x
image
ლურჯი თოლია
ვინ იყო ალჟირის ქართველი მმართველი მესხი ჰასანი და როგორ მიაღწია მან წარმატებას?

image

ალჟირში ქართველები დაწინაურდნენ მე-18 საუკუნეში, როდესაც საფაშოს უმაღლესი თანამდებობა რამდენიმე ქართველმა დაიკავა. მათგან აღსანიშნავია ჰასან დეი, რომელიც არსებული ევროპული და ოსმალური წყაროების მიხედვით, ახალციხელი მესხი იყო. ჰასანი ალჟირში ძალზე ახალგაზრდა აღმოჩნდა და თავდაპირველად სამხედრო სამსახურში იდგა. ალჟირში ჩასული ევროპელი მოგზაურების აღწერით, ის ყოფილა სხარტი გონების პატრონი, საკმაოდ განათლებული და მამაცი პიროვნება. კარგად შეუსწავლია საზღვაო საქმე და თავი გამოუჩენია, როგორც ალჟირელი კორსარების, მეკობრეების მეთურს. 1770 წელს ის მეთაურობდა ალჟირელთა მთელ ესკადრას და მონაწილეობა მიიღო რუსეთ-თურქეთის ომში, რომლის დროსაც შავ ზღვაზე იბრძოდა რუსული ფლოტის წინააღმდეგ. 1775 წელს ალჟირელებმა მოიგერიეს ესპანელთა დიდი სამხედრო ექსპედიცია და სტამბოლში ამ გამარჯვების ცნობის ჩატანის პრივილეგია სწორედ ჰასანს ხვდა წილად. ჰასანმა დიდი წარმატებით გაართვა თავი ამ დავალებას და სულთნისათვის სპეციალური მოხსენებაც მოამზადა, რომელშიც საკუთარ თავს სწორედ "ახალციხელად" მოიხსენიებს. ალჟირში დაბრუნების შემდეგ ჰასანი ალჟირის საზღვაო მინისტრად მსახურებდა, აქტიურად იყო ჩაბმული მეკობრეობაში და იმდენად დიდ ზიანს აყენებდა ევროპულ და ამერიკულ სავაჭრო ინტერესებს, რომ ისინი იძულებულნი გახდნენ გადაეხადათ გასამრჯელო ალჟირისათვის.

1791 წელს ჰასანი ალჟირის ახალ მმართველად აირჩიეს. მომდევნო 8 წლის განმავლობაში 1799 წლამდე "ბაბა ჰასანმა" როგორც მას უწოდებდნენ, დაამყარა წარმატებული დიპლომატიური ურთიერთობები ევროპის ქვეყნებსა და აშშ-თან. აღსანიშნავია, რომ ჰასანს მიმოწერა ჰქონდა ისეთ სახელმწიფო ლიდერებთან, როგორიც იყო აშშ-ს პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი, საფრანგეთს მონარქი ლუი მე-16 და სხვები.

image

0
332
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
332
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0