x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
გოგონა აფხაზეთიდან 6 ნაწილი

image
ზურა ადიცასთან გადავიდა საცხოვრებლად, მაღაზიაში დაიწყო მუშაობა “კონსულტანტად”. დრო და დრო ელენესთან მისვლასაც ახერხებდა, ის კი ყოველთვის საყვედურობდა, მეტ დროს რომ არ უთმობდა და სადღაც იკარგებოდა, ბევრჯერ ჩხუბიც მოუვიდათ. ორ ცეცხლს შორის იდგა ზურა. ადიცა იყო ის ადამიანი, რომელიც ძალიან უყვარდა, ელენესგან უკვე თვითონაც არ იცოდა რა უნდოდა. როდესაც ელენესთან მიდიოდა დასარჩენად, რაღაცებს იგონებდა, ადიცას ეჭვი რომ არ შეპარვოდა ღალატში. ადიცა კი ენდობოდა და სჯეროდა მისი. ზურა საშინლად განიცდიდა ასე რომ იქცეოდა, მაგრამ ვერა და ვერ აღწევდა თავს ელენეს. უკვე იმისიც ეშინოდა, არ გაეგო მას ადიცას შესახებ. ერთ დღეს ესმა ესტუმრა ადიცას. ისაუბრეს. წუხდა, რომ ადიცა და ზურა ჯერ კიდევ არ იყვნენ ქორწინებაში და ერთად ცხოვრობდნენ. - თქვენ ერთად ცხოვრობთ, მაგრამ არც ქორწინებაში ხართ და არც ჯვარი დაგიწერიათ. - მე ვერ ვეტყვი ზურას იქორწინოს ჩემზე. მან უნდა გამოთქვას ეს სურვილი, მერე რა რომ ერთად ვცხოვრობთ, გვიყვარს ერთმანეთი და ბედნიერები ვართ... - ადიცა, ფეხმძიმედ რომ დარჩე, ამაზე არ გიფიქრია? მიეცით თქვენს ურთიერთობას ოფიციალური სახე, იფიქრეთ მომავალზე. შენ თუ ვერ ეუბნები, მე ვეტყვი, არ მერიდება მისი. გარკვეული დროის მერე მიგატოვებს და წავა, მე არ მივცემ ზურას ამის უფლებას! - მოიცა ესმა, შენ ნუ ჩაერევი, დამაცადე. - კარგი, რადგან ასე გინდა ხმას არ ამოვიღებ, მაგრამ გაფრთხილებ! არ ინანო რომ არ მიჯერებ. თავს გაუფრთხილდი, იფიქრე მომავალზე, ცხოვრება დღევანდელი დღით არ შემოიფარგლება მხოლოდ, დღევანდელი შენი არსებობა მომავალს უნდა უკავშირდებოდეს, მოდი გაკოცო ჩემო დაო! ადიცა საგონებელში ჩააგდო ესმას სიტყვებმა, ფიქრობდა: ზურას ვუყვარვარ და რატომ არ ქორწინდება ჩემზე, რატომ არ მთავაზობს ცოლობასო? არა, არ უნდა დავთანხმებულიყავი და არ უნდა გვეცხოვრა ერთად, ეს ყველაზე დიდი შეცდომაა, რაც მე დაუშვი. საღამოს ზურა გვიან მივიდა სახლში, როგორც ყოველთვის ყვავილებით ხელდამშვენებული. - როგორ ახერხებ ზურა ყოველთვის, როცა ერთად არ მოვდივართ სახლში, ყვავილები მომიტანო? - მე შენთვის სულიც არ მენანება! შენ ერთადერთი ადამიანი ხარ, ვინც მახარებს და მაბედნიერებს, ყვავილები რა მოსატანია იმასთან რასაც შენ აკეთებ ჩემთვის. - მე რა გაგიკეთე ზურა? მე არაფერს ვაკეთებ შენთვის. - შენი არსებობა აკეთებს, ეს არის მთავარი, შენ ხარ ჩემი ბედნიერება, შენ უნდა იყო ჩემი მომავალი შვილის დედა! - ეს რას ნიშნავს? ანუ, გინდა რომ ვიქროწინოთ?! სახე გაუნათდა ადიცას, მაშინვე წარმოიდგინა თავი თეთრ საპატარძლო კაბაში... - ჯერ არა, ადიცა, მაგრამ აუცილებლად დადგება ეს დღე, მე და შენ რომ დავიწერთ ჯვარს! - რა გიშლის ხელს? ახლო მომავალში რომ იყოს ეს ყველაფერი? - არის რაღაც, რისი მოგვარებაც მინდა, როცა ყველაფერი დასრულდება, ერთად და ბედნიერად ვიქნებით მთელი ცხოვრება! - იქნებ მითხრა, რა არის ისეთი, შენს ცხოვრებაში, მე რომ არ მეუბნები? - მეშინია ადიცა, არ მინდა ცუდად გამიგო. ამიტომ ცოტა დრო მომეცი და ყველაფერს მოვაგვარებ. ზურამ მისკენ მიიზიდა ადიცა და გულზე მიიხუტა. ადიცამ იფიქრა: გავიდეს დრო და თვითონ როდესაც ჩათვლის საჭიროდ, მომიყვებაო. - ხვალ ხომ კვირაა და ორივე ვისვენებთ, მოდი წავიდეთ ერთი დღით სადმე. - სად წავიდეთ? - შენ სადაც იტყვი, იქ წავიდეთ, ჩემთვის სულერთია. - მაშინ, მოდი, ბათუმში წავიდეთ. ზღვა არ მინახავს რა ხანია. - კარგი ადიცა, ხვალ დილით წავიდეთ ბათუმში. შავი ზღვის სანაპიროზე ხელი ხელ ჩაკიდებული სეირნობდა ადიცა და ზურა, ნოემბრის თვეში, ზღვაზე მათ გარდა არავინ იყო, თოლიები დაფრინავდნენ ზღვის ზედაპირზე. ადიცა ზღვამ წაიყვანა ფიქრებში. თვალწინ დაუდგა სოხუმში გატარებული დღეები, ბავშვობა... როგორ დარბოდა სანაპიროზე, როგორ ეპარებოდა მშობლებს ჯერ კიდევ სულ პატარა, დაჯდებოდა და უსმენდა ტალღების ხმას, ისროდა კენჭებს, რამდენჯერ დაღამებია სანაპიროზე, სანაპირო ის ადგილი იყო, სადაც სიმშვიდეს გრძნობდა - ზღვას უყვებოდა სიხარულს თუ გულის ტკივილს, ისიც უსმენდა, თითქოს: ხან აბობოქრდებოდა, განაწყენდებოდა, ხან კიდევ მშვიდად იყო, იმისდა მიხედვით, თუ რას უამბობდა ზღვას, სახლში დაბრუნებულს მშობლები ბევრჯერ გაბრაზებია და საყვედურიც მიუღია. როგორი ბედნიერი იყო იმ დროს, ერთადერთ შვილს, არაფერს არ აკლებდნენ მშობლები - ანებივრებდნენ! ომმა ყველაფერი შეცვალა. დაკარგა ძვირფასი ადამიანები და მათთან ერთად ის სამყაროც, რომელშიც ცხოვრობდა, თვალწინ დაუდგა გიორგისთან შეხვედრის ბოლო დღე: როგორ სთხოვდა ცოლად გაჰყოლოდა. როგორ ისხდნენ ჩუმად და უსმენდნენ ერთმანეთის გულისცემას, რომ არა ის ავბედითი დღე, ახლა შეიძლება მასთან ყოფილიყო. - ზურა, სოხუმში შეყვარებული მყავდა, არასოდეს ვსაუბრობ ამ თემაზე, მინდა იცოდე, არ მსურს ჩვენს შორის იყოს რაიმე დამალული, მას გიორგი