x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
გოგონა აფხაზეთიდან

image
3 გოგონა აფხაზეთიდან ადიცა მთელი დღის ნამუშევარი სახლში დაღლილი ბრუნდებოდა. შემოდგომის წვიმიანი ამინდი იყო, ღამდებოდა. უცებ ორი ახალგაზრდა ბიჭი დაეტაკა: ერთმა ხელი “უჯიკა”, მეორემ ჩანთა მოაძრო და გაიქცა... ჩანთაში "ბლოკნოტი" და მთელი დღის ნაშრომი ფული ედო. დაედევნა, მაგრამ ვერ დაეწია, გამწარებული მუხლებით მოიკეცა და ტირილი დაიწყო. ახალგაზრდა მამაკაცმა შენიშნა ატირებული ადიცა. დაახლოებით ოცდაათ წლამდე იქნებოდა, სპორტული აღნაგობის, შავი ხვეული თმებით, ლამაზი სახით. - რატომ ტირით? იქნებ შევძლო თქვენი დახმარება?! - ჩანთა წამართვეს, შიგ ფული და ბლოკნოტი მედო, რომელშიც ტელეფონის ნომრები მეწერა... - არაუშავს, ნუ ტირი, ბლოკნოტს როგორმე ისევ იყიდით, ფულს მე მოგცემთ, გაგიყოფთ რაც მაქვს ახლა... გაოცებული ცრემლიანი თვალებით შეცქეროდა ადიცა მამაკაცს და ფიქრობდა: ნუთუ შეიძლება ამას ვენდო? - მადლობა, როგორმე მივხედავ ჩემ თავს. ბლოკნოტის გამო ვტირი, იქ ტელეფონის ნომრებიი მეწერა, რომელიც ზეპირად არ მახსოვს, სხვა არაფერი მადარდებს. - ალბათ შეყვარებულის ხომ? არა უშავს, ესეც მოგვარდება, თუ ძალიან უყვარხარ, თვითონ მოგძებნის და გნახავს... - არა, რა შეყვარებული. -აჰა, შეყვარებული არ ჰყოლია, არადა, როგორი ლამაზი გოგოა. თავისთვის ჩაილაპარაკა მამაკაცმა. - რა? რა თქვით? - არაფერი, ჩემთვის გავიფიქრე რაღაც ცოტა ხმამაღლა. - მოდი სახლამდე მიგაცილებ, ცოტას დამშვიდდები... ადიცამ ეჭვის თვალით შეხედა მამაკაცს. გაიფიქრა: ეს მგონი იმ ქურდების მოგზავნილია, ვინც ჩანთა წამართვა და ახლა სახლიც უნდათ რომ გაიგონ ჩემი და გამქურდონ, ჰგონიათ, რომ ფული მაქვს!!! მამაკაცმა თითქოს გაიგონა რას ფიქრობდა ადიცა და უთხრა: - ნუ გეშინია ადამიანო, ქურდს ან ყაჩაღს ვგავარ? მე ერთი უპატრონო ღარიბი ბიჭი ვარ, ჩემი შრომით გამაქვს თავი ამ ქვეყანაზე, სხვისი არასდროს მომიპარავს, მაგრამ არც ჩემსას დავუთმობ ვინმეს, ასე რომ, ნუ გეშინია ჩემი. ადიცას შერცხვა, მამაკაცის ასეთ პასუხზე. მიხვდა რაც გავიფიქრე გულში და როგორ შევრცხვი ამ უცხო ადამიანთანო. “კორპუსთან” მისვლამდე ადიცამ და მამაკაცმა ერთმანეთიც გაიცნეს. მეორე დღეს დილით ეზოში დახვდა ზურა - არ ელოდა ადიცა, უცებ შეცბა მის დანახვაზე. - ზურა, არ გელოდი, გამარჯობა, როგორ ხარ, მეჩქარება ძალიან, უნდა გავიქცე. - გაგიმარჯოს ადიცა, დიდ დროს არ წაგართმევ, ბლოკნოტი გიყიდე, ისეთი არ არის, ალბათ, შენ რომ დაკარგე, მაგრამ სულ არქონას აჯობებს. დაემშვიდობა და ბაზარში წავიდა სამუშაოდ. ერთ დღესაც ზურა შეხვდა ადიცას და კაფეში დაპატიჟა ყავაზე, ერთმანეთის უკეთ გასაცნობად. ადიცა დათანხმდა. ზურას რატომღაც გიორგის ამსგავსებდა, თითქოს მისი ხასიათი და თვალები ჰქონდა, მასავით მზრუნველი და ყურადღებიანი ჩანდა. - ადიცა, რადგან დამთანხმდი და მომყვები კაფეში, შენ შეგიძლია აირჩიო, სად წავიდეთ. - ჩემთვის სულერთია სად წავალთ, მთავარია სახლთან ახლოს იყოს, მალე რომ მივიდე სახლში. - კარგი, რადგან ასეა, მოდი აქ შევიდეთ, უბრალო, მაგრამ თბილი გარემოა. ხელი გაიშვირა ახლო მდებარე კაფეზე. - სიამოვნებით, წავიდეთ! კაფეში შესვლისთანავე მყუდრო ადგილი აირჩიეს. - რას მიირთმევ, ადიცა? - ჩაის და ნამცხვარს. - ძალიან კარგი, მეც ჩაი და ნამცხვარი მინდა. მომსახურე პერსონალს დაუძახა ზურამ, შეუკვეთა რაც სურდათ. - ადიცა, მე არაფერი ვიცი შენზე, თუ სურვილი გაქვს და მენდობი მითხარი ორიოდე სიტყვა, საიდან ხარ. ადიცამ თავი ჩაღუნა, ფიქრობდა, რამდენად სანდო იყო ზურა, რომ თავისი საიდუმლო გაენდო. - სათქმელი არაფერი მაქვს. ადიცა მქვია, მშობლები აქ არ მყავს, მოხუცები არიან სოფელში ცხოვრობენ, როგორც შემიძლია ვეხმარები მათ. - კარგია მშობლებს თუ ეხმარები, მათ ამაგს შვილი ვერასოდეს გადაიხდის, მაგრამ ცოტათი, რომ სიბერეს გაულამაზებ, ეს ბედნიერებაა მათთვის. მე არავინ მყავს, თავშესაფარში გავიზარდე, მერე სწავლა მინდოდა და ვერ შევძელი გაგრძელება, ვმუშაობ, თავი რომ გავიტანო, ბედს მაინც არ ვუჩივი, რაც მაქვს, კმაყოფილი ვარ. თავშესაფრის ხსენებაზე ადიცა სახეზე წამოწითლდა და ხელი აიფარა. აფორიაქდა, ეს არ დარჩენია ზურას შეუმჩნეველი. - რა იყო ადიცა, ხომ კარგად ხარ? ნამცხვარმა ხომ არ გაწყინა? - არა არაფერი კარგად ვარ, უბრალოდ რაღაც გამახსენდა, წავალ ზურა ახლა თუ არ მიწყენ, დაღლილი ვარ, დავისვენო უნდა. - მოიცა, ჯერ ერთი საათიც არ გასულა რაც აქ ვართ? რატომ ჩქარობ? - არა წავიდე მირჩევნია, მადლობა რომ დამპატიჟე.დაღლილი ვარ, უნდა დავისვენო, შემდეგ ისევ სამუშაოდ მივდივარ. ზურას კიდევ სურდა ადიცასთან ყოფნა, მაგრამ არ შეეწინააღმდეგა და მასთან ერთად დატოვა კაფე. - კარგი, სახლამდე მაინც მიგაცილებ. სახლში მისვლამდე კიდევ ცოტა ისაუბრეს. შემდეგ დაემშვიდობნენ ერთმანეთს, ადიცა სახლში შევიდა. ზურა კი სადღაც წავიდა... ადიცა სახლში შევიდა, გოგონას ფოტოებს დახედა და ტირილი დაიწყო. - ძალიან მალე ჩემო პატარა, ძალიან მალე