x
image
მანანა თურმანიძე
აზიარებდა თუ არა ქრისტე ერთი კოვზით

image

9 აპრილმა უნებურად გამახსენა 1989 წელი და ის, თუ რამდენი რამ გადავიტანეთ, ვიდრე აქამდე მოვიდოდით. არც რევოლუციები დაგვკლებია, არც ბუნებრივი კატაკლიზმები და არც ომები. დღეს კი, გაზაფხულის ამ უმშვენიერეს დღეებს სახლში ვატარებთ, ქუჩაში მხოლოდ საკვების და ჰიგიენის საშუალებების საყიდლად გავდივართ, ისიც პირბადეებით, ხელთათმანებით, დამცავი ფარებით და მთელი აღჭურვილობით. სამსახურში სიარულის უფლებაც კი არ გვაქვს. ადამიანები ავადდებიან და არავინ იცის ხვალ რა იქნება. მსოფლიო დაპაუზებულია, ეკონომიკა - შეჩერებული, ზოგს საკვების საყიდლად ფულიც აღარ აქვს და შიმშილობს, ხალხი გაურკვევლობაშია, არავინ იცის რა იქნება ხვალ. მთელს მსოფლიოში ათასობით ადამიანი იღუპება ყოველდღიურად, მხოლოდ კოვიდ 19-სგან, ვირუსისგან, რომელიც მუსრს ავლებს ხალხს, მუტაციას განიცდის და ახლა უკვე არა მხოლოდ ხანდაზმულებს უტევს, ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი 5 წლის ბავშვია. დამაიმედებელ პროგნოზს არავინ აკეთებს, არავინ ამბობს როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს პანდემია. ვინ და რატომ დაგვსაჯა ასე მწარედ, განკითხვის ჟამია?


სტრესი ანადგურებს იმუნურ სისტემას, რომელიც ახლა ისე გვჭირდება, როგორც არასდროს. ვფიქრობ, ამ სტრესს აორმაგებს განცდა, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს დაემთხვა ეს გლობალური გასაჭირი. თუმცა, მხოლოდ ქრისტეს აღდგომას კი არა, მუსლიმების ბაირამობას, ებრაელების პასექს, და სხვა აღმსარებლობის ზეიმებსაც. სწორედ გაზაფხულზე მოდის მსოფლიოს ხალხების რელიგიური დღესასწაულების დიდი წილი, რა ხდება, ღმერთი ხომ არ გაგვიწყრა კაცთა მოდგმას?


წელიწადში ერთხელ ტაძარში ვათენებდი ღამეს და მჯეროდა, რომ ეს დღე მაინც მთლიანად ღმერთს ეკუთვნოდა. მთელი წელი ამ დღეს ველოდი, ამაზე დიდი დღესასწაული არ არსებობდა ჩემთვის და არც ამაზე დიდი სულიერი სიხარული. აღდგომა ყოველივე პოზიტიურთან ასოცირდება - ბუნების გამოღვიძება, ძალების აღდგენა, ბედნიერების განცდა, მომავლის იმედი, ეს არის წლის ყველაზე ლამაზი მოვლენა, ზამთრის და შობის ზღაპრის შემდეგ, გაზაფსულის სულიერი დღესასწაული! ახლა კი იმაზე ვდარდობ, სააღდგომო ლიტურგია ჩატარდება თუ არა, ან როგორ ჩატარდება საგანგებო რეჟიმის დროს, როდესაც 21 სთ-ის შემდეგ კომენდანტის საათი იწყება და გარეთ გასვლა დილის 6 სთ-მდე კანონდარღვევაა. ან წმინდა ცეცხლი გარდამოვა კი საერთოდ წელს, ან ვინ ჩამოიტანს?


