x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
საუკეთესო სიახლე - კოვიდ-19 პაციენტების უმეტესობა უკვე გაწერილია

image

გილიადის (Gilead) კორონავირუსის წამლის (რემდესივირის) მონაცემების ადრეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პაციენტები მკურნალობაზე რეაგირებენ.


პერიოდული გამოცემა სტატის (STAT) თანახმად, ჩიკაგოს საავადმყოფოში, რომელშიც მძიმე კოვიდ-19 პაციენტებს მკურნალობენ გილიადის კორონავირუსის ანტივირუსული პრეპარატ რემდესივირით, კლინიკური კვლევის მონიტორინგმა აჩვენა, რომ ცხელების და რესპირატორული სიმპტომების სწრაფი ალაგება ხდება, თითქმის ყველა პაციენტი გამოჯანმრთელებული და გაწერილია, ერთ კვირაზე ნაკლებ დროში.

რემდესივირი იყო პირველი პრეპარატი, რომელიც ლაბორატორიულ ტესტებში გამოვლინდა, როგორც პოტენციური საშუალება, რომელიც ზეგავლენას ახდენს კოვიდ-19 –ს გამომწვევ ახალ კორონავირუსზე, SARS-CoV-2 –ზე. მთელი მსოფლიო ელოდება გილიადის კლინიკური კვლევების დადებით შედეგებს, რომლებსაც სავარაუდოდ უნდა მოყვეს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისა თუ სხვა მარეგულირებელი უწყებების დაუყოვნებელი დამტკიცება. თუკი ის უსაფრთხო და ეფექტურია, ის შეიძლება გახდეს პირველი ოფიციალური მედიკამენტი ამ დაავადების სამკურნალოდ.

ჩიკაგოს სამედიცინო უნივერსიტეტმა მოიწვია კოვიდ-19– ით დაავადებული 125 ადამიანი გილიადის მესამე ფაზის ორ კლინიკურ კვლევაში მონაწილეობის მისაღებად. ამ ადამიანთაგან 113 მძიმედ იყო დაავადებული. ყველა პაციენტი გადიოდა მკურნალობას რემდესივირის ყოველდღიური ინფუზიით.

”საუკეთესო სიახლე ის არის, რომ ჩვენი პაციენტების უმეტესობა უკვე გაწერილია, რაც შესანიშნავია. მხოლოდ ორი პაციენტი გარდაიცვალა. ”- თქვა ქეთლინ მულანმა, ჩიკაგოს უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების სპეციალისტმა, რომელიც აკვირდება რემედესივირის კლინიკურ კვლევებს.

მან კომენტარები გააკეთა ჩიკაგოს უნივერსიტეტის ფაკულტეტის სხვა წევრებთან ტესტის შედეგების ვიდეო განხილვის დროს, მიმდინარე კვირაში. დისკუსიის ვიდეოჩანაწერი მოიპოვა სტატმა.

შედეგები მხოლოდ მოკლე მიმოხილვას გვთავაზობს რემედესივირის ეფექტურობის შესახებ. იგივე ტესტები ამავდროულად ტარდება სხვა დაწესებულებებში და ამჟამად შეუძლებელია დარწმუნებით დადგინდეს კვლევის სრული შედეგები. ამასთან, გილიადის კვლევებიდან სხვა კლინიკური მონაცემები დღემდე არ გამოქვეყნებულა, ვნებათაღელვა კი მაღალია. გასულ თვეში, პრეზიდენტმა ტრამპმა აზრი გამოთქვა რემდესივირის პოტენციალზე, როგორც ბევრ სხვა, ჯერ დაუმუშავებელ სამკურნალო საშუალებათაგან ერთ-ერთზე და აღნიშნა, რომ ”როგორც ჩანს, ძალიან კარგი შედეგი აქვს”.

გილიადის ხუთშაბათის განცხადებაში ითქვა: ”ამ ეტაპზე, ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ჩვენ მოუთმენლად ველით მონაცემებს მიმდინარე კვლევებიდან.”

გილიადი აცხადებს, რომ ელოდება აპრილში მძიმე შემთხვევების შედეგებს. პრეზენტაციის დროს მულანმა აღნიშნა, რომ კვლევაში პირველი 400 პაციენტის მონაცემები გილიადის მიერ ხუთშაბათს დაიბლოკება, რაც იმას ნიშნავს, რომ შედეგები შეიძლება გამოჩნდეს ნებისმიერ დღეს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩიკაგოს უნივერსიტეტის მონაცემები იმედისმომცემია, მულანმა გარკვევით თქვა, რომ ამ ეტაპზე თავს იკავებს დასკვნების გამოტანისგან.

”ეს ყოველთვის რთულია, ” აღნიშნა მან, „რადგან მძიმე შემთხვევების ცდები პლაცებოს ჯგუფს არ მოიცავს შედარებისთვის. მაგრამ, რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვიწყებთ წამლის გამოცდას, ვხედავთ ტემპერატურის მრუდის დაცემას. ცხელება ახლა არ არის აუცილებელი, რომ პაციენტმა ტესტირება გააგრძელოს. ტემპერატურა პაციენტებში, რომლებიც შემოდიან მაღალი ცხელებით, სწრაფად ვარდება. ასევე, ჩვენ ვნახეთ ადამიანები, რომლებიც თერაპიის დაწყებიდან ერთ დღეში აღარ საჭიროებდნენ ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას. ასე რომ, ამ მხრივ, ჩვენს პაციენტებს ძალიან კარგად აქვთ საქმე.

