x
image
დონ ჟუან
საქართველოს მხარეთმცოდნეობა ,,მთიულეთი"


მთიულეთის მხარეთმცოდნეობის შესწავლის მიზნით სერგი მაკალათიამ აქ იმოგზაურა 1928 – 1929 წლის ზაფხულში, სადაც შეაგროვა კიდეც ხევის, მთიულეთის და სხვა უამრავი რეგიონის უნიკალური მასალა. ეს წიგნი განსაკუთრებულია იმითაც, რომ ავტორმა მთიულეთი დახატა არა მხოლოდ როგორც ეთნოგრაფიული ადგილი, არამედ ადგილი, სადაც ბედისწერა, ისტორია, წეს-ჩვეულებები და რელიგია იკვეთება. უნდა აღინიშნოს რომ მას მუშაობა უწევდა არახელსაყრელ პირობებში. ერთის მხრივ დროის სიმცირის და მეორე მხრივ უსახსრობის გამო.
ერთადერთი კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია რომელიც გამოეხმაურა მაკალათიას მიმართვას მთიულეთის შესწავლის საქმეში გახლავს განათლების მუშაკთა სახლი.
მთიულეთი საქართველოს სამხედრო გზის ცენტრშია მოთავსებული და ამ შარაგზით მას არაერთი განსწავლული მოგზაური სტუმრებია, მაგრამ მთიულეთისყოფა-ცხოვრება არავის აღუწერია. მითუმეტეს რომ ეს კუთხესაქართველოსთვის ისტორიულად და სტრატეგიულ-ეკონომიკურად მუდამ მნიშვნელოვანი იყო და არის. მთიულეთის ბედი სწორედ რომ უცნაურია. ის საქართველოს ყველაზე სახელგანთქმულ შარა გზაზე მდებარეობს და ამავე დროს მას ფართო საზოგადოება ნაკლებად იცნობს. ეს მოვლენა იმით უნდა აიხსნებოდეს, რომ ჩვენში მხარეთმცოდნეობას ნაკლები ყურადღება ექცევა.
image


გეოგრაფიული მდებარეობა
მთიულეთი მდებარეობს თეთრი და შავი არაგვის ხეობაში. თავისი გეოგრაფიული მდებარეობის მთიულეთი შიდა ქართლის მთიანი ნაწილია, რომელის მრავალი მწვერვალები ქმნიან დვალეთ-მთიულეთის კავკასიონს. აღმოსავლეთის მთიულეთს ფშავ-ხევსურეთი საზღვრავს, დასავლეთით ლომის-ცხრაზმა-ხანდოს ქედისთ ის ქსნის ხეობას ეყოფა, ჩრდილოეთით დვალეთი და ხევი, სამხრეთით კი მის დღევანდელ ადმინისტრაციულ საზღვრად ჭართლის ხეობა ითვლება. ისტორიულად მისი ეს სამხრეთის საზღვარი მთიულთ-კარს არ სცილდებოდა, რომელიც ხანდოს ხეობასთან მდებარეობდა.
მთიულეთი დაღარულია მრავალი ხეობებით: თეთრი და შავი არაგვის ხეობა, ბაკურხევის, ხანდოს, ჭართლის და სხვა. მათ შორის მთავარია თეთრი(მთიულეთის) და შავი(გუდამაყრის) ხეობა. თეთრი არაგვის ამ ვიწრო ხევში მიიკლაკნება საქართველოს სამხედრო გზა. თეთრი არაგვის ქედი სოფ. ქვეშეთთან ვაკდება და ქმნის ჯვრის გადასავალს, რომლის სიმაღლე 2.380 მეტრს უდრის ზღვის დონიდან.
ჯვრის უღელტეხილი მთიულეთ-ხევის გამყოფია, რომლის გადმოლახვის შემდეგ ჩრდილოეთის მგზავი თეთრი არაგვის ხეობით პირდაპირ ეშვება მლეთის დაჯლაკნულ დაღმართში.
თეთრი და შავი არაგვი ერთდება დაბა ფასანაურში, ვახუშტის რუკის მიხედვით ძველ ქისტურში, სადაც ციხეც ყოფილა აღმართული.
მთიულეთი თავისი გეოგრაფიული მდებარეობით კავკასიონის მთავარ ქედს ეკვრის, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 1104-2380 მეტრს აღწევს. ჰავა ტყისა და მთის ველისაა. ზამთარი აქ გრილია და თოვლიან-ყინვებიანი, შემოდგომა ადრე დგება, გაზაფხული გვიან იწყება, ხოლოზაფხული ზომიერად თბილია.
აქაურ მთების წიაღში ჩამარხული ბუნებრივი სიმდიდრე ჯერ კიდევ გამოკვლეული არ არის. მხოლოდ აქ აღმოჩენილია ლითოგრაფიის ქვის ბუდობების საკმაოდ დიდი მარაგი. მცირე რაოდენობით ეს ქვა გუდამაყრის ხეობაშიც მოიპოვება, ხოლო მისი დიდი ბუდობები ფასანაურიდან იწყება და ანანურამდე აღწევს. აქ ბლომად მოიპოვება აგრეთვე პალეოზური ჯიშის რუხი და შავი ფილაქნები, რომლებსაც მთიულები სამშენებლო მასალად იყენებდნენ. თეთრი და შავი არაგვის ხეობაში ასევე მოიპოვება სხვადასხვა თვისებების მინერალური წყააროებიც: სოდისა, რკინისა, ნახშირ-მჟავიანი, კირიანი, გოგირდიანი, მლაშე და სხვა.
მთიულეთის აღწერის საისტორიო წყაროები შემოგვინახა ვახუშტიმაც: “...არს მოზღუდვილი მთიულეთი მთითა, ამის გამო მაგარი და შეუვალ არს, უვენახო, უხილო, მცირე მოსავლიანი...არა არს აქა აქლემი, კამეჩი და ვირი, არს ცხოვარი უდუმო კუდიანი, ძროხა და ცხენიდა არა მრავალ, სივიწროვის გამო. ჰავით არს ფრიად კეთილი და მშვენიერი წყარო-წყლითა და მწვანითა. წყალთა შინა კალმახი მრავალნი, ხორცი, თევზი და ფრინველნი გეოიანნი, პური ნოყიერი, ეგრეთვე ქრთილიცა. კაცნი ჰაეროვანნი, მხნენი და ბრძოლნი, ერთგულნი, ბრიყუ-საქციელნი, საჭურველთ-მოყვარენი, სამოსელთ და იარაღთა გამწყონი. ქალნიცა მშვენიერნი, არამედ უგბილათ შემოსილნი. აქა არს ქვა, რომლებიც აიყრების კლდისაგან ფიქალ ფიქალად...“
იგივე ვახუშტი გუდამაყრის ხეობასაც აღგვიწერს: “...და არს გუდამაყრის ხეობა მაგარი, მოსავლით ვითარცა სხვა მთის ალაგნი და უფროს მწირი. კაცნი და ქალნი მსგავსი მთიულთა, ხელოსანნი, მშვილდთ მოქმედნი: აკეთებენ რქისაგან მჯიხვისა, თხისაგან და ხართაგან.“
ადმინისთრაციულად მთიულეთის მოსახლეობა იყოფა ორ თემად: მლეთისა და ფასანაურისა. საქართველოს ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დარაიონებით მთიულეთი შედის ტფილისის ოლქში და ის გაიყოფა სამ სასოფლო საბჭოდ: მლეთის, გუდამაყრის და ფასანაურის.
1926 წლის მოსახლეობის სრულიად საკავშირო აღწერით მლეთის თემში ირიცხებოდა 572 კომლი და 3401 ადამიანი, მათ შორის 1588 კაცი და 1813 ქალი. 35 სოფელში მეტად გავრცელებული გვარებია: ბურდული, ბეგოიძე, ბედოიძე, ბუჩუკური, ბენიაიძე, კედელაშვილი, გომურნი, ზაქაიძწ, სისაური, კაიშაური, ზაქიძე, ჩოხელი, მიდელაური, ნაძღაიძე, ბუთხუზი, ნამალაძე, ნადიბაიძე, მამულაიძე, როსტიაშვილი, ობგაიძე, სეთურიძე, სვიანაიძე, შარმაიძე, ნარიმანიძე, ჩოხელი, ციხიშვილი, გვინიაშვილი, ჯაღუმაიძე.
ფასანაურის თემში 1237 კომლში ირიცხებოდა 7082 ადამიანი, აქედან 3449 კაცი და 3633 ქალი. ფასანაურის თემის 52 სოფელში მეტაად გავრცელებული გვარებია: წიკლაური, ამირიძე, აფციაური, ვეშაგური, პატაშური, ფიცხელაური, ველთაური, ბიბილაშვილი, ბექაური, დავითური, ქავთარაძე, ჩოხელი, კობაიძე, ჯიქური, მოთიაშვილი, გვრიტიშვილი, გიგაური, სუმბათაშვილი, ლაზვიაშვილი, ჯანიაშვილი, გოგიშვილი, ხუციანიძე, აბულაძე, ჩიტაური, მელიქიშვილი, ბენიაძე, გუდაშვილი, ჭიკაიძე.
სულ ორივე თემში კი ირიცხება 1809 კომლი და 10483 მცხოვრები.

image

ეკონომიკური მდგომარეობა
ეკონომიკურად მთიულეთი ჩამორჩენილი კუთხეა, რომლის ბუნებრივი სიმდიდრე ჯერ კიდევ ხელუხლებელია და ღარიბ მთიულთათვის გამოუყენებელი. მისი მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობა საქართველოს სამხედრო გზაზე, თავისი ლამაზი პეიზაჟებით, მთის შეზავებული ჰავით დამინერალური წყაროებით სრულ იმედს იძლევა, რომ მთიულეთი ახლო მომავალში იქცება ტურისტებისა და ალპინისტების საყვარელ კუთხედ.
