x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
"ენათმეცნიერების ინსტიტუტის ახალგაზრდა და საშუალო თაობების თანამშრომლები ერთხმად გამოვთქვამდით უკმაყოფილებას ამის გამო, მაგრამ არ ვიცოდით..."-საინტერესო მოგონება 14 აპრილის შესახებ
პროფესორი თეიმურაზ გვანცელაძე, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თავის ფეისბუკ გვერდზე გვიზიარებს რამდენიმე მნიშვნელოვან მოგონებას 1978 წლის 14 აპრილის შესახებ.


image



გთავაზობთ უცვლელად:



"მოგონება 1978 წლის 14 აპრილის ზოგი დეტალის შესახებ


იმ დღესვე, როცა გაზეთებში გამოქვეყნდა კონსტიტუციის ახალი ვარიანტი და შიგ აღარ იყო მუხლი სახელმწიფო ენის შესახებ, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ახალგაზრდა და საშუალო თაობების თანამშრომლები ერთხმად გამოვთქვამდით უკმაყოფილებას ამის გამო, მაგრამ არ ვიცოდით, რას ფიქრობდნენ ამის შესახებ დიდი ენათმეცნიერები.
ჩვენდა სასიხარულოდ მალევე გავიგეთ, რომ აღშფოთებულნი იყვნენ უფროსი თაობის წამყვანი მეცნიერებიც: აკად. არნოლდ ჩიქობავა, აკად. ქეთევან ლომთათიძე (იგი იმ დროს ინსტიტუტის დირექტორი ბრძანდებოდა), აკადემიის წევრ-კორესპონდენტები ივანე გიგინეიშვილი, თინათინ შარაძენიძე, ჩვენი ინსტიტუტის თანამშრომელი, პოეტი ანა კალანდაძე და სხვები. მათ პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა საქმისათვის.
იმდროინდელი წესის თანახმად, ინსტიტუტის პარტიულ ორგანიზაციას რაიკომიდან მოუვიდა წერილი, რომლითაც ავალებდნენ საკითხის განხილვას ღია კრებაზე.
დაინიშნა კრების დღე. სხდომათა დარბაზი გაივსო თანამშრომლებით და სხვა ინსტიტუტებიდან მოსული მეცნიერებით. სხდომათა დარბაზში ტევა არ იყო.
სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ყველა ავტორიტეტული მეცნიერი და მოითხოვეს, აღდგენილიყო კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლიდან ამოღებული ნაწილები, რომლებიც საქართველოში ენის ფუნქციონირებას ეხებოდა.
საბოლოოდ შეიქმნა სარედაქციო ჯგუფი, რომელსაც დაევალა გამომსვლელთა წინადადებების შეჯერების გზით ინსტიტუტის პოზიციის გამომხატველი ტექსტის შედგენა და ზემდგომ ორგანოებში გაგზავნა.
ასეც მოხდა. ტექსტი შედგა და გაიგზავნა სხვადასხვა ინსტანციაში.
ზემოთ ნახსენები პარტიული ორგანიზაციის ღია კრებას არ დასწრებია მხოლოდ აკად. არნოლდ ჩიქობავა, რომელიც 26 მარტს 80 წლისა ხდებოდა. მეცნიერს მაშინდელი ხელისუფლების პირველმა პირმა შევარდნაძემ იუბილეს საზეიმოდ გადახდა შესთავაზა, მაგრამ ბატონმა არნოლდმა კატეგორიული უარი შეუთვალა, მეცნიერის იუბილეს ზარ-ზეიმით აღნიშვნას მისი წიგნების გამოცემა სჯობსო.
ინსტიტუტში ეს ამბავიც გავრცელდა, მაგრამ არავის გაგვკვირვებია, რაკი ვიცოდით მისი პრინციპულობის ამბავი. ბატონ არნოლდს შევარდნაძეც კი ვერ უბედავდა შეწუხებას.
ახლოვდებოდა კონსტიტუციის დამტკიცების დრო. ვრცელდებოდა ცნობები, რომ ორგანიზაციათა დიდ ნაწილში პროექტს უსიტყვოდ იწონებდნენ. ისიც ვიცოდით, რომ პრინციპული პოზიცია გამოხატეს მწერალთა დიდმა ნაწილმა, ერთადერთი უნივერსიტეტის (თსუ-ს) ფილოლოგიისა და ისტორიის ფაკულტეტებმა, მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის, ეთნოგრაფიისა და არქეოლოგიის ინსტიტუტმა, ღელავდა სტუდენტობა...
საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (ანუ პარლამენტის) სხდომა 14 აპრილისათვის დაინიშნა.
რამდენიმე დღით ადრე გაზეთ ”ახალგაზრდა კომუნისტის” რედაქციამ გადაწყვიტა, გაზეთის მთელი გაშლილი გვერდი მიეძღვნა არნოლდ ჩიქობავას იუბილესადმი და თხოვნით მოგვმართა ენათმეცნიერების ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერებს, დაგვეწერა ჩვენი აზრი მასწავლებლის შესახებ. თვით იუბილარი კი ძლივს დაითანხმეს, წერილობით მიემართა ახალგაზრდობისადმი, მანაც დაწერა მოკლე ტექსტი, რომელშიც მკითხველს მოუწოდებდა დედაენის მოვლა-პატრონობას და ბოლოში ხაზგასმით აცხადებდა:
