x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134471
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
გოგონა აფხაზეთიდან 5 ნაწილი

image
დიდი აბრა იყო გაკრული, სწრაფად გადავიდა ადიცა მანქანიდან. კითხულობდა და თან ტიროდა, ზურაც გადავიდა . ადიცა მთელი ძალით არყევდა ჭიშკარს, რომელიც დიდი ბოქლომით იყო ჩაკეტილი და ჯაჭვი ჰქონდა შემოხვეული, ყვიროდა. თამარ! ჩემო გოგონაა!!! ზურა ცდილობდა დაემშვიდებინა, მოკიდა ხელი და მანქანაში ჩასვა. წყალი მიაწოდა რომ დაწყნარებულიყო. - ადიცა, დაწყნარდი! გავარკვევ ყველაფერს რა ხდება, ვიკითხოთ იქ მაღაზიაში რა მოხდა ეცოდინებათ, ნუ გეშინია, დავიბრუნებთ ბავშვს. - არა, ზურა გული მიგრძნობს, რომ მე ის დავკარგე, მე ის გავწირე, სიცოცხლე არ მინდა, ეს რა გავაკეთე. - ცოტა ღონე მოიკრიბე ადიცა და დამშვიდდი, შემდეგ, მივიდეთ მაღაზიაში და ვიკითხოთ თუ რა მოხდა, რატომ გააუქმეს ბავშვთა სახლი. სახეზე წყალი შეისხა, მანქანიდან გადავიდნენ. მაღაზიას მიუახლოვდნენ, რომელიც ბავშვთა სახლის წინ იყო. იქვე მოხუცი კაცი იჯდა. - გაჭირვებულ დღეშია ჩვენი ქვეყანა შვილებო, უკვე ისიც არ შეუძლია, ობლად დატოვებულ და უპარტონო ბავშვებს მიხედოს. ნელ-ნელა ხელიდან გვეცლება ქვეყანა, აფხაზეთის ომმა ტკივილთან ერთად, დანაკლისიც დაგვიტოვა და გაჭირვებაც მოგვიტანა, ამ ხნის კაცი ვარ, რა, არ გამომივლია, მაგრამ ასეთი ცხოვრება დღეს რომ აქვს ქართველ ხალხს არ გვქონია. - ამოიხრიალა მოხუცმა. ზურამ სიტყვა შეაწყვეტინა. - ბატონო, იქნებ იცოდეთ, რა მოხდა? რატომ დაკეტეს ეს ბავშვთა სახლი? - კი, შვილო, ვიცი... - ადიცამ მოხუცს, ბეჭებზე ხელი მოჰკიდა და შეანჯღრია, ლამის წააქცია მოხუცი, თითქოს მას მიუძღოდა ბრალი, ზურამ მაშინვე მოაცილა მოხუცს იგი. - ვინ იყო შვილო იქ შენი? - ჩემი შვილი. - როგორ? ნუთუ დედამ ასე გაიმეტე შვილი? ბავშვთა სახლში ჩააბარე?! რა გაგიჭირდა ასეთი შვილო? შენი პირმშო, რომ მკერდიდან მოიგლიჯე, შენ არ ყოფილხარ დედობის ღირსი! -ეს სიტყვები წარმოთქვა და წამოხტა სკამიდან, ჯოხს დაუწო ძირს ცემა, ზურას რომ არ დაეწყნარებინა მოხუცი, ადიცასკენ გაიწევდა ჯოხით. - დამშვიდდით ბატონო! აქ სხვა რამ ხდება, თქვენ ის გვითხარით, თუ იცით, სად წაიყვანეს აქ რომ ბავშვები იყვნენ და რატომ დახურეს? - როგორც ვიცი, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეხურა. რამდენიმე ბავშვთა სახლი, მათ შორის, ესეც. - ბავშვები სად წაიყვანეს, თუ იცით? - ბავშვები სხვა ბავშვთა სახლებში გადაანაწილეს, ზოგი