პანდემიის კატასტროფულ მოვლენებს ეკოლოგიის გაჯანსაღებასთან ერთად, რომელიც უმნიშვნელოვანესია, კიდევ ერთი სასიამოვნო ამბავი მაინც ახლავს. ჩვენ ყველანი ამაყები ვართ ჩვენი მედიკოსების შემართების, სისტემის ეფექტური რეაგირების და წინდახედულობის გამო, მადლობის სათქმელად აქციაც კი მოვაწყვეთ, რაც ნამდვილად მისასალმებელია. მადლიერება ამაღლებული და წმინდა გრძნობაა და ჩვენ ის ხელგვეწიფება. სწორედ მადლიერება ჰქვია ქრისტიანობის ერთ-ერთ უმთავრეს, ევქარისტიის (ბერძნ.) საიდუმლოს, რომელზეც ქვემოთ მინდა ვისაუბრო.




ჩვენ უკიდურესობების მოყვარული ერი ვართ, ან ძალიან ამაყები ვართ ქართველობით, ან თვითგვემას მივეცემით და საკუთარი არაფერი მოგვწონს. თუმცა, ბოლო მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ, რაღაცით მართლაც გვქონია თავის მოსაწონად საქმე და არა მხოლოდ გმირული წარსულით, ან საამაყო წინაპრებით. თურმე, როგორ შეგვძლებია ყველას კონსოლიდაცია და ორგანიზებულობა, კანონმორჩილება, მხარში დგომა და წესრიგის დაცვა. მოკლედ სამაგალითო ხალხი ვყოფილვართ და, რაც მთავარია, ეს სხვებმა აღნიშნეს, თვითკმაყოფილი იდიოტების როლში კი არ ვართ, გამუდმებით თავს რომ იქებენ და სხვების დასაცინი ხდებიან. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს საზოგადოებას ნაკლიც არაერთი აქვს და მათგან ერთ-ერთი სიხისტეა. ეს კარგი არ არის, მაგრამ, უარესია, თუ ეკლესიაზეც გავრცელდება იგივე თვისება. ეკლესია ხომ ამ საზოგადოების განუყოფელი ნაწილია, ერი ერთი ორგანიზმია და მისი გული სწორედ ეკლესიაა. ჩემი ღრმა რწმენით სამღვდელოება უნდა განსხვავდებოდეს ერისგან და მაგალითის მიმცემი იყოს მიმტევებლობის, ლოიალობის, კეთილგანწყობის და კომპრომისების საკითხებში, რადგან ქრისტიანული მოძღვრების საფუძველი სიყვარულია, ქრისტესმიერი სიყვარული, რომლითაც ჭეშმარიტი მოძღვრები გვმოძღვრავენ. ამიტომ, მათ მეტად მოეთხოვებათ, როგორც ქრისტეს სამსახურში მყოფ ჯარისკაცებს, ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავლებს, სამაგალითო სიყვარული და სათნოება, ისეთი, როგორიც ქრიტეს მოძღვრებას შეეფერება.


დიდი ხანია ვფიქრობ, მაგრამ თავს ვიკავებ ამაზე საუბრისგან, თუმცა უზნეობად ჩავთვალე ასეთ დროს გაჩუმება. რატომღაც მგონია, რომ ამ ძნელბედობის ჟამს, გლობალური პანდემიის გათვალისწინებით, ეკლესიას დათმობის პოზიცია რომ დაეკავებინა, შესაძლოა დღეს სხვა სიტუაცია გვქონოდა ქვეყანაში. ყოველ შემთხვევაში, არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებას არ დასჭირვებოდა საგანგებო სიტუაციის გამკაცრება და ეს დილემა - „სააღდგომო ლიტურგიას დავესწრო თუ კანონი დავიცვა“, აღარ დამდგარიყო მრევლის წინაშე. აქ შიშის ფაქტორზე მეტად ადამიანის მოქალაქეობრივი თვითშეგნება დაუპირისპირდა რწმენას. მოტივაცია იოლად გასაგებია - „არ მეშინია, მაგრამ არ მინდა ტაძარში წასვლით საზოგადოებისათვის ზიანის მომტანი კანონდარღვევა ჩავიდინო“! ალბათ, აღარც ეს ეჭვის ჭია დაგვღრნიდა გაუთავებლად - „საერთოდ ჩატარდება კი სადღესასწაულო ლიტურგია“?


ინფორმაცია მოვიძიე, რა ხდება ამ მხრივ მსოფლიოში. „საბერძნეთის ეკლესიის წმიდა სინოდმა თავდაპირველად მიიღო გადაწყვეტილება საკვირაო ლიტურგიის გარდა, ყველა სახის ღვთისმსახურება შეეჩერებინა და არ შეეცვალა ზიარების წესი. ამის შემდგომ, ხელისუფლება იძულებული გახდა ყველა სახის ღვთისმსახურება აეკრძალა. ეკლესიას მოუხდა სახელმწიფოს გადაწყვეტილებას დამორჩილებოდა, მოგვიანებით კი ითხოვა სახელმწიფოს გაეღო ტაძრები, მრევლის გარეშე ღვთისმსახურების აღსასრულებლად.“


„საქართველოს ეკლესიამ, საგანგებო სიტუაციისა და კარანტინის შემოღების შემდეგ, არ შეცვალა ზიარების წესი. ის ტაძრებში მხოლოდ მორწმუნეთა დისტანცირებას დათანხმდა, თუმცა, მათ კვლავ ერთი კოვზით აზიარებს, რაც დისტანცირებას აზრსმოკლებულს ხდის ქვეყანაში, სადაც სამ კაცზე მეტის შეკრება აკრძალულია“. დაახლოებით იგივე სიტუაციაა მთელს მართლმადიდებლურ სამყაროში. კათოლიკურ ეკლესიას არ სჭირდება ზიარების წესის შეცვლა, რადგან დიდი ხანია წინდახედულება გამოიჩინა და შეცვალა წესი, გაითვალისწინა თანამედროვეობის მოთხოვნები.


შესანიშნავად მესმის, რომ ზიარების საიდუმლო ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი მთავარი საიდუმლოა და გულისხმობს მორწმუნის მიერ ქრისტეს სისხლისა და ხორცის მიღებას და რომ საგანგებო ღვთისმსახურების დროს, პური და ღვინო სიმბოლურად ქრისტეს ხორცად და სისხლად იქცევა, რომლის მიღებითაც მორწმუნე ქრისტეს სიწმინდეს ეზიარება, ცოდვები მიეტევება და ცხონდება. ანუ, თუ ამ სასწაულის არ გწამს, ზიარება აზრსმოკლებულია. მაგრამ, აზიარებდა კი ქრისტე ერთი კოვზით მის მიმდევართ?


ევქარისტია, ქრისტიანობის უდიდესი საიდუმლო, უკავშირდება საიდუმლო სერობას, უფლის ბოლო ტრაპეზიდან იღებს სათავეს და თვით იესოს დაარსებულია. ქრისტემ მანამდე აუწყა ხალხს მისი სისხლისა და ხორცის მიღების საიდუმლოს შესახებ, ვიდრე პირველად თავად აღასრულებდა მას. ხუთი ათასი ადამიანის ხუთი პურით დაპურების დროს, რომელიც მისი მოწაფეების ხელით დაურიგა ხალხს, უფალი ამბობდა: „მე ვარ პური ცხოველი, რომელი ზეცით გარდამოვჴედ. უკუეთუ ვინმე ჭამდეს ამის პურისაგან, არა მოკუდეს, არამედ ცხოვნდეს უკუნისამდე. და პური, რომელი მე მივსცე, ჴორცი ჩემი არს, რომელსა მე მივსცემ ცხორებისათჳს სოფლისა.“ (იოანეს სახარება, 6.51).


