x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
გოგონა აფხაზეთიდან 4 ნაწილი

image
ერთ საღამოს ზურას შეხვდა, გადაწყვიტა სიმართლე მოეყოლა. ფიქრობდა მეგობარია და უნდა იცოდეს ყველაფერი ჩემს შესახებო. ღრმად ამოისუნთქა ადიცამ და ზურას სთხოვა ყურადღებით მოესმინა მისთვის. - ზურა, მე შენ მოგატყუე. - რა მომატყუე ადიცა? რას ამბობ?! - მე არ ვარ ქართველი და არც სოფელი მაქვს. ზურა გაოგნებული უცქერდა, დაიბნა, არ იცოდა რა ეთქვა. თავზე ხელი გადაისვა. - რას ამბობ ადიცა, მაშ ვინ ხარ? სად არიან შენი მშობლები? - მე აფხაზი ვარ! ამ სიტყვებზე თვალებში უცქეროდა ზურას, სურდა ამოეკითხა რას ფიქრობდა იგი. ზურა წამოდგა სავარძლიდან და გვერდით მიუჯდა . - ხომ კარგად ხარ, ადიცა? აფხაზი, აქ, თბილისში როგორ მოხვდი? თან ასეთ დროს. ცუდი სიზმარი ნახე აშკარად და მისი ბრალი იქნება! - მომისმინე ზურა! მე ხუმრობის ხასიათზე არ ვარ. მინდა ყველაფერი იცოდე ჩემს შესახებ. არ მინდა რაიმე დამალული მქონდეს, ამის შემდეგ კი შენი გადასაწყვეტი იქნება, გენდომება თუ არა ჩემთან მეგობრობა. - კარგი, გისმენ ყურადღებით, ადიცა. - მე აფხაზი ვარ და სრულიად შემთხვევით მოვხვდი იმ არეულობის დროს აქ. - რომელ არეულობას გულისხმობ? - აფხზეთის ომს. სოხუმის დაცემის დღეს ქართველ ცოლ-ქმარს გამოვყევი, რადგან მშობლები ვერსად ვიპოვე, იქ ბიჭი მიყვარდა, ქართველი, მასზე უნდა დავქორწინებულიყავი და ყველაფერი სწორედ მაშინ აირია. თავი გაჭირვებით დავაღწიეთ ომს, მაგრამ ომზე მეტი საშინელება თურმე წინ გველოდა. სიცივე, შიში, შიმშილი, უძილო ღამეები, ათობით ადამიანის გაყინული სხეულები, მივყვებოდი ადამიანების ჯგუფს, მაგრამ სად მივდიოდი თვითონ არ ვიცოდი. ცოლ-ქმარს რომელსაც მე გამოვყევი, ორი შვილი ჰყავდა, დედა და უფროსი შვილი გზიდან ვერტმფრენმა წაიყვანა, ვფიქრობ, აქ თბილისში ჩამოვიდნენ, მე, მისი მეუღლე და პატარა გოგონა ვერ ავედით ვერტმფრენზე. - სად არის ახლა ის გოგონა და მამა?! - მამა გზაში მოკლეს თავდასხმის დროს. ბავშვი მე წამოვიყვანე, ყველას ჩემი შვილი ეგონა, რადგან სვანეთში, დედად გავაცანი თავი ვინც შეგვიფარა, აქაც ლტოლვილთა ბანაკში ბავშვის დედად დავრეგისტრირდი. ალბათ ეს ერთ- ერთი მიზეზია, რომ ვერ გვიპოვა გოგონას დედამ. - სად არის ახლა ბავშვი? ბავშვთა სახლში ჩავაბარე... ტირილი დაიწყო. - ძალიან მენატრება ჩემი თამარი. ზურამ ხელი გადახვია. - რატომ გაიმეტე ადიცა ბავშვთა სახლისთვის, ნუთუ ადამიანობის არანაირი გრძნობა არ გაგაჩნია? მე როგორი წმინდა და ალალი გულის მეგონე შენ! - არა, ზურა შენ ვერ გამიგე. მე ის საკუთარ თავზე მეტად მიყვარს. მასთან ერთად ვერ შევძლებდი მუშაობას, ამიტომ დროებით წავიყვანე, როგორც დროს გამოვნახავდი, მივდიოდი და ვნახულობდი. იცი რა საყვარელია? როგორი