მთიულები უმთავრესად მისდევენ მიწათმოქმედებას და მესაქონლეობას. საყანედ ვარგისი მიწა აქ ერთობ მცირეა. მისი ფართობის უდიდესი ნაწილი ტყეევსა და საძოვრებს უჭირავს, ამიტომ გლეხობაც მიწის დიდ სივიწროვეს განიცდის. მოსახლეობის ზრდასთან შეფარდებული არ არის საყანე მიწის გაფართოების სისტემა, რადგან საამისოდ თავისუფალი მიწა არ მოიპოვება. ამ მიზნისთვის ტყეების გაჩეხვა სამართლიანად აკრძალულია, რადგან ეს დაამახინჯებდა მთიულეთის ლამაზ ბუნებას. საბჭოთა სოციალისტური კანონმდებლობით აქ მიწის საკუთრება გაუქმებულია და მისი ყიდვა-გაყიდვაც აკრძალული.
მეურნეობის ერთ-ერთი მთავარი დარგი მთიულეთში მესაქონლეობაა, განსაკუთებით მეცხვარეობა. სხვილ ფეხა საქონელი: ხარი, ძროხა და საქონელი შეზღუდული რაოდენობით ჰყავთ რადგან ზამთის საძოვრები და საკვებიც მცირეა. მართალია ზაფხულის საძოვრებით და იალაღებით ეს მხარე მდიდარია, მაგრამ მთებზე თივის მოთიბვა და ჩამოტანა დიდ სიძნელეს წარმოადგენს. ნათიბს გლეხი მოხვეტავს და “ხოლა“-დ მოაქუჩებს, შემდეგ ბულულებად დადგამს. რამდენიმე ასეთ ბულულას კოჭზე ააგებენ, რომელსაც “საბანდარა“-ს უწოდებენ. რასაკვირველია ასე წვითა და დაგვით ჩამოტანილი თივით მომრავლებული მსხვილფეხა საქონლის გამოკვება მთიულეთის პირობებში შეუძლებელია, სადაც ზამთარი 6-7 თვე გრძელდება და გლეხიც იძულებულია ის შეამციროს.
როგორც ავღნიშნეთ მთიულეთში უფრო მეცხვარეობას მისდევენ. განსაკუთრებით გუდამაყარში, სადაც ფართო იალაღებია. ზამთრობით კი ცხვრის ფარა ყიძლარში გადაჰყავთ და ცხვარი აქ ღვინობისთვიდან მაისის პირველ კვირამდე რჩება, შემდეგ ისევ მთიულეთში მოერეკებიან. ცხვრის ჯიშიც ადგილობრივია და ნაკლებ ნაყოფიერი. შეძლებულ მეცხვარედ აქ ითვლება, ვისაც 1500 ცხვარი ჰყავს, საშუალოს 200-500-მდე ხოლო შეუძლოს არაუმეტეს 50 სულისა.
ორივე თემში დღემდე გაშენებულია 20ჰექტარამდე ხილის ბაღი, რომელიც კარგი ხარისხის ნაყოფს იძლევა. აქ არსებობს აგრეთვე “ მთიულეთის მერძევეთა ნადის ამხანაგობა“. ნადი ტექნიკურად კარგადაა მოწყობილი და ამზადებს რძის სხვადასხვა პროდუქტებს. მისი თვიური ბრუნვა 500 მანეთს წარმოადგენს, რძისა კი 140 ფუტს. გლეხობის მოთხოვნით ასეთივე ნადის დაარსება განზრახულია გუდამაყარშიც.
მთიულეთის ეკონომიკაში მეტყეობასაც განსაკუთრებული როლი უჭირავს. ეს მხარე ტყეებით მდიდარია. მართალია, აქაური ტყე ფართო საექსპულატაციო ხასიათს მოკლებულია, მაგრამ ადგილობრივი ბიუჯეტისთვის ის მნიშვნელოვანი წყაროა. ტყე საშუალო ხნისაა და ძირითადად ადგილობრივ მოთხოვნილებებს ხმარდება. ამიტომ მთიულეთის მოსახლეობა იაფი ხით და სამშენებლო მასალით უზრუნველყოფილია. ტყის გავრცელებული ჯიში აქ წიფელია 90% ასევე: მუხა, ნაკერჩხალი, ცაცხვი, იფნი და ასე შემდეგ. აქაურ ტყეებში ფუტკარიც ბუდობს ამიტომაც მტიულები მეფუტკრეობასაც მისდევენ.
მამაკაცები აქ დურგლობას, კალატოზობას და მჭედლობასაც მისდევენ. ხელოსნები სამუშაოდ ხევსურეთში გადადიან, სდაც სახლების აგებისთვის იღებენ ერბოსა და მსხვილფეხა საქონელს. მაგრამ ყველაფერი ეს მაინც ვერ აკმაყოფილების მისი ოჯახის საარსებო მოთხოვნილებებს და მთიული იძულებულია სამუშაოდ შორს გაიჭრას. შემოდგომაზე მთიულები სამუშაოდ კახეთში გადადიან, ზაფხულში და ზამთარში ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც სთიბავენ და მწყემსავენ. არც ეს შველის მთიულეთის შემჭიდროვებულ მოსახლეობას, რომელსაც თავისი ჭირნახული მხოლოდ 5 თვემდე ძლივს ყოფნის და ამიტომაც ნამრავლი იძულებულია გადასახლდეს.