თუმცა, არსად წერია, რომ იესომ ერთი კოვზით აზიარა მის სისხლს და ხორცს მისი 5, 000 მიმდევარი ველად, ან მისი მოწაფეები საიდუმლო სერობაზე. ჩვ.წ. პირველ საუკუნეში სავარაუდოდ ხელით ჩააწობდა პურს ღვინოში. დღეს ყველა მორწმუნის და ალბათ არამორწმუნის ფიქრი ამ კითხვას უტრიალებს ჩვენს ქვეყანაში, და არა მხოლოდ ჩვენთან - შეიძლება თუ არა ერთი კოვზით ზიარების წესის შეცვლა? შექმნილი ვითარების და თანამედროვეობის მოთხოვნების გათვალისწინებით, ალბათ უპრიანი იქნებოდა დაუშვან ქრისტეს სისხლის და ხორცის მიღება ყველასთვის უსაფრთხო და საიმედო გზით, როგორც ეს კათოლიკურ ტაძარში ხდება. ეს პრაქტიკა ბევრს აბრკოლებს, ოჯახებში დაპირისპირებას იწვევს და გაუთავებელი კამათის საგანი გახდა. უნდა დავფიქრდეთ, ამ პრაქტიკის გამო ხომ არ დაკარგავს მართლმადიდებელი ეკლესია მრევლის ნაწილს, რომელმაც შესაძლოა კათოლიკურ ეკლესიაში გადაინაცვლოს, სადაც, ამასთან ერთად, უფრო კომფორტული პირობებია. ხშირად გამიგია მოხუცების წუწუნი, მინდა ტაძარში წასვლა, მაგრამ ვიღლები, ფეხზე დგომა არ შემიძლიაო. ვერ გაამტყუნებ, ხანდაზმულ ადამიანს, რომელსაც ფიზიკური მდგომარეობის გარდა დიაგნოზი აქვს, რომელიც არ აძლევს ნებას, რომ დიდხანს ფეხზე იდგეს. რატომ უნდა დაისაჯოს მორწმუნე, რომელსაც სურვილი აქვს სააღდგომო ლიტურგიას დაესწროს, მაგრამ არ შეუძლია მთელი ღამე ფეხზე დგომა? ქრისტეს პირველი მიმდევრები, თუნდაც ის 5, 000 ადამიანი, ველზე დაჯდა და მათ დაურიგდათ 5 პური, რომელმაც ისინი დააპურა და მორჩენილი აკრიფეს ტრაპეზის შემდგომ. მეორეს მხრივ, ჩვენს ტაძრებში ფეხზე მდგომთა ადგილი არ არის და იქ რომ მერხები დადგა, ხალხს როგორ დაატევ? ამდენად შესაძლოა დავფიქრდეთ, ხომ არ არის უპრიანი ტაძრების ნაწილში მერხები იდგას, რომ ხანდაზმულებმა მაინც შეძლონ დასხდომა.


დღეს განვითარებული ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ, ფაქტია, თუკი ტექნიკის უახლეს მიღწევებს ვიყენებთ, ინტერნეტით და მობილური კავშირით, სოციალური ქსელებით, სკაიპით და ვაიბერით ვსარგებლობთ, ვაღიარებთ, რომ ბევრი რამ შეიცვალა. მაშინ ასეთ უმნიშვნელო დათმობაზეც შეიძლება ალბათ წასლვა.

ერთი ფანატიკოსი "ანტი-ლიბერალი“ მომაგონა ამ ამბავმა, დასავლეთს ლანძღავდა გულმოდგინედ და ყოველგვარი ბოროტების გამავრცელებლად ნათლავდა. ამ დროს ხალხი კითხულობდა, „ნეტავ მისი მცირეწლოვანი შვილი სასწავლებლად იქ რატომ გაუშვაო“. ხალხის ლოგიკური აზროვნების უნარში ეჭვი ნუ შეგვეპარება და საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში ნუ მოვალთ, იმ ღრმა უფსკრულით, ჩვენს სიტყვასა და საქმეს შორის რომ დევს.


დიდი ხნის წინ, ტაძარში, ერთმა „მორწმუნე“ ქალბატონმა შენიშვნა მომცა, ქალი თავსაბურავის გარეშე ეკლესიაში არ უნდა შევიდესო. მცირედმორწმუნეებს ხომ ახასიათებთ, შენზე კი არა, თვით რომის პაპზე დიდი მორწმუნეები ჰგონიათ თავი და ყველას ჭკუას ასწავლიან, პარანოიდული აგრესიულობით გამოირჩევიან. არა და იმ ტაძარში, რომლის მეზობლადაც ვცხოვრობდი, როდესაც სურვილი მიჩნდებოდა, არა მხოლოდ სალოცავად შევდიოდი, საათობით ვიჯექი ხატების წინ. ეს იყო საბჭოთა დროს, როდესაც იქ შესვლა აკრძალული იყო, მაგრამ არასოდეს, არავის შევუწუხებივარ. საბჭოთა დროს, როდესაც სიგიჟედ თვლიდნენ, ჩუმად ლოცვებს ვკითხულობდი და ეს ლოცვები ხელით მქონდა გადმოწერილი იმ ტაძარში, რადგან მაშინ არ იყო გაყიდვაში ლოცვანი და ვერც იშოვიდი.