წამოგიყვან ჩემთან, ოღონდ ცოტა მოვითმინოთ, ჩვენ ხომ ძლიერი გოგოები ვართ, რამდენ გასაჭირს გავუძელით და ამასაც გავუძლებთ. მთავარია შენ არ დამივიწყო, გახსოვდეს რომ მე გყავარ... ტირილში ჩაეძინა, ათს აკლდა წუთები რომ გაიღვიძა, საათს დახედა, მაშინვე მოემზადა და სამსახურში წავიდა. ზურას კარი ლამაზმა ქალმა გაუღო, რომელსაც მხოლოდ “პენუარი” მოეხურა, თმები ბეჭებზე გადმოეყარა, ერთი შეხედვით შეამჩნევდი, რომ ქალი ბედნიერად და კარგად გრძნობდა თავს. სამზარეულოში ისაუბრეს, შემდეგ საძინებელში შევიდა ზურა და საწოლზე წამოწვა, ხელები თავქვეშ ამოიდო და ჭერს შესცქეროდა. ქალს გაუკვირდა ზურას ასეთი ქცევა, ის როცა მასთან მიდიოდა, ხვევნა-კოცნით ეგებებოდა, ახლა ოდნავადაც არ შეუხედავს. - რა გჭირს, ზურა? დღეს რაღაც უცნაურად გამოიყურები, ასეთი მე შენ ჯერ არ მახსოვხარ. - არაფერი ელენე, ცოტა დავიღალე და დასვენება მინდა, მოდი წამოწექი შენც და დავიძინოთ. - არა, არა, რაღაც ხდება შენ თავს და არ მეუბნები. ზურამ ელენეს ხელი მოჰკიდა ხელზე და ძალით დაიწვინა გვერდით, გულზე თავი დაადებინა და დაიძინა. ელენე თავისთვის ფიქრობდა: დაიღალა ალბათ საწყალი და დასვენება სჭირდება, მე კიდევ ეჭვები მაწუხებს, რატომ უნდა ვეჭვიანობდე როცა, ვიცი ჩემს იქით სხვა გზა არ აქვს, ჩემით აცვია და ახურავს, ჩემით აქვს ყველაფერი, მე ასე ადვილად ვერ მიმატოვებს, თან იცის, რომ მიყვარს. მჯერა, მასაც ვუყვარვარ. რომ გაიღვიძებს უნდა ვუთხრა, ჩემთან წამოვიდეს ოფისში სამუშაოდ. იმედია, ამჯერად მაინც დამთანხმდება. ზურამ დილით ადრე გაიღვიძა, ელენეს ჩუმად აკოცა და სახლიდან გაიპარა, კიბეებზე ჩადიოდა, როცა ელენემ დაუძახა: - სად გეჩქარებოდა, რომ გაიქეცი? სალაპარაკო მქონდა შენთან. - მეგობარს უნდა შევხვდე, მეჩქარება და ამიტომ არ გაგაღვიძე ელენე. ისე ტკბილად გეძინა, შემეცოდე და ჩუმად წამოვედი. - მობრუნდი უკან, აუცილებელი სალაპარაკო მაქვს. - ახლა არა, სხვა დროისთვის იყოს ძვირფასო, გაკოცეე და კიბეებს დაუყვა სირბილით. ადიცა უკვე ბაზარში მუშაობდა. იქ მიაკითხა ზურამ. - როგორ ხარ? - კარგად ვარ. - ადიცა, დღეს ისევ მინდა შენი ნახვა, თუ შეძლებ მნახე. - დღეს არ მაქვს დრო, სხვა დროისთვის იყოს. - ხომ მშვიდობა გაქვს? - კი ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ დღეს ბევრი საქმე მაქვს, ამიტომ დრო არ მაქვს. - კარგი მაშინ ზეგ აუცილებლად მნახე. აბა დროებით ადიცა თავს გაუფრთხილდი. ადიცამ თავისთვის ჩაილაპარაკა. - როგორი კარგი ბიჭი ხარ შენ ზურა, როგორ მითბობ გულს, რა ხანია ვინმეს ჩემთვის ასეთი ყურადღება არ მოუქცევია, სითბო არ უგრძნობინებია, არ უკითხავს, როგორ ვარ, რა მიჭირს, შენ კი... სწორედ რომ ძალიან გავხარ გიორგის. ამ დღეებში თავი უნდა გავინთავისუფლო და აუცილებლად უნდა წავიდე, თამარი მოვინახულო... ჩემი პატარა, როგორ ვენატრები ალბათ, იქნებ დავავიწყდი კიდეც და არ ვახსოვარ, არა მგონია თამარს დავავიწყდე, ის ხომ ჩემი ცხოვრების სინათლეა, აუცილებლად წამოვიყვან ჩემთან, ჯერ ცოტა გავიმართო წელში და ბაღში შევიყვან, მე ვიმუშავებ და ერთად ვიქნებით. რა ვქნა, ვუთხრა ზურას თამარის შესახებ თუ ჯერ ისევ დავმალო? იქნებ არ მაპატიოს ტყუილი და დამივიწყოს მანაც. ან ჩემი ვინაობა, რომ დავუმალე, არ სჯობს სიმართლე ვუთხრა? არ შეიძლება ტყუილში ცხოვრება, მერე რაც იქნება იქნება, თუ ვენდომები მეგობრად მიმიღოს ისეთი როგორიც ვარ, თუ არა, კარგად იყოს. რა მჭირს არ ვიცი: ზურას გამოჩენის შემდეგ ყოველდღე გიორგიზე მეფიქრება, მენატრება, უფრო მიმძაფრდება მისი ნახვის სურვილი, ნუთუ სინდისი მქეჯნის და არ მასვენებს? ღმერთო რა გავაკეთო, მირჩიე რამე, ნუთუ არ მიყვარდა გიორგი და ის ყველაფერი ტყუილი იყო? არა, არა როგორ არ მიყვარდა, ახლაც მიყვარს, უფ რას ვიტანჯავ თავს ამდენი ფიქრით? იქნებ ზურას საერთოდ არ მოვწონვარ როგორც ქალი? მე ხომ ყველაფერი წინასწარ უნდა გავთვალო. ჯანდაბას, რაც არის არის, დაველოდები მოვლენებს, ცხოვრება მიჩვენებს როგორ მოვიქცე. 1994 წლის შემოდგომა იყო. ნაადრევად აგრილდა მოვაჭრეები ადიცას ყავით და ჩაით თბებოდნენ, ისიც მუხლჩაუხრელად შრომობდა - “თერმოსით” დაატარებდა ჩაისა და ყავას და წამდაუწუმ გაიძახის: “ცხელი ჩაი, ყავა” ზოგს “ნისიად” უტოვებდა, ზოგიც ფულს აძლევდა. - მოდი, ადიცა, მოდი, დამიხსი ყავა, გაგახარებს ღმერთი, ამ სიცივეში ძვლები მაინც გავათბო, ნავაჭრი არაფერი მაქვს, მოვკვდი და გავთავდი ქალი მთელი დღე, პურის ფული მაინც მაშოვნინე შე დალოცვილო ღმერთო, ბავშვებს რომ წავუღო. კარი გაღებული არ მაქვს, ერთ ხმაში ყვირიან: დედა რა მომიტანეო, გონიათ მაქვს და არ ვყიდულობ. - გემრიელად მიირთვით დალი დეიდა, შეგერგოთ. - იხაროს შვილო შენმა მარჯვენამ. - ჩემთანაც მოდი ადიცა, დამისხი ერთი მაგ დუღარე, გავათბო ეს გაყინული ძვლები, თორე, სადაცაა “რაკა-რუკს” ატეხენ ეს საცოდავები... ადიცამ დაუსხა ჩაი პლასტმასის ჭიქაში მომდევნო მოვაჭრეს და მიაწოდა. - ვაიმე გოგო როგორი მდუღარეა, დამეწვა ხელები! - რა ვქნა, ნათელა დეიდა, ცივი არაო, ცხელი