x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
გოგონა აფხაზეთიდან 7

image
ადიცა ჩემოდნით ხელში ქუჩაში გავიდა, თებერვლის სუსხიანი ამინდი იყო, თოვლის ფიფქები დაფარფატებდნენ ცაში და უკვალოდ ქრებოდნენ, ადამიანები ჩქარი ნაბიჯებით დადიოდნენ, სიცივე ძვალსა და რბილში ატანდა, ქუჩაში ისევ იგრძნობოდა გაჭირვება, ღიმილს იშვიათად თუ დაინახავდი... ადიცა მიდიოდა და ვერაფერს გრძნობდა, ვერც ის დაინახა, თუ როგორ გაუწოდა ხელი სიცივისგან ყურებაწითლებულმა უპატრონო ბიჭმა და დახმარება სთხოვა. ასე ჩემოდნით ხელში იარა გაურკვევლად, უმისამართოდ, როცა დაიღალა ავტობუსის გაჩერებაზე გრძელ სკამზე ჩამოჯდა - თვალებით ერთ წერტილს მიაშტერდა, შემდეგ უცებ თითქოს გამოცოცხლდა, ცრემლიანი თვალები მოიწმინდა, ადგა და წავიდა. ესმამ სახლის კარი გააღო და ზღრუბლს იქეთ მდგარი ატირებული ადიცა დაინახა. მაშინვე სახლში შეიყვანა და წყალი დაალევინა. - რა მოხდა ადიცა, ხომ მშვიდობა გაქვს? სად არის ზურა? ერთი ამოსუნთქვით უამრავი კითხვა დაუსვა ესმამ, ხელი მოჰკიდა ატირებულ მეგობარს - ჯერ ჩემოდანი გამოართვა, იქვე კუთხეში დადო და შემდეგ სავარძლზე დასვა, თვითონაც გვედით მიუჯდა. - რა მოხდა აღარ იტყვი? ხომ მშვიდობა გაქვს?! ადიცამ ძლივს გასარკვევად ამოილაპარაკა. - ზურას დავშორდი. ისევ ტირილს უმატა, თან გულისრევაც იგრძნო და საპირფარეშოსკენ გაიქცა. ესმა დაედევნა. ადიცამ სახეზე წყალი შეისხა და უკან გამობრუნდა, ისევ სავარძელში ჩაჯდა. - დღეს ქალი მოვიდა და იცი რა მითხრა? - რა გითხრა ასეთი? - ის, რომ თურმე ის და ზურა საყვარლები ყოფილან. - ეს როგორ? იქნებ გატყუებს ის ქალი, ნუ დაიჯერებ. ზურას დაელაპარაკე, ჰკითხე, რა ხდება. - არა, რა აზრი აქვს? მე მისი ნახვა აღარ მსურს, მორჩა! - მოიცა, დაწყნარდი, ახლა აღელვებული ხარ, დამშვიდდი და ისე მიიღე გადაწყვეტილება, ჯერ დაწვრილებით მომიყევი, რა მოხდა, შემდეგ ზურას დაველაპარაკოთ, არ მჯერა, რომ შენს გარდა სხვა ქალი ჰყავდეს, მას ისე ძალიან უყვარხარ შენ! - ჰმ, რა ვუყვარვარ ესმა! მნახა უპატრონო გოგო და ჩემი მოტყუება განიზრახა, სულ მიგძნობდა გული, რომ რაღაც არ იყო ისე და აი ყველაფერი დღეს დავინახე თვალნათლივ, მორჩა! მასზე არ დამელაპარაკო... - კარგი დამშვიდდი, თავი ხელში აიყვანე ადიცა, მე დღეს არ წავალ სამსახურში, სახლში დავრჩები, ბავშვები სკოლაში არიან. ზურა რომ დაგიწყებს ძებნას, ხომ იცი? ჩემთან მოვა პირველად ან დამირეკავს! - არ უპასუხო. - კარგი, არ ვუპასუხებ, მაგრამ აქ რომ მოვიდეს, რა ვქნათ? - კარი არ გავუღოთ, არა მგონია თავი შეიწუხოს ჩემი მოძებნით, მას უკვე ჰყავს სხვა, თანაც დიდი ხანია. მე ვიყავი მის ცხოვრებაში ზედმეტი და წამოვედი. - ეს გულის რევა რატომ გაქვს ადიცა, ხომ არ მოიწამლე? - არ ვიცი, ამ დილიდან