ერქვა, ერთად გავიზარდეთ, გვერდი-გვერდ ქუჩაზე ვცხოვრობდით, სწორედ მაშინ აირია ყველაფერი, ცოლად, რომ უნდა გავყოლოდი! უფრო სწორად, ცოლობა მთხოვა და იმ დღეს ვნახე ბოლოს. ის ქართველი იყო, მე აფხაზი, მამას არ მოსწონდა, ამიტომ მის უჩუმრად ვხვდებოდი, დღეს არ ვიცი ცოცხალია თუ მკვდარი, მას განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს გულში! - დღესაც გიყვარს ადიცა? - დღეს მე შენთან ვარ ზურა, გიორგი ჩემი ბავშობის დიდი სიყვარულია, სიყვარული უკვალოდ არ ქრება - ის ყოველთვის რჩება და ტოვებს კვალს, დრო და დრო გვახსენებს თავს და ვცოცხლობთ ასე. რომ არა ის ავბედითი დღეები, მე მასთან ვიქნებოდი დღეს, ნუ მიწყენ კარგი? იმედი მაქვს და მჯერა, რომ ცოცხალია, ალბათ მანაც იპოვა სხვა, რომელთანაც თავს კარგად გრძნობს - ასეა ცხოვრება, მოულოდნელობებით სავსე, სირთულეებით დახუნძლული, მე არ ვნანობ შენთან გატარებულ არცერთ წამს, მე დღეს, რომ არა თამარის დაკარგვა, შენთან უზომოდ ბედნიერი ვიქნებოდი... მჯერა, რომ მშობლებიც ცოცხლები არიან, ჯერ ვერ ვახერხებ მათთან კონტაქტს, მაგრამ აუცილებლად მივაწვდენ ხმას და გავაგებინებ, სად ვარ. ნუთუ შენ არავინ გყვარებია, ბავშვობაში?! - მე იმდენად რთული ბავშობა მქონდა, რომ სიყვარულის ადგილი არ იყო იქ, ჯერ ქუჩაში მაწანწალა ძაღლივით დავდიოდი და ნაგვის ურნებში ვეძებდი ლუკმა-პურს, რომ მშიერი კუჭი დამემშვიდებინა - ტკივილებისგან ცუდად ვიყავი, ღამით ქუჩაში, სიცივეში თუ სიცხეში ასფალტზე მეძინა, სულ რაღაც ექვსი წლის ბავშვს, მერე დამიჭირეს და ბავშვთა სახლში ჩამაბარეს, იქ ჩემნაირ ბავშვებს კარგად არავინ ექცეოდა, თითქოს სიმკაცრეს იჩენდნენ და ხშირად მცემდნენ, ბევრჯერ გამოვიპარე იქიდან და ბევრჯერ დამაბრუნეს. ერთი ცისფერთვალება, ფერია გოგო იყო, ჩემსავით უპატრონო, ის მომწონდა - საყვარელი იყო ძალიან, მაგრამ გააშვილეს და დამეკარგა, ეს იყო სულ. - მშობლები სულ არ გახსოვს? - დედა მახსოვს თითქოს, ლამაზი სახის სევდიანი ლურჯი თვალებით, აი, იმ გოგონას გავდა ძალიან, მე რომ მომწონდა. უკურნებელი სენი ჰქონდა და გარდაიცვალა, მამამ სხვა ქალი მოიყვანა და მასთან გადავიდა, მე დავრჩი მარტო, უპატრონოდ, არავინ მაქცევდა ყურადღებას, თითქოს ღმერთი გამიწყრა, ქვეყანას რომ მოვევლინე და მსჯიდა! ყოველი დღე ტკივილიანი იყო, მერე გავიზარდე და აი, მოვედი აქამდე, როგორც ხედავ. ზურამ ხელი გადახვია ადიცას, ღრმად ამოისუნთქა და ზღვას გახედა. ბათუმში გატარებული დღე, სიყვარულით