კი ოჯახებმა აიყვანეს და ისინი გაზრდიან. - ღმერთო ჩემო, ეს რა დაგვემართა! როგორ გავიგოთ, ახლა სად წაიყვანეს თამარი. ხომ არ იცით, ან აქვე ახლოს, ხომ არ ცხოვრობს რომელიმე თანამშრომელი? რომ მივაკითხოთ და გავიგოთ რომელ ბავშვთა სახლებში გადაანაწილეს ბავშვები? - არა, აქ არავინ ცხოვრობს და არც ვიცნობ ვინმეს... - მაშინ, საიდან ფლობთ ამდენ ინფორმაციას ბატონო? იქნებ არ გსურთ გამიმხილოთ და მალავთ რაიმეს?! - მე რაც ვიცოდი, გითხარით! დანარჩენი კი თქვენ გაარკვიეთ, ასე ძალიან თუ გეწვით გული იმ ბავშვების მდგომარეობით! ის ქალი არ არის ღირსი, იცოდეს სად არის მისი შვილი, ვინც თავიდანვე გაიმეტა შვილი მისატოვებლად!!! ზურამ მადლობა გადაუხადა განრისხებულ მოხუცს მცირედი ინფორმაციისთვის, ხელი მოჰკიდა ადიცას და მანქანასთან წაიყვანა, კარები გაუღო, დამშვიდება სთხოვა და თვითონაც ჩაჯდა მანქანაში. ადიცა ტიროდა, განადგურებული იყო შინაგანად, არ პატიობდა საკუთარ თავს, ბავშვის დაკარგვას, ზურამ სახლში მიიყვანა და საღამოს მასთან დარჩა. გამთენიისას ჩაეძინა ადიცას, არც ზურას სძინებია, ხან სიგარეტს ეწეოდა, ხან კიდევ ფანჯარაში იცქირებოდა. დღეები, რომლებიც არაფრისგან შედგება, გარდა ტკივილებისა, კიდევ უფრო გამძაფრდა და უფერული გახდა. დარდის და ტირილის მეტი არაფერი შერჩენოდა ადიცას. ადამიანები, რომლებიც გვერდით ედგნენ მას, ზურა და ესმა იყვნენ. ზურა, რომელიც ცდილობდა ოდნავ მაინც შეემსუბუქებინა მძიმე დღეები და გვერდიდან არ სცილდებოდა, ყველა ბავშვთა სახლი დაიარეს, რაც გაიგეს, მაგრამ ამაოდ, თამარის კვალს ვერსად მიაგნეს, თითქოს გასაიდუმლოებული იყოს ბავშვის ადგილ-სამყოფელი... ზამთრის ცივი დღეების მატებასთან ერთად, ადიცა ბავშვის პოვნის იმედს კარგავდა, მაგრამ ზოგჯერ უეცრად გამონათებული მზესავით ჩაებღაუჭებოდა რაღაც იმედის ნაპერწკალს და ფარ-ხმალს არ ჰყრიდა, ისევ განაგრძობდა ძებნას და ისევ უიმედობა ისადგურებდა მასში. თანდათან დეპრესია დაეწყო, სამსახურში ვერ დადიოდა, არავის იკარებდა, არც არავის ნახვა და არავისთან საუბარი უნდოდა. ზურამ, დიდი წინააღმდეგობების მიუხედავად, მაინც წაიყვანა ექიმთან. დაიწყო მკურნალობა, დღითი-დღე მდგომარეობიდან გამოდიოდა. მეგობარი, ესმა ახსილბა დადიოდა ხშირად მასთან. ის აფხაზი იყო, თბილისში გათხოვილი, რესტორანში მუშაობდა ადიცასთან ერთად. ზრუნავდა მასზე ისე, როგორც ზურა. ადიცა, ზურა და ესმა ისე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, თითქოს მთელი ცხოვრება