გვიყვარდეს საკუთარი დედაენა და პატივი ვცეთ სხვის ენასაც - აკი ის ენა ვიღაცისთვის დედაენააო. გაზეთის ის ნომერი სწორედ 14 აპრილს უნდა გამოსულიყო.
ჩვენ რედაქციას გადავეცით ჩვენი ტექსტები. რედაქციამ ისინი ააწყო და კორექტურაც გაგვასწორებინეს, მაგრამ 14 აპრილის დილით ნომრის ის გვერდი, რომელიც წინა საღამოს აიწყო, შეცვლილი გამოვიდა - მასში აღარ იყო მასალები არნოლდ ჩიქობავას იუბილეს შესახებ. უმალვე მივხვდით, რომ რეჟიმი დააფრთხო მეცნიერის ზემოთხსენებულმა მოწოდებამ - იმ დღეებში ახალგაზრდობაც და საზოგადოების უდიდესი ნაწილიც ყველაზე მეტად ქართული ენის ბედ-იღბლით იყო დაინტერესებული და არ სურდათ ენის საკითხზე ყურადღების კიდევ უფრო გამახვილება, მით უმეტეს, რომ რეჟიმს უკვე მიღებული ჰქონდა იმავე არნოლდ ჩიქობავას წერილობითი შენიშვნა კონსტიტუციის იმ მუხლის შესახებ, რომელსაც სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსი უნდა განესაზღვრა (ამ ტექსტის ფოტოასლს აქვე გთავაზობთ). ეს ფაქტი უკვე გახმაურებულიც იყო.
იმ დროს ენათმეცნიერების ინსტიტუტი მდებარეობდა იმავე შენობაში, რომელშიც ახლაც არის - ძერჟინსკის (ამჟამად პავლე ინგოროყვას) 8 ნომერში. 14 აპრილს დილით სამსახურში მიმავალმა ყველა ჩვენმა თანამშრომელმა საკუთარი თვალით ნახა ლეონიძის (ყოფილი კიროვის), ძერჟინსკისა და ჩიტაძის ქუჩებზე ჩამწკრივებული ბრეზენტჩამოფარებული დიდი სამხედრო-სატვირთო მანქანები, რომლებსაც რუსულად ეწერა: ЛЮДИ ”ადამიანები”. ბრეზენტქვეშიდან იცქირებოდნენ ჯარისკაცები, ხოლო შორი-ახლოს ჯგუფ-ჯგუფად შეკრებილიყვნენ ოფიცრები და ზემდეგები, რომელთა პაგონებზე ასევე რუსულად ეწერა: ВВ (Внутренные Воиска ”შინაგანი ჯარები”). ყველამ იცოდა, რომ ასეთი განმასხვავებელი აბრევიატურა ჰქონდათ ახლანდელი მეტროს სადგურ ”სამგორის” ახლოს მდებარე სპეციალური სამხედრო ნაწილის სამხედროებს (იმ სამხედრო ნაწილს მე-9 პოლკს უწოდებდნენ). ეს საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სამხედრო ქვედანაყოფი დაკომპლექტებული იყო უსასტიკესი ოფიცრებითა და ჯარისკაცებით და უშუალოდ ემორჩილებოდა მოსკოვს. ცხადი ხდებოდა, რომ მოსკოვი მათ გამოყენებას გეგმავდა.
როცა უნივერსიტეტის ეზოში თავშეყრილ სტუდენტობასა და პროფესურის ნაწილს შემოუერთდა პოლიტექნიკური და სამედიცინო ინსტიტუტების სტუდენტობა, ყველანი მთავრობის სახლისკენ დაიძრნენ. გზად მათ უამრავი ხალხი უერთდებოდა და ამ ზღვამ ბოლოს თავი მთავრობის სახლთან მოიყარა.
მოხდა "სასწაული" და იმ დღეს მოსკოვმა სისხლის დაღვრას ნაწილობრივი უკანდახევა ამჯობინა - კონსტიტუციაში დარჩა მუხლი სახელმწიფო ენის შესახებ, თუმცა ეიფორიაში ჩავარდნილმა ხალხმა ვერ შენიშნა, რომ კონსტიტუციის 75-ე მუხლი ორი ნაწილისაგან შედგებოდა, პირველ ნაწილში ეწერა, რომ საქართველოს სსრ-ს სახელწიფო ენა არის ქართული. მეორე ნაწილი კი ა ქ ა რ წ ყ ლ ე ბ დ ა პირველ ნაწილს, რაკი აკანონებდა, რომ საქართველოში ყველა ენა სარგებლობს თანაბარი უფლებებით.
მიუხედავად ამ კომუნისტური ფანდისა, მაინც უდავოდ დიდი გამარჯვება იყო კონსტიტუციის იმ მუხლში შავით თეთრზე ჩაწერილი სიტყვები: საქართველოს სსრ-ს სახელმწიფო ენა არის ქართულიო."



image

2
235
5-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
235
  
2020, 24 დეკემბერი, 15:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 15 აპრილი, 3:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2