დამეწყო, ალბათ მაწყინა რამემ, გამივლის. - კარგი! მოდი, შენ დაისვენე, ახლა განერვიულებული ხარ, იქნებ დაგეძინოს დამშვიდდი, მერე ვისაუბროთ, წამოდი ჩემს საძინებელში დაგაწვენ. როგორც იქნა, მოახერხა ადიცამ დაძინება, მაგრამ მალევე გაიღვიძა, ძილში ხან სოხუმში იყო, ხან კიდევ ჭუბერის გზაზე, რომელიც პატარა გოგონასთან ერთად გამოიარა. - ალბათ ამიტომ დავისაჯე, რომ ვერ გავუფრთხილდი და დავკარგე თამარი, ვერ შევასრულე ჩემი სიტყვა, ნეტავ სად ხარ ჩემო პატარავ? უკვე ლაპარაკიც გეცოდინება. ახლა ჩამახუტა შენთან, თუნდაც ერთი წუთით და მერე სამუდამოდ დავტოვო ეს ქვეყანა! გიორგი, ჩემო პირველო სიყვარულო, შენ ასე სასტიკად არ მომექცეოდი ვიცი, ვერ გამიმეტებდი ღალატისთვის! აი, მე, როგორც კი გამოჩნდა მამაკაცი ჩემს ცხოვრებაში, მაშინვე დაგივიწყე და გიღალატე, დავივიწყე, გესმის?! შენი სიყვარული, დავივიწყე, ერთად გატარებული ლამაზი დღეები დავივიწყე, სწორედ, რომ ღირსი ვარ ასეთი ტანჯვის! აღარაფერი აღარ მაკავებს აქ, მე დავბრუნდები სოხუმში, რადაც არ უნდა დამიჯდეს, რა მინდა აქ, მაგრამ როგორ შეგხედო თვალებში, თუ შენ ისევ მელოდები და არ დაგიტოვებია სოხუმი, არა, არა, რაღაც უნდა მოვიფიქრო და გამოსავალი ვიპოვო! ამ ფიქრებში იყო ადიცა, როცა გულის რევა დაეწყო, წამოდგა საწოლიდან და საპირფარეშოში წავიდა, სახეზე ცივი წყალი შეისხა და უკან გამობრუნდა, სამზარეულოში ესმა საჭმელს ამზადებდა. - შენ მე მგონი ფეხმძიმედ უნდა იყო, სხვა ახსნას ვერ ვპოულობ, ეგრე რომ ხარ. - ყველზე ცუდი ახლა რაც შეიძლება იყოს, კიდევ ჩემი ფეხმძიმობაა და ძალიან გთხოვ ეს არ თქვა. - მე არ ვიტყვი მაგრამ, ფაქტი სხვა რამეს გვეუბნება, ამიტომ კარგად დაფიქრდი, ზურასთან ნუ გაიფიჭებ ურთიერთობას ვიღაც ქალის გამო, გაარკვიე ყველაფერი. - მოიცა რა, წინასწარ ნუ გამოგაქვს დასკვნა? - კარგი, როგორც გინდა. ამ საუბარში ესმას ტელეფონმა გაიწკრიალა. ზურა რეკავდა. - არ უთხრა, მე რომ აქ ვარ . - შენ რომ არ მითხრა, მე არ ვიცი რა ვუპასუხო? - გისმენ, ზურა? - ესმა, ადიცა შენთან არის? - არა, ჩემთან არ არის, ხომ მშვიდობაა?! - არაფერი არ ვიცი, ვურეკავ და ტელეფონზე არ მპასუხობს. სახლში არ არის, მაგიდაზე კონვერტით ფული დევს, ვერ გავიგე, ეს ფული საიდან არის აქ, ან ადიცა სად წავიდა... - მე ვერაფერს გეტყვი, აუცილებლად გამაგებინე, რომ გამოჩნდეს. ტელეფონი გათიშა და ადიცას მიუბრუნდა. - ცუდად არის ბიჭი, აგეხსნა ყველაფერი, როგორ შეიძლება ასე გაურკვევლობაში დატოვო ადამიანი?! - არაფრის ახსნას არ ვაპირებ და თუ ასე დამიწყებ, ავდგები და აქედანაც წავალ. - სად წახვალ, დამშვიდდი, მე კარგი მინდა შენთვის! ადიცას დილაობით თავბრუს ხვევები დაეწყო. რამდენიმე დღეში მისთვის ცნობილი გახდა, რომ ფეხმძიმედ იყო, ეს კიდევ სიხარულის