ერთად ჰქონოდათ გატარებული. ზურა და ადიცა კიდევ უფრო დაახლოვდნენ. დღეებს კვირეები ემატებოდა, თვეები და ასე გადოდა დრო. 1995 წლის 27 სექტებმერი იყო. თითქოს სიმშვიდე იყო, მაგრამ ქვეყანა სიღატაკის ზღვაზე იყო მისული, უშუქობა, შიმშილი, სიცივე, ყველაფერს ერთად მოუყარა თავი, ქუჩაში ისევ ხელგამოწვდილი მოხუცები, უპარტონო ბავშვები, ერთი პურის გამო რიგში ჩამდგარი მშიერი ადამიანები იდგნენ, რომლებსაც გული მისდიოდათ შიმშილისგან, განახევრებული და გახლეჩილი იყო საქართველო! ...კარზე ზარის ხმა გაისმა, ადიცა მივიდა და გააღო. მის წინ ზურა იდგა, ერთ ხელში ყვავილები ეჭირა, მეორეში ტორტი - გაოცებული შესცქეროდა. - რა ხდება, ზურა? - დღეს ხომ შენი დაბადების დღეა ადიცა, ნუთუ ესეც დაგავიწყდა? - ეგ საერთოდ აღარ მახსოვდა, შემოდი! შემოდი! სახლში შევიდა ზურა, მაგიდაზე ტორტი დადო, ყვავილები ადიცას მიაწოდა. - გილოცავ დაბადების დღეს, გისურვებ ყველაფერს საუკეთესოს ცხოვრებაში, მინდა, რომ შენი გული და სახე მუდამ მომღიმარი იყოს. - გაიხარე ზურა, ასე რატომ გაისარჯე, მე არ მაკლია შენგან სითბო და მზურნველობა, არ იყო საჭირო ეს ყოველივე. - მე ასე მინდოდა, იყო თუ არა საჭირო, ეს მე ვიცი... - ზურა, ესმას დავურეკავ, დავპატიჟებ ტორტზე. - ძალიან კარგი აზრია, დაურეკე და მოვიდეს ისიც. ადიცამ დაურეკა ესმას და ისიც სიხარულით შეხვდა ადიცას მიპატიჟებას. - ადიცა, რადგან ესმა მოვა, მაშინ მე ჩავალ და შამპანურს ამოვიტან, ასე აჯობებს, დავლევთ შენს სადღეგრძელოს. ოც წუთში ესმაც ესტუმრა ადიცას, სუფრა გაშალეს, მაგიდას მიუსხდნენ. გამოცოცხლდა ადიცა, ახლა მიხვდა, რომ არ იყო მარტო და ჰყავდა ადამიანები გვერდით, რომლებიც იზიარებდნენ მის ტკივილს და სიხარულს. ბედნიერებისგან ცრემლი გადმოსცვივდა თვალებიდან, ეს არ დარჩენია ზურას შეუმჩნეველი. - დამშვიდდი ადიცა, ჩვენ შენს გვერდით ვართ, სანერვიულო არაფერია, ადრე თუ გვიან აუცილებლად იქნები ძალიან ბედნიერი, ასე არ არის ესმა? - რა თქმა უნდა ზურა, ადიცა იმსახურებს დიდ ბედნიერებას, ჩვენ კი მის გვერდით ვიქნებით სულ! - მადლობა ორთავეს, ჩემო ერთგულო მეგობრებო, მე თქვენს მეტი არავინ მყავს, თქვენ ხართ ჩემი იმედი, ძალა... - კარგი რა, ადიცა, რა სენტიმენტალური ხარ, დამშვიდდი, დღეს შენი დღეა და მხოლოდ კარგზე იფიქრე- დღეს არა მარტო ჩემი დღე, სოხუმის დაცემის დღეა. ეს დღე ბევრი სიხარულის და ბევრი ტკივილის გახსენების დღედ იქცა ჩემთვის! - მეც, როგორც სხვებმა გამოვიარე ეგ მძიმე დღეები ჩემო