90-იან წლებში ტაძარში ხალხმრავლობა გაჩნდა, ეს ახალი მოვლენა იყო და შენიშვნების კასკადიც უცნაურ სიახლედ მეჩვენა, დავინტერესდი და ვკითხე, „რატომ არ შეიძლებოდა ტაძარში შესვლა თავსაბურავის გარეშე, გარეთ ხომ ასე დავდივარ, ღმერთი მოვატყუო?“ პასუხი გამაოგნებელი იყო - „ღვთისმშობელს ხომ ახურავს, ხატებზე ვერ ხედავო“? ლოგიკა ვერ დავინახე მის ნათქვამში, თან გამაღიზიანა ფაქტმა, რომ ტაძარში, რომელშიც, წლების განმავლობაში თავს კომფორტულად ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში, სადაც უსათნოესი მოხუცები მსახურობდნენ და არასოდეს, არავის შენიშვნას არ აძლევდნენ, ტაძარში, რომელშიც ქრისტეს რწმენას ვეზიარე, ვიღაც უცხო გამოჩნდა, რომელიც აგრესიული, დიდაქტიკური ტონით შენიშვნას მაძლევდა. თავშეკავებულად ავუხსენი იმ ქალბატონს, რომ „მე არც ღვთისმშობელი ვარ, მითუმეტეს არც ხატი, არც იმ დროში ვცხოვრობ და რომ საერთოდ ქრისტეშობიდან იწყება ჩვენი წელთაღრიცხვა, ხოლო 20 საუკუნის წინ როგორც ეცვათ, ისე აღარ გვაცვია დღეს და რომ მუდმივი და სტატიური არაფერია სამყაროში, რაღაც მუდმივად იცვლება, მაგრამ ეს არანაირად არ აისახება ჩვენს რწმენაზე, მარადიულ ფასეულობებზე და ღმერთზე, რომელიც ერთადერთია და არ იცვლება!“


მაოცებს სტერეოტიპები და კლიშეები ტაძარში. უფალი ამ ყველაფრისგან თავისუფალი იყო, ის ცოდვილებთან ტრაპეზობდა და კეთროვანებს კურნავდა, დღეს კი მის ტაძარში შარვლით ან თავსაბურავის გარეშე ქალს არ უშვებენ. გარეთ ხომ აცვია, რატომ აიძულებენ მოიტყუოს, ან გარეგნულ ეფექტებს რა მნიშვნელობა აქვს და რა კავშირი აქვს სულიერებასთან? სამწუხაროდ, სიყალბე ჩვენს ყოველდღიურობად იქცა.


image

დავუბრუნდეთ ერთი კოვზით ზიარების წესს და კითხვას, რომელიც მუსირებს საზოგადოებაში - უნდა შეიცვალოს თუ არა ის? ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ ტაძარში დღეს მრევლს ტევა არ აქვს და იქ შესული ადამიანებიდან, ყველა წმინდანი ნამდვილად არ არის. თავად მოძღვრებმაც კარგად იციან, რომ მათი უმეტესობა ჭეშმარიტი მორწმუნე კი არა, მცირედმორწმუნეა. მაგრამ, დიდი ალბათობით, ზოგიერთი მათგანი მაინც მივა აღდგომის ღამეს ტაძარში და მაინც ეზიარება, სხვადასხვა მოტივაციით. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ მათ უმეტესობას შიში შეიპყრობს ზიარებისას. არა მხოლოდ ახლა, პანდემიის დროს, არამედ უახლოეს მომავალშიც, რადგან ეს პანდემია, სულ მცირე, რამოდენიმე დეკადა მაინც გაათმაგებულ სიფრთხილეს და სიფხიზლეს გააღვივებს ადამიანების ცნობიერებაში. შიშით მიღებულ ზიარებას კი კარგად ვიცით რა მადლი აქვს ან რა შეიძლება მოჰყვეს. რატომ ვცდით ღმერთს, აკი გვასწავლის უფალი წმინდა წერილიდან „არა განსცადო უფალი ღმერთი შენი!“ (ლუკას სახარება, 4, 12).


