში იმყოფება, ორშაბათს კი იწყებს ნანატრ შემსუბუქებას, თუმცა ეს შემსუბუქება რეგიონული განსხვავებებით ხასიათდება. პარიზი და ჩრდილო–აღმოსავლეთი ინფექციის ცხელი წერტილებია.



კანცლერი მერკელი ასევე უძღვება ცერემონიას გერმანიის ომის ცენტრალურ მემორიალთან. ბერლინის მაცხოვრებლებს უპრეცედენტო სახალხო დღესასწაული მიეცათ, თუმცა ეს დანარჩენი ქვეყნის მასშტაბით არ ვრცელდება.


მსგავსი დღესასწაული, რომელიც ცნობილია როგორც გამარჯვების დღე, 9 მაისს იმართება ყოფილი საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში, უკრაინასა და ბელორუსში.


მეორე მსოფლიო ომმა 50 მილიონზე მეტი სიცოცხლე შეიწირა, რომელთაგან დაახლოებით 25 მილიონი საბჭოთა სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ.


75 წლის იუბილე სხვა მნიშვნელოვან მოვლენას დაემთხვა, რადგან კორონავირუსმა 250 000-ზე მეტი სიცოცხლე შეიწირა, 3.5 მილიონზე მეტი დააზარალა და ეკონომიკურმა მღელვარებამ მოიცვა მთელი მსოფლიო.


არსებობს ისეთი მასშტაბური ეკონომიკური სამაშველო პაკეტების მოწოდებები, როგორიც იყო აშშ – ს მარშალის გეგმა, რომელმაც დააჩქარა ევროპის აღდგენა ომის შემდეგ.


მიუხედავად ამისა, არსებობს შიშები, რომ ამ კრიზისმა შესაძლოა მსოფლიო ღრმა რეცესიაში ჩააგდოს.


შაბათს, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, დაგეგმილი ჰქონდა დიდი აღლუმის გამართვა მოსკოვში, რომელსაც უნდა დასწრებოდნენ პრეზიდენტი მაკრონი და ჩინეთის პრეზიდენტი ზი ჯინპინგი. მაგრამ ღონისძიება, 15 000 – ზე მეტი სამხედროს მონაწილეობით, კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.


ამის ნაცვლად, გაიმართება საჰაერო ძალების აღლუმი და პუტინი ყვავილებით შეამკობს ომის მემორიალს მოსკოვში, წითელი მოედნის მახლობლად.


წყარო: https://www.bbc.com/news/world-europe-52585652

0
54
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0