ადიცა და ზურა, სოხუმში დავიბადე, მაგრამ დედა ათი წლის ვიყავი, რომ გარდამეცვალა. ბებია, ბაბუამ ტყვარჩელში გადაგვიყვანა მე და ჩემი და-ძმა საცხოვრებლად, იქ გავიზარდეთ. გათხოვების შემდეგ ყოველ ზაფხულს ჩავდიოდი, ერთი თვე ვჩერდებოდი ტყვარჩელში. იმ წელს, როგორც ყოველთვის, 20 აგვისტოს უნდა დავბრუნებულიყავი თბილისში, ჩემმა მეუღლემ დაგვტოვა მე და ბავშვები, თვითონ დაბრუნდა. ყველას უხაროდა ჩემი იქ ჩასვლა, აფხაზ მეზობლებს, მოჰქონდათ ჩემი ბიჭებისთვის ტკბილეული, თბილისიდან ბიჭები გვესტუმრნენო, იცოდნენ თქმა. 14 აგვისტო იყო, დაახლოებით თორმეტი საათი იქნებოდა, მეზობლის კაცი მოვიდა და მოიტანა ამბავი, რომ ქართველი ჯარისკაცები გალში შემოსულან, ერთი მკვდარია და რამდენიმე დაჭრილიო. გზა ჩაუკეტავთ ტყვარჩელში შემოსასვლელიო. ჟანგბადის ბალონები დამარხეს ხიდზე, იმისთვის რომ თუ ტანკი გაივლიდა აფეთქდებაო. ტყვარჩელის ირგვლივ მთებია, ღამით ვერტმფრენებიდან ბომბებს ყრიდნენ, როგორც ხმას გავიგონებდით, მაშინვე ბავშვებს ვმალავდით სარდაფებში, რომელიც ნახევრად წყლით იყო სავსე. ჩვენთან ერთად ქართველებიც და სხვა ეროვნების ხალხიც იყვნენ, მხოლოდ აფხაზები არ ვყოფილვართ! დრო გადიოდა, ადამიანები იღუპებოდნენ, სახლებიდან ტირილისა და გოდების ხმა ისმოდა, ერთ დღეს ჩემმა ძმამ, თავისი ქართველი მეგობრები მოიყვანა, რომ დაემალა ჩვენთან სახლში - იქ მაცხოვრებელი ბიჭები იყვნენ, ყოველ დღე თითო გაჰყავდა ტყეში ღამით და გალამდე მიჰყავდა, რომ ცოცხლები გასულიყვნენ სამშვიდობოს. ჩემმა მეუღლემ როგორც კი გაიგო, რაც ხდებოდა ჩვენთან, მაშინვე წამოვიდა, საზღვართან დადგა და ითხოვდა, მე და ბავშვები გადავეყვანეთ, მესაზღვრეებს გადმოუციათ მეორე მესაზღვრეებისთვის აფხაზი გოგო არის, ქართველი ქმარი ელოდება აქო. თითქოს დათანხმდნენ, მაგრამ ერთ ჩეჩენს ასე უთქვამს: ჩვენი და არ წავა, ჩვენი მტრების ოჯახშიო. ბევრი თხოვნის მიუხედავად, უარი უთხრეს მეუღლეს ჩემს გადაცემაზე და უკან გაბრუნდა თბილისში. ეს რომ გაიგეს ჩემი ძმის მეგობრებმა, უთქვამთ მისთვის, არ გაამხილოთ შენს დას ქართველი ქმარი რომ ჰყავს და ბავშვები არ გააჩეროთ ერთად, სხვების თანდასწრებით არ ილაპარაკონ ქართულად და ჩეჩნების გასაგონადო. ამის შემდეგ სულ ვიმალებოდით, აფხაზს რა შემაშინებდა ჩემი ძმების, აი ჩეჩნები დადიოდნენ სახლებში და აფრთხილებდნენ, თუ ვინმემ ქართველი დამალა, მაინც ვიპოვით და დავწვავთო, ძალიან შევშინდი ამის გამო. სახლთან ახლოს ახალი დიდი სტადიონი იყო, იქ მოფრინავდა