ლამაზი ცისფერი დიდი თვალები აქვს, ზღვისფერი თვალები, ხუჭუჭა თმები და პატარა ლამაზი თითები. იმ დღეს ჩანთა რომ წამართვეს, ბლოკნოტი მქონდა შიგ, რომელშიც ნომერი მქონდა იმ ქალის, ვინც ბავშვს უვლის... მას შემდეგ არაფერი ვიცი ბავშვის! - გაგიჟდი ადიცა, რვა თვე გავიდა მას შემდეგ! ნუთუ ამ ხნის მანძილზე არ წასულხარ ბავშვთან და არ გინახავს?! მერე რა, რომ აფხაზი ხარ, მე ბევრი რამ მაქვს საერთო აფხაზ ხალხთან, მაგრამ ის არ გეპატიება ბავშვი ასე უყურადღებოდ რომ დატოვე. ხვალ, ხვალვე წავალთ და ვინახულებთ! ვიყიდოთ რაც სჭირდება პატარას. - მერე, სამუშაო ზურა?! - რა სამუშაო ადიცა, ჯანდაბას წაუღია ყველა სამსახური, სამსახური თორემ ჩვენც ვზივართ კაბინეტში და ვწყვეტთ ქვეყნის მომავალს. ხვალ დილით წავიდეთ, ვიყიდოთ ყველაფერი და ვნახოთ ბავშვი. სახლამდე მიაცილა ზურამ ადიცა. კარებთან მისული ზურა უკან მობრუნდა და უთხრა: - ნუთუ ჩემი შეგეშინდა? იმის გამო, რომ მე ქართველი ვარ და შენ აფხაზი. როგორ იფიქრე ეს, რომ ამის გამო მიგატოვებდი. ეს არ გეპატიება! თუმცა, რაც არის, არის. მთვარია, ბავშვი მოვინახულოთ ხვალ და მალე წამოვიყვანოთ შენთან. შუბლზე აკოცა როგორც სჩვეოდა და წავიდა. ზურამ ტელეფონის ჯიხურიდან ელენეს დაურეკა. - ალო, ელენე მოვდივარ შენთან, ხომ ხარ სახლში? - კი, ზურა, სახლში ვარ, მოდი, თან სალაპარაკო მაქვს შენთან. ზურამ ტელეფონი გათიშა, ტაქსი გააჩერა და ელენესთან წავიდა. ზურას ათასი რამ უტრიალებდა თავში - არ მოსწონდა, ორმაგ თამაშს რომ თამაშობდა. მაგრამ ვერც ერთს ვერ აღწევდა თავს. ელენე მოსწონდა როგორც ქალი, ადიცა ძალიან უყვარდა და ეს სიყვარული დღითი-დღე ღრმავდებოდა მის გულში. იმასაც ხვდებოდა, რომ ელენე არ აპატიებდა მას ამ საქციელს და პასუხს მოსთხოვდა, მაგრამ გამოსავალს მაინც ვერ ჰპოულობდა.... ახლა კი სურდა დაესრულებინა ეს ურთიერთობა, მაგრამ... ისიც იცოდა, რადგან ელენე ფინანსურად უზრუნველყოფდა მას, ბევრი რამ დააკლდებოდა მისი დაკარგვით. ისე ღრმად ამოისუნთქა, ტაქსის მძღოლმა გაიფიქრა, ალბათ ამ ბედკრულ ყოფაში ამასაც რთული ცხოვრება აქვს და რაღაც აწუხებსო. - ხომ მშვიდობა გაქვთ ბატონო? - დაეკითხა ტაქსის მძღოლი ზურას: - კი მშვიდობა მაქვს. მადლობა ყურადღებისთვის! ტაქსის მძღოლმა დაიწყო საუბარი ისე, ვითომ აინტერესებდა ზურას მისი ცხოვრების ავან-ჩავანი, ან კიდევ გული შესტკიოდა მასზე. - ეჰ, იქცევა ქვეყანა ნელ-ნელა და საშველი არ ჩანს, ჩვენ ქვეყანაში რომ დევნილები გავხდებით, ესაა სამართალი?! მაგრამ, რა გინდა რომ ჰქნა? ცალი ფეხი შევწირე აფხაზეთის ომს. ნეტა არ დაგვეკარგა და მხოლოდ მე მომკვდარიყავი, დანარჩენი ცოცხლები და უვნებლები ყოფილიყვნენ... - ლტოლვილი ხართ, ბატონო? - კი ლტოლვილი ვარ, ჩემს ქვეყანაში. ვიბრძოდი სისხლის ბოლო წვეთამდე, მაგრამ ვერაფერს გავხდით. გაგრიდან ვარ. იმ დროს როცა გაგრაში დაახლოებით 3000 შეიარაღებული ჯარისკაცი და რამდენიმე ერთეული ჯავშანტექნიკა იმყოფებოდა, ქალაქში შესასვლელ 4-კილომეტრიან მონაკვეთს სულ 109 კაცი იცავდა. ქართველებმა უკან დაიხიეს. ცხრა საათზე მოწინააღმდეგემ რკინიგზის სადგური აიღო. ერთ საათში აფხაზები უკვე ქალაქის ცენტრში იყვნენ. 