და მოგონებებით სავსე იყო ზურასთვის და ადიცასთვის. კიდევ დიდხანს ისეირნეს სანაპიროზე, ოდნავ ცივი ნიავი ქროდა, ზღვის სურნელება სიმშვიდეს ჰგვრიდა ორივეს. უჭირდა ადიცას ზღვასთან და მოგონებებთან განშორება, მაგრამ სიცივემ შეაწუხა და სასტუმროში წავიდნენ. მეორე დღეს თბილისში უნდა დაბრუნებულიყვნენ. კარზე ზარის ხმა გაისმა, ელენემ გააღო. მისდა მოულოდნელად, კართან ზურა იდგა. გაოცებული შეჰყურებდა. ზურა სახლში შევიდა, ელენეს მიპატიჟებას არ დალოდებია. - ხომ მშვიდობაა ზურა, ახლა სამსახურში არ უნდა იყო? ან ასე გაუფრთხილებლად როგორ მოხვედი? შენ ხომ ყოველთვის რეკავდი? - მშვიდობაა ელენე, საქმე მაქვს შენთან, მინდა ყველაფერი გავარკვიო და წერტილი დავუსვა ამ გაუგებრობას. - რა ხდება შენს თავს, რა არის გაუგებრობა, რა, ვერ გაგირკვევია?! - ელენე, ძალიან გთხოვ, ყოველგვარი ჩხუბისა და კივილის გარეშე მომისმინე. მე იმედი მაქვს, რომ შენ სწორად გამიგებ... ელენემ ირონიულად გახედა ზურას, თან გაიფიქრა: არ მოგცემ ჩემგან წასვლის უფლებას - ჩემს გარეშე შენ ბედიერი ვერ იქნები, შემდეგ სავარძელში მოკალათდა. - ყურადღებით გისმენ, ზურა, ოღონდ სწრაფად მორჩი სათქმელს, დღეს მნიშვნელოვანი საქმები მაქვს სამსახურში. - კარგი, ელენე, მოკლედ აგიხსნი ყველაფერს. - ჩვენი ურთიერთობის ასე გაგრძელება არ შეიძლება! - რა პრობლემაა ზურა, შეგვიძლია ვიქორწინოთ, არავინ მიშლის ხელს. - არა, ელენე, შენ ვერ გამიგე... მე გოგო გავიცანი და მინდა ცოლად მოვიყვანო. ელენეს არ გაჰკვირვებია ზურასგან ასეთი სიტყვები. - მერე რა ზურა, რადგან ის გინდა მოიყვანო ცოლად, მოიყვანე, მე ასე ვიქნები როგორც ვარ... მესმის შენი, არ გინდა შენზე ბევრად უფროსი ქალი გყავდეს გვერდით ცოლად - თან შვილებიც გინდა, მე შეიძლება შვილი არც მეყოლოს, სრულად მესმის შენი, მე თანახმა ვარ! ზურამ თავზე გადაისვა ხელი, აღარ იცოდა რა ეთქვა. სავარძლიდან წამოდგა და ოთახში დაიწყო სიარული. ცოტა ხნის შემდეგ უთხრა. - არა! მე მასე არ შემიძლია, ვერ ვიცხოვრებ ორმაგი ცხოვრებით, ჩვენ უნდა დავშორდეთ ერთმანეთს, რადგან მე ის ძალიან მიყვარს! - ზურა, კარგად დაფიქრდი შენს სიტყვებზე! ახლა კი წადი, იცოდე, ეს საუბარი არ დაგვისრულებია, ისევ დავუბრუნდებით... მე არ ვაპირებ მოგიწყო სცენები, არც იმას, რომ ჩავერიო შენს საქმეში! - ელენე, მე აღარ მინდა შენთან შეხვედრა. ის მანქანა რომელიც მიყიდე, უკან გიბრუნებ და მივდივარ. ზურა არ დალოდებია ელენეს სიტყვებს, მანქანის გასაღები მაგიდაზე დადო და სწრაფი ნაბიჯით დატოვა ელენეს სახლი. როგორც კი ზურა სახლიდან გავიდა, ელენემ ტელეფონს სტაცა ხელი და ნომერი აკრიფა. - გამარჯობა ბადრი, შენი დახმარება მჭირდება. საუკეთესო დეტექტივი მაპოვნინე. - არ არის პრობლემა, დღესვე მოგცემ ნომერს და დაუკავშირდი. ელენემ ტელეფონი გათიშა. დამაცადე ზურა, ყველაფერს განანებ, ჯერ ის გავარკვიო, ვინ არის, ვინც შენი წართმევა მოინდომა, დანარჩენს შემდეგ მივხედავ, მე არასოდეს ვიქნები დამარცხებული ცხოვრებაში - შენ ჩემი ხარ და ასე იქნება სულ. ელენემ მაგიდაზე დადებული წყლით სავსე ჭიქა კედელს მიახეთქა. სულ რამდენიმე დღე დასჭირდა ელენეს, რომ გაერკვია, ვინ იყო ის გოგო და სად დადიოდა ზურა. მისამართი ამოიწერა “ჩანთაში” ჩაიდო. ზურას დატოვებულ მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. ელენე იმ ეზოში შევიდა, სადაც ზურა და ადიცა ცხოვრობდნენ, კორპუსის კუთხეში გაჩერდა და იქიდან აკვირდებოდა გამვლელებს, შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა და ეზოში დაიწყო სიარული ისე, თითქოს ვიღაცას დაეძებდა, სადარბაზოდან ათიოდე წლის ბავშვი გამოვიდა და ჰკითხა: - ბიჭი, აქ ცხოვრობ შენ? - ბიჭმა უცხო ქალბატონს, ჯერ ახედა, რომ ვერ იცნო უპასუხოდ დატოვა და თავის გზას გაუდგა. ელენე გაოცებული უცქერდა ბიჭს და თავისთვის ჩაილაპარაკა: - გაუზრდელი! ისიც არ უსწავლებიათ მის მშობლებს, რომ პასუხი გასცეს ადამიანს. ამ დროს მის გვერდით მამაკაცმა ჩაიარა და უცხო ქალი რომ შენიშნა, ჰკითხა: - ქალბატონო, ვინმეს ეძებთ? - გამარჯობა, თქვენ აქ ცხოვრობთ? - დიახ, აქ ვცხოვრობ უკვე წლებია. ხომ მშვიდობა გაქვთ? - ახლობელი ცხოვრობს აქ და ზუსტად არ ვიცი, რომელ ნომერში. - მითხარი სახელი იქნებ ვიცოდე. - ადიცა, ასეთი ვინმე გაგიგონიათ?! - კი, როგორ არა, ჩვენი ადიცა. აი იქ, მეოთხე სართულზე ცხოვრობს. ხელი ასწია მამაკაცმა და მეოთხე სართულისკენ მიუთითა. უკვე სახლში არ არიან, დილით ერთად გადიან, ადიცა და ზურა და საღამოს ერთად ბრუნდებიან. - როგორ, ადიცას ქმარი ჰყავს?! - კი ქალბატონო, გათხოვდა და მთელი კორპუსი ვხარობთ მისი ბედნიერებით, ისეთი კარგი ბიჭია ზურა! ელენეს რომ დაემალა მისი ემოციები, მაშინვე დაემშვიდობა და მანქანაში ჩაჯდა, აღელვებულმა სიგარეტს მოუკიდა. მანქანა სწრაფად აამუშავა და მთელი სისწრაფით მოსცილდა უბანს. საჭეს ხელს ურტყამდა გამეტებით და გაიძახოდა: განანებ ზურა! ყველაფერს განანებ! ჩემთან თუ არ იქნები, ვერც