წითელი ჯვრის ვერტმფრენები - დაჭრილები, ქალები და ბავშვები მიჰყავდათ: ვცდილობდი, როგორმე ავსულიყავით იმ ვერტმფრენში მე და ბავშვები, მაგრამ ამაოდ. მას შეიარაღებული ჩეჩნები და აფხაზები იცავდნენ, ჩეჩნებს კისერზე ძაფი ეკიდათ, რომელზეც ადამიანების ყურები იყო! საშინელი შესახედავი იყო ეს ყველაფერი, ჩემს ძმას ვკითხე: რატომ აქვთ ასე ადამიანების ყურები დაკიდებული-თქო. მან მითხრა, რამდენ ქართველსაც მოჰკლავენ ყურს აჭრიან და გულზე იკიდებენო. უკან გამოვბრუნდით, მეორე დღეს ღამით ჩემი ძმა მოვიდა განერვიულებული და მითხრა, შტაბში თოთხმეტი ქართველი ბიჭი ჰყავთ და უნდა დახვრიტონ, ერთმა აფხაზმა მითხრაო. ადგილს ვერ პოულობდა - წავალ, იქნებ შევძლო მოლაპარაკება და რამდენიმე მაინც გადავარჩინო სიკვდილსო! ვთხოვე, მეც წამიყვანე შენთან ერთად-მეთქი, წინააღმდეგობა გამიწია, მაგრამ მაინც წავყევი... მივედით სკოლის შენობაში, ერთ ოთახში ჰყავდათ თოთხმეტი ქართველი ბიჭი, ყველაზე დიდი ასაკით ალბათ ოცდაათის თუ იქნებოდა, სისხლი გამეყინა მათ რომ შევხედე, ერთი სულ ახალგაზრდა იყო, ნერვიული შოკი ჰქონდა, თვალებით ითხოვდა შველას გადამარჩინეთო! ჩვენს გარდა სხვებიც იყვნენ, ამიტომ არ გვკითხეს ჩვენ რატომ მივედით იქ. ტკივილისგან და სიმწრისგან ცრემლები წამომივიდა და ერთმა შეაჩერა ჩემზე მზერა, თითქოს დამაწყნარა, ნუ განიცდი, რას ვიზამთ ასე მოხდაო და ოდნავ გაიღიმა, რა ძლიერი სულის იყო ის ახალგაზრდა ბიჭი, ახლა ვფიქრობ, შიში სულ არ ჰქონდა სახეზე! ჩეჩნები იგინებოდნენ, ილანძღებდონენ, ჰყვებოდნენ - სოხუმში ერთი ქართველი გოგო “სტანოკით” გადავჭერით შუაშიო და როგორც ის არ გამთელდება, ისე საქართველო და აფხაზეთი არ გამთლიანდებაო! მერე ქართული დროშა დააგდეს იმ ბიჭების ფეხების წინ და უბრძანეს, ზედ გადაევლოთ და ეცეკვათ, ერთმა სომეხმა პირდაპირ ავტომატი კისერში ჩაარტყა ბიჭს, მე ვერ გავაკონტროლე თავი და რუსულად ვთქვი ой, Мамачка და თავი ავწიე, ის ბიჭი გაითიშა და წაიქცა... ჩემმა ძმამ უცებ ხელი მომკიდა და სახლში წამომიყვანა. ღამით სიცხემ ამიწია, ვბოდავდი და ვტიროდი, სამი დღე ვიყავი ასეთ მდგომარეობაში, მერე გავიგე, რომ ის ბიჭები დაცხრილეს და სადღაც ორმოში ჩაყარეს. ამის შემდეგ მოდიოდნენ ვერტმფრენები და ჩანდა რომ ჯარისკაცების გვამებს ძირს მთებში ყრიდნენ. ყოველი დღე უფრო რთულდებოდა, სულ იმას ვცდილობდი, როგორმე თავი დამეღწია და გავცლოდი იქაურობას, ორი ვერტმფრენი მოფრინდა, ერთმა ნალჩიკისკენ აიღო გეზი, მეორემ კრასნოდარისკენ - ის ვერტმფრენი, რომელიც კრასნოდარისკენ გაფრინდა, ააფეთქეს. აფხაზებს ტყვარჩელიდან ხალხის გაყვანაში რუსები ეხმარებოდნენ. მე და ბავშვები ნალჩიკისკენ მიმავალ ვერტმფრენში ავედით, ჩემებს ეგონათ, რომ ჩვენ იმ აფეთქებულ ვერტფრენში ვიყავით - გამოგვიტირეს, შავები ჩაიცვეს, ჩემს ქმარსაც მკვდრები ვეგონეთ. იქ ერთი ნაცნობი ვნახე და დამეხმარა - დეპეშა გავუგზავნე ჩემს მეუღლეს, ვაცნობე, რომ ცოცხლები ვიყავით და ჩამოსულიყო ჩვენთან... მე ცალკე მოვდიოდი ერთი ბავშვით, მეუღლე მეორე ბავშვით, რომ არ ესაუბრათ ქართულად. გადავედით ბაქოში, იქედან კი ჩამოვედით თბილისში... დღესაც ვერ მოვსულვარ გონს, როგორ გამოვიარე ის დღეები, თავს ვეკითხები, ნუთუ მე ვიყავი ის, ვინც ასეთი დღეები გადაიტანა, ორ პატარა ბავშვთან ერთად-თქო, კარგა ხანს გამყვა იქ გადატანილი დღეების შიში, ბავშვებს ხმაურზე დღესაც ეშინიათ, თუ თვითმფრინავის ხმა გაიგონეს, სახლში შემორბიან, ახლა არ იყო ამ ამბის მოყოლის დრო, მაგრამ თავი ვერ შევიკავე, თვალწინ მიდგას იქ გატარებული დღეები, მე და შენ ადიცა ბევრჯერ გვაქვს ნასაუბრები აფხაზეთში გატარებულ კარგ და ტკივილიან დღეებზე... - არა უშავს გოგოებო, დამშვიდდით, ჩვენთვისაც გამოანათებს მზე, მე ამის მჯერა და ირწმუნეთ თქვენც, იმისიც მჯერა, რომ აუცილებლად დაბრუნდებით აფხაზეთში! ზურამ შამპანური გახსნა და ყურადღება ითხოვა. - გოგოებო, ახლა გთხოვთ ყურადღებით მომისმინოთ, სიტყვა მაქვს სათქმელი. გულში უცნაურმა შეგრძნებამ გაუელვა ადიცას ზურას სიტყვებზე. ათასი რამ გაიფიქრა წამში. - ნეტავ რა უნდა თქვას, სიყვარულში ხომ არ მიტყდება, ცოლობას ხომ არ მთავაზობს, თავის თავს უსვამდა ადიცა კითხვებს... შეავსო ჭიქა შამპანურით და ფეხზე წამოდგა. ოდნავ ჩაახველა და დაიწყო. - ყველაზე მეტად უთქმელი სიტყვები საუბრობენო, თურმე ასეც ყოფილა... - იმ დღიდან შეიცვალა მთელი ჩემი სამყარო, როდესაც შენ გაგიცანი ადიცა . მანამდე არც ვყოფილვარ. მერე რა, თუ ეს ჩემგან არც გსმენია? შენ არაამქვეყნიური არსება ხარ, ყველაზე განსხვავებული, რაღაცნაირი... შენ ის უსასრულობა ხარ, რომელსაც შევეჯახე და უბრალოდ სხვას ვერც კი ვამჩნევ, სხვას უბრალოდ ვერ ვუყურებ, ვერ ვეხები ისე ამაღლებული განცდით, როგორც შენ!!! რა ლამაზია ცხოვრება, შენ რომ გაჩნდი, შენ რომ არსებობ, რა ლამაზია ამის განცდა, ჩემო ერთადერთო, მე შენ მიყვარხარ ადიცა. - ყოჩაღ ზურა! ყოჩარ ზურა! აი, ეს მესმის, შენ გაგიმარჯოს ღმერთმა და შენს სიყვარულს. შენ იმსახურებ ამას. წამოიძახა