მთიულების გადასახლების ეს პროცესი ჯერ კიდევ გასული საუკუნის ორმოციანი წლებიდან დაიწყო და მაშინ ისინი უფრო ქვემო ქართლისკენ იწევდნენ. სახლდებოდნენ აღბულაღისა და მანგლისის მიდამოებში ასევე მდინარე კავთურას და თეძმის სათავეებში, სადაც მთიულები დღესაც ბინადრობენ. შემდეგ კი პირი თერგის ოლქისკენ იბრუნეს და პროხლადნაიას მიდამოში დასახლდნენ. მსოფლიო ომმა და დიდმა რევლოლუციამ გადასახლების ეს პროცესი შეაჩერა მაგრამ 1928 წლისთვის მთიულებმა ისევ დაიწყეს ჩრდილოეთისჯენ გადახვეწა. მხოლოდ ფასანაურიდან პროხლადნაიას მიდამოშჰი 109 კომლი გადასახლდა.
image


ისტორიული მიმოხილვა
მთიულეთში პრეისტორიული ნაშთები გამოუკვლეველი და ჩვენთვის უცნობია. ამ მიზნით აქ კვლევა არავის უწარმოებია და არც შემთხვევითი ხასიათის რაიმე მნიშვნელოვან აღმოჩენას ჰქონია ადგილი, რომ შესაძლებელი იყოს ამ საკითხის გაშუქება. რაც შეეხება მის ისტორიულ ხანას უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ამ რააიონში მოსახლეობა ადრევე ჩნდება და მთელი ეს კუთხეც ძველი იბერიის სამეფოს გეოგრაფიულად მნიშვნელოვან სამფლობელოს წარმოადგენდა. მით უმეტეს, რომ იბერიის სამეფოს სატახტო ქალაქი მცხეთა მტკვრისა და არაგვის შესართავთან მდებარეობდა ამიტომ მთელი არაგვის ხეობას სამეფოსთვის უდიდესი სტრატეგიულ-პოლიტიკური მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა. ამ ხეობით გადადიოდა ჩრდილოეთის გზა, საქართველოს სამხედრო გზა, რომელიც დარიალის ან არაგვის კარით იყო გამაგრებული.
ამ კარით იბერიის სამეფოს ემუქრებოდნენ სამხრეთ რუსეთის ველებზე მომთაბარე ტომები: ხაზარები, ალანები და სხვა. მათგან თავდაცვის მიზნით და სტრატეგიული მოსაზრებით მეფეები ციხე კოშკებით ამაგრებდნენ ხეობას, გულად და მეომარ ტომებს ასახლებდნენ აქ. მთიულეთი ქრისტიანობის პირველ საუკუნეში დასახლებული ყოფილა ამას მრავალი საისტორიო წყარო ადასტურებს.
მეხუთე საუკუნეში არაგვის ხეობით ვახტანგ გორგასალი ხანგრძლივად ებრძოდა დარიალის ხეობით შემოჭრილ ოსებს და ამ გმირულო ბრძოლის ზღაპრული ამბებიდღემდეა შემორჩენილი ხალხში. შემდეგ საუკუნეებში კი დავით აღმაშენებელი ამ ხეობით უფრო მშვიდობიან პოლიტიკას აწარმოებდა, რადგან ეს ხეობა სჭირდებოდა ყივჩაღდა საქართველოში შემოსაყვანად. ამასთანავე მთიულებსაც არაერთხელ მიუღიათ მონაწილეობა ჩრდილოელთა დასამორჩილებლად მოწყობილ ლაშქრობებში. მაგალითად თამარის დროს, როდესაც სამთვიანი ბრძოლის შედეგად და ზაქარია მხარგრძელის მეთაურობით დაიმორჩილეს ფხოველები და დიდოელები.
image

ამასთანავე უნდა ავღნიშნოთ, რომ მთიულთ-გუდამაყარის წარსულისა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ საისტორიო მწერლობაში ერთობ მცირე ცნობები მოიპოვება, რომ შესაძლებელი იყოს მათი ისტორიული ყოფილის მთლიანი წარმოდგენა. ამის მხრივ ერთადერთი წყარო, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია არის “ძეგლის დადება გიორგი ბრწყინვალის მიერ“.
ეს ძეგლი შედგენილია დაახლოების 1325-1338 წლებში და მთიულეთის იურიდიულ- უფლებრივი ნორმების შემცველია.