მაგ გომბიოსთან იქნები!... დილით ადიცამ თავბრუს ხვევა იგრძნო და სამსახურში არ წავიდა, სახლში გაჩერება ამჯობინა, ზურა გააცილა, თვითონ კი ისევ საძინებლისკენ წავიდა, როცა უკვე დაძინებას აპირებდა, კარზე ზარის ხმა გაისმა. იფიქრა: ალბათ ვინმეს მისამართი შეეშალაო. რამდენჯერმე დაირეკა ზარი, მიხვდა, რომ მასთან იყო ვიღაც მოსული და არ აპირებდა უკან გაბრუნებას... როგორც იქნა საწოლიდან წამოდგა, ხალათი მოიხურა და გავიდა კარის გასაღებად. კართან ლამაზად ჩაცმული, მოხდენილი შუა ხნის ქალი იდგა. ადიცა დაკვირვებით შეაცქერდა ქალს, მაგრამ ვერ იცნო. - გისმენთ, ქალბატონო. - მე შენთან ვარ მოსული ადიცა, სალაპარაკო მაქვს და სახლში შემომიშვი. ადიცამ ისევ გაიფიქრა: - ვინ არის, რომ სახლში შემოვუშვა, იქნებ ვინმემ მოაგზავნა და გაქურდვა უნდა ჩემი, ან მე რა მაქვს რომ გამქურდოს? ნამდვილად რაღაც ეშლება. ქალი არ დალოდებია ადიცას სახლში შეპატიჟებას, კარის ზღრუბლს ფეხი გადააბიჯა და სახლში შევიდა, ადიცამ სადარბაზოში გაიხედა, შემდეგ კარი დახურა და უცნობ ქალს მისაღები ოთახისკენ წაუძღვა. ქალმა მოსასხამი მოიძრო და სავარძელში ჩაჯდა. - თუ შეიძლება წყალი მომიტანე. - ახლავე ქალბატონო. ადიცა სამზარეულოში გავიდა და წყალი მიუტანა უცხო ქალბატონს. შემდეგ თვითონაც მოპირდაპირე სავარძელში ჩაჯდა. ოთახში ორი ქალი იჯდა და ირგვლივ სიჩუმე სუფევდა, ეტყობა, ერთმანეთს ელოდებოდნენ, რომელი დაიწყებდა პირველი საუბარს. ორივე თავისთვის ფიქრობდა. ადიცა გაურკვევლობაში იყო - ვინ არის ეს უცხო ქალი, რომ ასე თავხედურად შემოიჭრა ჩემს სახლში? დაუპატიჟებელი სტუმარიც ფიქრებში იყო, არ იცოდა საიდან დაეწყო. ბოლოს ადიცამ აიღო ინიციატივა და სტუმარს უთხრა: - გისმეთ, ქალბატონო. - პირდაპირ საქმეზე გადავალ, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე. ჩანთიდან კონვერტი ამოიღო და მაგიდაზე დადო. - აქ იმდენი ფულია, რომ შენ სახლსაც შეიძენ და პატარა ბიზნესსაც წამოიწყებ. - ვერ გავიგე, რას ნიშნავს ეს? ვინ ბრძანდებით, ქალბატონო?! - შენ ძალიან ახლაგაზრდა გოგო ხარ, ცხოვრება წინ გაქვს, აიღე ეს ფული და წადი აქედან! ადიცას სახეზე წამოაწითლა, სავარძლიდან წამოდგა, თავბრუ დაეხვა, ქალი დაეხმარა ისევ სავარძელში, რომ დამჯდარიყო და წყალი მიაწოდა. - ხომ კარგად ხარ? რა გჭირს? - არაფერია, დღეს დილიდან თავბრუს ხვევა და გულის რევის შეგრძნება მაქვს, გამივლის... - თქვენი აქ სტუმრობის მიზეზს ნამდვილად ვერ ვხვდები, ვერც