2 ოქტომბერს გაგრა დაეცა... 5 ოქტომბერს აფხაზებმა განთიადი- ლესელიძეს მონაკვეთი აიღეს და რუსეთის საზღვარზე საკუთარი დროშა ააფრიალეს. აფხაზთა ხელში აღმოჩნდა გაგრის დაჯგუფების მთელი არსენალი. ქალაქის აღების შემდეგ, სეპარატისტები ქართულ მოსახლეობას სასტიკად გაუსწორდნენ. დახოცილთა გვამები პირდაპირ ქალაქის ქუჩებში ეყარა. ამ ბრძოლის დროს დავკარგე ფეხი და უფროსი ბიჭი. შემდეგ აქ ჩამოვედი ცოლით და პატარა შვილით. ფეხზე პროთეზი გავიკეთე. ნათესავები დამეხმარნენ, ეს მანქანა ვიყიდე და გაჭირვებით ვარჩენ ოჯახს. გაგრაში მტერს ვებრძოდი, აქ კიდევ გაჭირვებას ვებრძვი. დაჩაჩანაკდა ქვეყანა, ხალხი ქუჩაში გამოვიდა და მათხოვრობს. სანაგვეზე ეძებენ საჭმელს. ასეთი ცხოვრება ახლა რომ გვაქვს, არ მახსოვს, ოდესმე გვქონოდეს... ზურა უსმენდა ტაქსის მძღოლს და თანაგძნობას გამოხატავდა მის მიმართ. - აი, აქ გამიჩერეთ. მძღოლმა ტაქსი გააჩერა. - რამდენი მოგართვათ? - რამდენიც გინდა, ბიძია იმდენი მომეცი. არ ვარ ის კაცი, ადამიანს კაპიკებზე გავეკიდო... ზურამ ფული მიაწოდა. - აიღეთ! - მოიცა ხურდას დაგიბრუნებ ახლავე. - არ მინდა ხურდა, თქვენთვის დაიტოვეთ. - დაგლოცოს უფალმა შვილო. შენი ტოლი იყო ჩემი ბიჭი რომ შეეწირა აფხაზეთის ომს.შენ კი დიდხანს სიცოცხლე მოგცეს უფალმა! - აცხონოს უფალმა. კარგად ბრძანდებოდეთ. საწყალი კაცი, შვილიც დაუკარგავს და ფეხიც. რამდენი ასეთი არის დღეს ჩვენს ქვეყანაში. რამდენი ტკივილი ექნება ადიცას გადატანილი. ისევ ღრმად ამოისუნთქა და ელენეს ბინის სადარბაზოში შევიდა. -რით ვერ გასწავლე ზურა, რამდენი აქ მოსვლა გინდა, არ უნდა დამირეკო?! შენთვის ჩემი სახლის კარი სულ ღიაა. გასაღებს გაძლევ და არ მიგაქვს, ან საერთოდ ჩემთან გადმოდი, ნაქირავებში რომ ცხოვრობ, მაინც მე მიწევს ფულის გადახდა. - რა კარგად დაიწყე ელენე და რა ცუდად დაასრულე, ბრავო ჩაგეთვალა. დამაჭირე ხომ ისევ წიხლი ნაიარევზე? ტაში შემოკრა ზურამ. - არა, რას ამბობ, მე რაც სიმართლეა იმას გეუბნები, გადმოდი და იცხოვრე ჩემთან. სახლში შემოსვლა მაინც და მაცადე ადამიანო და სულის მოთქმა, ავტომატის ჯერივით რომ დამაყარე სიტყვები? ამოისუნთქე მაინც. ხომ იცი როგორი ძვირფასი ხარ ჩემთვის... წელზე შემოჰხვია ხელი ზურამ ელენეს. - შენ რომ არ მყავდე, რა მეშველებოდა? ხომ იცი შენს გარდა არავინ მყავს. ისიც ხომ იცი, როგორი ძვირფასი ადამიანი ხარ ჩემთვის? - ვიცი ზურა, ვიცი და არ მინდა ისეთი ნაბიჯი გადადგა ყველაფერი დაკარგო, რაც გაქვს. წამოდი შენთვის სიურპრიზი მაქვს. - რა სიურპრიზი, ელენე? - მაგას რომ ნახავ, მაშინ გაიგებ. ხელი მოჰკიდა ხელზე ელენემ ზურას და მისაღებ ოთახში შეიყვანა. - რა ხდება, ელენე?! - მიდი იმ კარადის უჯრა გამოაღე. მივიდა კარადასთან და გამოაღო. - ეს “უჯრა” ელენე? - დიახ, დიახ. ღიმილიანი ხმით უპასუხა ელენემ. ზურამ გასაღები ამოიღო “უჯრიდან” - ეს რა არის ელენე ან ვისი მანქანის გასაღებია? - ახლა ეგ გასაღები წაიღე და ავტოფარეხში რომ მანქანა დგას, მას მოარგე. - ვერაფერი გავიგე, რას მეუბნები? - წადი და გაიგებ! - კარგი, შენც წამოდი. - ჩავიცმევ და წამოვალ. ზურამ, ელენეს ავტოფარეხი გააღო და გაოცებული უმზერდა. მის წინ ახალი ავტომანქანა იდგა სწორედ ისეთი, რომელზეც ოცნებობდა. - ეს რა არის, ელენე? - ეს ის მანქანაა, რომელზეც შენ ოცნებობდი, რომ გყოლოდა, ჰოდა, ეს ოცნებაც აგისრულდა, ხვალ ხომ შენი დაბადების დღეა.მიიღე საჩუქრად ჩემგან BMW. - არა ელენე ასეთ ძვირიან საჩუქარს ვერ ავიღებ შენგან. ზურამ გულში გაიფიქრა: - საიდან აქვს ამ ქალს ამდენი ფული? ხალხი შიმშილისგან იხოცება, ეს კიდევ მანქანას ყიდულობს კაცისთვის, რომელიც დროებით ერთობა მასთან. ამის გაფიქრებაზე ელენეს შეხედა, ხომ არ გაუგონიაო და ისვე გაიფიქრა: ეს ხომ ისედაც ნათელია, მე მასთან არ ვაპირებ არანაირ მომავალს, თითქმის დედის ტოლი ქალია. ნეტავ, რას ფიქრობდა ამას რომ ჰყიდულობდა ჩემთვის? ახლა ხომ უფრო მეტ შარში ვარ, არადა, როგორ მინდოდა ასეთი მანქანა მყოლოდა, ეს რომ გამოვართვა მერე საერთოდ ვერ დავცილდები, ადიცას რა ვუყო?! ის ხომ მიყვარს. არა, უკვე მართლა არ ვიცი, რა ვქნა. - ელენე საიდან ამდენი ფული? ეს ხომ ძალიან ძვირი ეღირება? - შენ საჩუქარი მიიღე და საიდან და როგორ ამას ნუ იძიებ, ეს ისედაც არ არის საინტერესო. - ელენე, ჩემო ძვირფასო, მე ვერ მივიღებ ამ საჩუქარს შენგან. - ზურა ძალიან მაწყენინებ იცოდე?! - მიდი ჩაჯექი და გავიდეთ ქალაქში. ზურა ჩაჯდა მანქანაში, გვერდით ელენე მიუჯდა და ქალაქში გავიდნენ სასეირნოდ. ქალაქში ასფალტი სველი იყო, ავტომანქანები ნაკლებად მოძრაობდნენ, ღამის სამი საათი იქნებოდა. ქუჩაში მხოლოდ უსახლკაროები და ძაღლები დახეტიალობდნენ. ღამის თბილისს ეტყობოდა, თუ რა ტკივილს და დარდს ატარებდა იქ მცხოვრებთა უმეტესობა... ჩაბნელებული ქალაქი. რამდენიმე ადგილას უსახლკაროებს ცეცხლი დაენთოთ და თბებოდნენ, ზოგს კიდევ ხის ძირში სველ მიწაზე ეძინა - სქელ, მუყაოს ქაღალდზე. “მეძავები” ქუჩაში გამვლელ ავტომანქანის მძღოლებისთვის ცდილობდნენ თავი მოეწონებინათ. ელენე ისე იჯდა მანქანაში, თითქოს ვერც კი ამჩნევდა რა ხდებოდა მის ირგვლივ, მუსიკა ჩართო და დაბალ ხმაზე უსმენდა, ზურას ხელზე