x
image
მანჩო 777
"არული კუდიანებსა" - რა არის ჭიაკოკონობა და რატომ ანთებენ ცეცხლს ვნების კვირის ოთხშაბათს
განა არსებობს ბავშვობაზე უდარდელი ხანა ადამიანის ცხოვრებაში? - რაც უფრო ასაკში შევდივართ, მით უფრო მეტად გვეძალება ნოსტალგია და ვიხსენებთ ყველაზე საინტერესო და ბედნიერ მომენტებს იმ ლამაზი, მხიარული წლებიდან. რა თქმა უნდა, ყველაზე დასამახსოვრებელი და სასიამოვნოდ მოსაგონებელი იმდროინდელი დღესასწაულებია, განსაკუთრებული კი მათ შორის ახალი წელი და აღდგომა იყო. წითელი კვერცხები, ოჯახებში დატრიალებული პასკის სურნელი თავბრუს გვახვევდა, უსაზღვროდ ბედნიერები და უდარდელები დავრბოდით და ვეხმარებოდით (ან ხელს ვუშლიდით) დედებს და ბებიებს წინასააღდგომო სამზადისში.



image



აღდგომას წინ ვნების კვირა უძღოდა. ვნების კვირის ოთხშაბათს იმერეთში ტრადიციული ჭიაკოკონობა იმართებოდა. ამ დღისთვის მარტო ბავშვები კი არა, უფროსებიც წინასწარ ემზადებოდნენ: მთელი კვირის განმავლობაში აგროვებდნენ ფიჩხს, ვაზის ნასხლავ ლერწებს, ნაზამთრალ ჩალის ღეროებს და ხეებიდან ჩამოსხეპილ გამხმარ ტოტებს. სულმოუთქმელად ველოდით ოთხშაბათ საღამოს დადგომას და ვნატრობდით, რომ არ გაწვიმებულიყო. ჭიაკოკონა ყველა ეზოში ინთებოდა. მეზობლები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო დიდ და გიზგიზა ცეცხლს დაანთებდა. ახალგაზრდები და ბავშვები ცეცხლის ალს გადაევლებოდნენ და თან გაიძახოდნენ "არული კუდიანებსაო". ცრურწმენით, კოცონზე გადახტომის დროს ადამიანი ავი სულებისაგან იწმინდებოდა. ჭიაკოკონას ანთება და მასზე გადახტომა ძირითადად იმის საწინდარი იყო, რომ კუდიანები ვერავის ავნებდნენ და დილაც მშვიდობიანად გათენდებოდა. დიახ, მაშინ გვეგონა, რომ ამ რიტუალით კუდიანებსა და ავ სულებს ვდევნიდით საკუთარი ეზოებიდან. ბებიები გვიყვებოდნენ, რომ სწორედ ამ ღამეს ისინი ტოვებდნენ სამყოფელ ადგილს-იალბუზის მთას და სოფლებში ჩამოდიოდნენ ადამიანებისათვის ზიანის მისაყენებელად. ავსულებს ცეცხლის ძალიან ეშინოდათ, სწორედ მათ განდევნას და შეშინებას ემსახურებოდა ჭიაკოკონობა.

აი ასეთი იყო ჭიაკოკონობა ჩემს ბავშვობაში... ჩემ თაობას ბავშვობის წლების გატარება საბჭოური წყობილების დროს მოუხდა და იმდროინდელი ათეიზმის ეპოქაში სრულებითაც ვერ ვაცნობიერებდით, რომ ჭიაკოკონობა სულაც არ იყო მართლმადიდებლური წეს-ჩვეულება და მისი ფესვები უფრო შორეული წარსულიდან მოდიოდა.




image



მაინც რას ნიშნავს ჭიაკოკონობა და საიდან იღებს სათავეს ეს უცნაური ტრადიცია?

''ამ დღესასწაულს ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში გავრცელებული რწმენა, თითქოს ჭიაკოკონობის ღამეს ის ადგილები, სადაც კოცონია დანთებული, კუდიანებისგან იწმინდება, მხოლოდ სახეცვლილი, ქრისტიანული ელემენტებით გამდიდრებული გვიანდელი ვარიანტია. ამ ტრადიციის ფესვები უფრო შორს მიდის და წარმართულ პერიოდს სწვდება.

ცეცხლთაყვანისმცემლობა, იგივე მაზდეანობა, ირანსა და მისი გავლენის სფეროში შემავალ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც იყო გავრცელებული. მაზდეანებისათვის ცეცხლი ღვთაება გახლდათ, ადამიანი კი, რაღა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ცოდვილი. პიროვნება ღმერთისთვის მისაღები რომ გამხდარიყო, ცეცხლით უნდა განწმენდილიყო. ეს აქტი ცეცხლში გავლით - კოცონზე გადაბიჯებით, გადახტომით - აღესრულებოდა.