იმას, რისთვის მაძლევთ ამ თანხას, თუ შეიძლება პირდაპირ მითხარით, ვინ ხართ და რა გინდათ?! - კარგი, რადგან ასეა, გეტყვი, არც მე მიყვარს სიტყვის გაგრძელება, არც ის მინდა შენ გატკინო გული, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის! - თქვით ქალბატონო ბოლოსდა ბოლოს, რა გინდათ, რისთვის მოხვედით?! - მე ელენე მქვია, მე და ზურა წლებია ვხვდებით ერთმანეთს, ჩემით აქვს ის, რაც აქვს და ჩემით არის ის, რაც არის დღეს. თორემ, ახლაც ბაზარში იქნებოდა და “კაჭკას” დაუწყებდა ზიდვას. - რას ნიშნავს ეს ქალბატონო, ვერ გავიგე? თქვენ ჩემს ზურაზე საუბრობთ? იქნებ გეშლებათ? - მე არაფერი მეშლება ადიცა! ის ჩემი მამაკაცია და სხვისი არასოდეს იქნება! - არა, არა, ნამდვილად რაღაც გეშლებათ, თქვენ თითქმის ზურას დედის ტოლა იქნებით, ის არ იკადრებდა, რომ დედის ტოლა ქალთან გაება რომანი. - ასაკს რა მნიშვნელობა აქვს, როცა გიყვარს, მე ის მიყვარს, ვიცი რომ მასაც ვუყვარვარ, აიღე ეს ფული და წადი აქედან! გაქრი ზურას ცხოვრებიდან! მე არ ვაპირებ მის დათმობას და მასთან შენ ბედნიერი არ იქნები დამიჯერე! ვიცი, რომ შენ აფხაზეთიდან ხარ, მეც აფხაზეთიდან ვარ, მაგრამ ჩემი მშობლები თბილისში ძალიან დიდი ხნის წინ გადმოვიდნენ საცხოვრებლად, მე სულ ათი წლის ვიყავი, მამაჩემს აქ საკმაოდ წარმატებული ბიზნესი ჰქონდა, მაგრამ მტრებიც ბევრი ჰყავდა, ვიღაცამ გაიმეტა მამაჩემი მოსაკლავად, ეს ჩვენი ოჯახისთვის დიდი დარტყმა იყო... დედამ ვერ გაუძლო მამას გარდაცვალებას და ერთ წელიწადში გულის ინფაქტით გარდაიცვალა! დავრჩი სრულიად მარტო. მამას მტრებთან ერთად, კარგი სამეგობრო წრე მყავდა - ცხრამეტი წლის ვიყავი, როცა მამის ბიზნესს ჩავუდექი სათავეში, პარალელურად ვსწავლობდი, ამ დროს გავიცანი უაღრესად კარგი ადამიანი და მასზე დაქორწინება გადავწყვიტე, ქორწილის დღეც დადგა, ჩემ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ვიფიქრე ახლა იწყება ჩემი ბედნიერების წლები-თქო... მაგრამ... ქორწილის დღეს ნეფე-პატარძლის მანქანას დიდი სატვირთო მანქანა შეასკდა მთელი ძალით და მთელი სისწრაფით, რამდენიმე მეტრზე გვათრია. ჩემი მომავალი მეუღლე ადგილზევე გარდაიცვალა, მე ექვსი თვე გათიშული სავადმყოფოში ვიწექი, არავის ეგონა, თუ გადავრჩებოდი, მაგრამ დიდება უფალს მედღეს ცოცხალი ვარ! ამის შემდეგ დავიფიცე, რომ არავის შევიყვარებდი და არ გავთხოვდებოდი, ვინც მიყვარდა, ყველა სიკვდილმა წამართვა! ერთ დღეს, ქუჩაში მანქანით მივდიოდი, ზურა