შემდეგ საუკუნეში ვხედავთ რომ არაგვის ერისთავები მოძლიერებულან და თვით მეფესაც კი ეურჩებოდნენ. 1575 წელს ერთმა ვანათელმა აზნაურმა ქართლის სამეფოს დასუსტებით ისარგებლა და ქსნის ერისთავის დახმარებით შეესია არაგვის ხეობას და ამოხოცა ერისთავები თურმანიძეებისა და არმეულების საგვარეულო, ხოლო 1578 წელს არაგვის ერისთავად გამოიცხადა თავი. მისმა მემკვიდრე ნუგზარმა მთიულეთში გაილაშქრა და მედგარი ბრძოლის შემდეგ ეს კუთხეც დაიმორჩილა, რომლის დროსაც ხალხი ახლაც იხსენებს: “ ნუგზარ ერისთავის დროსაო, სისხლის წვიმების დროსაო“. რათქმაუნდა მთიულებისთვის მძიმე იყო ერისთავის უხეში მმართველობის ფორმები, ამითომაც მალევე დაიწყო აჯანყება, თუმცა ზურა ერისთავმა მთიულეთი მეორედ დაიპყრო, გადავიდა ხევში და ესს კუთხეც დარიალის ხეობამდე შემოიმატა.
ამრიგად მთიულეთ-ხევის დამორჩილების შემდეგ, ერისთავების უხეში ბატონობის ქვეშ მთელი მთიულეთი გმინავდა, რომელიც მოხერხებული დროის მოლოდინში იყო, რომ მათზე შური ეძიათ. რათქმაუნდა არაგველები აჯანყდნენ, მოკლეს ბეჟან ერისთავი და მისი მემკვიდრე ძმისწული ოტია და ამით ბოლო მოეღო მათ უხეშ ბატონობას. ამის შემდეგ ეს ხეობა ისევ ქართლის სამეფოს გამგებლობაში გადადის და მე-18-ე საუკუნის მეორე ნახევარში თეიმურაზ მეორის დროს არაგვის საერისთავოც სამუდამოდ უქმდება.
საეკლესიო მართვა-გამგეობის მხრივ მთიულეთი შედიოდა წილკანის საეპარქიოში და ემორჩილებოდა წილკნელ ეპისკოპოსს, რომელიც იწოდებოდა: “ ეპისკოპოსი მუხრანისა, ორისავე არაგვისა და ბაზალეთისა“.
მთიულებს ამასთანავე შებრძოლება უხდებოდათ თითი-ოროლა აქ შემოპარულ ფეოდალებთან. რომლებიც მთიულეთში ბატონყმური წესების შემოტანას ცდილობდნენ. მაგრამ მთიულებმა ისინიც ჩქარა მოსპეს.
მთიულებს მოსვენებას არ აძლევდნენ აგრეთვე ჩრდილოეთით მომთაბარე ტომებიც: ოსები, ქისტები და განსაკუთრებით ლეკები. ეს ტომები მთიულეთს ქურდულად ეცემოდნენ, იტაცებდნენ სარჩოს, საქონელს და ადამიანებსაც კი. მათ წინააღმდეგ მთელი თემი იბრძოდა, რომლის გმირული ეპიზოდები ხალხს გაულექსია და დღესაც მღერის. ლეკიანობისაგან მთელი აღმოსავლეთი საქართველო იყო აფორიაქებული და თვით ერეკლე მეორემ ვერ შეძლო მათი თარეშის ალაგმვა და ხალხის ტყვეობისაგან დაცვა. ხალხური გადმოცემით ამ ტყვეებით ლეკები ფასანაურში ვაჭრობდნენ და ამიტომაც ეწოდა ფასანაური ანუ საფასე ადგილი.
image

საქართველოს სამეფო თავისი არსებობის უკანასკნელ საუკუნეებში(17-18 ს.) არაგვის ამ ხეობით რუსეთის იმპერიასთან გაცხოველებულ დიპლომატიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ამ გზით მოგზაურობდნენ ელჩები და შემოდიოდნენ რუსული მაშველი ჯარები გუდამაყრის ხეობაში. მთიულები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს უკანასკნელ შებრძოლებაში ირანის შაჰის აღა-მაჰმად ხანთან 1795 წელს. თვითომ მეფე ერეკლესაც მრავალჯერ შეუფარებია თავი მთიულეთის სიმაგრეებს.
საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, დარიალისა და არაგვის ხეობის მთიელები მძიმე პირობებში მოექცნენ. რუსეთის მხედრობა თავისი თვითმბყრობელური მიზნებისთვის მოითხოვდა საქართველოს სამხედრო გზის შეკეთება-გაფართოებას, დაცვას, ჯარის სურსათით და გადასაზიდი საშუალებებით უზრუნველყოფას.
ყველაფერი ეს აუტანელ ბეგარად გადაეცა ამ გზაზე მობინადრე მთიულებს. რუსეთის მოხელეები აიძულებდნენ მათ გზისა და ხიდების შეკეთებას, თოვლის გახვეტას, ხვავისა და თოვლისაგან გაწმენდას და სხვა. ეს მძიმე ბეგარა მთიულისაგან იმდენ ჯაფას მოითხოვდა რომ მათ სააერთოდ აღარ ჰქონდათ დრო მინდორში სამუშაოდ.