საქართველოს ზოგიერთ კუთხეში დღესაც შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც თავიანთ ახლობლებს ცეცხლში გაატარებენ ხოლმე - ბოროტი სულები ვერ მოგეკარებიანო.

არადა, სინამდვილეში პირიქით ხდება. დავით წინასწარმეტყველი ამბობს, რომ წარმართთა ღმერთები ეშმაკები არიან. ამრიგად, ჭიაკოკონის ქრისტიანული შეფასება ერთმნიშვნელოვანია.

საოცარია - ადამიანები, რომლებიც ქრისტიანობაში თითქმის ან სრულებით ვერ ერკვევიან, სწორედ ქრისტიანობის ბრწყინვალე დღესასწაულის წინ, ვნების კვირის ოთხშაბათს აწყობენ ჭიაკოკონობას. ისინი ვერ გეტყვიან რა არის ან როდის არის შობა, ბზობა, აღდგომა, სამაგიეროდ, კალენდარულად მოძრავი ვნების შვიდეულის ოთხშაბათი არაფრით გამორჩებათ...

ეშმაკის მთავარი მიზანი სწორედ ის არის, ადამიანი ყოფიერების ჭაობში ჩაეფლოს, იფიქროს ყველაფერზე, დაწყებული საყოფაცხოვრებო წვრილმანებით და დამთავრებული ტექნიკის მიღწევებით, ოღონდ დაივიწყოს მთავარი - ჭეშმარიტი ღმერთი.

ქრისტიანული სამყარო ვნების კვირაში ყველაზე უფრო ახლოსაა უფალთან, მასთან ერთად განიცდის მის ტანჯვას და, რაც მთავარია, ელის უფლის ბრწყინვალე აღდგომას. ჭიაკოკონობა ბოროტ ძალთა უკანასკნელი უსუსური გალაშქრებაა დიდი მისტერიის წინააღმდეგ - დგება ბრწყინვალე დღესასწაული და აჰურამაზდა, ცეცხლთაყვანისმცემლობის მთავარი ღვთაება, ბელზებელი თუ ეშმაკი ფარ-ხმალს ყრის მკვდრეთით აღმდგარი უფლის წინაშე, '' - ასეთ განმარტებას აძლევენ ამ უძველეს ტრადიციას საეკლესიო პირები.

აღსანიშნავია, რომ ჭიაკოკონობა საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში იმართებოდა, გარდა სამეგრელოსი.

სვანეთში ბზობის საღამოდან ლიროკინალი ანუ განდევნა იწყებოდა. ზოგან ვნების კვირას ჰორიალე ნეგზის ანუ კუდიანების კვირას უწოდებდნენ. სვანეთში დიდ ოთხშაბათს ოჯახის ერთ-ერთი წევრი ქალი იღებდა ქონის ნაჭერს და ოჯახის ყველა წევრს უსვამდა შუბლზე, კისერზე, მკერდზე და ხელის გულებზე, თან ამბობდა: ''ღმერთმა მრავალ ბრწყინვალე აღდგომას დაგასწროთ'';

რაჭაში დიდ ოთხშაბათს მხოლოდ სადილობამდე შეიძლებოდა მუშაობა; უფრო ვენახში. ნასადილევს აღარ იმუშავებდნენ. საღამოს კი ჭიაკოკონას ანთრებდნენ;

იმერეთში მიაჩნდათ, რომ კუდიანებმა ყველაფერს შეიძლება ავნონ, მათ შორის ვენახსაც. ვაზის დასაცავად იმერეთის მოსახლეობა ვენახშიც ანთებდა კოცონს და იქვე ისროდა თოფს.

ესხეთ-ჯავახეთში ჭიაკოკონობა წითელ პარასკევს იცოდნენ.

ქართლში კუდიანობა ღამეს ასკილის, ტყემლის ტოტებს მოჭრიდნენ, წვრილად ჭრიდნენ, ტაბაკზე ყრიდნენ, ზედ ნახშირს აყრიდნენ და ყანაში მიჰქონდათ. ასკილის ტოტებს მიწაში არჭობდნენ და ძირს ნახშირს ყრიდნენ. ასკილს და ტყემლის ტოტებს (რომლებზეც ხალხი ამბობდა კუდიანების მტერიაო), ბოსტანშიც არჭობდნენ - ავი საქმე, ავი თვალი, ავი ყბა აღარ მოგვიდგებაო, _ ამბობდა ხალხი.

ლიახვის ხეობაში ჭიაკოკონობის წესს ჭიების საწინააღმდეგოდ ასრულებდნენ. მოსახლეობა ჩალა-კაჭაჭს ცეცხლს წაუკიდებდა, ზედ გადაახტებოდა და დაიძახებდა: ''არული კუდიანებს!'' ჩამქრალი ცეცხლის ნაცარს მოხვეტავდნენ და ბოსტანში დაყრიდნენ, რომ ჭიას ბოსტნეული არ გაეფუჭებინა. შემდეგ უმძრახად (სიტყვის უთქმელად) წყალს მოიტანდნენ და ტანს დაიბანდნენ. ზოგან, მაგალითად სოფელ ერედვში ამ წესს დიდ ხუთშაბათს ასრულებდნენ.

კახეთში ეშმაკი სახლში რომ ვერ შესულიყო, კარის ძელზე ცეცხლმოკიდებულ ეკალს ჰკიდებდნენ. ანთებული ცოცხით ან ფიჩხის კონით სახლს გარშემო რამდენჯერმე შემოურბენდნენ, რომ ეშმაკი მათ საცხოვრებელს ახლოსაც კი ვერ მიკარებოდა.

ხევსურებმა ამავე დღეს, ანუ კუდიან წუხრას, როგორც მას თავად უწოდებდნენ, მესმინაედ დაჯდომა ანუ კუდიანების სმინაობა, მოსმენა იცოდნენ. ვისაც კუდიანების საუბრის მოსმენა უნდოდა, ის ამ ღამეს სადმე შორს, გზის გასაყარზე, ჩუმად და ზურგშექცევით დაჯდებოდა. მესმინაედ დამჯდარი თავის გარშემო თითისტარით წრეს შემოავლებდა და გარშემო ნახშირს შემოიყრიდა. მესმინაე აუცილებლად მაგრად უნდა მჯდარიყო, არ განძრეულიყო და არ შეშინებოდა. ხალხის აზრით კუდიანებს ნახშირის წრის გადალახვა არ შეეძლოთ. ასევე მიაჩნდათ, რომ კუდიანები ძირითადად იმაზე ლაპარაკობდნენ, თუ ვინ როგორი ადამიანი იყო, ვინ რამდენ ხანს იცოცხლებდა, რითი და როდის გარდაიცვლებოდა. ხალხის რწმენით კუდიანები გამთენიისას ქრებოდნენ.

ფშავში ვნების ოთხშაბათს ყველა ოჯახი თავისი კარის წინ ჭიაკოკონას ანთებდა. კუდიანების დასაშინებლად თოფსაც ისროდნენ. საკვამურს, კარის თავზე, საპურეს, გოდრებს, ბოსლის კარს, გარეთ დაგროვილ ძროხის ნაკელს და სხვას ეკალს უკეთებდნენ, რადგან ხალხის რწმენით კუდიანებს ეკლის ეშინოდათ და ''მადლ-ბარაქას'' ვერ დაუკარგავდნენ. მას შემდეგ, რაც ბავშვები დაიძინებდნენ, მათაც ''დაბეჭდავდნენ''. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ლოგინში მწოლიარე ბავშვებს შემდეგი სიტყვებით გადააყრიდნენ ნახშირს: ''ჯვარი გეწეროსთ წმიდის გიორგის დაწერილი''. ეშმაკების შიშით მოხუცი ქალები ამ წესს სხვა დღეებშიც ასრულებდნენ, თან მწოლიარე ბავშვებს ჯვარსაც გადასახავდნენ.

სამეგრელოში ჭიაკოკონობა მარიამობის წინა ღამეს იცოდნენ. სამეგრელო ერთადერთი რეგიონია საქართველოში, სადაც ჭიაკოკონას ვნების კვირის მაგივრად მარიამობის კვირაში ანთებდნენ.


დიახ, გასაგებია, რომ ჭიაკოკონობა სულაც არაა ქრისტიანული რიტუალი, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ის ლამაზი და საინტერესო ტრადიციაა... ნეტავი შემეძლოს ბავშვობაში წუთით მაინც დავბრუნდე, ჩემი მშობლიური სახლის წინ სიამოვნებით ავაგიზგიზებდი ტკაცუნა ცეცხლს, მივეფიცხებოდი მის მხურვალე ალს და ომახიანად შევძახებდი " არული კუდიანებსა, ჯვარი აქაურობასა"...

2
733
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
733
  
2020, 17 აპრილი, 2:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 16 აპრილი, 17:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2