ჩვენ არ ვიცით ამ მრავალრიცხოვან მრევლში, რამდენი შეიძლება დაინფიცირდეს ზიარების შემდეგ. ძნელი წარმოსადგენი არ არის რა მოჰყვება ამას, ეს პანდემია ხომ სწორედ იმან გამოიწვია, რომ გავრცელების მაღალი ხარისხით ხასიათდება. ჩვენ უკვე ვნახეთ ჩინეთის, იტალიის, აშშ-ს და მსოფლიოს უძლიერესი, განვითარებული ეკონომიკებისა თუ ჯანდაცვის სისტემების მქონე სახელმწიფოების მაგალითები და ის, თუ რა კატასტროფა გამოიწვია ერთდროულად იმაზე მეტი ადამიანის დაინფიცირებამ, ვიდრე სისტემა შეძლებდა გამკლავებოდა. პაციენტებს სამედიცინო მომსახურეობაზე უარს ეუბნებოდნენ და არჩევდნენ, ვისი მკურნალობა უფრო უპრიანი იყო, ვის ჰქონდა გადარჩენის მეტი შანსი, რადგან რესურსი არ ჰყოფნიდათ ყველასთვის და ეს კრიზისი გრძელდება დღემდე. ღირს კი ავიღოთ ასეთი პასუხისმგებლობა და დავაყენოთ დედა ეკლესია პოტენციური დარტყმის ქვეშ, ან რას გამოიწვევს შემდეგში ეს რისკი? ახლა გაჯიქება და გაჯიუტება დამღუპველია, როგორც ერისთვის, ისე ბერისთვის, რადგან ეს ვირუსი არ არჩევს არავის, არანაირი რეგალიების, არც ქონების, არც სქესის, არც რასის, არც აღმსარებლობის და არც ასაკის მიხედვით, ის ყველას შეიძლება დაემართოს!


აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მესმის საპატრიარქოს განცხადება, რომელიც შემდეგში მდგომარეობს:


„ზიარებისთვის ერთი კოვზის გამოყენების პრაქტიკა ათასწლოვან ისტორიას ითვლის. ამ ხნის მანძილზე არაერთხელ ჰქონდა ადგილი სხვადასხვა სახის სიცოცხლისათვის საშიში ინფექციის გავრცელებას. ასეთ პერიოდებში მართლმადიდებელი მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს, რადგან, როგორც ყველამ ვიცით, წმინდა ზიარებისას ადამიანი იღებს ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს, – განმწმენდელსა და მაკურნებელს სულისა და ხორცისა“.


თუმცა, ასევე ვიზიარებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის შეშფოთებას ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ეს პრაქტიკა რისკის შემცველია. ჩვენ დღეს ფორს-მაჟორულ სიტუაციაში ვიმყოფებით, საგანგებო მდგომარეობა გვაქვს. მიუხედავად ამისა, არც ამ სიტუაციაში შეუძლია ვინმეს საეკლესიო რიტუალების შეცვლა ან ტრადიციების გადახედვაში ჩარევა, თავად წმინდა სინოდის გარდა. თუმცა ყველას აქვს მისი მოსაზრება და ამ მოსაზრების გაჟღერების უფლება, მითუმეტეს ქვეყნისთვის ასეთ უმნიშვნელოვანეს მომენტში, როდესაც კონსოლიდაცია და ერთმანეთზე ზრუნვა თითოეულის მოქალაქეობრივი მოვალეობაა, ხოლო ხალხისთვის ყურის დაგდება ან არ დაგდება და არჩევანის გაკეთება, ვის დაუგდონ ყური და ვის არა, უკვე გადაწყვეტილების მიმღებთა კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ჩვენ დიდი ისტორიის და ბრძენი წინაპრების მოდგმა ვართ და იმედია ჩვენი ერი და ბერი მოახერხებს კონსენსუსის მონახვას და ქვეყნისთვის საკეთილდღეოდ გადაწყვეტს ამ სენსიტიურ საკითხს.