შევნიშნე, თუ როგორ მიათრევდა “კაჭკას”. სურვილი გამიჩნდა დავხმარებოდი, მანქანა გავაჩერე და მასთან მივედი - ჩემი ტელეფონის ნომერი მივეცი, ვუთხარი, რომ დაერეკა. ერთი კვირა ველოდი მის ზარს, მაგრამ არ ჩანდა, მერე მე თვითონ გადავწყვიტე მომეძებნა. ვნახე კიდეც - ისევ დიდი ურიკით დატვირთული. ვკითხე, რატომ არ დამირეკე-მეთქი! მიპასუხა: არ მინდა უცხო ადამიანები ჩემით შეწუხდნენო... ვთხოვე გამომყოლოდა, დავაიმედე, რომ ჩემი სახით კარგ მეგობარს შეიძენდა! ჯერ თავს იკავებდა, როგორც იქნა დავიყოლიე... ფეხზე დავაყენე, კარგი სამსახური ვუშოვე, ჩავაცვი, დავახურე, ბინა დავუქირავე, ფულს ჩემი კომპანიიდან ვურიცხავდი. ერთ დღეს სამსახურში წვეულება მქონდა და ვთხოვე მოსულიყო! მოვიდა, ცოტა დავლიეთ და საჭესთან ზურა დავსვი... საღამოს ჩემთან დარჩა, ისიც ჩემი თხოვნით, სისუსტემ მძლია - ქალი ვარ მაინც. დილით ზურამ ბოდიში მომიხადა, მაგრამ მე დავამშვიდე და ვუთხარი, თუ ჩემს გვერდით იქნებოდა, ყველანაირ პირობას შევუქმნიდი. არაფერი მიპასუხა... მას შემდეგ უკვე ექვსი წელი გავიდა, რაც ერთად ვართ! არ მინდა იმ სიყვარულის დაკარგვა, რომელიც ცხოვრებამ მომცა, უამრავი ადამიანი დავკარე ძვირფასი, ზურას კი ვერ დავკარგავ, ვერ დაგითმობ შენ! წადი და ახალი ცხოვრება დაიწყე, იმდენს მოგცემ, რომ ყველაფრისთვის გეყოფა. ელენემ მაგიდაზე დადო ფულით სავსე კონვერტი და სახლიდან გავიდა ისე, ადიცას არ დამშვიდობებია... ადიცა სავარძელში იჯდა, ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდა რა მოხდა, რამდენიმე წუთის შემდეგ სავარძლიდან წამოდგა, თვალებზე მომდგარი ცრემლები მოიწმინდა და ესმას დაურეკა. (გაგრძელებას დავდებ ორშაბათს 3 მაისს, გთხოვთ კომენარებში დააფიქსიროთ თქვენი შთბეჭდილება. ნუ დაგეზარებათ დალაიქება და გააზიარება) ავტორი: სოფო იმერელი წიგინის " გოგონა აფხაზეთიდან" შეძენა შეგიძლიათ ათენი: ომონიაზე ინტელ ექსპრესის გვერდით ვილარა/3 ქ. ციალას გრაფიოში. ტ:6946050445 6993080999 პირეოსის /4 სართილი 5 "მადლი და სიკეთე" ჯგუფში ვილარას /2 მეორე სართულზე, "იმედი" ჯგუფის გოგონეთან, ეკლესიის წინ. (დარჩენილია რამდენიმე ცალი) საქართველოში: თბილისში T 555587088 ქუთაისში T 558475757 იტალია: ნებისლიერი ქალაქიდან დაუკავშირდით :327 02 36 077 ზაზა გთხოვთ გააზიაროთთა სხვებმაც ნახოს

0
383
შეფასება არ არის
ავტორი:სოფო იმერელი
სოფო იმერელი
383
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0