1804 წელს რუსეთის ბატონობა კავკასიაში დიდ განსაცდელში ჩავარდა. ამ წლებში კავკასიის მთავარმმართველმა ციციანოვმა ბაქოსკენ გაილაშქრა. ამას მოჰყვა პოლიტიკური გართულება კავკასიაში, ლეკის თარეში, ტახტის მაძიებელი ბატონისშვილის ამოძრავება და სხვა. და როდესაც ციციანოვმა ერევანში გასალაშქრებლად მთიულებისგან ჟარი მოითხოვა, მთიულებმა ამაზე გადაჭრით უარი გამოუცხადეს და რუსების ამოჟლეტვით დაემუქრნენ. ეს უკვე აშკარა ამბოხება იყო და ანაზე მრისხანე მთავარმმართველებმა თავის ერთგულ ერისთავებს უბრძანეს ამ ამბოხების ჩაქრობა.
ამბოხებულებს მეთაურობდნენ ლევან ნაზღაიძე და სამუკა. მათ ხატზე დაიფიცეს, სულ ერთიანად გავწყდეთ, ოღონდ რუსების მმართველობას ბოლო მოეღოსო. რუსის ჯარისთვის მოძრაობის საშუალება რომ მოესპოთ, სამხედრო გზა მთლიანად გაანადგურეს ანანურიდან დაყოლებული კაიშაურამდე. ყველა ხიდი დააქციეს, გზა ჩახერგეს უშველებელი ხეებით და ფიჩხებით. ამგვარად მთიულებმა შეკრეს ეს გზა და არავის აჭაჭანებდნენ კავკავ-ტფილისით.
მთიულების პირველი შებრძოლება რუსებთან კაიშაურთან მოხდა, სადაც ამბოხებულებმა გაიმარჯვეს. თეთრი არაგვის ხეობას სწრაფად მიემხრნენ: ჭართლის, ხანდოს და გუდამაყრის ხეობები და ამგვარად მეამბოხეთა რიცხვი თანდათან იზრდებოდა. მეამბოხეებმა ალყა შემოარტყეს დუშეთს, კობს, ლომისას, სტეფან-წმინდას, ანანურს და კაიშაურს. ყველაზე დიდი ბრძოლა კი ლომისასთან მოხდა. რუსის ჯარი მაიორ მელლას მეთაურობით სასტიკად დამარცხდა და დიდი დანაკარგებით უკან გაბრუნდნენ. ამ გამარჯვებამ ფრთები შეასხვა მეამბოხეთა ბანაკს და საბოლოო გამარჯვებისთვის მოუწოდებდნენ ფშავ-ხევსურეთსაც.
ტახტის მაძიებელი ბატონიშვილებიც ვახტანგი და ფარნაოზიც გამოჩნდნენ და მეამბოხეების მესვეურობას კისრულობდნენ. ამან რუსეთის მხედრობაში დიდი პანიკა შექმნა და იმპერატორ ალექსანდრე პირველის ბრძანებით მთიულეთისკენ რუსის ურიცხვი ლაშქარი დაიძრა შავი ზღვით. ამავე დროს მთავარმმართველმა ციციანოვმა რაკი ერევნის აღება ვერ შეძლო საჭიროდ ჩათვალა საქართველოში დაბრუნებულიყო ამბოხების ჩასახშობად. სექტემბრის უკანასკნელ რიცხვებში რუსების ქვეითმა ჯარმა და ყაზახთა რაზმებმა ალყა შემოარტყეს აჯანყებულებს. მეამბოხეებზე პირველი იერიში ყაზახთა რაზმებმაა მიიტანეს და მათ შორის ყველაზე დიდი და გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა სოფელ სიონთან. მიუხედავად ამბოხებულთა გმირული და თავგანწირული ბრძოლისა მათ მაინც დაკარგეს ყველა გამაგრებული პოზიცია. რუსებმა ხელთ იგდეს ბატონიშვილებიც და სწრაფადვე გაათავისუფლეს დუშეთისა და ანანურის ციხესიმაგრეებიც, რაც ამბოხებულებისთვის ომში უკვე დამარცხებას ნიშნავდა. 1804 წელის ოქტომბერში ყველაფერი დამთავრდა და მთიულებმაც იარაღი დაყარეს და ახლა მხლოდ და მხოლოდ მოელოდნენ მთავარმმართველის მძიმე განაჩენს.
მაგრამ რუსეთის დიდმა რევოლუციამ მთიულეთი საქართველოსთან ერთად იმპერიალიზმის მონობის ამ მძიმე უღლისგან გაანთავისუფლა და დღეს თავისუფალი მთიულეთი ჩართულია თანამედროვე სოციალისტურ აღმშენებლობაში.
image

საზოგადოებრივი ყოფა
მთიულეთის საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარების ისტორია თემობრივ წყობილებას არ გასცელია. ძველი თემური ყოფის დამახასიათებელი ზოგიერთი ნიშანი დღესაც ცოცხალია ამ კუთხეში.
მთიულეთის მოსახლეობა ჯერ კიდევ საგვარეულოებად არის დაჯგუფებული. მრავალი სოფელი ერთი გვარითაა დასახლებული და სოფელიც სწორედ ამ გვარის შესაბამის სახელს ატარებს.