მომიტევოს უფალმა, თუ ვინმეს დეპრესიას გაუმძაფრებს ან გულისწყრომას გამოიწვევს ჩემი მოსაზრება, რომლის გაჟღერებისგან კარგა ხანია თავს ვიკავებ, რადგან, არც თავად მსიამოვნებს ურწმუნო თომას პოზიციაში ყოფნა, მაგრამ ვიცი, რომ ახლა პოპულისტობის და მაამებლობის დრო არ არის, სიფხიზლის დროა. წინდახედულება დღეს ის ოქროს შუალედია, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას და ყოველი ჩვენგანის საერთო მოვალეობაა. მითუმეტეს ჩვენი ეკლესიის პოტენციური საფრთხისგან დაცვა, ყოველი მორწმუნის წმიდათაწმინდა ვალია, გაჩუმება კი, მოცემულ სიტუაციაში, უზნეობად ჩავთვალე.

26
469
4-ს მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
469
  
რა საშინელი ტრაგედიაა, ძალიან ვწუხვარ :( თუმცა, ისინი თქვენი მფარველი ანგელოზები არიან, ბებია კი ნამდვილი გმირი ყოფილა, რომ ამ ყველაფერს არა მხოლოდ გაუძლო, კიდევ ოთხი შვილი გააჩინა და გაზარდა.
12 აპრილი, 22:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მანანა თურმანიძე-ის კომენტარზე
ვიდეოს გამო აღშფოტება მესმის, ბოდიში მიღებულია.
ძალიან ვწუხვარ თქვენი ბებიის გამო და იმ უმტკივნეულესი გამოცდის გამო, რომელიც ღმერთმა, თუ გნებავთ განგებამ მოუწყო :'( იგივე წარმატებით, ურწმუნო ადამიანს შეეძლო დაეწყევლა ცხოვრება, ან საკუთარი ბედი :'( ზოგჯერ ყველაზე ძლიერ და რჩეულ ადამიანებს განსაკუთრებულად მძიმე გამოცდა ელით, ასეც ხდება! ვწუხვარ :'( ომიანობის დროს დაიღუპა ყველა? მაშინ თქვენ როგორ გადარჩით? მაპატიეთ, ეს უბრალო ცნობისმოყვარეობა არ არის, ასეთი ამბავი, ნამდვილი, არ მომისმენია :(
12 აპრილი, 10:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

12 აპრილი, 10:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

12 აპრილი, 9:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

12 აპრილი, 9:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

მადლობა კომპლიმენტისთვის და ასეთი მაღალი შეფასებისთვის, ჩემთვის დიდი პატივია :) სულაც არ არის აუცილებელი ყველა ერთ აზრზე იყოს, ან მოაზროვნე იყოს, მთავარია აგრესია დაიხშონ, მორწმუნეებმა მაინც, რამეთუ იესო სიყვარულს ქადაგებდა და დოგმებზე მეტად ღმერთი იწამონ. თავს ნუ იტყუებენ და ნურც სხვას ატყუებინებენ თავს, აგრესიული ადამიანი არ შეიძლება მორწმუნე ქრისტიანი იყოს, მითუმეტეს მოძღვარი! თუკი მე მორწმუნე ვარ, თან ვაზროვნებ, ე.ი. ვარსებობ, ამაში ღვთის ნებას ვხედავ. ამდენად, მჯერა, თუკი ღმერთი ინებებს, თქვენც შეიძლება გახდეთ მორწმუნე, მოაზროვნე კი უკვე ხართ :) წარმატებებს გისურვებთ! თქვენთან, როგორც ათეისტთან ერთი კითხვა მაქვს, გამოცხადებების გჯერათ თუ ყველას, ვისაც გამოცხადება ჰქონია, მ.შ. წმინდა მამებს, სულით ავადმყოფებად განიხილავთ?
12 აპრილი, 5:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მანანა თურმანიძე-ის კომენტარზე
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10