ჩვენი პაციენტების უმეტესობა მძიმეა და მათი უმრავლესობა ექვს დღეში გვტოვებს, ასე რომ თერაპიის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს ათი დღე. ჩვენ ძალიან ცოტა გვყავს ისეთი, ვინც ათ დღეში გავიდა, შესაძლოა სულ სამი”- თქვა მან.

ერიკ ტოპოლმა, სკრიპსის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, მონაცემები დაახასიათა, როგორც იმედისმომცემი.

”მძიმე პაციენტებს სიკვდილის მაღალი რისკი აქვთ. ამდენად, თუ მართალია, რომ 113 პაციენტიდან ბევრი იყო ამ კატეგორიაში და გაწერეს, ეს კიდევ ერთი დადებითი სიგნალია, რომ პრეპარატი ეფექტურია, ”- თქვა მან და დასძინა, რომ მნიშვნელოვანი იქნება მეტი მონაცემების მოპოვება რანდომული (შემთხვევით შერჩევა) კონტროლირებადი კვლევებიდან.

გილიადის მძიმე კოვიდ-19-ის კვლევაში შედის 2, 400 მონაწილე, 152 სხვადასხვა კლინიკური საცდელი ცენტრიდან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ხოლო ზომიერი კოვიდ-19-ის კვლევა მოიცავს 1, 600 პაციენტს 169 სხვადასხვა ცენტრში, ასევე მთელს მსოფლიოში.

კვლევა შეისწავლის რემდესივირით მკურნალობის ხუთ და ათდღიან კურსებს. მთავარი მიზანია ორ სამკურნალო ჯგუფს შორის პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესების სტატისტიკური ანალიზი. პროგრესი იზომება შვიდპუნქტიანი ნუმერაციის გამოყენებით, რომელიც მოიცავს სიკვდილს (ყველაზე უარეს შემთხვევაში) და საავადმყოფოდან გაწერას (საუკეთესო შედეგის შემთხვევაში), დამატებითი ჟანგბადის სხვადასხვა ხარისხით და მათ შორის ინტუბაციის გამოყენებით.

კვლევაში საკონტროლო მონაცემების სიმცირემ შეიძლება შედეგების ინტერპრეტაცია უფრო რთული გახადოს. მონაცემთა ნაკლებობამ განაპირობა წამლისადმი მოლოდინების კლება. ჩინეთში ჩატარებულ ორ გამოკვლევას რეგისტრაცია უშედეგოდ შეუჩერდა, რადგან არ იყო პაციენტების საკმარისი რაოდენობა. პაციენტთა ბოლოდროინდელი მონაცემებით, პრეპარატი სპეციალური პროგრამით გაიცემა, რათა ხელმისაწვდომი იყოს მათთვის, ვინც მძიმედ დაავადებულია. ეს იწვევს როგორც ვნებათაღელვას, ასევე სკეპტიციზმს.

სამეცნიერო თვალსაზრისით ყველა მონაცემი ანეკდოტურია, ვიდრე არ დაიდება სრული კვლევის ანალიზი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არ უნდა იქნეს გამოყენებული საბოლოო დასკვნების გასაცემად. თუმცა, ზოგიერთი ანეკდოტი დრამატულია.

სლავომირ მიქალაკი, ჩიკაგოს დასავლეთით მდებარე გარეუბნიდან, ქარხნის 57 წლის თანამშრომელი, ერთ-ერთი იყო ჩიკაგოს კვლევის მონაწილეთა შორის. მისი ქალიშვილი მარტის ბოლოს ავად გახდა და მოგვიანებით დიაგნოზირებული იქნა ზომიერი კოვიდ -19-ით. ამის საპირისპიროდ, მიქალაკი მაღალი სიცხით ჩაწვა, მას აღენიშნებოდა ქოშინი და ძლიერი ტკივილი ზურგის არეში.

”ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ვიღაცამ ფილტვებში დამარტყა.” - განუცხადა მან სტატს.

პარასკევს, 3 აპრილს, ცოლის დაჟინებული თხოვნით, მიქალაკმა მიმართა ჩიკაგოს სამედიცინო უნივერსიტეტის საავადმყოფოს. მას ტემპერატურა 40° C-მდე აეწია და სუნთქვა უჭირდა. საავადმყოფოში მას ჟანგბადის დამატება დაენიშნა. იგი დათანხმდა, რომ მონაწილეობას მიიღებდა გილიადის კოვიდ-19- ის მძიმე კლინიკურ კვლევაში.

რემდესივირის პირველი ინფუზია ჩაუტარდა შაბათს, 4 აპრილს. ”ტემპერატურა თითქმის მაშინვე დაეცა და თავს უკეთ ვგრძნობდი”, - თქვა მან.

კვირას, მეორე დოზამდე, მიქალაკმა განაცხადა, რომ ჟანგბადისგან იცლებოდა. მას დაემატა რემდესივირის კიდევ ორი ​​ყოველდღიური ინფუზია და საკმარისად გამოჯანმრთელდა იმისთვის, რომ საავადმყოფოდან გაეწერათ სამშაბათს, 7 აპრილს. ”რემდესივირი სასწაული იყო”, - თქვა მან.

სამყარო კი მოუთმენლად ელის საბოლოო დასკვნას იმის შესახებ, შეესაბამება თუ არა ეს სინამდვილეს.

წყარო: https://www.statnews.com/2020/04/16/early-peek-at-data-on-gilead-coronavirus-drug-suggests-patients-are-responding-to-treatment/

0
558
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
558
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0