ნაცვლად ტკივილის და დარდის მომტანი გამოვიდა მისთვის - სურდა ბავშვი მოეცილებინა, მაგრამ ესმამ არ მისცა ამის უფლება! - შენ დედა უნდა გახდე და არ გაქვს უფლება შენ შვილს, შენ თვითონ გამოუტანო განაჩენი და მოკლა - ცოდვას ნუ დაამატებ ცოდვას, ნუ დაიმძიმენ გულს, იქნებ, ეს ბავშვი იყოს შენი მომავალი ცხოვრების ნათელი წერტილი, იქნებ ამ ბავშვით შეძლო აპატიო ზურას ღალატი?! - ზურა აღარ მიხსენო! - როგორ უცებ შეგიძლია ადამიანი მოიცილო გულიდან, მან რამდენი კარგი რამ გააკეთა შენთვის, ნუთუ დაგავიწყდა, როგორ გედგა გვერდით, როცა სულ მარტო იყავი, აბა დაფიქრდი, რა იქნებოდა შენი ცხოვრება მის გარეშე?! - ის ყოველ დღე მირეკავს და გეძებს, ცუდად არის უშენოდ, აპატიე, მან ისიც კი არ იცის, რატომ წამოხვედი მისგან. - მისთვის სასჯელი უნდა იყოს ეს ყველაფერი, მორჩა! არ მესაუბრო ზურაზე, ის წარსულს ჩაბარდა, არ მინდა მისი გახსენება. - შენი ნებაა, მე ყველა შენს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მაგრამ კარგად დაფიქრდი, რაც შეეხება ბავშვს, ჩემი თხოვნაა, არ მოიცილო, თორემ ვიცი ძალიან ინანებ ამას! ... ადიცა ესმასთან დარჩა. სამსახურში უკვე ვეღარ დადიოდა, რთული ფეხმძიმობა ჰქონდა. ზურა ყოველ დღე ესაუბრებოდა ესმას, მაგრამ პასუხი ყოველთვის ერთი და იგივე იყო, არ იცის ადიცა სად წავიდა. ბოლოს ზურამ იფიქრა: ალბათ სოხუმში წავიდაო, თუმცა ვერ ხვდებოდა რატომ წავიდოდა ასე უმიზეზოდ, რატომ არ აუხსნა, მათ ხომ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ? ზურას ეჭვი არ გასჩენია, რომ ადიცას გაუჩინარებაში ელენეს ხელი ერია, თითქოს არავინ და არაფერი ყოფილიყო ისე გააგრძელეს ცხოვრება! ადიცას ესმამ დედის დეიდასთან სოფელში წასვლა ურჩია. იგი ერთ პატარა რაიონში მარტო ცხოვრობდა. - ბებო მარტო ცხოვრობს და კარგი იქნება ახალი ცხოვრების დასაწყებად ახალი გარემო, თუ წახვალ, ბებოც გაიხარებს, აღარ იგრნობს თავს მარტოდ. ადიცას წინააღმდეგობა არ გაუწევია და ესმასთან ერთად წავიდა დასავლეთში. 1996 წლის აგვისტო იყო. ზაფხულის ცხელი დღეებია. სახლს ჭიშკრიდანვე ეტყობოდა, რომ მოხუცი ცხოვრობდა, რომელსაც უკვე არაფრის გაკეთება არ შეეძლო. ეზო ფოთლებით იყო სავსე, ვაზის ტალავერი ფარავდა სახლთან მისასვლელ გზას. ღობის კუთხეში ჭა იდგა, მასზე დაჭყენტილი ვედრო ეკიდა, ალაგ-ალაგ ჟანგიც მოჰკიდებოდა. სახლი ორსართულიანი იყო, ფანჯრებზე ნახევრად ჩამტვრეული მინები ჩანდა. ადიცამ და ესმამ ისე შეაღეს სახლის კარი, არ დაუძახიათ. სახლში არავინ დახვდათ. გოგონებმა ნივთები დააწყვეს და სახლის უკან გავიდნენ, ესმამ ბებიას დაუძახა, მოხუცს კარგად არ ესმოდა და სანამ ახლოს არ მივიდნენ ვერაფერი გაიგონა. - რომელი ხარ ბებია, შენ? - ესმა ვარ ბებო, ნუთუ ვერ მიცანი? - შენ გენაცვალოს ბებია, რავა სულ დამეკარგე და დაგავიწყდი, უნდა მოვკვდე მაინდამაინც რომ აქ ჩამოხვიდე? აი გოგო ვინ არის ბებია, დედა რა კაი გოგოა ბებია, შენი მეგობარია? ერთდროულად ერთ ამოსუნთქვაზე, ჰკითხა ქეთომ ყველაფერი, რაც მოაფიქრდა, პასუხს არც დალოდებია, ხელებით დაიფერთხა, კაბის კალთა და გოგონებს სახლისკენ წაუძღვა. - ბებო, ეს ჩემი მეგობარია. ადიცა, მინდა ისე მიიღო, როგორც შენი შვილიშვილი. - ხომ მშვიდობაა ბებია, რატომ არ გამაგებინე რომ მოდიოდი? - ბებო, აბა როგორ მეთქვა? ტელეფონი შენ არ გაქვს, რომ დაგირეკო, მეზობლის შეწუხება არ მინდოდა, თან სიურპრიზიც გამომივიდა. - რადგან კარგად ხარ, არაფერს დავეძებ, საცოდავი დედაშენი მოგსწრებოდა კარგი იყო, მარა რას ვიზამთ, ასეთია ამ ცხოვრების ბედისწერა - ვის რას გვიმზადებს. არ ვიცით. ჩემი დისშვილი იყო, რომელსაც ვეცოდებოდი, მაკითხავდა, ზაფხულობით რჩებოდა, ის იყო ჩემი შვილი, რადგან უფალმა არ ისურვა საკუთარი მყოლოდა, არც ის დამიტოვა და წაიყვანა ზეცაში. - კარგი ბებო დამშვიდდი, ნუ იხსენებ ცუდს, თავს გაუფრთხილდი, თუნდაც იმისთვის, რომ დედაჩემმა ზეციდან დაგინახოს, რომ კარგად ხარ. - კარგად ვარ ბებია, კარგად, ამას თუ კარგად ყოფნა ჰქვია, ყურს დამაკლდა თვარა, არაფერს არ ვუჩივი! ამ საუბარში სახლშიც შევიდნენ, ქეთო მაშინვე საჭმლის გაკეთებას შეუდგა, მოშიებული იქნებით და ახლავე ყველაფერს გავაკეთებო - გოგოებს ხელის განძრევის საშუალებაც არ მისცა. ერთ საათში ბუხრის პირას, პატარა მაგიდა დადგა და ზედ კეცის მჭადები ჭყინტი ყველი და მთლიანი დედალი დაალაგა, არც შავი ღვინო დავიწყებია, შემდეგ კართან დადგა და გოგოებს დაუძახა: - მოდით ბებია, მზად მაქვს საჭმელი! მოხუცის ხელით მომზადებულ საჭმელს სულ სხვა გემო და სურნელი ჰქონდა, ქალაქში მცხოვრები გოგოებისთვის და ისინიც მადიანად შეექცნენ, ესმამ ბებოს უთხრა, თუ რისთვის მივიდნენ, თან გააფრთხილა, არავისთვის ეთქვა ადიცა ბავშვს, ქმრის გარეშე რომ აჩენდა - ეთქვა, რომ მეუღლე საზღვარგარეთ წავიდა და მალე დაბრუნდებოდა. ორი დღე დარჩა ესმა სოფელში, შემდეგ კი დაემშვიდობა ადიცას, ქეთოს და თბილისში დაბრუნდა. ადიცა და მოხუცი პირველად ვერ შეეგუენ ერთმანეთს, ქეთო მარტო ცხოვრებას იყო მიჩვეული და მისთვის ახალი ოჯახის წევრის შემომატება, თან უცხოსი, რთული აღმოჩნდა. ერთ დღესაც კამათი ჩხუბში გადაეზარდათ, ადიცამ ჩაალაგა თავისი ნივთები და თბილისში დაბრუნება გადაწყვიტა, მოხუცს უთხრა: მე არ შემიძლია ასე გაუთავებელ კამათში ცხოვრება, სადაცაა უკვე ბავშვს გავაჩენ და სიმშვიდე მჭირდება, ისედაც დატანჯული ცხოვრება მაქვს! ქეთომ წარბშეუხრელად კარისკენ მიუთითა, მიბრძანდიო. მაგრამ, როგორც კი ზღრუბლს ფეხი გადააბიჯა ადიცამ, მოხუცმა ტირილი დაიწყო. ნუთუ შენ მართლა წახვალ და მიმატოვებო, ადიცას შეეცოდა, აცრემლებული რომ დაინახა და წასვლა გადაიფიქრა. დავრჩები იმ პირობით თუ გამუდმებით არ მისაყვედურებ და არ მეჩხუბებიო... ქეთო დათანხმდა. ამის შემდეგ ქეთო თვალებში შესციცინებდა ადიცას და საერთო ენაც გამონახეს. დრო მალე გავიდა, ადიცას მშობიარობა დაეწყო, სამშობიაროში მეზობლის მანქანით წაიყვანეს. სოფელში უკვე თითქმის ყველა იცნობდა, როგორც ქეთოს შორეულ ნათესავს. ...