არაო, აბა როგორი გინდათ? - კაი, კაი გაჩერდი, მიხედე შენ საქმეს! ფულს, რომ ჩამოივლი შემდეგ ჯერზე დაგახვედრებ, ხო ხედავ რომ ვერაფერი ხეირი ვნახე დღეს. - შეგერგოთ და გაგეყიდოთ საქონელი, ნათელა დეიდა. - გეიხარე შვილო, გეიხარე! - მოდი ბიძია აგერ დამისხი მაი შეფერილი წყალი, გახმა კუჭი მშიერი, მალე ცეკვას დეიწყებს შიმშილისგან, ჩავხეთქავ მაგ დუღარეს, სხვა საშველი მაინც არ მაქ, გაყიდვით ვერ გავყიდე ვერაფერი. ისე კაი ჭკუა გაქ ბიძია შენ, ყველაზე კარგად შენ მიგდის მაგი ბიზნესი, მოიტა ეგ შენი წყალ-წყალა ყავა და შეფერილი ჩაი. - თუ არ გინდა და არ მოგწონს ნუ დალევ, ხომ არ გაძალებ იყიდე-თქო?! - დაასხი ბიძია, დაასხი, ჩემი გამჭირვებია, შენ ნუღარ მომიშლი ახლა ნერვებს, ფულს რო ჩამეივლი, დაგახვედრებ იმედია, თუ არა მეორე კრუგს რო გააკეთებ, მაშინ მაინც მექნება, რაცხა გაყიდული და მოგცემ ამ დუღარის ფულს. - მიირთვით. გაუწოდა ისევ ჩაით სავსე პლასტმასის ჭიქა ადიცამ. - უფ გოგო რაფერი ცხელი ყოფილა ეგი?! არ დეიარა ძვლებში. ბაზრობაზე აფხაზეთიდან დევნილები იყვნენ, ზოგი ადიცასავით წყალს ან ჩაის დაატარებდა, ზოგს თავისი “საქონელი” ჰქონდა გასაყიდი და ვაჭრობდა. ერთ ქალთან მეგობრობდა, როცა დაიღლებოდა, მასთან ჩამოჯდებოდა ხოლმე. იხსენებდნენ აფხაზეთის ამბებს. ზოგჯერ ცრემლები უფრო მეტი იყო მათ სახეზე, ვიდრე სიცილი. დღესაც, შუადღით ესტუმრა, ქალბატონ ნანას. ქალბატონი ნანა უყვებოდა ადიცას აფხაზეთში გატარებულ ბოლო დღეებზე. რომელიც უკვე თითქმის დაზეპირებული ჰქონდა ადიცას. - სექტემბრის ბოლო დღეები იდგა, ჩემო ადიცა. მზე სითბოს თანაბრად გვინაწილებდა, თითქოს გვამშვიდებდა: ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნებაო. სოფელში უხვი მოსავალი მოვიდა: კიტრი, პამიდორი, ბადრიჯანი, სიმინდი... არადა ამ დროს აფხაზეთში ომი მძვინვარებდა. ჩემებს ეშინოდათ. სიკვდილის შიში იდგა, ბომბები სკდებოდა, ტყვიის ზუზუნში, ვერტმფრენების აფეთქებებში ვერ ვაძინებდით პატარებს, უფროსები ვფხიზლობდით, ტელევიზია სწორ ინფორმაციას არ გადმოსცემდა. რა ხდებოდა გაგრაში, გუდაუთაში, სოხუმისა და ოჩამჩირის მიდამოებში, სრულიად უცნობი იყო ჩვენთვის, ტანკები მიდიოდნენ და მოდიოდნენ, დაჭრილები და მიცვალებულები, გაჰყავდათ აფხაზეთიდან, ჭირისუფლების მოთქმა და გოდება აფხაზეთიდან თბილისს სწვდებოდა, არსაიდან იმედი არ იყო, ხალხს ჯერ კიდევ სჯეროდა მთავრობის. ძმათა ომი ხან შეწყდებოდა, შეთანხმებას მიაღწევდა (ვითომ) მთავრობა, მაგრამ ისევ განახლდებოდა საომარი მოქმედებები. აგვისტოს 14- ში დაიწყო არეულობა, ენგურის ხიდი გადმოლახა კიტოვანისა და იოსელიანის შენაერთებმა, რომელთა მისია ვითომ წესრიგის დამყარება იყო. აფხაზეთის მოსახლეობა მდიდარი იყო, ხალხს არ უჭირდა... ახალგაზრდობას კარგი პირობები ჰქონდა, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სუბტროპიკული ინსტიტუტი, სამედიცინო სასწავლებელი მაღალი დონის სპეციალისტებს უშვებდა. როცა ამდენი სიმდიდრე ნახეს, ქართველებმა, ქართული ოჯახების დაყაჩაღებით დაიწყეს “ომის მოგება”, ასეთ გაუგებრობაში მიმდინარეობდა ომიც. ჩემი მული ცხოვრობდა გაგრაში, მეორე სოხუმში. გაგრელი სიძე მაშინდელი მილიციის მაიორი იყო, ომის პირველ დღეებში იარაღით ხელში იბრძოდა, ერთი შვილი (14წლის ბიჭი)ჩვენთან გამოხიზნეს, მეუღლე (მული)და მეორე ბიჭი (13 წლის) გაგრაში დარჩნენ, როცა სიტუაცია გამწვავდა დედა- შვილი აფხაზმა შეიფარა და ის მფარველობდა, რადგან მეუღლე მილიციელი იყო და იბრძოდა. 1992 წლის 14 აგვისტოს ოჩამჩირის რაიონის, სოფელ ოხურეიში დაიწყო აფხაზეთის ომი. ფაქტობრივად, ომის დაწყებიდან თვენახევარში - 1992 წლის 2 ოქტომბერს, გაგრა დაეცა. დაიღუპა ათასამდე ადამიანი წამებით, სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღით: დანით, ნაჯახით, რკინის საგნებით უსასტიკესად უსწორდებოდნენ ადგილობრივებს და ქართველ მებრძოლებსაც. მასიური სახე ჰქონდა ქართველთა გვამების დასახიჩრებას, თავსა და სხეულის სხვადასხვა ნაწილებს აჭრიდნენ. გაგრას დაპატრონებული სეპარატისტები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ქართველთა ხოცვა-ჟლეტვაში. იყო შემთხვევები, როცა ცოცხალ ქართველებს მანქანის სახურავებს აკრავდნენ და შემდეგ ცოცხლად წვავდნენ ან მარხავდნენ... ერთ საღამოს ჩემი მულისშვილი ნამტირალევი დამხვდა სახლში, ვეხვეწე და გამომიტყდა, გავიგე, რომ გაგრაში პოლიციის თანამშრომლებისთვის თავი მოუკვეთიათ და მოკვეთილი თავებით ფეხბურთი უთამაშიათ, მსაჯი კი ჩემი ფიზკულტურის მასწავლებელი ყოფილაო! ასე მოწყდა ეს ულამაზესი ადგილი საქართველოს რუკას. დაპატარავდა საქართველო, ახლა სოჭს გაგრაც მიემატა. ჩვენ გალის რაიონში, მეუღლესთან, სოფელ სიდაში ვცხოვრობდით. მარტის სუსხიანი დღე იყო. მე ჩემი ორი პატარა ბავშვით სახლში ვიყავი. შაბათი დღე იყო. დათო ამხანაგთან წავიდა. დედამთილი თბილისში საავადმყოფოში იწვა, ჩემი მეუღლეც იქ იყო, დღის 3 საათი იქნებოდა. მანქანა მოადგა ჭიშკარს - ის დრო იყო მანქანები იშვიათად დადიოდნენ, ხალხი ცხენებითა და ურმებით გადაადგილდებოდა. კარი გაიღო და შემოვიდა ჩვენი სიძე, რომელიც პოლიციაში მუშაობდა. ლადო და დედამისი არ ჩანდნენ, ზუსტად 10 დღეში აფხაზმა კაცმა სოჭის მისადგომებით გადმოიყვანა დედა-შვილი. ერთი წელი ჩვენთან იყვნენ. 