x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
არგირია - უიშვიათესი დაავადება, რომელიც სახის კანის ფერს ცვლის

image



არგირია არის იშვიათი მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება კანის ფერის ცვლილებით.კანი ხდება ნაცრისფერი ან ცისფერი.მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის საშიში, თუმცა შესაძლოა ადამიანის ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი ზეგავნელა მოახდინოს, ვითარდება ვერცხლის დიდი ან მცირე დოზის, მაგრამ ხანგრძლივად მიღების შემთხვევაში.

რა სიმპტომები აქვს არგირიას?მთავარი და აშკარა სიმპტომი არის კანის ფერის ცვლილება, რომელიც ვითარდება სხეულის მცირე უბანზე ან მთლიანად მოიცავს მას.ზოგჯერ, პირველი სიმპტომი არის ღრძილების ფერის ცვლილება, ყავისფერ ან ნაცრისფერ ტონებში.ჰიპერპიგმენტაცია ასევე ვლინდება ფრჩხილებზე, კონიუქტივასა და ლორწოვან გარსებზე.არგირიის ტიპური ლოკალიზაციაა შუბლის მიდამო, ცხვირი და ხელები.

image

ფერის ცვლილების ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დიდი რაოდენობით იქნა მიღებული ვერცხლი, მისი დიდი დოზის მიღების შემთხვევაში მდგომარეობა ვითარდება სწრაფად, ხოლო მცირე რაოდენობით, მაგრამ მუდმივად და ხანგრძლივად მიღებისას - პროგრესირებს ნელა.ზოგიერთ შემთხვევაში მდგომარეობის პროგრესირებას სჭირდება რამდენიმე თვე ან წელი.

ყოველდღიურად ადამიანს მცირე რაოდენობით ვერცხლთან აქვს შეხება, ის შესაძლოა იყოს ზოგიერთი სახის პროდუქტში, წყალსა და ჰაერშიც კი.ორგანიზმში ხვდება ორალური გზით, ლორწოვანი გარსისა და კანის საშუალებით.ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, ქიმიური რეაქციის შედეგად ვერცხლი გარდაიქმნება ვერცხლის მარილად და გადადის სისხლის მიმოქცევის სისტემაში, ერთ კვირაში კი მისი უმეტესი ნაწილი ფეკალური მასებისა და შარდის საშუალებით გამოიყოფა ორგანიზმიდან, მაგრამ როდესაც ხდება დიდი რაოდენობით ვერცხლის მიღება, ის სწრაფად ვეღარ ელიმინირდება და ილექება კანსა და სხვა ქსოვილებში, მზის სხივის მოხვედრის შემდეგ კი ვერცხლის მარილი კვლავ გარდაიქმნება ვერცხლად და კანს შეფერავს ლურჯად.

რისკის ქვეშ არიან პირები, რომლებიც მოიხმარენ ვერცხლის შემცველ საკვებ დანამატებს, წამლებს, თვალის წვეთებსა და კოსმეტიკას, ასევე რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან ვერცხლის მოპოვებისა და გადამუშავების პროცესში ჩართული ადამიანები, სამკაულების მწარმოებლები.ჩვეულებრივ, ვერცხლის სამკაულის ტარება ან ჭურჭლის გამოყენება არ იწვევს არგირიას, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ვერცხლის საყურე განაპირობებს მისი ლოკალური ფორმის განვითარებას.

ორგანიზმში ვერცხლის დიდი რაოდენობით მოხვედრა იწვევს სისტემურ ტოქსიკურ ეფექტს, მის გართულებებს მიეკუთვნება :

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კატარი
ალბუმინურია
ურემია
ჰემორაგია
იდიოპათიური თრომბოციტოპენია
ქრონიკული ბრონქიტი
კოორდინაციის დარღვევა
ღვიძლის, თირკმელების, გულის ცხიმოვანი დისტროფია
გულყრა

დიაგნოზის დასასმელად მნიშვნელოვანია ფიზიკური გამოკვლევა, გამოიყენება ბიოფსია, სისხლისა და შარდის ანალიზი.დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ოქრონოზთან.

არგირიისგან განკურნება არ ხდება, უკანასკნელ წლებში დისქოლორიზაციის საწინააღმდეგოდ გამოიყენება ლაზერი, თუმცა მისი გამოყენება შეზღუდულია და შესაბამისად საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება, რათა ზუსტად განისაზღვროს მისი ეფექტურობა.
პიგმენტური ლაქების გამუქების პრევენციისთვის გამოიყენება მზისგან დამცავი კრემი, ასევე 5%-იანი ჰიდროქინონი, ის ხელს უშლის ვერცხლის გრანულების დაგროვებას ეპიდერმისსა და საოფლე ჯირკვლის გარშემო და ამცირებს მელანოციტების რაოდენობას.იმ პირებისთვის, რომელთაც უწევთ ვერცხლთან მუშაობა, აუცილებელია ხელთათმანების გამოყენება.პრევენციისთვის თავი უნდა ავარიდოთ ვერცხლის შემცველი საკვები დანამატების, მედიკამენტებისა და კოსმეტიკის გამოყენებას.

ამრიგად, როგორც აღვნიშნეთ, არგირია არ არის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, ვერცხლი არ არის დაკავშირებული კიბოსთან, ნევროლოგიურ, რეპროდუქტიულ პრობლემებთან ან სხვა ტიპის დაავადებებთან, აქ უმთავრესი პრობლემა არის კოსმეტიკური დეფექტის არსებობა, რაც ზოგიერთ ადამიანში იწვევს ემოციურ დარღვევებს და გავლენას ახდენს ცხოვრობის ხარისხზე.

0
176
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო მჭედლიძე
ნინო მჭედლიძე
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0