ბურდულის, წიკლაურის და ბუჩუკურის წინაპრები ხევსურეთიდან გადმოსახლებულან, სადაც მათ კაცი მოუკლავთ და მესისხლეობის შიშით მთიულეთში გამოხიზნულან. კობაიძის წინაპარი აქ ოსეთიდან შემოსულა, რასაც ხალხური თქმულება ვახტან გორგასლის ოსეთთან ბრძოლას უკავშირდება. როდესაც ვახტანგს ოსბაყათარი დაუმარცხებია, მისთვის ტყვეები წაურთმევია და ამ ტყვეებში ყოფილა კობაიძის წინაპარი, რომელსაც მთიულთ ქალი შეურთავს და ჩირიკში დასახლებულა.
მთიულეთში თემური წყობილების დროს, თითოეული კომლი შეადგენდა ერთ დიდ და განუყოფელ ოჯახს, რომლის ჭერქვეშ რამოდენიმე თაობა ცხოვრობდა. ამ დიდი და გაუყოფელი ოჯახის სათავეში დგანან უხუცესი რძაკ-მაზლი, “უფროსი დედაკაცი და უფროსი მამაკაცი“, რომელებიც ოჯახს განაგებენ. მორიგეს ერთი წლით ირჩევენ, რომელსაც ყველა საოჯახო საქმეები ეკისრება: მუშაობის განაწილება, მოსავლის დაბინავება, ყიდვა-გაყიდვა და ასე შემდეგ. მორიგე რძალი ოჯახის უფროსებს ემორჩილება და მათთან შეთანხმებით მოქმედებს, რომლებსაც თავიანთი საუფრო სკამი გააჩნიათ.
გაყრა ოჯახში უფროსების სიცოცხლეში აქ დღესაც ძნელია. გაყრის დროს ვაჟები ქონებას თანაბრად ინაწილებენ. მხოლოდ უფროს ძმას ეძლევა მამის ცხენი და იარაღი. მას აგრეთვე უპირატესობა აქვს მამისეული სახლის შესყიდვაში. თემური ადათით ქალებს ოჯახში წილი არ აქვთ. შიგ გვარში შეუღლება აკრძალულია.
რაც შეეხება საგვარეულო წყობილების დამახასიათებელ მოვლენებს: შურისძიება, სისხლის აღება, ქალის მოტაცება, ურვათი და სხვა აქ მთლიანად გამქრალია.
ზნეობრივად მოსახლეობა საკმაო სიმაღლეზე დგას. ყაჩაღობა, მკვლელობა და ქურდობა აქ იშვიათად ხდება. სტუმართმოყვარეობისა და პურმარილის ადათებს კი ჯერ კიდევ მტკიცედ მისდევენ.
ადმინისტრაციულ და კულტურულ-ეკონომიკურ მუშაობას მთელ მთიულეთში თემსაბჭო განაგებს. კულტურულად მთიულეთი აქ ერთობ ჩამორჩენილია. სკოლების, სამკითხველოების და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების რიცხვი აქ მეტად მცირეა. მლეთის თემში სულ სამი დაწყებითი სკოლა არსებობს: მლეთაში, კაიშაურში და ნაღვარევში. ერთადერთი უფრო მაღალი სკოლა მთელს მთიულეთში ფასანაურშია. სკოლების ამ სიმცირით აიხსნება წერა-კითხვის მცოდნეთა საკმაოდ დაბალი რაოდენობა.
ამ კულტურულად და ეკონომიკურად ჩამორჩენილ კუთხეში ყოფა-ცხოვრების პირობებიც უნუგეშო მდგომარეობაშია. ერთობ გამეფებულია უვიცობა და ცრუმორწმუნეობა. მძიმე ფიზიკურ შრომასთან მოსახლება ცუდად იკვებება და მათი ყოფა ცხოვრებაც ჰიგიენას მოკლებულია.

ყოფის დამახასიათებელი რეალები
მთიულეთში თანამედროვეობა საკმაო სიძლიერითაა შეჭრილი, რომელიც ძველ ყოფასთან ერთად თანდათანობით შლის მამა-პაპურ ციხე კოშკებს, სადგომებს ავეჯს.
ძველი ყოფის ნაშთებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია აქაური კოშკები, რომლებიც მრავალი მწვერვალებიდან დღესაც ამაყად იყურებიან. დროთა განმავლობაში მრავალი ამ კოშკთაგანი ნანგრევებად იქცა, ზოგი კი ადამიანის ხელით დღესაც ინგრევა. ერთადერთი კუთხე, მთელს მთიულეთში, სადაც კოშკები დაცულია ხადას ხეობაა, რომელსაც სამოცი ციხის ხეობასაც უწოდებენ.