1993 წლის 30 სექტემბრის სისხამ დილას დავტოვეთ იქაურობა. ომის მძვინვარე დღეებში, მეორე მული, მედეა, სოხუმში ეშბას ქუჩაზე ცხოვრობდა, ხალხი გამორბოდა, მედეას ქმარმა მოახერხა, დაიყოლია მედეა ბავშვებთან ერთად მაჭარკას ხიდით ჭუბერის გზით წასულიყო. ნოდარიმ გამოაცილა ცოლ-შვილი, თვითონ კი დედასთან დაბრუნდა სახლში, ქუჩის თავში სომხები და ჩეჩნები დახვდნენ თურმე, ჰკითხეს ცოლ-შვილი სად არისო. მას უთქვამს დედასთან დავტოვეო და მიიყვანეს სახლში. - აბა, გამოიყვანეო - უბრძანებიათ. სახლიდან დედა გამოსულა და რომ დარწმუნდნენ, ცოლ-შვილი გადმოაპარა, ადგილზე დახვრიტეს დედა-შვილი. ჭუბერის გზას დამდგარ მედეას ამბავი მიუტანა ვიღაცამ, ნოდარი და დედამისი დაჭრესო და უკან გაბრუნდა თავისი პატარა შვილებით. მივიდა სახლში, გოდების დრო არ იყო და იმ საღამოს მეზობლის (აფხაზი ცოლ-ქმრის) დახმარებით, სახლის ეზოში მიწა ამოუთხრიათ და დედა-შვილი ერთად დაუსაფლავებიათ. მედეა კი თავისი შვილებით იქ დარჩა და დღესაც იქ არიან... ადიცა ზის და თვალები ცრემლებით ევსება, რომ არა მოპირდაპირე მაგიდიდან დაძახება. „ადიცა, ჩაი დამისხი” კიდევ ბევრი მოსაყოლი და გასახსენებელი ექნებოდა ქალბატონ ნანას, ბოდიში მოუხადა ადიცამ და ისევ განაგრძო მუშაობა. ნაყოფიერი გამოდგა ადიცასთვის სამუშაო დღე, დაღლილი, ცოტა სევდიანი, მაგრამ გახარებული დაბრუნდა სახლში, დაისვენა და რესტორანში წავიდა ისევ სამუშაოდ. (გაგრძელებას დავდებ ორშაბათშ, გთხოვთ კომენარებში დააფიქსიროთ თქვენი შთბეჭდილება. ნუ დაგეზარებათ დალაიქება და გააზიარება) ავტორი: სოფო იმერელი წიგინის " გოგონა აფხაზეთიდან" შეძენა შეგიძლიათ ათენი: ომონიაზე ინტელ ექსპრესის გვერდით ვილარა/3 ქ. ციალას გრაფიოში. ტ:6946050445 6993080999 პირეოსის /4 სართილი 5 "მადლი და სიკეთე" ჯგუფში ვილარას /2 მეორე სართულზე, "იმედი" ჯგუფის გოგონეთან, ეკლესიის წინ. (დარჩენილია რამდენიმე ცალი) საქართველოში: თბილისში T 555587088 ქუთაისში T 558475757 იტალია: ნებისლიერი ქალაქიდან დაუკავშირდით :327 02 36 077 ზაზა

0
763
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იმერელი
სოფო იმერელი
763
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0