ესმამ. ადიცა გაოგნებული უსმენდა ზურას, თითქოს მოულოდნელი იყოს მისთვის ეს სიტყვები. სადღაც უკიდეგანო სამყაროში იგრძნო თავი, ბედნიერს და ლაღს, წამიერად დაავიწყდა ყველა დარდი და ტკივილი, სურდა კიდევ მრავალჯერ გაემეორებინა ზურას ეს სიტყვები. ისევ ესმამ გააგრძელა. - დამისხი ზურა, თქვენი სადღეგრძელო უნდა დავლიო! ზურამ შეუვსო სასმისი ესმას. - ძალიან გამახარე ზურა, მე ვგრძნობდი, რომ შენ გიყვარდა ადიცა, ამას შენი საქმით ვხედავდი, ვხედავ, თუ როგორ უდგახარ გვერდით მას, მე ძალიან მიყვარს ადიცა და მიხარია შენნაირი ადამიანი, რომ ჰყავს გვერდით! მინდა ბედნიერი იყოს, გახარებული და ის ოცნებები, რაც მას აქვს ასრულებოდეს, მინდა წავიდეს აფხაზეთში, მოინახულოს მისი კუთხე, სადაც დაიბადა და გაიზარდა, იქ ხომ მშობლები ელოდებიან მას? მე არ ვიცი, რატომ არ მიდის სოხუმში, მაგრამ, ალბათ, მიზეზიც აქვს. ორივეს გისურვებთ უზომო ბედნიერებას... ერთს გთხოვ ზურა, გული არ ატკინო, თორემ, იცოდე, არ გაპატიებს და ყველა შენი კარგი საქმე დაგეკარგება. სულმოუთქმელად დალია ესმამ და ჭიქა ამოაბრუნა. - ასე მტერი დაგეცალოთ ჩემო ძვირფასებო... - თქვენ ჩემი ოჯახის წევრები ხართ, თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც გადამატანინა ტკივილები და მოვედი ამ დრომდე, მე ვერ მივდივარ სოხუმში, არა იმის გამო, რომ არ მინდა წასვლა, ასე არ არის, მე არ ვიცი ჩემი მშობლები ცოცხლები არიან თუ არა. მინდა დავიჯერო, რომ ისინი კარგად არიან იქ, მე ჩემი სამყარო შევქმენი, სადაც უკვე ვცხოვრობ, ამ სამყაროში ხართ თქვენ და ჩემი თამარი, მე ის აუცილებლად უნდა დავიბრუნო, მის გარეშე ჩემი სიცოცხლე არაფერია... (გაგრძელებას დავდებ ორშაბათს, გთხოვთ კომენარებში დააფიქსიროთ თქვენი შთბეჭდილება. ნუ დაგეზარებათ დალაიქება და გააზიარება) ავტორი: სოფო იმერელი წიგინის " გოგონა აფხაზეთიდან" შეძენა შეგიძლიათ ათენი: ომონიაზე ინტელ ექსპრესის გვერდით ვილარა/3 ქ. ციალას გრაფიოში. ტ:6946050445 6993080999 პირეოსის /4 სართილი 5 "მადლი და სიკეთე" ჯგუფში ვილარას /2 მეორე სართულზე, "იმედი" ჯგუფის გოგონეთან, ეკლესიის წინ. (დარჩენილია რამდენიმე ცალი) საქართველოში: თბილისში T 555587088 ქუთაისში T 558475757 იტალია: ნებისლიერი ქალაქიდან დაუკავშირდით :327 02 36 077 ზაზა გთხოვთ გააზიაროთთა სხვებმაც ნახოს

0
551
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იმერელი
სოფო იმერელი
551
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0