არქიტექტურული ფორმისა და ტექნიკის მიხედვით მთიულეთში კოშკები ორ ტიპად იყოფა. პირველი ტიპის ციხეს აქვს სწორკუთხოვანი ფასადი და ზურგი მომრგვალებული. ის ნაგებია უზარმაზარი ლოდებისგან მშრალად, უცემენტოდ და უტალახოდ. ასეთი ტიპის კოშკებს სათოფურები არ აქვთ და რამდენიმე სართულისგან შედგება. მეორე ტიპის კოშკები ქვითკირითაა ნაგები და სწორკუთხოვანია. სიმაღლე დაახლოებით 10 მეტრია, ორსართულიანებია და სათოფურებიც დაყოლებული აქვთ.
image

წარსულში ამ ციხე-კოშკებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს, სადაც არაერთი თაობა შეხიზნულა, თავგანწირვით უბრძოლია და მომავალიც შეუნარჩუნებია. დღეს კი ეს კოშკები თემურ წყობილების ცოცხალ ძეგლებს წარმოადგენენ და როგორც ისტორიული ძეგლები დაცული და ხელშეხებელი უნდა იყოს, მაგრამ ეს ვითარება პირიქითაა და ადამიანები ხშირად ანადგურებენ მათ.
მთიულეთის შეჯგუფებული მოსახლეობა მთის კალთაზეა შეფენილი. ხშირად სოფელი ისეა შემჭიდროვებული, რომ შორიდან ერთი დიდი სახლი გეგონებათ. სოფელი უგეგმოთაა გაშენებული. კარ-მიდამო და ქუჩები არ არის. მთიულური ტიპის სახლი ჩვეულებრივ ორსართულიანია და ქვითკირითაა ნაშენები.
ახალი თაობა აქაც თანდათანობით თანამედროვე მოდაზე გადადის. ფაბრიკულ ქსოვილებთან თანამედროვე მოდაც იჭრება და არა ერთი მთიული ქალია მაღალქუსლიანებზე შემდგარი და ახალი მოდური ტანსაცმლით გამოწყობილი.

ხალხური ჩვეულებანი
ქორწილი: სქესობრივი დამოკიდებულება ქალ-ვაჟს შორის ჯერ კიდევ თემურ წყობილებას არ გასცელია. სქესთა თავისუფალი სიყვარული აქ ჯერ კიდევ ახალი ხილია. ახალგაზრდა ქალ-ვაჟის ბედი თუ უბედობა მათივე მშობლების ხელშია, რომელთა ნების წინააღმდეგ წასვლა საძრახი საქმეა. ამიტომაც ქალს 15-16 წლამდე ათხოვებენ, მეტის დახანება კი სირცხვილად ითვლება.
მთიულეთში ერთი თემისა და გვარის გოგო-ბიჭების შეუღლება აკრძალულია, ნათესაობასაც მტკიცედ იცავენ. ახალგაზრდობამ აქ და-ძმური გაფიცვაც იციან. თუ ორი ოჯახი მეგობრულ განწყობაშია მაშინ მათი შვილები ერთმანეთს და-ძმობას ეტყვიან რაც ნიშნავს ერთმანეთს დედმამიშვილობა უნდა გაუწიონ.
image

მთიულეთის ეს ახალგაზრდობა თავს იყრის ხატობა-დღეობებში, სადაც მათი მშობლები მათთვის საბედოს არჩევენ. რაშიც აქტიურ მონაწილეობას “მარჯაკელები“ 9მაჭანკლები) იღებენ. მაჭანკლებს თავიანი გასამრჯელო ეძლევათ 10-30 მანეთი რომელსაც ქალის მხარე განსაზღვრავს მაგრამ ვაჟის მხარე გადაიხდის. თუ ქალის გათხოვებაზე მისი მშობლები თანახმანნი არიან აქ აუცილებლად აზრს ეკითხებიან ქალის ძმას და ნათლიას. თუ ეს ორი გაჯიუტდა მაშინ შესაძლოა საქმე ჩაიშალოს.
ქორწილი ვაჟის ხარჯზეა. ქორწილისთვის საშუალოდ საჭიროა: 15 ქვაბი არაყი, 3 ქვაბი ლუდი, 7კოდი პური, ხარი, სამი ცხვარი და სხვა.
მშობიარობა: მშობიარობის დროს მთიულეთში, განსაკუთრებით გუდამაყარში, ქალი უწმინდურ არსებად ითვლება და სადგომ სახლში მისი გაჩერება არ შეიძლება. ამიტომ მშობიარეს ბოსელში ათავსებენ. თუ სოფელში ხატია, მაშინ მშობიარეს სოფლისგან მოშორებით ბოსელს უშენებენ. თუ მშობიარე ბოსელში კვდება, რაც აქ იშვიათი შემთხვევა არ არის, მაშინ ბოსელში შეგზავნიან ორ ხანშიშესულ დედაკაცს და ისინი დაღუპულის გვამს გასუდრავენ. მებოსლის ცხედარის უწმინდურად ითვლება და მას სოფლის სასაფლაოზე არ ასაფლავებენ.
უნდა ავღნიშნოთ რომ მთიულური ბოსლობა და ხევსურული საჩეხი და სამრევლო თავიანთი წესებით ერთი და იგივეა, მხოლოდ მთიულური შედარებით უფრო შერბილებულია.

0
152
2-ს მოსწონს
ავტორი:დონ ჟუან
დონ ჟუან
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0