x
მეტი
  • 30.05.2020
  • სტატია:100942
  • ვიდეო:346115
  • სურათი:464437
მგლის ლეკვის მიერ წლების შემდეგ გამოჩენილი მადლიერება. რეალური ისტორია

image ისტორია რომელზეც მინდა მოგითხროთ სამეგრელოში ცნობილმა მონადირემ და მეფუტკრემ ბატონმა დავით მაქაცარიამ მომითხრო ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში, სადაც ბავშვებისათვის თაფლისათვის მივედი.
დამხვდა ასაკოვანი მოხუცი, რომელიც ასაკის მიუხედავად ახალგაზრდა ბიჭივით ყოჩაღად გამოიყურებოდა.
მამაჩემს და ბაბუასაც კარგად იცნობდა თურმე და ჩემი დიდი თხოვნის მიუხედავად ფული არაფრით გადამახდევინა. თან ბიძაშვილი მახლდა და პირდაპირ გვითხრა: მოსვლა იყო თქვენი ნება, წასვლა ჩემი ნებაა და აირჩიეთ ეხლა რომელი დალევთ, ერთი საჭესთან უნდა დაჯდეს ფხიზელიო!
ბევრი, რომ არ გავაგრძელო დალევა მე ავიღე ჩემს თავზე, ვსვამთ თაფლის არაყს და ყვება ბატონი დავითი ერთ საინტერესო ისტორიას.
თავის ნათესავთან გვარად თოდუასთან ერთად ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცი სამეგრელოს მთიანეთში ასულა დათვზე სანადიროდ, ლებარდეს ულამაზესი ხეობის ზევითაა ულამაზესი მთა, რომელსაც ადგილობრივები "ჩე გოლას" ანუ თეთრ მთას ეძახიან. იქ მაშინ დამსვენებლები ამოდიოდნენ მთელი სამეგრელოდან და არც ცნობილი ადამიანების ნახვა იყო უცხოო.
მოკლედ ასულან ამ მთაზე და მჟავე წყლის წყაროსთან ჩაუსაფრდნენ დათვს, უთენია ამოვიდა თურმე დათვი, სიო ჩვენსკენ უბერავდა და ვერ იგრძნო ადამიანის სუნი და ვესროლე ეგრევე და იქვე დაეცაო.
დახმარებიან დამსვენებლები და ჩამოუტანიათ "კარემდე" (მწყემსების ქოხს ეძახიან ასე), გაუტყავებიათ დათვი, ხორცი აქნეს თურმე, დათვის ტყავი გაასუფთავეს, მარილწყლით დაამუშავეს და ის იყო დათვის ხორცის მწვადების მომზადებას მივყავით ხელი, ზედიზედ გაისმა სროლაო.
ვიფიქრეთ რომელიმე მწყემსს დაეცა ნადირი და ეგრევე თოფებს დავავლეთ ხელი და სროლის ადგილს მივაშურეთო (მხოლოდ გამოცდილი მონადირე აფიქსირებს მთაში სროლის მიმართულებას და სროლის ადგილს, რადგან გასროლის ექო იშლება და ძნელია ზუსტად დაადგინო ადგილი).
ადგილზე მისულებს კი საცოდავი სანახავი დახვდათ, ვიღაც უკეთურს დედა მგელი მოეკლა და მგლის 3 ლეკვი წკმუტუნ-ყმუილით იკლებდა იქაურობას.
ერთი სიტყვით წამოიყვანეს ლეკვები და მწყემსებისთვის გამორთმეული წყალნარევი საქონლის რძით გამოკვებეს.
ასე კვებავდნენ მგლის ლეკვებს, რომლებიც ისე შეეჩვივნენ თურმე ბატონ დავითს უკან დასდევდნენ.
ბატონი დავითის ნათესავი დათვის ხორცით და ტყავით დატვირთულ ცხენთან ერთად ლუგელას ხეობისკენ გამოემართა, სადაც მანქანა ჰყავდათ დატოვებული, ბატონი დავითი კი მთაში დარჩა გეოლოგების თხოვნით, გეოლოგები საძიებო სამუშაოებს აწარმოებდნენ და ბატონ დავითს ნადირისაგან დაცვა სთხოვეს.
დარჩა ბატონი დავითი რამდენიმე თვით მთაში და ის დღეც დადგა, როცა უკვე წამოზრდილმა მგლებმა მწყემსების ძაღლს ცხარე ბრძოლა გაუმართეს.
წაიყვანა ბატონმა დავითმა მგლის მოზრდილი ლეკვები და მთაში გაუშვა, თან საკვებიც დაუტოვა.
არ დაუკონკრეტებია ბატონ დავითს თუ რამდენი წელი გავიდა იმ დღიდან და ერთხელაც მთაში მეზობელ გამოცდილ მონადირესთან ერთად ასულს საოცარი ისტორია გადახდა თავს.