ეფერებოდა... ერთი საათი ისეირნეს ასე ქალაქში. - ელენე, ჩემო ძვირფასო ხვალ ფული მჭირდება, მასესხე და აუცილებლად დაგიბრუნებ. - რისთვის გინდა ასე სასწრაფოდ ფული, ხომ მშვიდობა გაქვს?! - კი მშვიდობა მაქვს, უბრალოდ ერთ ჩემს ახლობელს მივყვები ბავშვთა სახლში და არ მინდა ცარიელი წავიდე, ხომ გესმის, არა? - კარგი ზურა, რადგან ასეა მოგცემ და იყიდე, რაც სჭირდებათ ბავშვებს, მანქანით წადი. გაფრთხილებ, არაფერი მომატყუო, თორემ არ დაგინდობ იცოდე! - არა ჩემო საყვარელო, რა უნდა მოგატყუო. დილით ზურამ ელენეს ფული გამოართვა, მანქანა გამოიყვანა ავტოფარეხიდან და ადიცასთან წავიდა. ღამით ფიქრი არ ასვენებდა ადიცას, როგორ შეხვდებოდა თამარი ამდენი ხნის შემდეგ. - მიცნობს თუ არა ის, რამდენიმე თვეა არ მინახავს. იქნებ არ მიმიღოს და ზურგი მაქციოს, არა! ასე არ მომექცევა. ჯერ ხომ ძალიან პატარაა. დავავიწყდი შეიძლება? არა მგონია დავავიწყდე. მთელი ღამით ესაუბრებოდა საკუთარ თავს, კითხვებს უსვამდა და თვითონვე პასუხობდა თავის დასმულ კითხვებზე. გათენდა. ნაწვიმარ ქალაქში მტვერი და ასფალტის სუნი ირეოდა ერთმანეთში. ჯერ კიდევ ოდნავ ცრიდა, ღრუბლები არ აძლევენ მზეს გამონათების საშუალებას. ქალაქის მცხოვრებნი, ჩქარი ნაბიჯებით მიემართებოდნენ სამუშაოდ, ნელ- ნელა იღვიძებდა ქალაქი. ჩიტები აღარ ჟღურტულებდნენ. როგორც ადრე, მზის ამოსვლისას. მტრედები ისხდნენ ფანჯრის რაფებზე და ელოდებოდნენ სამადლოდ როდის დაუყრიდნენ ნამცეცებს, რომ აეკენკათ, ხეებზე ჯერ კიდევ შერჩენილი იყო ყვითელი ფოთლები - ჯიუტად არ ნებდებოდნენ ბუნებას, ქარი მთელი ძალით, რომ არხევდა და მაინც, ცდილობდნენ არ დაეკარგათ ძალა, არ მოსწყდომოდნენ ადგილს, სადაც დაიბადნენ, გაიზარდნენ და გაიხარეს. ეურჩებოდნენ დროს. თუმცა, ზოგი დასუსტებული ფოთოლი ქარს ჰაერში აიტაცებინა და ღობის კუთხეში მიეგდო უმოწყალოდ, ზოგს ჯერ კიდევ აფრიალებდა მაღლა, სად მიუჩენდა საბოლოო ადგილს, თვითონაც არ იცოდა! ადიცა მოწესრიგდა, ლამაზად ჩაიცვა, ჩაი დალია და ქვევით ჩავიდა. გაუკვირდა, ზურა მანქანით რომ მოვიდა, ალბათ, ვინმეს სთხოვა მანქანა, ბავშვთა სახლში რომ წავსულიყავითო - გაიფიქრა. მივიდა და მანქანაში ჩაჯდა. - გამარჯობა, ეს მანქანა საიდან? - ძმაკაცმა მათხოვა. - ალბათ, ეს მანქანა ძალიან ძვირი ეღირება ზურა, ასეთ დროში ვინ შეძლო ამ მანქანის ყიდვა? - ეგ უკვე ჩემი საქმე არ არის, ვთხოვე და მათხოვა, სხვა არაფერი ვიცი, აბა სად წავიდეთ ახლა, შენ ეს მითხარი... - სად უნდა წავიდეთ? ბაზარში შევირბენ უცებ, ცოტა დანაზოგი მაქვს, რაღაცეებს ვიყიდი და შემდეგ ბავშვთა სახლში წავიდეთ. - მეც მაქვს ადიცა ფული და ყველაფერი ვიყიდოთ, რაც საჭიროა, სხვა ბავშვებსაც წავუღოთ ტანსაცმელი, სათამაშოები და ხილი. რაც შეიძლებოდა ყველაფერი იყიდეს, შემდეგ ბავშვთა მაღაზიაში შევიდნენ და საჩუქრებიც შეარჩიეს. გზაში თავს ცუდად გრძნობდა ადიცა. შიში ჰქონდა, ვაითუ ვერ მიცნოს თამარმაო. ზურა ცდილობდა დაემშვიდებინა. - ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება. - მე იმის მეშინია, რომ ვერ მიცნოს თამარმა! - როგორ თუ ვერ გიცნობს, რამდენი დრო გაატარა შენთან და ასე იოლად არ დაავიწყდებოდი. - ღმერთმა გისმინოს, აუცილებლად რაც შეიძლება მალე უნდა წამოვიყვანო ჩემთან. - იქნებ დღესვე წამოგვეყვანა ადიცა, ბავშვი. უკვე არის იმ ასაკში, რომ ბაღში წაიყვანო, საღამოს დაანებე თავი იმ რესტორანს და იყავი სახლში, მეც მოგეხმარები. - მაგაზეც ვფიქრობ, მინდა წამოვიყვანო, მაგრამ იმისიც მეშინია, რომ ვერ გავწვდე და რამე მოაკლდეს ბავშვს. - მომისმინე! ბავშვი შენთან იყოს და ცოტა რამ მოაკლდეს სჯობია, ვიდრე იქ გყავდეს დატოვებული. დამიჯერე, წამოვიყვანოთ სახლში, მე სულ შენს გვერდით ვიქნები და დაგეხმარები... - კარგი ზურა, რადგან ეგრე ფიქრობ, წამოვიყვან, გული მაინც მექნება მშვიდად. - იცი? პატარა თამარს განსაკუთრებული ნიშანი აქვს. - რა ნიშანი? - მას როგორც თავის დედას, მარჯვენა წარბის ბოლო გაყოფილი აქვს. - სასწაული, ეს როგორ? ასეთი რამ არავისგან მსმენია, რომ ვინმეს ჰქონდეს. - როგორც ვიცი, თამარის დედის, დედას ჰქონდა ეგრე და გოგონასაც გამოჰყვა მემკვიდრეობით. - ესე იგი, არ დაგვეკარგება. - ღმერთმა დაგვიფაროს რას ამბობ ზურა, ის რომ დამეკარგოს, ჩემი სიცოცხლეც დამთავრდება. აი, გადაუხვიე იქ და ბავშვთა სახლიც გამოჩნდება. როგორც მიუახლოვდნენ, უჩვეულო რამ შენიშნეს ჭიშკარზე.(გაგრძელებას დავდებ ორშაბათშ, გთხოვთ კომენარებში დააფიქსიროთ თქვენი შთბეჭდილება. ნუ დაგეზარებათ დალაიქება და გააზიარება) ავტორი: სოფო იმერელი წიგინის " გოგონა აფხაზეთიდან" შეძენა შეგიძლიათ ათენი: ომონიაზე ინტელ ექსპრესის გვერდით ვილარა/3 ქ. ციალას გრაფიოში. ტ:6946050445 6993080999 პირეოსის /4 სართილი 5 "მადლი და სიკეთე" ჯგუფში ვილარას /2 მეორე სართულზე, "იმედი" ჯგუფის გოგონეთან, ეკლესიის წინ. (დარჩენილია რამდენიმე ცალი) საქართველოში: თბილისში T 555587088 ქუთაისში T 558475757 იტალია: ნებისლიერი ქალაქიდან დაუკავშირდით :327 02 36 077 ზაზა გთხოვთ გააზიაროთთა სხვებმაც ნახონ.

3
365
შეფასება არ არის
ავტორი:სოფო იმერელი
სოფო იმერელი
365
  
2020, 18 აპრილი, 9:15
აქამდე იმ ორშაბათს წავიკითხე, ორი ორშაბათია ველოდები გაგრძელებას, სადაა?... გთხოვთ დადოთ რაა
2020, 18 აპრილი, 0:24
გაიხარეთ!
2020, 17 აპრილი, 10:51
ველოდები გაგრძელებას. დღეს დავიწყე კითხვა თქვენი ნაწარმოებების და ერთ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვაში დავამთავრე. მადლობა დიდი. უფრო ხშირად რომ დადოთ ხოლმე უფრო გაგვახარებთ, ჰაჰაჰა.
0 1 3