მძიმე მშობიარობა ჰქონდა, ექიმები სასწორზე დებდნენ ქალისა და ბავშვის სიცოცხლეს - ან ერთი დაიღუპება, ან მეორე, თუ დათმობაზე არ წავედითო, მაგრამ ადიცამ არ დათმო... მზად იყო ემსხვერპლა საკუთარი თავი, ექიმების დიდი მონდომებით, 1996წლის 5 ოქტომბერს გამთენიისას, მზის ამოსვლასთან ერთად, დაიბადა გოგონა - სახელად თამარი, სრულიად ჯანმრთელი, უფლის წყალობით დედაც კარგად იყო და ბავშვიც. რამდენიმე დღეში სამშობიაროდან გამოწერეს, ქეთო თავს ევლებოდა ახალნამშობიარებ ადიცას, თვითონ უვლიდა პატარა თამარს! წარსული თითქოს უკან მოიტოვა ადიცამ და ახალი ცხოვრება დაიწყო. ბავშვი სიხალისეს მატებდა. თავს ბედნიერად გრძნობდა, მხოლოდ დაკარგული გოგონა ადარდებდა, მაგრამ იმედს მაინც არ კარგავდა, რომ ერთ დღესაც აუცილებლად იპოვიდა მას! ერთი წელი გავიდა, ბავშვი გაიზარდა, ქეთომ ადიცას უთხრა: - ბავშვს მე მოვუვლი, შენ მუშაობა დაიწყე, მე ვიცნობ ჩვენი სოფლის გამგებელს, ის მომეხმარება და ბაღში დაგაწყებინებს მუშაობასო, ცოდვა ხარ ახალგაზრდა გოგო, სულ სახლში ჩაკეტილიო! ადიცაც დათანხმდა. მეორე დღეს, მოხუცი სოფლის გამგებელს ესტუმრა, მანაც მოუსმინა ქეთოს და უთხრა: პირველად მთხოვე დახმარება და უარს როგორ გეტყვი, სადაცაა, სწავლა დაიწყება, ბაღის გამგეს მე დაველაპარაკები, ადიცა მოემზადოს და პირველივე დღეს წავიდეს ბაღში სამუშაოდო! მოხუცმა მადლობა გადაუხადა და გახარებულმა ახარა ადიცას სამსახურის დაწყების შესახებ. მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. 15 სექტემბერიც მოვიდა. ადიცა ლამაზად გამოეწყო. ძალიან უხდებოდა ვარდისფერი კაბა. ბაღში ფეხით წავიდა, შევიდა ბაღის ეზოში, იქვე ახალგაზრდა ქალს ჰკითხა, სად შეიძლებოდა გამგის ნახვა. კარზე დააკაკუნა. კარი გააღო ადიცამ. ოი, საოცრებავ, იქ მას ბავშვობის მეგობარი მაკა დახვდა, რომელიც სოხუმიდან წამოსვლის შემდეგ არ ენახა, არც ის იცოდა, სად იყო. მაკა მაშინვე წამოდგა სავარძლიდან. - ამას ვის ხედავს ჩემი თვალები, ეს რა დღე გამითენდა, ნუთუ შენ ხარ ის ადიცა, რომელიც წლებია არ მინახავს და ჩემს სოხუმთან ერთად დავკარგე?! მაკა გადაეხვია ადიცას. - ხმა ამოიღე ადიცა, რას გაჩუმებულხარ, ნუთუ არ გაგიხარდა, რომ მიპოვე?! ადიცა როგორც იქნა გონს მოეგო და ტირილი დაიწყო. - ყველაფერი შეიძლება მეფიქრა, მაგრამ აქ შენ ვერ წარმომედგინე. - რატომ? მე ხომ ქართველი ვარ და ისევ საქართველოს შევაფარე თავი. აი შენ აფხაზი აქ როგორ მოხვდი, საიდან? ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი. ადიცამ უამბო როგორ გამოიარა ჭუბერის უღელტეხილი, როგორ მოხვდა სვანეთში და შემდეგ თბილისში, როგორ დაკარგა გოგონა, რომელიც დედამ ჩააბარა, დაწვრილებით მოუყვა მისი სიყვარულის ისტორია, თითქოს ერთი ამოსუნთქვით უამბო ყველაფერი, რაც ამ დრომდე გადახდა, შემდეგ მაკას ჰკითხა: - შენ როგორ მოხვდი აქ და სად არიან შენი მშობლები, შენი ძმა? - ჩვენ სოხუმის დაცემის წინა დღეს დავტოვეთ სოხუმი, მე და დედამ, მამაჩემი და ჩემი ძმა იქ დარჩა. გემი იყო ჩამომდგარი რომლითაც გადაჰყავდათ ხალხი, მასზე ასვლაც რთული გამოდგა - ხალხს ვერ იტევდა გემი, ადამიანები ცვიოდნენ გემიდან, ერთმანეთს არ ინდობდნენ, ყველა თავის გადარჩენას ცდილობდა, რიგი იდგა ასასვლელად, რამდენი ტყვიას გადაურჩა და ზღვამ იმსხვერპლა... ვერ მოახერხეს გემზე ასვლა და ზღვაში გადავარდნენ, დედები ოღონდ შვილები გადაერჩინათ და სხვას აძლევდნენ პატარა ბავშვებს, ეხვეწებოდნენ წაეყვანათ. როგორც იქნა მე და დედაჩემი მოვხვდით გემზე, დავტოვეთ სოხუმი და იქ დავტოვეთ ჩვენი ბედნიერებაც, მერე ლტოლვილთა ბანაკში ვიყავით, იქედან აქ სოფელში წამოვედით - ჩვენი ნათესავები ცხოვრობენ და შეგვიფარეს, დაგვეხმარა სანათესაო, ცოტა ჩვენც ვიშრომეთ, ვიყიდეთ სახლი და დავსახლდით, მერე ჩემი ქმარი გავიცანი და ვიქორწინე მასზე. - მამაშენი და შენი ძმა სად არიან? - მამაჩემი ჩვენი სახლის წინ ჩაუცხრილავთ ჩეჩნებს, ჩემი ძმა დაუჭერიათ და აყურებინებდნენ, თურმე, როგორ უკლავდნენ მამას! შემდეგ მისთვისაც უსვრიათ იარაღი და დაუჭრიათ, იქვე დაუგდიათ, იფიქრეს ალბათ, მაინც მოკვდებაო და მიუტოვებიათ, ჩვენდა საბედნიეროდ არ აღმოჩნდა ტყვია სასიკვდილო და გადარჩა ჩემი ძმა... ქართველმა მებრძოლებმა გადაარჩინეს, მამა კი იქვე ეზოში დაუკრძალავთ, ახლა ჩემი ძმაც აქ არის - დედაჩემთან ერთად ცხოვრობს. წლობით უნახავმა მეგობრებმა გული იჯერეს საუბრით, ერთმანეთის მოფერებით. მაკამა ადიცას გააცნო მისი სამუშაო, თუ რა უნდა ეკეთებინა (გაგრძელებას დავდებ ორშაბათს 11 მაისს, გთხოვთ კომენარებში დააფიქსიროთ თქვენი შთბეჭდილება. ნუ დაგეზარებათ დალაიქება და გააზიარება) ავტორი: სოფო იმერელი წიგინის " გოგონა აფხაზეთიდან" შეძენა შეგიძლიათ ათენი: ომონიაზე ინტელ ექსპრესის გვერდით ვილარა/3 ქ. ციალას გრაფიოში. ტ:6946050445 6993080999 (დარჩენილია რამდენიმე ცალი) საქართველოში: თბილისში T 555587088 ქუთაისში T 558475757 იტალია: ნებისლიერი ქალაქიდან დაუკავშირდით :327 02 36 077 ზაზა

0
689
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იმერელი
სოფო იმერელი
689
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0