მთაში მჟავე წყლებთან ჩასაფრებულებს ნისლმა მოუსწრო, ვინც მთის წესები იცის დამეთანხმება, რომ ასეთ დროს ადგილზევე უნდა გაჩერდე სანამ ნისლი არ გაიფანტება.
ასეც მოიქცნენ, საუბედუროდ ბატონ დავითს ფეხი დაუცდა და ოდნავ მოშორებით ჩასრიალდა სველ მიწაზე, საბედნიეროდ ხემ შეიკავა, მაგრამ ცალ ხელში დაკავებული თოფიც გაუვარდა ხელიდან და ნისლში აბა რას იპოვიდა.
"როცა ნისლი გაიფანტა საშინელ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, ვხედავ მგლების ხროვა ლამის ზედ დამდგომია და შემომჩერებია, იქაურობას თვალი მოვავლე და თოფიც დავინახე, მაგრამ იქამდე მირბენას ვერ მოვასწრებდი, რადგან მგლებს ეტყობოდათ გამქცევნი ნამდვილად არ იყვნენ. წელზე შემორტყმული სავაზნის და მონადირის დანის გარდა მხოლოდ სანთებელა მედო ჯიბეში.
არც მეზობლის სახელი დამიძახია მგლებში აგრესია, რომ არ გამომეწვია და ამ დროს ყველაზე მოზრდილი მგელი გამოეყო ხროვას, ვხედავდი გაფართოებული ნესტოებით როგორ ყნოსავდა ჰაერს და ჩემსკენ ნელი, მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით მოდიოდა.
არც ისეთი ხე იდგა ახლოს ასვლა მომესწრო, დანის ბუდეს ჩამკეტი მოვხსენი და ხელი დანისკენ წავიღე, ამ დროს მგელი უკვე ახლოს იყო მოსული და ის იყო თავის დასაცავად მოვემზადე მგელმა ძაღლივით დაიწკმუტუნაო, ჯერ წრეზე შემომიარა, მერე წკმუტუნით ჩემსკენ გამოემართა და ჩექმაზე გამეგლისა ტანითო, მონუსხულივით ადგილზე გავშეშდი, მგელს მივაჩერდი და ჩემი გაზრდილი მგლის ლეკვებიდან ყველაზე დიდი, რომელიც იყო ის ვიცანიო"! მკითხველი იკითხავს ამდენი წლის მერე გაზრდილი მგელი როგორ იცნოო?
თურმე მწყემსების ძაღლთან ბრძოლისას ძაღლმა ახალგაზრდა მგელს მარჯვენა თვალთან კანი ააგლიჯა და მოზრდილი ნაიარევი ზედ ეტყობოდა მგელს.
"მთელი 10 წუთი დადიოდა წრეზე მგელი, ფეხებზე მეგლასუნებოდა, წკმუტუნებდა და ამით გამოხატავდა ალბათ მგლის სიხარულსო-ბატონმა დავითმა.
მერე ენა ამისვა ხელზე, მეც ხელი გადავუსვი და წავიდაო. მგლებს უკვე მგლურად შეჰყმუვლა და მთელი ხროვა უკანმოუხედავად გაემართა მთისკენო".
როგორც ხდება ხოლმე მონადირეებმა ვიცით ცოტა არ იყოს გაბუქება და ვიფიქრე, გვატყუებს ეს მოხუცი მეთქი!
პარტიზანობის პერიოდში ბატონი დავითის ის ნათესავი გავიცანი, რომელთან ერთადაც წამოიყვანა ბატონმა დავითმა მგლის ლეკვები.
ერთხელ ზუგდიდიდან ნარაზენში ჩვენს ბაზაზე მიმავალმა მანქანა გავუჩერე მძლავრი აღნაგობის ასაკოვან მამაკაცს, რომელიც ზღვასავით ლუჯი თვალებით ნებისმიერს დაამახსოვრებდა თავს.
გზაში ვისაუბრეთ და სხვათაშორის ბატონი დავითის მონაყოლი ისტორია მოვუყევი, გაეცინა ბიძაშვილ-მამიდაშვილი ვართ მე და დათიკო (სოფელში და სანათესაოში ამ სახელით მიმართავდნენ ბატონ დავითს) და ეგ ისტორიაც ნამდვილი ამბავიაო.
ღრმად მოხუცი გარდაიცვალა ბატონი დავითი, მისი ნათესავი ვალიკო თოდუა კი წელს გარდაცვლილა 96 წლის ასაკში, რაჭის მთების სანახავად წასული რაჭის ერთერთ მთაზე.
სიკვდილზე ბედნიერებააო როგორ უნდა თქვა, მაგრამ იმაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს მონადირე კაცი, რომ ბუნების წიაღში გარდაიცვლება.
სამწუხაროდ გვიან გავიგე მის გარდაცვალებაზე და ვერ მივედი სამძიმარზე.
ნათელი დაუმკვიდროს ორივეს ღმერთმა.

0
1971
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1971